საერთაშორისო მიმოხილვა. 12 აპრილი. 2023 წელი
პენტაგონიდან გაჟონილი კლასიფიცირებული (საიდუმლო) დოკუმენტების თანახმად, ამერიკული გენერალიტეტი უახლოეს მომავალში რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მნიშვნელოვან ცვლილებებს არ პროგნოზირებს და უფრო მეტად ვარაუდობს, რომ ფრონტი დიდი ხნით `გაიყინება` ანუ მხარეები გადავლენ პოზიციურ ბრძოლებზე.
რამდენი ხნით გაიყინება, მხოლოდ ვარაუდობენ: ალბათ რამდენიმე თვით.
ამგვარი შეფასება სერიოზულ ზიანს აყენებს უკრაინის შეტევით გეგმებს და ამიტომაც, როგორც ბევრჯერ აღვნიშნეთ, ეს `გაჟონვა` რუსულ სპეცსამსახურთა დიდი წარმატებაა. არა იმიტომ, თითქოს დოკუმენტებში არის რაიმე, რაც რუსებმა ისედაც არ იცოდნენ ფრონტის მდგომარეობის შესახებ, არამედ სწორედ იმ მიზეზით, რომ სერიოზულად დაიძაბა ურთიერთობა ვაშინგტონსა და მის მოკავშირეებს შორის. მათ შორის უკრაინელებთან.
გუშინ ამერიკის თავდაცვის მინისტრი ლლოიდ ოსტინი და სახელმწიფო მდივანი ბლინკენი ესაუბრენ უკრაინის ხელმძღვანელებს და სცადეს ისინი დაერწმუნებინათ, რომ მოპარულ ფაილებში არ ყოფილა რაიმე ინფორმაცია უკრაინის დაგეგმილი შეტევის შესახებ.
ერთ-ერთ ფაილში, რაც რუსებმა მოიპარეს და შემდეგ მედიაში, ასევე სოციალურ ქსელებში `გაუშვეს` წარმატებით, ნათქვამია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე მოქმედებს ჩრდილო ტლანტიკური ალიანსის წევრი რამდენიმე სახელმწიფოს `სპეცდანი`. ანუ სპეციალური დანიშნულების რაზმი. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანია ბრიტანული სპეცდანი. 50 მეომარი შედის ამ რაზმში.
ასევე იქ იმყოფებიან სპეცდანელები ლატვიიდან და საფრანგეთიდან. აგრეთვე თვით ამერიკიდანაც.
რაც შეეხება ფაილების მოპარვას, გუშინ გაჩნდა სარწმუნი ცნობები, რომ შესაძლოა რუსებმა ეს იფორმაცია მოიპარეს არა მხოლოდ პენტაგონიდან ანუ ამერიკის სამხედრო უწყებიდან, არამედ CIA-დანაც, რადგან ინფორმაციის ნაწილი სწორედ ამ უწყების მოპოვებული იყო და შემდეგ გადაეცა პენტაგონს.
ამგვარი `ურთიერთგადაბრალება` კიდევ უფრო სამწუხაროა, რადგან უწყებათა კორპორატიულ და სისტემურ შეუთანხმებლობაზე მეტყველებს.
შეგახსენებთ: 2001 წლის 11 სექტემბრის საზარელი ტერაქტის მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ CIA-მ, - უცხოურ წყაროთა დაცვის მოტივით, - არ გაუზიარა ინფორმაცია FBI-ს ანუ უწყებრივი შეუთანხმებლობა იყო: შედეგად, არაბმა ტერორისტებმა `ისწავლეს ფრენა` ფლორიდის საფრენ სკოლაში და შემდეგ სამგზავრო თვითმფრინავი შენობებს შეაჯახეს.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში გრძელდება სარაკეტო სტრატეგიული ძალების სწავლებები. გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცადა ახალი საკონტინენტთაშორისი რაკეტა `პერსპექტიული` საბრძოლო ნაწილის იმიტაციით (ბირთვული შეიარაღების გარეშე).
აქ თითქოს განსაკუთრებით საინტერესო არაფერი იქნებოდა, მაგრამ ცნობაში ანთქვამია, რომ რაკეტა გაუშვეს რუსეთის ასტრახანის რაიონიდან......ყაზახეთის სამხედრო პოლიგონსიკენ, სადაც მან `წარმატებით გაანადგურა სასწავლო სამიზნე`.
ანუ, რა გამოდის? რუსეთმა ბალისტიკური რაკეტა ესროლა ყაზახეთს?
ძნელი წარმოსაგენია, რომ ეს მოხდა ყაზახეთის ხელისუფლების თანხმობის გარეშე. მაშასადამე, ყაზახეთმა ნება დართო რუსეთს, უკრაინის ომის დროს მის ტერიტორიაზე საკონტინენტთაშორისი (ანუ ამერიკისთვის სახიფათო) რაკეტა გამოეცადა.
განა არ შეეძლო რუსეთს ასტრახანიდან არა ყაზახეთის, არამედ ვთქვათ შორეული კამჩატკის მიმართულებით ესროლა რაკეტა? თუმცა რუსებს სჭირდებოდათ ალბათ არა მხოლოდ უშუალოდ რაკეტის გამოცდა, არამედ იმის გამოცდაც, გაბედავდა თუ არა ყაზახეთის ხელისუფელბა უარის თქმას.
ვერ გაბედა.
. . . . . . . . . . . . . . .
დონალდ ტრამპმა კვლავ განაცხადა, რომ თუ ის გახდება პრეზიდენტი, სულ მალე გადაწყვეტს უკრაინაში რუსული აგრესიის პრობლემას და აიძულებს მხარეებს დაიწყონ მოლაპარაკება.
რას გულისხმობს კონკრეტულად უცნობია.
თუმცა მან დასძინა, რომ პრეზიდენტობისას ხშირად ელაპარაკებოდა პუტინს უკრაინის თემაზე და ატყობდა: ვლადიმერ პუტინს, თურმე `ძალიან უყვარს უკრაინა`, ოღონდ უყვარს, როგორც `რუსეთის განუყოფელი ნაწილი`.
. . . . . . . . . . . . . . .
ევროკავშირი იწყებს მუშაობას რუსეთის საწინააღდმეგო სანქციათა მეთერთმეტე პაკეტზე.
ძირითადად ეს პაკეტი შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც ეხმარებიან რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში.
მათ შორის განიხილება საქართველოც - არაბთა გაერთიანებულ ემირატებთან, ყაზახეთთან და თურქეთთან ერთად.
სირთულე ისაა, რომ ტრანზიტი, რომელიც ხორციელდება საქართველოს გავლით, ფორმდება, როგორც რეექსპორტი. ანუ ტვირთები ჯერ ჩადის სომხეთში, რომელიც ე.წ. `ევრაზიული ეკონომიკური კავშირის` წევრია, იქ ხდება ტვირთის განბაჟება, მარკირება და შემდეგ იგზავნება რუსეთში საქართველოს გავლით.
აქედან გამომდინარე, ევროკავშირს არ შეუძლია დაასანქციროს საქართველო, თუ არ დაასანქცირა სომხეთი(ც).
სომხეთის დასანქცირება კი პრობლემაა, რადგან ომშია აზერბაიჯანთან და ეს სანქცია ევროპაში მცხოვრებ სომხურ დიასპორას გაანაწყენებს.
. . . . . . . . . . . . . . .
აფხაზური ოპოზიცია მკვეთრად აპროტესტებს ხელშეკრულებას რუსეთთან, რომლის თანახმად რუსეთის სასამართლოთა გადაწყვეტილებებს თანაბარი ძალა ექნებათ აფხაზეთში ისევე, როგორც აფხაზურ სასამართლოთა გადაწყვეტილებებს - რუსეთში.’
იგულისხმება, რომ აფხაზურ სასამართლოებს მიზერული გავლენა ექნებათ დე-ფაქტო რუსეთში; სამაგიეროდ თუ რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებები იურიდიული ძალის მქონედ ცხადდება აფხაზეთში, მაშინ, როგორც შიშობს ოპოზიცია, ამით აუცილებლად ისარგებლებენ ქართველი ლტოლვილები, რომლებიც ცხოვრობენ რუსეთში: ისინი შეიტანენ სარჩელებს რუსეთის სასამართლოებში, მოითხოვენ წართმეული ბინების დაბრუნებას; რუსული სასამართლო მათ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს და შემდეგ აფხაზეთის ხელისუფლებას მოუწევსო იმის ახსნა, რატომ არ უბრუნებს ბინებს და სახლებს ქართველ ლტოლვილებს.
. . . . . . . . . . . . . . .
პუტინს მოსკოვშიც კი აქვს პრობლემები, რომელსაც თითქოს არ ელოდა:
მოსკოვის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, ააშენოს მოსკოვის მახლობლად, მართლმადიდებლური ეკლესიის ადგილას, წმიდა ტბასთან, ევროპაში უდიდესი მეჩეთი.
ამას ადგილობრივი რუსების მწვავე პროტესტი მოჰყვა და თქვეს კიდეც მიტინგებზე, რომ მეჩეთს არ ააშენებინებენ.
საქმეში ჩაერთვნენ ორივე მხარის წარმომადგენელი სპორსტმენები, ბლოგერები.....ისინი ერთმანეთს ემუქრებიან, საჯარო დაპირისპირების შემთხვევებიც იყო.
ჩეჩნეთის სატრაპმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ ყველა, ვინც მეჩეთის წინააღმდეგ გამოდის, უკრაინის ფრონტზე უნდა გაიგზავნოსო.
ბუნებრივია, პუტინს არ შეეძლო არ მიეღო მეჩეთის მშენებლობის გადაწყვეტილება მაშინ, როდესაც უამრავი ჩეჩენი და მაჰმადიანი მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაში. მაგრამ ისინი ამის გამო ახლა `თავისას` მოითხოვენ.
მოსკოვის ცენტრშიც კი უნდოდათ ამ უდიდესი მეჩეთის აშენება, რომელიც `ვასილი ბლაჟენის ტაძარზე` მაღალი და დიდი იქნებოდა, თუმცა იქ მაინც გადააფიქრებინეს. წავიდნენ წმიდა ტბაზე, თუმცა იქ მართლმადიდებლები ლამის აჯანყდნენ.
რუსები ისე აქტიურად და ენთუზიაზმით არ მონაწილეობენ ჩეჩნეთის ომში, როგორც ჩეჩნები და ჩრდილო კავკასიელი მაჰმადიანები. კარგად უხდიან და ომის რომანტიზმიც ახასიათებთ. მაგრამ ახლა მათი ლოიალობის ყიდვა პუტინს მოსკოვში უდიდესი მეჩეთის აშენებად და რუსების, მართლმადიდებლების განაწყენებად უჯდება.
კიდევ ერთი შედეგი პუტინის წამოწყებული ავანტიურული ომისა, რომელმაც გაძლიერების ნაცვლად რუსეთი კიდევ უფრო დაასუსტა.
მოსკოვში უამრავი მაჰმადიანი ცხოვრობს. პირველ რიგში თათრები, რომლესაც გარეგნულად რუსებისგან ვერც გაარჩევთ, თუმცა შეგნებით და მენტალობით ისინი რუსები არ არიან და შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ პუტინმა მოსკოვში მძლავრი მიტინგები მიიღოს. მეჩეთის მშენებლობა კი მხოლოდ საბაბად იქცეს.
. . . . . . . . . . . . . . .
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მორიგი სამხედრო შეტაკება მოხდა ლაჩინის დერეფნის რაიონში, რომელიც სომხეთს აკავშირებს მთიან ყარაბაღთან.
მიზეზი იგივეა, რაც ამ რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთ შეტაკებას იწვევდა: აზერბაიჯანი ცდილობს არ დაუშვას ყარაბაღისკენ მიმავალი ახალი გზების გაჭრა ან არსებულის შეკეთება.
ერევანში იციან, რომ მას შემდეგ რაც ლაჩინი აზერბაიჯანელმა `ეკოლოგებმა` გადაკეტეს რამდენიმე თვის წინ, ყარაბაღის მოსახლეობა ფაქტიურად ულტიმატუმს უყენებს სომხეთს: ან დაგვიცავით და უზრუნველყავით ალტერნატიული გზები სომხეთისკენ, ან აქედან გადავსახლდებითო.
შეტეკების შედეგად რამდენიმე აზერი და სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა.
. . . . . . . . . . . . . . .
აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბელფასტში, ანუ ჩრდილო ირლანდიაში ჩავიდა, სადაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა. ასევე ჩრდოლოეთ ირლანდიაში განლაგებული ბრიტანული ჯარების სარდალი.
აქ საინტერესო ისაა, რომ როგორც ამერიკული მედია წერს გარკვეული ირონიით, ბაიდენი `საკუთარი ირლანდიული ფესვების კვლევას იწყებს`.
ანუ ეთნიკური წარმომავლობით ირლანდიელია. ყოველ შემთხვევაში დედის ხაზით - ნამდვილად
ეთნიკურმა ირლანდიელებმა დიდი როლი შეასრულეს ამერიკის შექმნაში. თუმცა ამ გარემოებას რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობა ამერიკისთვის დიდი ხანია აღარ აქვს.