ბორის ბერეზოვსკი ხელისუფლებიდან გააპანღურეს

ბორის ბერეზოვსკი ხელისუფლებიდან გააპანღურეს

 

    როგორც მოსალოდნელი იყო, ძალზე უღიმღამოდ და სამარცხვინოდ დასრულდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის ბორის ბერეზოვსკის პოლიტიკური კარიერა. ორი ვიცე-პრემიერის - ნემცოვისა და ჩუბაისის მოთხოვნით «ბორის აბრამოვიჩი» ხელისუფლებიდან გააძევეს და ამ აქტს შესაბამისი გამართლებაც მოუძებნეს: ბერეზოვსკი რუსეთში ოლიგარქიული კაპიტალიზმის დაფუძნებას აპირებდაო. ვითომცდა, ახლა შეიტყვეს ბერეზოვსკის მილიარდების შესახებ ან თავად არ არიან გამდიდრების მოსურნენი.
    სინამდვილეში ბერეზოვსკი ელცინს, რასაკვირველია, იმისათვის სჭირდებოდა, რათა ჩეჩნეთში დაგეგმილი «სამარცხვინო ზავი» თავისი ხალხის თვალში «ურიათა მორიგი შეთქმულების» შედეგად გამოეცხადებინა. ეს კრემლის ძველი, ნაცადი ხრიკია. ყოველთვის იძებნებოდა აზროვნება, რომელიც «განტევების ვაცად» უნდა ექციათ ამა თუ იმ საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესის განვითარებისას - თუ ეს პროცესი პოპულარობით არ სარგებლობდა მოსახლეობაში.
    ბერეზოვსკი ჩეჩნეთთან სამარცხვინო ზავის გამართლებად ვერ გამოდგებოდა, ამიტომ მასთან ერთად ალექსანდრე ლებედიც «გამოიყენეს». ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთი დამარცხდა ჩეჩნეთთან და ტაქტიკური უკუსვლა აუცილებელი იყო. ბორის აბრამოვიჩმა ამასობაში საკუთარი საქმეების «გაიმასქნება» ნამდვილად მოასწრო. კერძოდ, გამოიყენა თავისი მდგომარეობა და კაპიტალი «გადაქაჩა» ევროპისა და ამერიკის უდიდეს ბანკებში, საზღვარგარეთ უძრავი ქონება შეიძინა და ა.შ.
    თუმცა, ყოველივე ეს საქართველოსათვის იმდენადაა საინტერესო, რამდენადაც ბერეზოვსკი ჩვენს ქვეყანაზეც ახდენდა გარკვეულ გავლენას.
    ყოველ შემთხვევაში, აფხაზეთთან დაკავშირებით იგი ზომაზე მეტად აქტიურობდა. მისი «ვოიაჟები» თბილისსა და სოხუმს შორის დღემდე იწვევს ჟურნალისტურ ინტერესს, ვინაიდან არ გარკვეულა, რა მოლაპარაკებას აწარმოებდა ბერეზოვსკი არძინბასთან ან საერთოდ გულისხმობდა თუ არა მისი აქტიურობა რაიმე სასიკეთო შედეგს აფხაზეთის «დაბრუნებისა» და უბედურ ლტოლვილთა პრობლემის გადაჭრის თვალსაზრისით.
    მიუხედავად იმისა, რომ ბევრი დამკვირვებელი მაშინვე გამოთქვამდა სკეპტიკურ დამოკიდებულებას, თვით ხელისუფლებას, როგორც ჩანს, მართლაც სჯეროდა ბერეზოვსკის მილიარდების ყოვლისშემძლეობისა.
    ზოგიერთი ცნობით, ბერეზოვსკიმ არძინბას შესთავაზა ორასი-სამასი მილიონი დოლარის დაბანდება აფხაზეთის ეკონომიკაში, ოღონდ საქართველოსთან კომპრომისის სანაცვლოდ, რაზეც უარი მიიღო.
    ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ ასეთ ფიგურებს ქართული საზოგადოება სერიოზულად აღიქვამს და გარკვეულ იმედსაც კი ამყარებს მათ აქტიურობაზე. არადა, ბერეზოვსკი ჩვეულებრივი რუსი-ებრაელი კაპიტალისტია, რომელიც, რა თქმა უნდა, ჯერ საკუთარ ჯიბესა და კეთილდღეობაზე ფიქრობდა, შემდეგ ელცინის ინტერესებზე და მხოლოდ ამის შემდეგ - საქართველოსთან რაიმე კომპრომისის ძიების აუცილებლობაზე.
    თვით აფხაზეთიც მისთვის მეასეხარისხოვანი პრობლემა იყო - სოხუმთან დემონსტრაციული მოლაპარაკების გამართვით იგი უბრალოდ საკუთარ მნიშვნელობას აფიქსირებდა, შემდეგ კი «რუსულ დიპლომატიას» მატებდა ქულებს.
    «საქართველოს ინტერესები» და «ლტოლვილთა დაბრუნება» მხოლოდ დემაგოგიური რიტორიკის გამაძლიერებელი ანტურაჟისათვის იყო საჭირო.
    ბერეზოვსკის წასვლასთან ერთად ქართული დიპლომატიის კიდევ ერთი ეტაპი მთავრდება. ისევე, როგორც დამთავრდა სხვა მრავალი.
    საქართველო კვლავ პოლიტიკის ობიექტად რჩება. სამწუხაროდ ვერა და ვერ მივაღწიეთ «პოლიტიკურ სუბიექტურობას».

მერიდიანი, 7 ნოემბერი, 1997 წ.