საერთაშორისო მიმოხილვა. 12 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 12 იანვარი. 2024 წელი

ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა გუშინ, როგორც იქნა დაარტყეს იემენში პროირანულ დაჯგუფება „ჰუსიტებს“, რომლებიც განუწყვეტლივ ატერორებენ სპარსეთის ყურეში და წითელ ზღვაში მცურავ ნავთობტანკერებს.

ამერიკასთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად ამ შეტევაში მონაწილეობდა ასევე ნიდერლანდი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა.

 ბუნებრივია, სხვების მონაწილეობა სიმბოლურია, თუმცა პოლიტიკური თვალსაზრისით მაინც არსებითი; ხოლო დარტყმა ძირითადად განხორციელდა ფრთოსანი რაკეტებით ამერიკული და ბრიტანული წყალქვეშა ნავებიდან (!) და ფრეგატებიდან.

სამიზნეა ჰუსიტთა პოზიციები იემენის მთელს ტერიტორიაზე.

ირანმა საპასუხოდ ომანის ყურეში ნავთობტანკერი დააკავა და ირანული პორტისკენ გაიტაცა.

ანუ „ფსონები იწევს“ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის მიმართულებით, რადგან ეს ყოველივე ხდება ღაზაში მიმდინარე ისრაელის სპეცოპერაციის და ისრაელ-ლიბანის, ასევე ისრაელ-სირიის საზღვარზე მზარდი დაზაბულობის ფონზე.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ექს-პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ თუ დასავლეთი შეუტევს სარაკეტო პოზიციებს რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის არმია ბირთვულ იარაღს გამოიყენებსო.

იგულისხმება რუსული სისტემა C-300, რომლითაც მოსკოვი ბოლო დროს ინტენსიურად უტევს უკრაინის ქალაქებს; ხოლო უკრაინული მხარის აღიარებით, ეს რაკეტები რუსეთს იმდენი აქვს, ვერანაირი საზენიტო  ან ანტისარაკეტო სისტემები მათ ვერ ეყოფა.

უკვე მერამდენედ ხდება, რომ მედვედევს „აჟღერებინებენ“ ბირთვულ მუქარას დასავლეთის მიმართ.

ამჟამად მედვედევი, ფაქტობრივად კვლავ „მეორე კაცია“ რუსეთის სახელისუფლებო იერარქიაში: უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი უკავია. თავმჯდომარე კი თვით პუტინია.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ბელგოროდის გუბერნატორმა გლადკოვმა განაცხადა, რომ ქალაქ ბელგოროდში, რომელიც უკრაინის მახლობლად მდებარეობს და რამდენჯერმე მწარედ დაიბომბა უკრაინის შეიარაღებულ ძალთა საპასუხო დარტყმების დროს, უსაფრთხოების საგანგებო ზომები იქნება მიღებული;

კერძოდ, მთელს ქალაქში ასეულობით სატრანსპორტო კვანძზე, სამგზავრო ტრანსპორტის გაჩერებებზე, ქვიშით სავსე ტომრები დაეწყობა და ბეტონის ფილები დაიდება;

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუსეთი ამას არ მოსწრებია!

რეალურად, ვერანაირი ქვიშის ტომრები და ბეტონის ფილები ვერ უშველით რუსებს, რაკი უკრაინა იყენებს კასეტურ ჭურვებს; ეს საზარელი იარაღი ჩვენ გამოვცადეთ 2008 წლის 12 აგვისტოს გორში!

კასეტური ჭურვი არაკონვენციური იარაღია ანუ აკრძალულია ბევრ ქვეყანაში. თუმცა სხვა ბევრი ქვეყანა ამ კონვენციას არ შეერთებია.

2008 წლის აგრესიის წლისთავზე მე პირადად შევხვდი გორში მოხუც მეპურეს, რომლის საცხობი ზედ ცენტრალურ მოედანზე მდებარეობს.

მან მომიყვა, რომ 12 აგვისტოს დაბომბვისას იქ იყო და საკუთარი თვალით ნახა (ციტატა): „ჯერ საშინელი გრუხუნი გაისმა, გამოვიხედე და დავინახე, შადრევანი გაჩნდა მოედნის რამდენიმე ადგილზე, მერე იმ შადრევნის ბუშტები ზემოთ მიიწევდნენ და რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე ისინიც სკდებოდნენო“.

კასეტური ჭურვის „მატარებელი“ გორისკენ იყო რუსული რაკეტა SS-26 Iskander, რომელიც რუსებმა დაღესტნიდან ესროლეს გორს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 

პრეზიდენტმა ზელენსკიმ გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ უახლოეს მომავალში ქვეყანა ვერ მიიღებს მორიგ ამერიკულ და ევროპულ ფინანსურ ტრანშებს, 11 მილიონი უკრაინელი პენსიონერი „შიმშილის ზღვარზე“ აღმოჩნდება. გარდა ამისა, უკრაინა ვერ გადაუხდის ხელფასებს მილიონობით სახელმწიფო მოხელეს;

შეიძლება ითქვას, ეს რუსეთის მორიგი იარაღია: შექმნას უკრაინაში საბიუჯეტო-საფინანსო კრიზისი.

საბედნიეროდ, ევროკავშირმა, როგორც ჩანს მიაღწია კომპრომისს უნგრეთთან და უნგრეთის პრემიერი ორბანი აღარ დაბლოკავს უკრაინისთვის 4 წლის განმავლობაში 50 მილიარდი ევროს გამოყოფას. იმ პირობით, რომ უნგრეთს, ისევე როგორც ევროკავშირის წევრ ნებისმიერ სხვა სახელმწიფოს ექნება უფლება, მოითხოვოს ამ ფინანსური დახმარების ხარჯვის აუდიტი.

ბუნებრივია, უნგრეთი ამ კომპრომისზე წავიდა მხოლოდ იმ პირობით, რომ სანაცვლოდ ევროკავშირი მას გადაურიცხავს დაახლოებით 20 მილიარდ ევროს, რაც გაყინული იყო ბუდაპეშტის მიერ დემოკრატიული ნორმების, მათ შორის სასამართლოს დამოუკიდებლობის  ხელყოფის გამო;

 . . . . . . . . . . . . . . . . .

NATO-ს ქვეყნებმა გადაწყვიტეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცენ საზენიტო რაკეტები Stinger, რომლებიც აქტიურად გამოიყენებოდა ავღანეთში საბჭოთა არმიის წინააღმდეგ.

სსრკ ავღანეთში შეიჭრა 1979 წელს. ომი თითქმის 10 წელი გაგრძელდა - 1988 წლამდე. გარდატეხა იმ ომში მოხდა მას შემდეგ, რაც ამერიკამ, პრეზიდენტ რონალდ რეიგანის გადაწყვეტილებით, ავღანელ მებრძოლებს და პარტიზანებს მიაწოდა ეს საზენიტო რაკეტები. ისინი პორტაბელურია, გადასატანია, ძალიან მოხერხებულია და წარმატებით აგდებდნენ საბჭოთა თვითმფრინავებს, განსაკუთრებით კი ვერტმფრენებს.

ავღანეთის ომის დროს, თითქმის ათი წლის განმავლობაში სსრკ-მ 15 000 ჯარისკაცი დაკარგა.

შევადაროთ ეს ციფრი უკრაინაში რუსული არმიის დანაკარგებს - ასი ათასობით!

Stinger თითქმის გამოუსადეგარია ზებგერითი რაკეტების წინააღმდეგ, მაგრამ „აკვდება“ ავიაციის,  განსაკუთრებით კი ვერტმფრენების წინააღმდეგ ბრძოლას; არადა რუსეთი ძალიან აქტიურად იყენებს ვერტმფრენებს. განსაკუთრებით დანაღმული ველების დასაცავად გამნაღმველ მანქანებისგან.

ამ იარაღის უდიდესი პლუსი ის არის, რომ ბევრად იაფი ჯდება, ვიდრე Patriot და მისი რაკეტები.

გარდა ამისა, უდიდესი მარაგებია შენახული ამერიკაში: როგორც კი 1980-იან წლებში პენტაგონმა შენიშნა, რომ Stinger წარმატებით გამოიყენებოდა, უდიდესი შეკვეთები განათავსა ამ იარაღის წარმოებაზე ამერიკულ ინდუსტრიაში.

ოღონდ Stinger ძალიან სახიფათო იარაღია იმ მხრივ, რომ თუ ტერორისტებს ჩაუვარდათ ხელში, შეიძლება გამოიყენონ სამგზავრო-სამოქალაქო თვითმფრინავების წინააღმდეგაც;

ამიტომ ამერიკა მუდამ უდიდესი სიფრთხილით ეკიდებოდა მის გადაცემას ნებისმიერი მოკავშირისა თუ აქტორისთვის; ახლა, როგორც ჩანს ჩათვალეს, რომ უკრაინას შეიძლება ანდონ ეს იაფი, მოხერხებული და ძალზე ეფექტიანი იარაღი.

. . . . . . . . . . . . . . . . .

პოლონეთში, პროევროპული ძალების გამარჯვებამ არჩევნებზე ბევრი ვერაფერი შეცვალა!

 დაპირისპირება გრძელდება და მწვავდება კიდეც: ახალ პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს უწევს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, რასაც ეწინააღმდეგება ოპოზიციაში გადასული ყოფილი მმართველი პარტია „სამართალი და სამართლიანობა“;

პრეზიდენტ ანჯეი დუდას სასახლეში, საზეიმო ცერემონიალის დროს, პოლონეთის პოლიციამ დააკავა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი მარეიუშ კამინსკი და მისი მოადგილე მაცეი ვონსიკი.

მათ ბრალად ედებათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს უფლებამოსილებათა გადაჭარბება.

თუმცა ამ ბრალდებას უარყოფენ: რამდენიმე წლის წინ ისინი პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ შეიწყალა, თუმცა პრემიერი ტუსკი აცხადებს, რომ შეწყალება უკანონო იყო და მის ამ შეფასებას ახლა პოლონეთის სასამართლოც დაეთანხმა; ამიტომ ყოფილი მაღალჩინოსნები კვლავ დააპატიმეს, რასაც ვარშავაში მრავალათასიანი საპროტესტო მიტინგები და მსვლელობები მოჰყვა;

სამაგიეროდ, ტუსკმა ევროკავშირთან მიაღწია შეთანხმებას, რომ უახლოეს მომავალში პოლონეთი მიღებს ევროკავშირისგან 5 მილიარდიან ტრანშს, ოღონდ რეფორმების განხორციელების პირობით.

უპირველეს ყოვლისა იგულისხმება წინა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებათა გაუქმება, რომელთა თანახმად პოლონური სასამართლო გამოდიოდა ევროკავშირის (ლუქსემბურგში მდებარე) უმაღლესი სასამართლოს იურისდიქციიდან.

დასკვნა: პოლონეთში პოლიტიკური კრიზისი (რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს უკრაინაზე) გადალახული არ არის. და ვერც გადაილახება იმ სიტუაციაში, როცა პროევროპულმა ძალებმა კი მოიპოვეს უმრავლესობა პარლამენტში, ასევე კოალიციაც შექმნეს, მთავრობაც ჩამოაყალიბეს, მაგრამ....ვითარებაში, როცა „ევროსკეპტიკოსი“ პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უფრორე ოპოზიციას („სამართლისა და სამართლიანობის პარტიას“) უჭერს მხარს და შეუძლია ნებისმიერი რეფორმატორული კანონი დაავეტოვოს, რეფორმების გატარება და მყარი კოალიციის შექმნა/დამკვიდრება მაინც რთული იქნება.

შესაბამისად, გაგრძელდება ტურბულენტობაც პოლონეთის საგარეო პოლიტიკაში.

ძალიან მნიშვნელოვანი და სასიკეთო შედეგი, რასაც ტუსკის მთავრობამ მიაღწია ისაა, რომ პოლონელმა ფერმერებმა შეწყვიტეს უკრაინის საზღვრის ბლოკირება „ხორბლის დემპინგური ფასებით გაყიდვის“ გამო.

ოღონდ იმ ბლოკადამ, რომელიც რამდენიმე თვეს გაგრძელდა, ძალიან სამწუხარო (უკრაინისთვის და ნაწილობრივ საქართველოსთვისაც სამწუხარო) რეალობა დააფიქსირა: ევროპის ქვეყნები ძნელად თუ დაეთანხმებიან უზარმაზარი, 40 მილიონიანი ახელმწიფოს (უკრაინის) და მისი აგრარული სექტორის გაწევრებას ევროკავშირში, რადგან ეს ევროპელი ფერმერების (არა მხოლოდ უკრაინელების, არამედ ფრანგების, იტალიელების, უნგრელების, ჩეხების) უკმაყოფილებას გამოიწვევს და ახალი პროტესტები გარდაუვალი იქნება.

აღმოსავლეთ ევროპელ ფერმერებს დაავიწყდათ მთავარი: მათი ლოგიკით რომ ემოქმედა ევროკავშირს 1995 წელს, როცა ევროკავშირის გაფართოების პირველი ტალღა გადაწყდა, ანუ საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას იმ დროს მხოლოდ საკუთარ ფერმერებზე და მათ ინტერესებზე რომ ეფიქრა (და არა საერთო ევროპულ ღირებულებებზე), აღმოსავლეთ ევროპა ევროკავშირში წევრობას ვერ ეღირსებოდა.