საერთაშორისო მიმოხილვა. 13 მარტი. 2022 წელი.
გუშინ რუსეთმა პირველად განახორციელა (სამწუხაროდ, მოახერხა და ძალადობით მიაღწია) Regime change ანუ ხელისუფლების შეცვლა უკრაინაში. ჯერ პირველი პრეცედენტია: რუსმა სამხედროებმა მოიტაცეს დაპყრობილი მელიტოპოლის მერი ფიოდოროვი. იგი გაუჩინარდა (შესაძლოა დახვრიტეს კიდეც). მის ნაცვლად მელიტოპოლის მერად დაინიშნა ქალბატონი დანილჩენკო, რომელმაც რა თქმა უნდა მაშინვე მოუწოდა უკრაინელებს მათ შორის მელიტოპოლის მაცხოვრებლებს, `განაგრძონ ნორმალური ცხოვრება`. თუმცა ფორმალურად, მელიტოპოლის ახალი მერის `ინსტალირება` მოხდა ზაპოროჟიეს უკრაინული რეგიონული ხელისუფოების მიერ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთში ძლიერდება სამხედრო პარანოია.
რუსულ მასაში პუტინის რეიტინგი გაიზარდა, რადგან რუსებს არ ეუბნებიან რამდენი რუსი დაიღუპა ამ ე.წ. `სპეცოპერაციისას`, თითქმის არ ეუბნებიან, რომ მაგალითად FIFA-მ სამარცხვინოდ გააგდო რუსეთი თავისი რიგებიდან და აუკრძალა მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა.
მეორეს მხრივ, რუსმა პროპაგანდისტებმა მორალის ყოველგვარი ზღვარი გადალახეს. გუშინ ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტმა, ვლადიმერ სოლოვიოვმა განაცხადა: თუ ასეთი სანქციები შემოიღეს ჩვენს წინააღმდეგ, თუკი სახელმწიფო რეზერვები გაყინეს და მათი კონფისკაციით გვემუქრებიან, თუკი ყველანაირად გვავიწროვებენ და ცდილობენ ეკონომიკურად მოგვახრჩონ, მაშინ სად წერია ან რა ლოგიკა იქნება, მთელი უკრაინის დაპყრობის შემდეგ უნდა გავჩერდეთ და უფრო შორსაც არ უნდა წავიდეთო?
`უფრო შორს` შეიძლება იყოს პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი.
არც ისე დიდ ხნის წინ რუსეთ-ლიტვის ურთიერთობებში `დაძაბული თემა` იყო რუსეთიდან კალინინგრადისკენ (ყოფილი კიონიგსბერგი - 1945 წლიდან რუსული ანკლავი ევროპაში) `დერეფნის` გაჭრა, რაკი რუსეთს კალინინგრადთან საერთო საზღვარი არა აქვს.
სოლოვიოვი გამწარებულია იმით, რომ იტალიის კომოს ტბაზე მდიდრული ვილლა დაუყადაღეს ევროკავშირის სანქციათა ფარგლებში.
ზოგადად არსებობს იმის საშიშროება, რომ რუსული ისტებლიშმენტი, რომელსაც ახლა დასავლეთმა სანქციები დაადო, ქონება დაუყადაღა, ავუარები გაუყინა დასავლურ ბანკებში, ვიზები გაუუქმა მათ და ოჯახის წევრებს, პუტინის წინააღმდეგ კი არ გამოვა (რადგან ვერც მოერევა და რუსეთში დასაკარგიც კიდევ უფრო მეტი აქვს) არამედ პირიქით - ბევრად აგრესიული გახდება და შეეცდება, ``შურის საძიებლად``, აშკარად დეპრესიაში და ფსიქოზურ მდგომარეობაში მყოფ პუტინს კიდევ უარესი დანაშაულები ჩაადენინოს, ახალი, ბევრად მძიმე ავანტიურები წამოაწყებინოს უკვე ევროპის წინააღმდეგ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა დააზუსტდა მისი მოთხოვნები (ამაზე ადრეც ვწერდით, მაგრამ ახლა უფრო დააკონკრეტა და გააფართოვა), რაც გომელში უკრაინასთან მოლაპარაკების მაგიდაზე დევს და მოსკოვი არ აპირებს რაიმეს დათმობას.
ლაპარაკია კონკრეტულ, პუმქტუალურ ხელშეკრულებაზე, რის ხელმოწერასაც პუტინი ზელენსკის აიძულებს და პირდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ხელს მოაწერს, ზელენსკის დატოვებენ ხელისუფლებაში
- უკრაინის ნეიტრალური სტატუსი უნდა ჩაიწეროს უკრაინის კონსტიტუციაში. ოღონდ რუსეთი უნდა იყოს ერთ-ერთი გარანტორი ამ ნეიტრალური სტატუსისა. სხვა გარანტორი ვინ იქნება, პუტინისთვის მნიშვნელობა არა აქვს. აშშ და დიდი ბრიტანეთი, რუსეთთან ერთად, იყვნენ გარანტორნი ე.წ. `ბუდაპეშტის მემორანდუმის`, თუმცა რუსეთმა, როგორც კი ჩათვალა შესაძლებლად, მაშინვე დაარღვია: ჯერ უკრაინული ტერიტორიები მიიტაცა, შემდეგ დანარჩენ ტერიტორიებზე შეიჭრა. იგულისხმება უკრაინის კონსტიტუციიდან იმ პუნქტის ამოღება, რომელიც უკრაინის NATO-ში ინტეგრაციას აკანონებს. მაგრამ ეს შეასძლებელი იქნება მხოლოდ საკონსტიტუციო ცხვლილებით, ესე იგი პარლამენტის გადაწყვეტილებით. ფაქტობრივად პუტინი არა მხოლოდ ზელენსკის, არამედ უკრაინის მთელს პოლიტიკურ ელიტას ემუქრება: თუ ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებთ, კიევს დავანგრევ და ერთიანად ამოგწყვიტავთო.
- რუსული ენის სახელმწიფო სტატუსი. ოღონდ არა მხოლოდ ეს, არამედ იმ კანონების გაუქმება (ისევ უმაღლესი რადას გადაწყვეტილებით - სხვაგვარად არ გამოვა) , რომელიც უკრაინულ ენას (როგორც სახელმწიფო ენას) უპირატესობას ანიჭებდა სხვა ენებთან შედარებით. მაშასადამე რუსული დომინანტური ენა გახდება, რაკი უკრაინელების დიდი ნაწილი რუსულენოვანია. დღეს, მაგალითად კიევის ``საინფორმაციოში`` რომ დარეკოთ, შეგიძლიათ რუსულად დაუსვათ კითხვა, ან მიაწოდოთ ინფორმაცია, მაგრამ ი, სახელმწიფო უწყებამ სახელმწიფო ენაზე, ესე იგი უკრაინულად უნდა გიპასუხოთ. ასევე სასამართლოში, ადგილობრი მმაღთველობაში და ა.შ. ეს წესი ირვეოდა, მაგრამ თუ რუსულმა თუნდაც უკრაინულთან ერთად სახელმწიფო ენის სტატუსი მიიღო......``დარღვევა იქცევა წესად, ხოლო წესი - დარღვევად`. უკრაინული ენა კი დაიღუპება. პუტინს სურს ისეთი სიტუაცია შექმნას უკრაინაში ვთქვათ 100 წლის შემდეგ, როგორც ირლანდიაშია, სადაც პარლამენტის სხდომები ინგლისურად ტარდება. ესე იგი უკრაინული იქცეს `საყოფაცხოვრებო ენად`. როგორც აფხაზურია აფხაზეთში, მაშინ როდესაც ``პოლიტიკური ენის`` ფუნქციას რუსული ასრულებს
- ყირიმის აღიარება რუსეთის ნაწილად
- დონეცკის და ლუგანსკის აღიარება დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. პუტინის გათვლით, ამ `დამოუკიდებელ სახელმწიფოებს` შემდეგ შეეძლებათ გააფორმონ კონფედერაციული ხელშეკრულება უკრაინასთან და მოიპოვონ ვეტოს უფლება უკრაინის არჩეული ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
- ე.წ. `დენაციფიკაცია`. პუტინი ამაში გულისხმობს, რომ უნდა აიკრძალოს ყველა ის პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ავითარებდა და ავითარებს უკრაინის დამოუკიდებლობის იდეას. ასევე იმ იდეას, რომ უკრაინელები არ არიან რუსები და აქვთ საკუთარი იდენტობა. უკრაინის მეორე პრეზიდენტი, ლეონიდ კუჩმა (1994 - 2004) შეიძლება გახდეს` დენაციფიკაციის` ობიექტი, რადგან ჯერ კიდევ 2002 წელს დაწერა წიგნი «Украина – не Россия» ანუ `უკრაინა არ არის რუსეთი`. შეიძლება დააპატიმრონ ან დახვრიტონ ამისთვის. ასევე იგულისხმება იმ ისტორიული ფიგურების უბრალოდ აკრძალვა (მაგალითად სტეპან ბანდერასი) ვინც უკრაინის დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა. ეს იგივეა, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსენება რომ აკრძალო. ასევე იმ ლიტერატურული ნაწარმოებების, ლექსების, პიესების აკრძალვა, რომლის ავტორები უკრაინის დამოუკდიებლობას ქადაგებდნენ
- ე.წ. `დემილიტარიაზაცია`. როგორც ირკვევა რუსულ ხელშეკრულების პროექტში ნათქვამია, რომ უკრაინამ უარი უნდა თქვას ნებისმიერ `თავდასხმით იარაღზე`. ამ ტერმინის სხვადასხვანაირად ინტერპერტაციაა შესაძლებელი. თუ მოინდომა მტერმა, კალაშნიკოვის ავტომატიც` თავდასხმითი იარაღია`.
- ყველა იმ პირის გათავისუფლება ციხიდან, ვინც უკრაინის წინააღმდეგ ტერორიზმისთვის და უკრაინაში პოლიტიკური მკვლელობისთვისაა მსჯავრდებული.
- ყოველგვარი სავიზო რეჟიმის ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხვა რუსეთსა და უკრაინას შორის
- ყველა იმ პირის დაპატიმრება, ვისაც რუსული პროკურატურა ბრალს სდებს ძალადობაში რუსების, ასევე დონეცკის და ლუგანსკის `რესპუბლიკათა` წინააღმდეგ. აქ შესაძლოა იგულისხმებოდეს ნებისმიერი ჯარისკაცი, ოფიცერი, სპეცსამსახურის წარმომადგენელი, საზოგადო მოღვაწე და ა.შ.
- სასკოლო სახელმძღვანელოების შეთანხმება რუსეთის განათლების სამინისტროსთან; ანუ უკრაინაში, მაგალითად ისტორიის სახელმძღვანელო ისეთი უნდა იყოს, ``რუსეთ-უკრაინის ისტორიულ ძმობა-ერთობას`` ქადაგებდეს მხოლოდ.
ნამდვილი ფაშისტური ულტიმატუმია!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მსოფლიოში თანდათან მკვიდრდება ტერმინი `ანტიპუტინური კოალიცია` (`ანტიჰიტლერული კოალიციის` ანალოგიით). ამ ახალი ანტიფაშისტური კოალიციის წევრები არიან ის სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთის წინააღდმეგ სანქციებს უერთდებიან. გუშინ ამ კოალიციას შეუერთდა ბერმუდის კუნძულები. ამ სახელმწიფომ გააუქმა რუსული თვითმფრინავების რეგისტრაცია. ირკვევა, რომ რუსეთის ავიაპარკის ნახევარი (და საზღვარგარეთ რომ დაფრინავს იმ თვითმფრინავების 3/4) ბერმუდის კუნძულზეა რეგისტრირებული. ისინი უბრალოდ ვერსად ვეღარ იფრენენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკამ აკრძალა ნაღდი ფულის (დოლარების) მიწოდება რუსეთისთვის. იგულისხმება ცენტრალიზებული მიწოდება: ანუ როდესაც ამა თუ იმ ქვეყანას აქვს სახელმწიფო რეზერვი ან სხვა თანხები ამერიკულ ანგარიშეზე ან თუნდაც საკუთარ ანგარიშებზე საკუთარ ქვეყანაში, ეს დიდწილად `ელექტრონული ფულია`, ასე ვთქვათ ვირტუალური, მაგრამ თუ მას სჭირდება `ქეში`, რათა მისი მეშვეობით განახორციელოს ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე, მან უნდა მიმართოს ამერიკის ფედერალურ რეზერვს და მიიღოს დოლარის კუპიურები, რომლებსაც აგზავნიან თვითმფრინავებით ამა თუ იმ ქვეყანაში.
ამრიგად რუსეთი `ქეშს` ვეღარ მიიღებს ამერიკისგან. ესე იგი სავალუტო ინტერვენციათა განხორციელება გაუჭირდება. და/ანუ რუსული რობლი საბოლოოდ იქცევა ნაგვად