საერთაშორისო მიმოხილვა. 15 თებერვალი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 15 თებერვალი. 2024 წელი

საოცარ გამარჯვებას მიაღწია უკრაინამ: საზღვაო დრონით ჩაძირეს კიდევ ერთი (უკვე მესამე) რუსული დიდი სადესანტო ხომალდი Цезарь кунников.

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიულოცა უკრაინას ეს გამარჯვება და ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: „რუსული ხომალდების ჩაძირვით, უკრაინამ ფაქტობრივად გაარღვია რუსული „ხორბლის ბლოკადაო“

მართლაც, უკრაინულმა მაღალტექნოლოგიურმა დრონებმა „გადადენეს“ რუსული ხომალდები შავი ზღვის აკვატორიიდან მოშორებულ ადგილებში: „სახელგანთქმული“ რუსული „შავი ზღვის ფლოტი“ ან ყირიმის ბუხტებშია შეყუჟული, ან კიდევ უფრო შორს - ნოვოროსიისკისკენ და ოჩამჩირისკენ მიიპარება.

ნებისმიერ შემთხვევაში, უკრაინის ოდესის აკვატორიას რუსული გემები ვეღარ აკონტროლებენ იმდენად, რომ უკრაინას მიეცა შესაძლებლობა ხორბალი მსოფლიო ბაზრებზე გაიტანოს.

ამას იენს სტოლტენბერგი ამბობს!

კიდევ ერთხელ დასტურდება სისტემური გარემოება, რომ რაც უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს უკრაინა „ბრძოლის ველზე“, მით უფრო გაიზრდება დასავლეთის დახმარება

და პირიქით.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

როგორი სკანდალური და არასიმპათიურიც არ უნდა იყოს (ბევრისთვის) ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი, მისმა ინტერვიუმ პუტინთან დასავლეთში ისეთი რეზონანსი გამოიწვია, მნიშვნელოვან პოლიტიკურ „მდგენელად“ იქცა უკვე.

ერთ-ერთი მაგალითია გერმანია, სადაც დიდი პოლიტიკური დაპირისპირება მოჰყვა ინტერვიუს იმ ნაწილს, სადაც პუტინი ამბობს, რომ 2022 წელს კიევის შემოგარენიდან რუსული ჯარები გაიყვანა პარიზის და ბერლინის თხოვნით: გერმანიისა და საფრანგეთის ხელისუფალნი თითქოს მაშინ  პირდებოდნენ პუტინს, რომ იმ დროს, როცა სტამბულში მიმდინარეობდა მოლაპარაკება უკრაინის კაპიტულაციის (!!!) თაობაზე, სჯობდა კიევის ალყაზე უარი ეთქვა, რათა უკრაინულ მხარეს მეტი მოტივაცია ჰქონოდა.

პუტინმა მართლაც გაიყვანა ჯარები, ოღონდ გაიყვანა არა ბერლინის ან პარიზის თხოვნით, არამედ იმის გამო, რომ უკრაინელები ნამდვილად მზად იყვნენ ეომათ დედაქალაქის დასაცავად, ხოლო პუტინს „რუსულ ქალაქთა დედის“ (Мать городов русских) არტილერიით დანგრევა არ აწყობდა;

რეალურად რა მოხდა და რატომ თქვა უარი ზელენსკიმ სტამბულის შეთანხმების ხელმოწერაზე, აქ უამრავი კონსპიროლოგიური ვერსია ვრცელდება; პუტინი ახლაც დარწმუნებულია, რომ იგი კვლავ და კვლავ დასავლეთმა მოატყუა. დავით არახამია ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთის იმდროინდელმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა დაუშალათ ხელმოწერა და ა.შ

სინამდვილეში ეს იყო პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილება რადგან....სტამბულის ხელშეკრულება იქნებოდა უკრაინის კ ა პ ი ტ უ ლ ა ც ი ა!

დოკუმენტი ითვალისწინებდა უკრაინული არმიის შემცირებას 100 000 მეომრამდე და, რაც მთავარია, უკრაინის მთელს ტერიტორიაზე, ხარკოვიდან ლვოვამდე უკრაინული არმიის იარაღის საწყობთა „კოლექტიურ დაცვას“ რუსული ჯარის ქვედანაყოფებთან ერთად.

ამის ხელმოწერა ზელენსკისთვის ნიშნავდა, რომ უბრალოდ უნდა გადამდგარიყო სულ მალე და უკრაინაში ახალი პრეზიდენტი აერჩიათ (ღიად პრორუსი) ან/და უკრაინაში  სამოქალაქო ომი დაიწყებოდა, რითაც ისარგებლებდა მოსკოვი და უკრაინას მთლიანად დაიპყრობდა ან მეომარ მხარეებისთვის იარაღის მიწოდებით (როგორც საქართველოს სამოქალაქო ომის დროს 32 წლის წინ) უკრაინას სისხლიან ქაოსში ჩაფლავდა ათწლეულობით.

ამას ხელს პრეზიდენტი ზელენსკი როგორ მოაწერდა? რომც „ერჩიათ“ მისთვის საფრანგეთსა და გერმანიას?

 . . . . . . . . . . . . . . . . .

 

რუსეთის „საგარეოში“ გამოიძახეს და მკაცრი პროტესტი განუცხადეს უზბეკეთის ელჩს.

მიზეზი გახდა უზბეკეთის ჟურნალისტიკის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ კუდრატჰოჯაევის განცხადება, რომ უზბეკეთის ის მოქალაქეები, რომლებიც უზბეკურ ენას არ ფლობენ „ან იდიოტები არიან ან ოკუპანტები“.

ბუნებრივია, გულისხმობდა ეთნიკურ რუსებს, თორემ უზბეკებმა უზბეკური ენა, რა თქმა უნდა იციან.

აბა სხვა რა უნდა ეთქვა იმ უზბეკეთის მოქალაქეებზე, რომლებიც 32 წელია დამოუკიდებელ უზბეკეთში ცხოვრობენ, მისი მოქალაქეები არიან, თუმცა უზბეკური მაინც არ ისწავლეს?

რუსული „საგარეოს“ განცხადებაში, რომელიც უზბეკი ელჩის „გამოძახების“ შემდეგ გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ პროფესორ კუდრატჰოჯაევის განცხადებები „რუსეთსა და უზბეკეთს შორის გაღრმავებული სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას ეწინააღმდეგება“.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯეკ სალივანმა დაადასტურა, რომ 15 თებერვალს ამერიკაში გაიმართება ე.წ. „ნდობის ჯგუფის“ საგანგებო შეკრება: ამერიკული სპეცსამსახურები „ნდობის ჯგუფის“ წევრ დემოკრატ და რესპუბლიკელ წევრებს გააცნობენ უახლეს ინფორმაციას, რაც ამერიკულმა სპეცსამსახურებმა მოიპოვეს „რუსეთის მავნებლური ანტიამერიკული გეგმების შესახებ საარჩევნო პერიოდში“

ამერიკული მედია, კომპეტენტურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ საქმე ეხება არა მხოლოდ რუსული ბირთვული იარაღის მოდერნიზაციის მცდელობებს, არამედ პუტინის დავალებას რუსულ „ტროლ-ბოტთა“ არმიისადმი, მაქსიმალურად სცადონ სამოქალაქო დაპირისპირების და, შესაძლებლობისთანავე, „იდეალურ შემთხვევაში“, სამოქალაქო ომის გაჩაღება წინასაარჩევნოდ.

კერძოდ, დავალება ეხება რაიმე ისეთი ინფორმაციის მოპოვებას, რაც „კატალიზატორად“ იქცევა ვითარებაში, როდესაც დონალდ ტრამპი რასაკვირველია სისხლხორცეულადაა დაინტერესებული, მოიგოს ეს არჩევნები. თუნდაც იმიტომ, რომ ციხე ემუქრება.

ძალიან სახიფათო სიტუაციაა.

რუსული ტროლ-ბოტების არმია რა თქმა უნდა ისარგებლებს იმ გარემოებით, რომ ამერიკაში სოციალური ქსელები (უპირველესად ილონ მასკის X) თანდათან ტელევიზიებზე გავლენიანი ხდება, რასაც პუტინი, როგორც მოგახსენეთ, ყოველნაირად კულტივირებს, რადგან ეს სივრცე ბევრად ნაკლებად ექვემდებარება ელიტურ კონტროლს და პოლიტკორექტულობას , ვიდრე ტელესივრცე.

2016 წელს, ამერიკაში გააფთრებული საპრეზიდენტო კამპანიის დროს, როცა დონალდ ტრამპის მეტოქე ჰილარი კლინტონი იყო, რუსულმა ტროლ-ბოტთა არმიამ, - რომელიც იმ დროს ევგენი პრიგოჟინს ეკუთვნოდა ფორმალურად (!), სინამდვილეში კი თავიდან ბოლომდე სპეცსამსახურებს ექვემდებარებოდა, - იპოვეს ამგვარი „კონფლიქტური კატალიზატორი“: მოიპარეს ინფორმაცია, რომ ჰილარი კლინტონი ჩვეულებრივ ელექტრონულ ფოსტას იყენებდა სახელმწიფო მდივნობისას სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ან თუნდაც სამსახურებრივი ინფორმაციის გადასაგზავნად თუ შესანახად, რაც ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკული კანონის დარღვევაა.

იმავე პერიოდში პუტინის „ტროლ-ბოტთა არმია“ მეორე მხარესაც (ანუ კლინტონის გუნდს) აწვდიდა კომპრომატებს, რათა დაპირისპირება მაქსიმალურად გაემწვავებინა.

იმ დროს (2016-2017წწ) ამერიკაში თითქოსდა მძლავრი სოციალური მოძრაობა დაიწყო იმ მოტივით, რომ რუსეთმა „ხელყო ამერიკული დემოკრატია“. ამ მოძრაობაში უამრავი ცნობადი სახე მონაწილეობდა. მაგალითად მორგან ფრიმენი და ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავები. იგულისხმებოდა, რომ ამერიკელებისთვის დემოკრატია უძვირფასესი ღირებულებაა, ხოლო რა შეიძლება იყოს დემოკრატიული ზესახელმწიფოს იმაზე მეტი ხელყოფა, როგორც მის არჩევნებში ჩარევა?

სხვათა შორის, როცა პუტინს მაშინ ჰკითხეს ამის შესახებ, ცინიკურად უპასუხა: „განა ტყუილი იყო, რომ ჰილარი კლინტონი არამართლზომიერ ელექტრონულ ფოსტას იყენებდაო?“ ანუ, კი არ უარყო, არამედ პირიქით, დაადასტურა კიდეც.

სამწუხაროდ, ფართოდ პრომოუტურებულ და გაფიარებულ კამპანიას „ამერიკული დემოკრატიის დასაცავად“ იმ დროს არავითარი განსაკუთრებული შედეგი არ მოჰყოლია, რადგან მიუხედავად ყირიმის ანექსიის და დონბასის ოკუპაციისა, ამერიკული ელიტები არ იყვნენ მზად პუტინთან რეალური დაპირისპირებისთვის.

ახლა მაინც რა ზომებს მიიღებენ გაუგებარია, რადგან პუტინის „ტროლ-ბოტთა არმიის“ წინააღმდეგ ბრძოლა ურთულესია: ერთადერთი ოფციაა სოციალურ ქსელებში იდენტიფიკაციის წესის შემოღება, მაგრამ ეს ეწინააღმდეგება არა მხოლოდ სოციალური ქსელების ბუნებას, რომლის ერთ-ერთი ხიბლი და მიმზიდველობა ანონიმურობაა, არამედ „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების“ ფუნდამენტურ ღირებულებას.

სხვა არანაირი ტექნოლოგია არ იმუშავებს თეორიულადაც კი: რუსეთის ჩახსნა“ ინტერნეტიდან შეუძლებელია. ინტერნეტი არ არის ცენტრალიზებული ინსტიტუცია და რომც იყოს შესაძლებელი, იგივე „ტროლ-ბოტთა არმია“ მთელი მსოფლიოდან იმუშავებს: აბა რუსეთის საელჩოები სადმე ბრაზილიაში და ინდონეზიაში სხვას კი არაფერს აკეთებენ?!

პუტინი ქვეწარმავლური ეშმაკობით იყენებს დემოკრატიის თვისებებს თვით დემოკრატიის წინააღმდეგ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ მისი ღვიძლი ძმა რუსეთის მოქალაქეა და რუსეთში ცხოვრობს, თუმცა მასთან ურთიერთობა არა აქვს. „ჩვენ ხომ ყველანი საბჭოთა კავშირიდან გამოვედითო“ - ამბობს პოდოლიაკი.

„მერე რა მოხდა, ეგრე მთავარსარდალ ალექსანდრე სირსკის ძმაც რუსეთში ცხოვრობს, თუმცა როგორც მე არა მაქვს ძმასთან არანაირი ურთიერთობა, ასევე არც სირსკის არა აქვს ურთიერთობაო“. ანუ პოდოლიაკი ამბობს, რომ „ძმით“ ვერ დააშანტაჟებენ, რომც სცადოს პუტინმა.