ესენგეს სამიტი - წყლის ნაყვა გრძელდება

ესენგეს სამიტი - წყლის ნაყვა გრძელდება

    17 იანვარს, მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის «მეთაურთა საბჭოს» მორიგ სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მიიღებს მონაწილეობას.
    უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრა კვლავ მოსკოვში ტარდება. რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე კი ესენგეს წევრი სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელთაგან ხშირად გვესმოდა, რომ მოსკოვის ქცევა ესენგეს დედაქალაქად სერიოზული დათმობა იყო მათი მხრიდან. ამით ისინი მხარს უჭერდნენ ბორის ელცინს, რომლის წარმატებაზეც მართლაც ბევრი რამაა დამოკიდებული და არა მხოლოდ რუსეთში.
    არჩევნები ჩატარდა. ელცინმა გაიმარჯვა და ამჟამად (ოპერაციის შემდეგ) პოლიტიკურ პროსტრაციაში იმყოფება. სამიტი კი კვლავინდებურად მოსკოვში ტარდება. არათუ საქართველოს, არამედ უკრაინისა და ყაზახეთის ხელმძღვანელობასაც კი აზრად არ მოსდის, მოითხოვოს სხდომის ჩატარება რომელიმე სხვა დედაქალაქში.
    როგორც ჩანს, ესენგეს სივრცეში უკვე ჩამოყალიბდა თამაშის გარკვეული წესი, რომლის თანახმად, პრეზიდენტები მიდიან ამ დათმობაზე (რუსეთის მიმართ). სამაგიეროდ, თვით «ესენგე» თანდათანობით კარგავს ყოველგვარ აზრს. კრემლის მცდელობა, ექცია იგი ნეოიმპერიალისტურ მიზანთა განხორციელების მექანიზმად, სრული კრახით დამთავრდა.
    არავითარი რეალური ეკონომიკური ან (მით უმეტეს) სამხედრო ინტეგრაცია ესენგეს სივრცეში არ მიმდინარეობს. «მეთაურთა საბჭოს სხდომები» კი თანდათანობით მხოლოდ და მხოლოდ ცერემონიალურ მნიშვნელობას იძენენ; მით უმეტეს, უპერსპექტივოა საქართველოს ხელმძღვანელობის მცდელობა, აფხაზეთის პრობლემა გადაწყვიტოს ესენგეს მეშვეობით. ეს ორგანიზაცია მხოლოდ დროებით «აფორმებს» ჩვენთვის ძალზე არასასურველ კომპრომისს აფხაზეთში და «მანდატს აძლევს» რუსეთის ჯარებს საქართველო-აფხაზეთის საზღვრის დაფიქსირებისთვის. მორიგი (17 იანვრის) «სამიტიც» მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტილებებს მიიღებს.
    ამდენად, ირაკლი მენაღარიშვილი იძულებული იქნება, საბჭოს არაფრისმომცემი «დადგენილება» მიაღებინოს, რათა ფორმალურად მაინც გაამართლოს სამშვიდობო ჯარის მანდატის გაგრძელება. გაუგებარია, რატომ არ ცდილობს იგი აფხაზეთში თუნდაც «ცხინვალის სამშვიდობო ოპერაციის» გამეორებას, ანუ ერთობლივი ქართულ-რუსულ-აფხაზური სამშვიდობო კონტიგენტის შეყვანას კონფლიქტის ზონაში.
    ამგვარი მოთხოვნა არძინბას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებდა და უეჭველად გამოიწვევდა კონფლიქტს რუსეთის ხელმძღვანელობასა და აფხაზ სეპარატისტთა ლიდერებს შორის.

მერიდიანი, 17 იანვარი, 1997 წ.