საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ნოემბერი. 2023 წელი
დასავლური მედია აანალიზებს ნიდერლანდში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კატასტროფულ შედეგებს.
როგორც ცნობილია Geert Wilders-ის `თავისუფლების პარტიამ` მოიპოვა 37 მანდატი 150 მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში.
თითქოს არ არის ბევრი, თუმცა სხვა მემარჯვენე პარტიებთან ერთად მას სავსებით შეუძლია შექმნას საპარლამენტო უმრავლესობაც და მთავრობაც.
უილდერი ისლამოფობია, ევროსკეპტიკოსია და სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მისი სახით ახლა ევროკავშირს მეორე თავის ტკივილი უჩნდება. პირველი - უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანია.
მათ შორის დიდი განსხვავებაა იმ აზრით, რომ უდიდესი განსხვავებაა ნიდერლანდსა და უნგრეთს შორის: უნგრეთი ბევრად კონსოლიდირებული, სტრატიფიცირებული და განვითარებული დემოკრატიაა, ხოლო უნგრეთს, სამწუხაროდ, აღმოაჩნდა მიდრეკილება ავტორიტარიზმისკენ (თავი იჩინა წინა ეპოქის მემკვიდრეობამ, როცა უნგრეთი `მოსკოვის ბლოკში` შედიოდა), ამრიგად `ნიდერლანდელი ორბანი` ნამდვილ უნგრელ ორბანს მხოლოდ იმით დაემსგავსება, რომ მასავით დაბლოკავს ბრიუსელის ინიციატივებს უკრაინის მიმართულებით.
დასავლეთში აღნიშნავენ, რომ პოპულიზმი, ზოგადად, ევროპული უბედურება ხდება.
მემარჯვენე ან მემარცხენე პოპულისტები პერიოდულად იმარჯვებენ სლოვაკეთში, იტალიაში......ასევე პოპულიზმმა გაიმარჯვა დიდ ბრიტანეთში, რამაც ინგლისი ევროკავშირს მიღმა დატოვა და გამორიცხულია ეს გრძელვადიანი თვალსაზრისით ბრიტანეთისთვის ხელსაყრელი იყოს.
და როდესაც ანალიტიკოსები ეძებენ `საერთო მნიშვნელს`, რომელიც დრო და დრო ამარჯვებინებს პოპულისტებს სხვადასხვა ქვეყანაში, ისინი მიდიან დასკვნამდე, რომ ეს `საერთო მნიშვნელია`.... უკონტროლო ემიგრაცია!
აქ არის ძირის-ძირი, აქ არის `გულანი` პოპულისტთა წარმატებისა, რაკი ევროპელებს ბუნებრივად ეშინიათ აფრიკელების, ასევე აზიელების შემოსევის იმ ვითარებაში, როდესაც 2013 წელს, განსაკუთრებით სირიის კონფლიქტით დაწყებული, ევროპაში მართლაც უამრავი ადამიანი გადასახლდა და მათი შეკავება საზღვრებზე შეუძლებელი აღმოჩნდა;
ამას ხელს უწყობდა რუსეთი! თანაც არა მხოლოდ პროპაგანდით სირიაში, ასევე რეგიონის სხვა ქვეყნებში, არამედ პირდაპირ, უშუალოდ, როდესაც ფინეთის ან პოლონეთის საზღვარზე მიიყვანა ათი ათასობით არაბი; მთელი ევროპა ადევნებდა თვალს შემდეგ ამ `კარვის ქალაქებს` და დაპირისპირებას სლოგანით: `ემიგრანტები მოდიან`!
. . . . . . . . . . . . . . . . .
სამწუხაროდ, ძალიან ცუდად ვითარდება სიტუაცია პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, სადაც ჯერ პოლონელმა (!) გადამზიდავებმა, ახლა უკვე ფერმერებმაც გადაკეტეს ყველა გადასასვლელი და არ ატარებენ არაფერს უკრაინიდან.
ისინი აცხადებენ, რომ უკრაინელი გადამზიდავები, თუ ევროკავშირის ტერიტორიაზე შეაღწევენ, დააწესებენ გადაზიდვებზე დემპინგურ ფასებს, რისი უფლებაც აქვთ ევროკავშირის გადაწყვეტილებით; ხოლო ეს დააზარალებს პოლონელ მძღოლებს.
არა მხოლოდ ევროკავშირმა, არამედ პოლონეთის მთავრობამაც მოუწოდა პოლონელ მძღოლებსა და ფერმერებს შეწყვიტონ ბლოკადა, თუმცა უშედეგოდ.
მანქანების რიგი 54 კილომეტრია უკვე პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე. გუშინ მეორე უკრაინელი მძღოლი გარდაიცვალა გულის შეტევით. აქციის მონაწილენი ატარებენ მხოლოდ 1 ტრაილერს საათში. ასევე, მხოლოდ ჰუმანიტარულ ტვირთებს.
ისინი მოითხოვენ ევროკავშირმა გააუქმოს შეღავათი უკრაინელი მძღოლებისთვის და აქვთ ნიშანდობლივი ნეგატიური არგუმენტი: უკრაინა არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რატომ უნდა სარგებლობდესო იმ პრივილეგიებით, რაც აქვთ ევროკავშირის წევრებს ევროპაში.
ეს ყოველივე მკაფიო ილუსტრაციაა, თუ რა პრობლემებს შეეჩეხება უკრაინა (მომავალში საქართველოც) ევროკავშირში სრულუფლებიანი წევრობის მოპოვებისთვის ბრძოლაში.
კონკურენტები არავის არ უყვარს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ერთდროულად რამდენიმე სოლიდური დასავლური რესურსი (The New york times, business insider, The Times) იტყობინება, რომ `ხელოვნური ინტელექტი (AI-Artificial intellect) სულ უფრო აქტიურად აღწევს სამხედრო სფეროში: ამერიკა და ისრაელი მუშაობენ ისეთი საბრძოლო საფრენი აპარატების წარმოებაზე, რომლებიც ავტონომიურად, ესე იგი ადამიანისგან დამოუკიდებლად მიიღებენ გადაწყვეტილებას, `დაარტყან` თუ არა რომელიმე სამიზნეს.
ეს ნამდვილი რევოლუციაა დრონების გამოყენებაში; არადა თვით დრონებმა თავისთავად შეცვალეს ბევრი რამ სამხედრო საქმეში, რისი მკაფიო მაგალითიც გახდა 2020 წლის `44 დღიანი ომი` აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის, როდესაც აზერბაიჯანმა სწორედ თურქული და ისრაელის დრონთა მეშვეობით გაანადგურა მოწინააღმდეგე და დაიბრუნა ოკუპირებული ტერიტორიები.
თუმცა ის დრონები მაინც ძველი ყაიდის იყო: მათ ადამიანი მართავდა და ადამიანი იღებდა გადაწყვეტილებას, `დაერტყა` თუ არა სამიზნისთვის.
ახლა ლაპარაკია AI მქონე დრონებზე, რომლებიც გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე.
ფაქტობრივად, ეს არის მფრინავი საბრძოლო რობოტები, რომელთა ერა იწყება;
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ამას აუცილებლად მოჰყვება არც თუ ისე შორეულ მომავალში AI-ტანკები, AI - თვითმფრინავები და სულ ბოლოს კიბორგები - რობოტები ბრძოლის ველზე ჯარისკაცების ნაცვლად.
აშკარაა, პროცესი აქეთ მიდის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლური პრესა აღნიშნავს, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რეზერვში გადაიყვანოს 31 ერთეული M1A2 Abrams ტანკი, რომელიც ამერიკისგან მიიღო.
არც ერთი ამერიკული ტანკი ბრძოლის ველზე ჯერ არ გამოჩენილა. ამის მიზეზი ის არის, რომ კონტრშეტევის დროს უკრაინამ დაკარგა ასიდან - 34 Bradley ჯავშანმანქანა, რომლებიც ძირითადად დანაღმულ ველზე აფეთქდნენ.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ დასავლეთმა დააგვიანა სერიოზული საბრძოლო ტექნიკის გადაცემა უკრაინის არმიისთვის, სანამ რუსეთი მოასწრებდა ათასამდე კილომეტრის დანაღმვას საოკუპაციო ხაზზე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
რამდენჯერმე შევეხეთ ინდო-ჩინეთის და წყნარი ოკეანის რეგიონში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც სულ უფრო საინტერესო სახეს იძენს: გუშინ ფილიპინების თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ ფილიპინების სამხედრო საჰაერო ძალები აშშ სამხედრო საჰაერო ძალებთან ერთობლივ პატრულირებას ახორციელებენ ტაივანის (!) მიმდებარე საჰაერო სივრცეში.
ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ ფილიპინები ღიად უპირისპირდება ჩინეთს; თანაც პოზიციონირებს, როგორც ამერიკის სამხედრო მოკავშირე სწორედ ჩინეთის წინააღმდეგ.
ფილიპინები, რა თქმა უნდა, ამერიკის ძლიერი მოკავშირეა რეგიონში. ფილიპინებზე რამდენიმე ამერიკული სამხედრო ბაზაა, თუმცა სიახლეა ესოდენ მკაფიო პოზიციონირება ჩინეთის წინააღმდეგ და მით უმეტეს ტაივანის დისკურსში, რაც ჩინეთის მმართველ სი ძინპინისთვის სასიცოცხლო თემაა. მას თუ ახლა რაიმენაირად `ფეხი დაუცდა` ტაივანის საკითხში, მის მიერ თითქოს განადგურებული ოპოზიცია ჩინურ ელიტებში კვლავ წამოყოფს თავს აუცილებლად.
აქვე უნდა ითქვას, რომ ფილიპინების ამგვარი პოზიციონირება დიდწილად განაპირობა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს აროგანტულმა (თავხედურმა) ქცევამ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში: ჩინური სამხედრო გემები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში გამომწვევად უახლოვდებოდნენ ფილიპინების საზღვაო სივრცეს ხოლო რამდენიმე დღის წინ ჩინურმა გემმა წყლის ჭავლი შეასხა დემონსტრაციულად ფილიპინების მომმარაგებელ გემს.
ეს დემონსტრაციული აქცია იყო.
იმ ზღვაში ამერიკული გემიც ბევრია; თუმცა ამერიკელებს ვერ გაუბედეს. და რაკი ფილიპინებს გაუბედეს, ამ ქვეყანამაც ამერიკელებთან ერთობლივი პატრულირების გადაწყვეტილება მიიღო.
აბსოლუტურად ყველა ინდიკაცია არსებობს დასკვნისთვის, რომ თუ ჩინეთი გაბედავს ტაივანზე თავდასხმას, რის მოლოდინებსაც სი ძინპინი ქმნიდა ჩინურ ელიტებში, ამერიკა აუცილებლად ჩაერევა, ოღონდ არა უბრალოდ თვითონ ჩაერევა, არამედ რეგიონში მის მოკავშირეებთან ერთად ანუ ფილიპინებთან და ავსტრალიასთან კოორდინაციით.
აშშ-ფილიპინების თანამშრომლობა განსაკუთრებით გააქტიურდა, რაც ფილიპინელებმა პრეზიდენტად აირჩიეს პრო-ამერიკელი მარკოსი, ნაცვლად პრო-ჩინელი და პრორუსი დუერტესი.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ, წარმატებული კიბერ-შეტევის შედეგად, მოიპოვა რუსული სახელმწიფო კომპანია «Росавиация»-ს ფაილები, საიდანაც ირკვევა, რომ დასავლური სანქციების შედეგად რუსული ავიაცია კრახის და სრული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.
მთავარი მიზეზი ის არის, რომ დასავლეთმა აკრძალა რუსეთში თვითმფრინავთა მაკომპლექტებელი ნაწილების და სხვა ტექნოლოგიების მიწოდება, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია თვითმფრინავების ექსპლუატაციისთვის. თან არა მხოლოდ იმ თვითმფრინავების, რაც დასავლეთშია წარმოებული და მოსკოვმა ბანდიტურად მიიტაცა (Boeing, Airbus) არამედ რუსული წარმოების თვითმფრინავებისაც.
საქმე ის გახლავთ, რომ ეს ე.წ. `რუსული წარმოების` თვითმფრინავებიც იმ მაკომპლექტებელი დეტალებით მზადდება, რასაც ადრე დასავლეთი აწვდიდა რუსეთს.
საოცრებაა, რომ ახლა რუსეთი იძულებულია ირანში (!!!) გააგზავნოს თვითმფრინავები გეგმური შემოწმებისათვის, რადგან თვითონ სპეციალისტები არ ჰყოფნის.
რაც მთავარია, ამ ფაილების მიხედვით, «Росавиация» აფრთხილებს ხელისუფლებას: თვითმფრინავების ექსპლუატაცია სახიფათო ხდება რუსეთში - როდის მოძვრება ფრთა ან კუდი არავინ იცის და როდის გაჩერდება ჰაერში ძრავა.
ირანი როგორ და რატომ უსწრებს რუსეთს ამ სფეროში ეს კიდევ ცალკე კვლევას მოითხოვს.
როგორც ჩანს ჩინეთმა უარი უთხრათ დახმარებაზე საავიაციო დარგში.