საერთაშორისო მიმოხილვა. 16 ივლისი. 2024 წელი
დონალდ ტრამპს ესროლეს და კინაღამ მოკლეს!
შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა პატარა ქალაქ ბატლერში, შტატის დედაქალაქ პიტსბურგიდან 50 კილომეტრში, როდესაც აშშ 45ე პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი საარჩევნო მიტინგს ატარებდა.
თავდამსხმელი ისროდა 120 მეტრის სიშორიდან და „ამაღლებულია ადგილიდან“ (იგულისხმება შენობის სახურავი);
10 ტყვია გაისროლა ნახევრადავტომატური საბრძოლო შაშხანიდან AR.
ასეთი ღონისძიებების დროს სხვა შენობების სახურავებზე მუდამ იმყოფებიან არა მხოლოდ პოლიციის, არამედ Secret service პროფესიონალი სნაიპერები.
იმიტომ, რომ ამერიკული კანონმდებლობით ყოფილ პრეზიდენტებს Secret service იცავს სიცოცხლის ბოლომდე და ეს იმდენად ფუნდამენტური კანონია, როგორც ადრე გატყობინებდით, ამ სამსახურმა აშშ იუსტიციის სამინისტროს მიმართა სპეციალური წერილით, რომ თუ ტრამპს მიუსჯიან პატიმრობას, ყოფილი პრეზიდენტის საპატიმროში დასაცავად Secret service თანამშრომლები პენიტენციურ სისტემაში დაასაქმონ.
თუმცა..... უნდა ვაღიაროთ, რომ ამ შემთხვევაში ზემძლავრმა ამერიკულმა სპეც-სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტი ვერ დაიცვა. Secret service-ის დირექტორი კიმბერლი ჩიტლ უკვე დაიბარეს აშშ კონგრესის „პროფილურ“ კომიტეტში Hearing-ზე.
ნამდვილად: ეს „დაცვა“ არ არის, როცა სამსახური ასეთი თავდასხმის პრევენციას ვერ ახერხებს და ამაზე ამერიკაში უკვე სერიოზულად მსჯელობენ!
დონალდ ტრამპი, შეიძლება თქვას შემთხვევით გადარჩა.
ერთ-ერთმა ტყვიამ ყურის ბიბილოში გაიარა და 1 სანტიმეტრით განზე რომ ყოფილიყო, მოკლავდა კიდეც. ან ისე დაჭრიდა, არცევნებში მონაწილეობას პირადად ვერარ სეძლებდა. დააინვალიდებდა.
ტერორისტმა ერთი ადამიანი (მიტინგის მონაწილე) მოკლა და ერთიც დაჭრა, სანამ მას თავად მოკლავდა სნაიპერი სხვა შენობის სახურავიდან.
„პრევენციას“ რაც შეეხება....ალბათ პოლიციას და „დაცვას“ გაუჭირდებოდა 120 მეტრის რადიუსში მდებარე ყველა შენობის სახურავის გაკონტროლება, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ბატლერი ნიუ იორკი არ არის და საეჭვოა იქ ასეთი პერიმეტრიდან სროლის შესაძლებლობის მომცემი ბევრი შენობა და ბევრი „სახურავი“ ყოფილიყო.
აქედან გამომდინარე, ეს თავდასხმა რომ აუარებელი ინტერპრეტაციის და სპეკულაციის საფუძველი გახდება ცხადია და დონალდ ტრამპი ამას რასაკვირველია გამოიყენებს.
აბსოლუტურად ყველა ამერიკელმა პოლიტიკოსმა, ვინც კი რაიმე „სტატუსის“ მქონეა, დაგმო თავდასხმა. „დემოკრატები“ ამ მხრივ„ რესპუბლიკელებს“ არათუ ჩამორჩებოდნენ, უფრო მკვეთრი განცხადებებიც კი გააკეთეს.
თუმცა პოლიტიკას თავის კანონები აქვს: დონალდ ტრამპმა უკვე დაიწყო ინციდენტის „კაპიტალიზაცია“: თავდასხმიდან რამდენიმე წუთში მას აშშ პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაურეკა მობილურზე მაგრამ დონალდმა საუბარზე უარი თქვა.
ტრამპის თანაშემწემ, ვისაც ტელეფონი ეკავა, ის მოიმიზეზა, რომ ექიმები იყვნენ პრეზიდენტობის კანდიდატთან.
თავდასხმას იძიებს FBI, იუსტიციის სამინისტრო (ანუ პროკურატურა, რომელსაც კიდევ ცალკე საგამოძიებო სამსახური აქვს) და იძიებს ასევე უწყება საინტერესო სახელწოდებით: „ალკოჰოლის, თამბაქოსა და ცეცხლსასროლი იარაღის ბიურო“.
ანუ..... ამერიკაში, სადაც ნახევრადავტომატური და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი საღეჭი რეზინის გვერდით დახლზე იყიდება ჯებირს მიღმა, ასეთი „ბიუროც“ არსებობს თურმე.
შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი ამერიკაში ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის ნებისმიერ აკრძალვას ეწინააღმდეგება რაკი მისი ერთ-ერთი მხარდამჭერია ამერიკის „მეთოფეთა ასოციაცია“ (National Rifle Association)
ამ მომენტისთვის მოკლული თავდამსხმელის ვინაობას ოფიციალურად მალავენ.
და თუ რატომ მალავენ - ესეც სპეკულაციების საგანი გახდა
ბევრი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მალავდნენ რაკი ტერორისტი ეთნიკური ან რასობრივი უმცირესობის წარმომადგენელია - „ლათინოსია“ ან „აფროამერიკელია“ და ამერიკის Deep state ახლა შიშობს, ვაითუ ამ ინფორმაციის გამჟღავნებამ ამერიკაში ეთნიკური ან რასობრივი შუღლი გააღვივოს და დაპირისპირება გამოიწვიოს.
მით უმეტეს მოახლოებული არჩევნების კონტექსტში.
თუმცა ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა. თავისუფალი და ზემძლავრი პრესით!
გამორიცხულია ეს ინფორმაცია დიდხანს დაიმალოს და ტერორისტის ვინაობა არ გამჟღავნდეს.
არაოფიციალური ინფორმაციით კი (რაც დადასტურებული არ არის) თავდამსხმელია 20 წლის თომას მეტიუ კრუკსი
რაც შეეხება პოლიტიკურ დაპირისპირებას, ამ თავდასხმამ, ყველა სპეციალისტის აზრით, არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა ტრამპის შანსები! - ჯერ ერთი მისი ელექტორატის კიდევ უფრო გაბრაზებით და მობილიზებით და მეორეც „გადაუწყვეტელი“ ამომრჩევლების „მსხვერპლის“ მხარეზე გადასვლით: ეს კარგად შესწავლილი სოციო-ფსიქოლოგიური ფენომენია: „მსხვერპლის მხარეზე გადასვლა პროტესტის ნიშნად“
შესაბამისად, 5 ნოემბრის არჩევნების შემდგომი დიდი ამერიკული დაპირისპირების შანსები, სამწუხაროდ იზრდება.
ორშაბათს იწყება ამერიკის „რესპუბლიკური პარტიის“ კონვენტი, რომელიც დონალდ ტრამპს უეჭველად დაასახელებს პრეზიდენტობის კანდიდატად.
აქვე უნდა გავითვალისწინოთ აუცილებლად, რომ თავდასხმა მოხდა პენსილვანიის შტატში.
ეს შტატი ერთ-ერთია იმ 14 შტატიდან, სადაც გამარჯვება დიდწილად განაპირობებს 5 ნოემბრის არჩევნების შედეგს. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ბევრი „ხმოსანი“ ჰყავს იმ კომიტეტში წარსადგენად, რომელმაც აშშ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს (ამერიკაში პრეზიდენტს ხმოსნები ირჩევენ ცალკეულ შტატებში არჩევნების შედეგად) და მეორეც, ამ შტატებში, მათ შორის პენსილვანიის შტატში, ბაიდენსა და ტრამპს შორის სხვაობა მიკროსკოპულია:
წინა არჩევნები, 2020 წელს, ჯომ მიზერული სხვაობით მოუგო დონალდს.
თავად ტრამპმა დაწერა თავდასხმის შემდეგ „წუილი გავიგონე და მერე ყური ამეწვა.....ჩემი თანაგრძნობა მოკლული მომხრის ოჯახს God bless USA...... “.
არაფერს აჭარბებს: მართლა ბეწვზეა გადარჩენილი.
ილონ მასკმა უკვე განაცხადა, რომ არათუ ფულს შესწირავს ბაიდენის კამპანიას, არამედ პირადად მისცემს ხმას მომავალ არჩევნებზე.
ასეთი „სტატუსური“ პერსონების მხარდაჭერა ელექტორალურად ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, რომ მთელი ამერიკის მასშტაბითაც „მიზერია“ სხვაობა კანდიდატებს შორის.
მეორეს მხრივ, ბაიდენის მხარდამჭერი ასეთივე „სტატუსური“ პერსონები იხსნებიან კამპანიიდან: მსახიობმა ჯორჯ კლუნიმ, რომელიც მუდამ ბაიდენს უჭერდა მხარს, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ბაიდენი ნამდვილად დაბერდა, ვეღარ დადის, ვერ ლაპარაკობს და მისი პრეზიდენტობა როგორ შეიძლებაო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესოა, რომ ბელორუსის ავტოკრატი მმართველის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით, ბელორუსული ჯარები გაიყვანეს უკრაინის საზღვრისპირა რეგიონებიდან.
რა გახდა ამის მიზეზი, ცხადი და ერთმნიშვნელოვანი არ არის.
ლაპარაკია სწორედ ბელორუსული ჯარების გაყვანაზე, თუმცა იქ რუსული ჯარებიც იდგნენ.
შესაძლოა ლუკაშენკოს კვლავ იწყებდეს „თამაშს“ პუტინთან რასაც ოსტატურად ახერხებდა მრავალი წლის განმავლობაში.
ან პირიქით, მისი გადაწყვეტილება იმ მიზანს ემსახურება, რომ „შენიღბოს“ მორიგი რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ბელორუსის ტერიტორიიდან.
როგორც ადრე გატყობინებდით, განსხვავებით 2022 წლიდან, უკრაინამ, ბელორუსთან საზღვარი ისე უხვად დანაღმა დასავლელი მოკავშირეების დახმარებით, რომ იქ იოლი გასეირნება რუსებს არ ექნებათ.
შესაძლოა ლუკაშენკოს გადაწყვეტილება (რასაც დემაგოგიურად ხსნის ახლა „დაძაბულობის შეამცირებით საზღვარზე“) იმასაც ნიშნავდეს, რომ ადრე გამოთქმული მოსაზრებების მიუხედავად, თვით ბელორუსული არმია არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ აგრესიაში უკრაინის წინააღმდეგ, თუ ეს აგრესია მაინც განხორციელდა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ბრიტანული The Telegraph წერს, რომ ბოლო 2 თვის განმავლობაში, დონბასის ფრონტზე რუსეთმა 70 000 მეომარი დაკარგა მოკლულების და დაჭრილების სახით, რაც უპრეცედენტო რაოდენობაა (დღე-ღამეში 1270 დაახლოებით) მთელი ომის განმავლობაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის სამხედრო დაზვერვის შეფმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ ბოლო ხანს პუტინის მოსაკლავად რამდენიმე სპეცოპერაცია განხორციელდა, თუმცა ყველა ესს ოპერაცია წარუმატებელი იყოო.
მას არ უთქვამს „ჩვენ განვახორციელეთ ეს სპეცოპერაციებიო“ თუმცა მისი განცხადება ნამდვილად შეიძლება ორგვარად გავიგოთ და ასეც გავიგოთ, რომ სწორედ უკრაინის სამხედრო დაზვერვა ცდილობდა პუტინის ლიკვიდაციას.
ბუდანოვის თქმით, პუტინის ლიკვიდაციას რუსეთში ისეთივე რეაქცია მოჰყვება, როგორიც თავის დროზე სტალინის სიკვდილს მოჰყვაო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის საფონდო ბირჟაზე სერიოზული შეშფოთება გამოიწვია ინფორმაციამ, რომ AI (Artificial intelligence - ხელოვნური ინტელექტის) რობოტმა, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ბირჟაზე $5000 ინვესტირებით $38 000 მოიგო.
და რომ ეს შესაძლოა სახიფათო ტენდენციის მაჩვენებელია, რაკი მაღალტექნოლოგიურმა რობოტებმა დაიწყონ ვაჭრობა ნიუ იორკის თუ სხვა ბირჟებზე.
შესაძლოა ვინმეს გაუკვირდეს: ამგვარი პროგრამების მეტი რა არის, აქამდე რატომ არ იწვევდა ეს ასეთ შეშფოთებასო?
სინამდვილეში ასე არაა: პროგრამას გააჩნია.
ისევე, როგორც მაგალითად გააჩნია საჭადრაკო პროგრამას, რომელიც ჭადრაკს ეთამაშება ადამიანს.
უამრავი ამგვარი პროგრამა არსებულა, თუმცა ჩემპიონებთან მაინც აგებდნენ, სანამ IBM-მა არ შექმნა რობოტი, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვს მოუგო.
ინფორმაციას ახალ პროგრამის (რობოტის) შესახებ, რომელსაც საბირჟო ტენდენციების ანალიზის უნარი აქვს (ესა მთავარი ამგვარ ვაჭრობებში) აქვეყნებს Finzen და ამ ავტორიტეტული გამოცემის რესურსები წერენ, რომ ხსენებული ტენდენციების გამოცნობა ძალიან ძნელია.
უდიდეს ცოდნასა და ნიჭს მოითხოვს და არა უბრალოდ მათემატიკურ გათვლას. მ
ხოლოდ მათემატიკური გათვლები რომ იყოს საკმარისი (ვიმეორებ) ასეთი პროგრამები მილიონია შექმნილი.
ამიტომ ეს ახალი რობოტი ნამდვილად ფენომენია.