საერთაშორისო მიმოხილვა. 16 მარტი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 16 მარტი. 2022 წელი

გუშინ მოხდა უდიდესი ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა: რუსეთი ერთხმად (!) გარიცხეს ევროპის საბჭოდან.

ევროპის საბჭო ევროპის უძველესი საერთაშორისო ორგანიზაციაა. იგი დაფუძნდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე. 1949 წელს.

ეს არის 47 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების კომიტეტი. ამ კომიტეტს აქვს `საპარლამენტო ასსამბლეა` და ეს ის შემთხვევაა, როდესაც სწორედ საპარლამენტო ასსამბლეაა მთავარი და გადამწყვეტი.

როდესაც ამბობენ `ევროპის საბჭო`, ფორმალურად იგულისხმება საგარეო საქმეთა მინისტრთა კომიტეტი, თუმცა რეალურად - საპარლამენტო ასსამბლეა (PACE).

ევროპის საბჭო (ზოგჯერ ერევათ ხოლმე `ევროსაბჭოში` ანუ ევროკავშირის სახელმწიფოს მეთაურთა და პრემიერ-მინისტრთა საბჭოში, რომლის თავმჯდომარეა შარლ მიშელი) ეფუძნება ადამიანის უფლებათა ღირებულებებს.

ევროპის საბჭოს ორგანიზაციაა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო, ხოლო საკონსულტაციო ორგანოა `ვენეციის კომისია`.

განსხვავებით ვენეციის კომისიისაგან, რომელიც მხოლოდ კონსულტაციის დონეზე მონაწილეობს ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების საკონსტიტუციო თუ სხვა კანონშემოქმედებაში, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებები შესასრულებლად სავალდებულოა ყველა წევრი სახელმწიფოსათვის.

რუსეთმა ვითომ `დაასწრო` ევროპის საბჭოს და განაცხადა, რომ გადის ორგანიზაციიდან. ოღონდ დღემდე  რატომ არ რიცხავდნენ - ეს არის ყველაზე საინტერესო.

მართლაც, სანამ პუტინმა საერთოდ ყველა წითელი ხაზი არ გადაკვეთა, არ გაურიცხავთ. მხოლოდ ხმის უფლება შეუჩერეს რამდენჯერმე, ისიც დროებით. მაგალითად საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგრესიისთვის ფაქტობრივად არ დაუსჯიათ. ყირიმის ანექსიის შედეგად დროებით შეუჩერეს ხმის უფლება, მაგრამ 2019 წელს აღუდგინეს.

აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზით ახერხებდა მუდამ რუსეთი, თავი დაეძვრინა სასჯელისგან და გარიცხვისგან. პირველ რიგში იმით კი არა, რომ დიდი საწევრო შენატანი შეჰქონდა (30 მილიონი ევრო) ყოველწლიურად. და არც იმით მხოლოდ, რომ ევროპის საბჭოს უამრავი წევრი, სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატი, მისი ხელფასიანი ლობისტი იყო. მთავარი სხვაა: რუსეთის გარიცხვის მოწინააღდმეგეები ასეთ ლოგიკას ავითარებდნენ:

თუ რუსეთს გავრიცხავთ ევროპის საბჭოდან, მაშინ ამით ჩვენ მას გავრიცხავთ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდანაც. ესე იგი რუსეთი აღარ შეასრულებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს რუსეთის მოქალაქეების დასაცავად რუსული რეჟიმის ძალმომრეობისაგან. 20% შემთხვევაში, პუტინის რეჟიმი ამ გადაწყვეტილებებს არ ასრულებდა. მაგრამ 80% შემთხვევაში, როცა საქმეებს დიდი პოლიტიკური რეზონანსი არ ჰქონდა, ხომ ასრულებდა?!

შესაბამისად, თუ რუსეთი გავა სტრასბურგის სასამართლოს იურისდიქციიდან, ევროპას აღარ ექნება იმის შესაძლებლობა, სადმე ნოვოსიბირსკში რომ ადგილობრივი სპეცსამსახური ვინმე აქტივისტს ან უმცირესობის წარმომადგენელს დააპატიმრებს, მისი გათავისუფლება მოითხოვოს, პუტინის რეჟიმის `ქვედა რგოლების` მიერ დაჩაგრულთა სარჩელები მიიღოს, ეს სარჩელები განიხილოს ანუ ევროპას წაერთმევა საშაულება, იბრძოლოს რუსეთში უფრო ლმობიერი და იქნებ მომავალში დემოკრატიული წესწყობილების დასამკვიდრებალდ, რომელიც როგორც ცნობილია `მიკროდონეზე` მკვიდრდება. ამიტომ, ძვირფასო ქართველებო, ძვირფასო უკრაინელებო...გითანაგრძნობთ, თუმცა სახელმწიფოთშორისი კონფლიქტები და ომი ევროპის საბჭოს განსახილველი თემა არ არის......ეს თემები გაეროში უნდა განიხილოთ, რადგან სწორედ გაერო განიხილავს სახელმწიფოთშორის კონფლიქტებს. ქართველები კი დაკმაყოფილდით იმით, რომ სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს მოსკოვიდან გამოყრილი ქართველებისთვის რუსეთს კომპენსაციები დააკისრა და ამ კომპენსაციათა ნაწილი რუსეთმა ნამდვილად გადაიხადა!

ასეთი იყო ლოგიკა.

თუმცა პუტინმა (ვიმეორებ) იმდენად დაარღვია ყველა წესი/კანონი უკრაინის წინააღმდეგ აგრესიით, რომ ამ ლოგიკამ ვეღარ იმუშავა და პუტინის რუსეთი ევროპის საბჭოდან სამარცხვინოდ გარიცხეს.

იმის მიუხედავადაც კი, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, არ/აღარ შეასრულებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს განაჩენებს.

ეს გარემოება ვეღარ დაეხმარა პუტინს ევროპის დაშანტაჟებაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი, რომელიც თანდათან იქცა დასავლური სამყაროს ლიდერად რუსეთის აგრესიის მოგერიების საქმეში, მოლაპარაკებას მართავს საუდის არაბეთისა და გაერთიანებულ არაბთა ემირატების ხელისუფლებებთან, რათა მიაღწიოს ნავთობის მოპოვების გაზრდას და/ანუ რუსეთის შემოსავლების შემცირებას.

ჯონსონის მცდელობა აბსოლუტურად რაციონალურია, რადგან თუ რაიმე ეხმარება ახლა რუსეთს ნაწილობრივ მაინც დააკომპენსიროს დასავლური სანქციები, ეს არის ნავთობის გაძვირება მსოფლიო ბაზრებზე.

ნავთობის რესურსი ბუნებრივი აირის რესურსისგან იმით განსხვავდება, რომ თუ მაგალითად ევროპა უარს იტყვის გაზის შესყიდვაზე რუსეთისგან (დღეს შეუძლებელია, მაგრამ მაინც) ახალი ბაზრების მოპოვება, მერე იქ გაზსადენების გაყვანა და ა.შ. შეუძლებელი ამოცანაა. ხოლო ნავთობი მსოფლიო ბაზრებზე მუდამ გაიყიდება თუ იარსებებს გაზრდილი მოთხოვნა. ჯონსონი სწორედ ამ გაზრდილი მოთხოვნის შემცირებას ცდილობს, რათა პუტინს მთავარი იარაღი გამოჰგლიჯოს ვალუტის შესაძენად, რუბლის გადასარჩენად და  სანქციებისგან თავის დასაცავად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსი ჟურნალისტი ქალი, რომელიც პირველი არხის პირდაპირ ეთერში შევარდა ანტისაომარი პლაკატით, 30 000 რუბლით დააჯარიმეს. ეს 270 დოლარია.

თითქოს ბევრი არაფერი, მაგრამ სინამდვილეში, რუსული კანონმდებლობით, რაკი ოქმი შედგენილია, ადმინისტრაციული სასჯელი კი არ გამორიცხავს სისხლის სამართლის საქმის აღძვრას, როგორც წესი, არამედ პირიქით, პრაქტიკულად (ანუ რუსეთში არსებული სისხლის სამართლებრივი პრაქტიკით) უფრო ზრდის შანსს, რომ საქმე აღიძრას სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლით, რომელიც ითვალისწინებს 15 წლამდე ციხეს `შეიარაღებულ ძალთა შეურაცხყოფისათვის`.

ანუ ამ ქალმა რომ პლაკატი დაიკავა ხელში `არა ომს`, პუტინის კანონით, ეს არმიის შეურაცხყოფაა, რადგან (თურმე) რუსეთი არანაირ ომს არ აწარმოებს - დაბომბვები, რაკეტები, ქალაქების დანგრევა და მოსახლეობის ამოჟლეტა `სპეციალური სამხედრო ოპერაციაა` და არა ომი.  

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა, დასავლური სანქციების პასუხად, ოთხშაბათს დილით შეწყვიტა ბუნებრივი აირის მიწოდება ევროპაში ერთ-ერთი გაზსადენით: `იამალ - ევროპა`. ეს გაზსადენი ჯერ კიდევ სსრკ დროს ააშენეს. იგი 4 000 კილომეტრი სიგრძისაა, გადის ბელორუსიის ტერიტორიაზე, შემდეგ პოლონეთში და მერე გერმანიაში. ამ ბლოკირებით რუსეთი პირველ რიგში პოლონეთს სჯის, რადგან პოლონეთი ყველაზე აქტიურია უკრაინის დაცვაში.

თუმცა ამით პუტინი გერმანიასაც აფრთხილებს!

ამჟამად ევროპას ბუნებრივი აირი სულ ოთხი მარშრუტით მიეწოდება რუსეთიდან:

ერთი იყო `იამალ-ევროპა ბელორუს-პოლონეთის გავლით;

მეორე `ჩრდილო ნაკადი ბალტიის ზღვის ფსკერზე, რომლის პირველი ხაზი North stream 1 ამოქმედებულია, ხოლო მეორეს (North stream 2) სერტიფიცირების პროცესი გერმანიამ შეაჩერა ომის გამო;

 მესამე მარშრუტია უკრაინის გავლით. ანუ...... მიუხედავად ომისა, ეს მარშრუტი ჯერ გაჩერებული არ არის თუმცა ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაიბომბოს საქაჩი სადგურები ან თვითონ უკრაინამ დაბომბოს რათა `გააღვიძოს` ევროპა(!)

მეოთხე მარშრუტი თურქეთის გავლით სამხრეთ ევროპის ქვეყნებისკენ. ძირითადი მყიდველი იტალიაა;

ამ ოთხიდან პუტინმა ერთი გათიშა ოთხშაბათს დილით. ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა ახლა გაიყინება ამის გამო. ბოლოს და ბოლოს

ა) უკვე დათბა

ბ) დანარჩენი სამი მარშრუტი მუშაობს.

ოღონდ მათგან  ერთის გათიშვაც კი

 ა) სწევს ბუნებრივ აირზე ფასებს და

ბ) იწვევს ევროპის გაზსაცავებში გაზის მარაგის საზამთროდ დაგროვების დეფიციტს.

გაზაფხულობით და ზაფხულობით ევროპა რუსული გაზის ნაწილს (სწორედ იამალ-ევროპის ხაზით მიღებულს) იმისთვის იყენებდა, რათა ევროპის, ძირითადად გერმანიის უზარმაზარი გაზსაცავი სივრცეები შეევსო და ასე მომზადებულიყო ზამთრისთვის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი ცდილობს ინტრიგა შექმნას ამერიკა-ევროპა-ისრაელ-ირანის ფორმატში.

ანუ, ბაიდენმა რომ უარი თქვა რუსული ნავთობის შესწყიდვაზე და ევროპაც არ გამორიცხავს აკრძალოს ევროპული კომპანიების მიერ რუსული  ნავთობის (მაგრამ არა გაზის) შესყიდვა, ვაშინგტონსა და ბრიუსელში დაირხა ხმები (იყო მართლაც ასეთი აზრი), რუსული ნავთობის დასაკომპენსირებლად ხომ არ შევუმსუბუქოდ სანქციები ირანს, რომელსაც ახლა ტოტალური ემბარგო ადევს ნავთობის გაყიდვაზეო.

ეს ხმები (ვიმეორებ: არც თუ უსაფუძვლო) გააძლიერა ბაიდენის ადმინისტრაციის უცნაურმა ფლირტმა ვენესუელას დიქტატორ მადუროსთან, რომელსაც ვაშინგტონი ნავთობის მიყიდვას სთხოვდა უპირობოდ, მაგრამ მადურომ ჯერ ერთი ძვირი დაუფასა და მეორეც, პოლიტიკური პირობები წაუყენა.

ოღონდ მთავარი პრობლემა ისაა, რომ ირანთან ნებისმიერ გარიგებას, მისთვის სანქციათა შემსუბუქებას კატეგორიულად ეწინააღმდეგება ისრაელი და ისრაელის ზემძლავრი ლობი როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. ისრაელი თვლის (და მართალია) რომ ნავთობდოლარებს ირანელი ფანატიკოსი აიათოლლები აუცილებალდ გამოიყენებენ ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

ამ გზით რუსული ნავთობის კომპენსირება არც ერთ შემთხვევაში არ  გამოვა.

ფაქტობრივად, მოსკოვი ცდილობს დააყენოს დასავლეთი კატასტროფული არჩევანის წინაშე ისრაელსა და უკრაინას შორის.