საერთაშორისო მიმოხილვა. 17 დეკემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 17 დეკემბერი. 2024 წელი

ამერიკულმა არმიამ იემენში, რომელსაც პროირანული და პრორუსული „ჰუსიტები“ სანახევროდ აკონტროლებენ (ძირითადი ქალაქების ჩათვლით) გაანადგურა ე.წ. „სამთავრობო კვარტალი“, მათ შორის „თავდაცვის სამინისტრო“.

როგორც ცნობილია, ჰუსიტები აქტიურად ბომბავდნენ ბოლო დროს ისრაელს, თუმცა ვერც ერთი რაკეტა ვერ მიაწვდინეს რეალურად, მაგრამ რაც მთავარია, ირანისა და რუსეთის დავალებით, ისინი საფრთხეს უქმნიდნენ მიმოსვლას წითელ ზღვაში, ორმუზის ყურეში, საიდანაც მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის 30-40% გადის.

ამ დარტყმით ამერიკულმა არმიამ დაადასტურა, რომ „რეგიონზე ძალის პროეცირების“ უნარიანობის თვალსაზრისით (არსებობს ასეთი გეოპოლიტიკური ტერმინი-დ.) ამერიკა კვლავ ლიდერია და ამ მხრივ ახლო აღმოსავლეტში (Middle east) ვერავინ შეედრება ალბათ გარდა მისივე მოკავშირე დიდი ბრიტანეთისა.

რუსეთს რაც შეეხება, ახლა იმავე ამერიკას და იმავე სირიის ოპოზიციას ესლუკუნება: „ხმეიმიმსა და ალეპოში“ ბაზები შემინარჩუნეთო.

«Но это вряд ли» - როგორც ერთი რუსული გამოთქმა ასწავლით.

მთავარი „სასლუკუნო“ სინამდვილეში ერდოღანი ჰყავთ: სწორედ ერდოღანზეა ახლა დამოკიდებული ბევრი რამ სირიაში.

გუშინ დონალდ ტრამპმა თქვა მისთვის ჩვეული გულწრფელობით: სირიის ამბები „ერდოღანმა მოაწყოო“.

რასაკვირველია, ნამდვილად  ერდოღანი იყო იმ ამბებში მთავარი ფიგურა.

 და ეს კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს, თუ რამდენად ძლიერი პოლიტიკოსია თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტი, რაკი „ძალის პროეცირების“ თვალსაზრისით თურქეთი ამერიკას და დიდ ბრიტანეთს მაინც ვერ შეედრება.

ამის მიუხედავად USA და UK ვერ შეძლეს ბაშარ ასადის გაძევება, თურქეთმა კი ეს წარმატებით მოახერხა.

ნახეთ რას ამბობს ტრამპი: „ძალიან ჭკვიანი კაცია /ერდოღანი-დ./ თურქეთს ათასი წელია ეს უნდოდა /არაბულ სირიაზე გავლენის აღდგენა-დ/ და ერდოღანმა მოახერხა. ისინი ვინც დამასკში შევიდა, თურქეთის მიერ კონტროლდებიან“ - ამბობს ტრამპი.

ჩავთვალოთ წვრილმანად, რომ 1 000 წელი რასაკვირველია გადაჭარბებაა.

„1000 წლის“ წინ თურქეთი საერთოდ არ არსებობდა.

თუმცა მთავარი სხვაა: ტრამპის პიიტეტი ერდოღანის მიმართ, რომელიც უდავოდ მისი პარტნიორი იქნება რეგიონში.

ერდოღანი ამერიკის „ძალის პროეცირების“ უნარს ისევე ოსტატურად გამოიყენებს, როგორც პუტინის სისუსტეები გამოიყენა - ისევ და ისევ თურქეთის გავლენის გასაძლიერებლად.

აქ ერდოღანის ინტერესები შესაძლოა დაემთხვეს ევროკავშირის ინტერესებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ EU უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ესტონელმა (!) კაია კალასმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყებს დიალოგს სირიის ახალ ხელისუფლებასთან, თუ რუსულ ბაზებს გააძევებენ სირიიდან, რადგან „ამ ბაზებით მოსკოვი დესტრუქციულ როლს ასრულებს მთელს რეგიონში, მათ შორის აფრიკის კონტინენტზეო“.

ნამდვილად ასეა!

ტარტუსსა და ლატაკიაში ბაზების განლაგებით პუტინმა უდიდესი გეოპოლიტიკური ბონუსი მიიღო სსრკ დაშლის შემდეგ.

ისიც საინტერესოა, რომ კაია კალასმა ამ განცხადებით მხოლოდ საკუთარი დამოკიდებულება კი არ „გაასიტყვა“, არამედ ევროკავშირის გავლენიანი წევრებისა.

მაგალითად ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრ კასპარ ველდკამპის.

. . . . . . . . . . . . . . . . .

მიუხედავად უკრაინის აქტიური წინააღმდეგობისა, უნგრეთმა, ევროკავშირის „საგარეოთა“ სხდომაზე გუშინ, ვეტო დაადო სანქციების გახანგრძლივებას რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის წინააღმდეგ, რამაც შესაძლოა (!) გამოიწვიოს რუსეთის დაბრუნება ოლიმპიურ მოძრაობაში....საიდანაც გარიცხეს უკრაინის წინააღმდეგ ბარბაროსული აგრესიის გამო.

ირკვევა, რომ სირიის სისხლიანი დიქტატორი ბაშარ ალ ასადი მოსკოვში გაფრინდა „ხმემიმის“ რუსული სამხედრო -საავიაციო ბაზიდან.

თან წაიყოლა მხოლოდ ოჯახის წევრები და უახლოესი ნათესავები ასევე ორი თანაშემწე.

ისინი დაასახლა მოსკოვის პენტჰაუზებში, რომელიც წლების წინ შეიძინა.

თვითმფრინავი გატენილი ჰქონდა „ნაღდი ფულით“. ყველა საერთაშორისოდ კონვერტირებადი ვალუტით: დოლარი, ევრო, შვეიცარიული ფრანკი, ინგლისური ფუნტი, იაპონური იენა......რუსული რუბლები და ჩინური იუანი არ ჰქონია.

 ეს სახსრები სირიის ცენტრალური ბანკიდან გამოზიდა, რაკი მიაჩნდა, რომ სირიის სახელმწიფო სავალუტო რეზერვები უბრალოდ....მისი ოჯახის ფულია.

ასეთი დამოკიდებულება ჰქონდა ბიუჯეტისადმი ყველა დიქტატორს.

ასადმა ვერ გაზიდა იმავე ცენტრობანკის საცავიდან 26 ტონა ოქრო, რაც იქ ინახება.

თვითმფრინავი ვერ წაიღებდა ამდენს უბრალოდ.

სირიის ოქროს რეზერვის საერთო ღირებულებაა $2,2 მლრდ.

 როდესაც შეიარაღებულმა ოპოზიციამ დამასკო აიღო, მაროდიორებმა სცადეს საცავში შეეღწიათ, მაგრამ ვერ შეძლეს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის სარაკეტო ჯარების მეთაურმა სერგეი კარაკაევმა (командующий Ракетными войсками стратегического назначения (РВСН) генерал-полковник Сергей Каракаев) განაცხადა, რომ რუსულ სტრატეგიულ სარაკეტო ძალებს ამერიკულ ანალოგიურ ძალებთან უდიდესი უპირატესობა აქვთ: РВСН გააჩნიათ როგორც სტაციონარული, შახტის კონტინენტთაშორისო კომპლექსები, ასევე კონტინენტთაშორისო მობილური კომპლექსები, რომლებიც მუდმივად მოძრაობენ სარკინიგზო ან თუნდაც საავტომობილო პლატფორმებით და ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ბალისტიკური რაკეტის გაშვება ამერიკის მიმართულებით.

 

კი, ნამდვილად ასეა: აქვს რუსეთს ამგვარი უპირატესობა. მაგრამ..... რატომ აქვს?

იმიტომ, რომ ამერიკა, რუსეთისგან განსხვავებით დემოკრატიაა და ამერიკული „თემები“, მუნიციპალიტეტები, საგრაფოები, Society არ მოითმენს არავითარ შემთხვევაში, მათი „ერთსართულიანი ქალაქების“ მახლობლად ბირთვული იარაღი დაბორიალობდეს მუდმივად.

რუსებს კი ვინ რას ეკითხება?! იმავე გენერალმა მრავალმნიშვნელოვნად განაცხადა: „არ არსებობს დედამიწაზე წერტილი, რომელსაც რუსული რაკეტა ვერ მისწვდებაო“.

ამით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ პუტინის „უკანასკნელი“ არგუმენტი მსოფლიოს იმით დაშანტაჟებაა, რაც შემორჩათ კონკურენტუნარიანი საბჭოთა ეპოქიდან: რაკეტებით.

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ საშუალო სიშორის რაკეტა Орешник, რითაც პუტინმა რამდენიმე დღის წინ ქალაქი დნეპრი დაბომბა, რუსებმა ბელორუსიაში განალაგეს.

ლუკაშენკოს ბელორუსია პუტინის „ჩაუფლავ პლაცდარმად“ იქცა ბოლო დროს.

. . . . . . . . . . . . . . .

President-elect დონალდ ტრამპმა საინტერესო და ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა „დისტანციურ სამუშაო რეჟიმთან“ დაკავშირებით, რაც ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შემოიღო პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ პანდემიის გამო.

მაშინ ამერიკის მთავრობამ ნება დართო დაახლოებით 50 000 ფედერალურ მოსამსახურეს ანუ სახელმწიფო მოხელეს, კვირაში სამი დღე დისტანციურად ემუშავა და ბევრს საერთოდ არ ჩაუთვლიდა განაცდურად, როცა  საქმეს სახლიდან გააკეთებდა თუკი ამის საშუალებას მისი საქმიანობის სპეციფიკა იძლეოდა.

ეს რეჟიმი პანდემიის შემდეგაც შენარჩუნდა დიდწილად.

ახლა ტრამპი ამბობს, რომ ის სახელმწიფო მოხელეები, ის ფედერალური თანამშრომლები, ვინც მისი ინაუგურაციის შემდეგ სამსახურში ყოველ დღე არ ივლიან, სამსახურს დაკარგავენ.

„ამ მიზნით სასამართლოსაც მივმართავთო“ - ამბობს არჩეული პრეზიდენტი.

ცალკე საკითხია, რატომ გაახანგრძლივა ეს რეჟიმი ბაიდენის ადმინისტრაციამ. შესაძლოა იმიტომ, რომ სახელმწიფო რესურსების დაზოგვას იწვევდა გარკვეულწილად („სახელმწიფო რესურსი“ მხოლოდ ფინანსები არ არის-დ) და ისიც ცალკე საკითხია, რომ ამერიკული დემოკრატია, მისი ძლევამოსილი ინსტიტუციები, აიძულებენ ტრამპს, მიუხედავად მისი ქარიზმატული გამარჯვებისა, სწორედაც სასამართლოს მიმართოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად.

 

ოღონდ ყველაზე ნიშანდობლივი სწორედაც ტრამპის მოტივაციაა, ანუ მისი შინაგანი აღმძრავი ინტენცია: დონალდ ტრამპს სასტიკად სძულს ყველაფერი, რაც პანდემიას უკავშირდება!!

იმიტომ, რომ პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა ლოკდაუნებმა, სოციალურმა სტრესმა, „დღის წესრიგის“ და პრიორიტეტების იძულებითმა შეცვლამ და უდიდესმა დანაკარგმა წააგებინა მას არჩევნები 2020 წელს.

ამიტომ ჩქარობს ახლა ისეთი გადაწყვეტილებების დემონსტრაციულად მიღებას, რაც ხაზს გადაუსვამს იმ „ბნელ წარსულს“.

უამრავ დამკვირვებელს უთქვამს: რომ არ ყოფილიყო პანდემია, ტრამპი უეჭველად დაამარცხებდა „დემოკრატებს“ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

მაგრამ...... ნაცვლად ჩვეული რიტორიკისა ჩინეთის წინააღმდეგ და ყველას წინააღმდეგ, ვინც ამერიკელებს სამუშაო ადგილებს ართმევდა, მთელი 2020 წლის განმავლობაში იძულებული გახდა დამდგარიყო მისთვის აბსოლუტურად  უჩვეულო ამპლუაში თეთრი სახლის ბრიფინგებზე ექიმების გვერდით და პირბადეებზე, ასევე ჟანგბადის აპარატებზე ელაპარაკა.

დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, დონალდი, მისი თავნება მენტალობიდან და ამბიციიდან გამომდინარე, კიდევ ბევრჯერ იძიებს შურს „2020 წელზე“.

დემოკრატებზე უკვე იძია კიდეც შური სასტიკად.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია.