საერთაშორისო მიმოხილვა. 22 სექტემბერი. 2023 წელი.
აფხაზეთში ხელმოწერებს აგროვებენ რეფერენდუმის ჩასატარებლად: `ენდობით თუ არა პრეზიდენტ ბჟანიას?`
ეს თავისებური სპექტაკლია: მოსკოვი სოხუმზე პრესინგს ახორციელებს, რათა `აპარტამენტების` შესახებ კანონი დროულად მიიღონ; არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ ხელისუფლებასაც ეს არ ეპიტნავება, რაკი აფხაზეთში უამრავი რუსის ჩასახლებას გამოიწვევს; ამიტომ დრო და დრო ათამაშებენ სპექტაკლებს, თითქოს ხელისუფლებას კი სურს მოსკოვის პირობების შესრულება, თუმცა აი ოპოზიცია წინააღმდეგია;
ასევე წინააღმდეგობრივია შეთანხმება სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემაზე. საქმე ისაა, რომ ხელშეკრულებით აფხაზური მხარე იღებს ვალდებულებას, უწყვეტად მოამარაგოს სოხუმის აეროპორტი ელექტროენერგიით; აფხაზეთს ენერგიის მხოლოდ ერთი წყარო აქვს: ენგურჰესი; გამოდის, სეპარატისტებმა ამ წყაროდან კიდევ უფრო მეტი ენერგია უნდა `წამოიღონ` იმის მიუხედავად, ქართული მხარე იქნება თუ არა თანახმა.
ისედაც მეტისმეტად დიდი ოდენობით მიაქვთ: 1993 წლის შეთანხმებით 60% ქართულ მხარეს უნდა წამოეღო და 40%-აფხაზურს;
თუმცა რაკი სეპარატისტები აკონტროლებენ ენგურჰესის სამართავ პულტს გალის რაიონის სოფელ საბერიოში, რამდენიც უნდათ იმდენი მიაქვთ. ზოგჯერ 80-85%.
გამოდის, სოხუმის აეროპორტის ასამუშავებლად კიდევ უფრო მეტი უნდა გაიტაცონ ენგურჰესიდან?!
აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი: რუსეთმა შესაძლოა მოითხოვოს აფხაზეთისგან ელექტროგადამცემი ხაზების გადაცემა ან ვალი დაადოს და შემდეგ ამ ვალის ანგარიშში მოსთხოვოს მთელი ენერგეტიკის გადაცემა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის პროკურატურამ ბულგარეთის (!) 5 მოქალაქე დაადანაშაულა შპიონაჟში.......რუსეთის სასარგებლოდ.
პუტინი ცდილობს ცივი ომის ეპოქა დააბრუნოს, როცა მოსკოვის ბრძანებით იმდროინდელი `სოციალისტური ბულგარეთის` КГБ-ს აგენტები თურქ ტერორისტებს აქეზებდნენ რომის პაპ იოანე პავლე მეორეს მოსაკლავად და კინაღამ მოკლეს კიდეც 1981 წელს, რომში თავდასხმისას.
მოსკოვიც და სოფიაც შემდეგ ყველაფერს უარყოფდნენ რასაკვირველია. თუმცა დღეს ეს ბულგარელები ბულგარეთის ხელისუფლების დავალებით სულაც არ მოქმედებდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის და განაცხადა სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ. 325 მილიონი დოლარის ოდენობით. იგულისხმება კასეტური ჭურვების გადაცემა; ასევე სპეციალური ტყვიამფრქვევებისა დრონებთან საბრძოლველად.
სამწუხაროდ, ამ პაკეტში კვლავ არ შედის ATACMS შორსმწვდომი რაკეტები: ამერიკის ხელისუფლებას ჯერ მაინც ეშინია, რომ უკრაინა დაბომბავს რუსეთის ტერიტორიას; მათ შორის ყირიმს.
ყირიმს ხომ უტევს უკრაინა დრონებით? ოღონდ ეს დრონები უკრაინული წარმოშობისაა!
სულ უფრო მეტი სამხედრო ექსპერტი მიდის იმ დასკვნამდე, რომ თანამედროვე ომში უპილოტო საფრენი აპარატები დაახლოებით ისეთივე განმსაზღვრელ როლს ასრულებენ, როგორიც თავის დროზე შეასრულეს ტანკებმა.
ამერიკელი `რესპუბლიკელები` კვლავინდებურად უარს აცხადებენ მხარი დაუჭირონ უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის გადაცემას; კონგრესის ქვედა პალატაში `რესპუბლიკელთა` ლიდერმა, კევინ მაკკარტიმ ზელენსკისთან შეხვედრამდე განაცხადა, რომ პალატა მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ამ თანხის გამოყოფას, თუ უკრაინა `გამარჯვების კონკრეტულ გეგმას წარადგენსო`.
იგულისხმება, რომ უკრაინამ ჯერ თვალსაჩინო გამარჯვებებს უნდა მიაღწიოს ფრონტზე და ამის შემდეგ `დაეწევა` ამერიკული დახმარების მნიშვნელოვანი პაკეტები.
ამის პასუხად ზელენსკიმ პირდაპირ თქვა, რომ თუ უკრაინა არ მიიღებს დახმარებას, მაშინ...... `წავაგებთ ომს`!
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ უკრაინამ, საკუთარი წარმოების დრონებით წარმატებით დაარტყა რუსულ ქალაქ ტულას: მწყობრიდან გამოიყვანეს ტულას ელექტროსადგური, რის შედეგადაც ქალაქის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
ბუნებრივია, რუსეთის ხელისუფლება ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სულ მალე შეძლებს ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას; ისევე, როგორც რუსულმა დარტყმებმა უკრაინის ელექტროსისტემაზე დიდი ხნით ვერც ერთხელ ვერ გამოიყვანა მწყობრიდან უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, მაგრამ.......რუსებისთვის, რომლებსაც თავი `უძლეველ დიად დერჟავად` მიაჩნიათ, ეს გათიშვები და წერტილოვანი დარტყმები ბევრად მტკივნეულია ვიდრე უკრაინისთვის, რაკი უკრაინელები თავს იცავენ და ეს ომი სრულიად სამართლიანად მიაჩნიათ; ბევრ რუსს კი უკვე საეჭვოდ ეჩვენება პუტინის აგრესია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გააფრთხილა ერევანში საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომ `მკაცრ პასუხს მიიღებენ` თუ კანონს დაარღვევენ.
მიუხედავად სრული კაპიტულაციისა აზერბაიჯანთან დაპირისპირებაში, ერევნის აქციები არ არის მრავალრიცხოვანი: სულ 2-3 ათასი ადამიანი მონაწილეობს; 3 წლის წინ, როცა სომხეთმა ყარაბაღის მეორე ომი წააგო, ერევნის თეატრალურ მოედანზე 10 000 ადამიანი გამოდიოდა; მაგრამ 30-35 წლის წინ, როცა დაიწყო მოძრაობა ყარაბაღის შემოსაერთებლად, 200 000 ადამიანი იკრიბებოდა იმავე მოედანზე.
სომხები თანდათანობით ეგუებიან აზრს, რომ თუ განვითარება სურთ, აზერბაიჯანის ტერიტორიებს თავი უნდა დაანებონ.
ამიტომაც მოხდა, რომ ყარაბაღის ომის წაგების შემდეგ ჩატარებულ არჩევნებზე ნიკოლ ფაშინიანმა 53% მიიღო ანუ ძალაუფლება შეინარჩუნა. მაშინ როდესაც მის მთავარ მოწინააღმდეგეს, ყარაბაღისა და სომხეთის ყოფილ პრეზიდენტ კოჩარიანს 21% დაუჭირა მხარი.
გუშინ აზერბაიჯანულ ქალაქ ევლახში გაიმართა შეხვედრა ყარაბაღელი სომხების წარმომადგენელსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებას შორის. ჯერ ჯერობით ვერ შეთანხმდნენ განიარაღებასა და რეინტეგრაციის კონკრეტულ გეგმაზე.
რუსეთმა, ფაქტობრივად, რეინტეგრაციის პროცესს მხარი დაუჭირა.
სომხური ლობი ამერიკაში აქტიურად მუშაობს: არსებობს კანონპროექტი, რომლითაც ამერიკამ სომხეთს სამხედრო დახმარება უნდა აღმოუჩინოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ სანქციები შემოიღოს.
ამერიკას თეორიულად შეუძლია აზერბაიჯანის აქტივები გაყინოს, თუმცა ბაქომ 30 წლის განმავლობაში, ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავალი `გადაანაწილა` ისლამურ სახელმწიფოთა ბანკებში;
უფრო სახიფათოა აზერბაიჯანისთვის, თუ ამერიკა აკრძალავს აზერბაიჯანული ნავთობის შესყიდვას, თუმცა ამის ალბათობა მცირეა - თავის დროზე ამჟამინდელი პრეზიდენტის მამამ, ჰეიდარ ალიევმა უდიდესი ამერიკული, ბრიტანული და ევროპული კომპანიები `შემოიყვანა` აზერბაიჯანში და ისინი ნამდვილად არ დაუჭერენ მხარს აზერბაიჯანის დასანქცირებას, რაკი თავადაც სერიოზულად დაზარალდებიან.
თუმცა, როგორც დამკვირვებლები აღიარებენ, აქ აზერბაიჯანის ხელისუფლება იძულებულია `დანის პირზე` იაროს და `ბეწვის ხიდზე გაიაროს`, რადგან სომეხთა ეთნიკურ წმენდას არც ევროპა და არც ამერიკა არ მოითმენენ და ნებისმიერი ზარალის ფასად დასჯიან აზერბაიჯანს: აზერბაიჯანულ არმიას დღესვე სულ ადვილად შეუძლია აიღოს სტეფანაკერტი, ასევე ყარაბაღის სხვა რეგიონები, თუმცა ამას აუცილებლად მოჰყვება სომეხი მოსახლეობის გადინება სომხეთში; ყარაბაღი დაცარიელდება; ბაქოს ეს არ სურს. ამიტომაც იჩენს სიფრთხილეს.
მით უმეტეს, რომ `წითელი ხაზები` პუტინსაც აქვს: ილჰამ ალიევი იძულებული გახდა პუტინისთვის ბოდიში მოეხადა იმის გამო, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა 5 რუსი ე.წ. `მშვიდობისმყოფელი` მოკლეს სამხედრო ოპერაციის დროს. მათ შორის აღმოჩნდა რუსეთის ჩრდილოეთის საზღვაო ფლოტის სარდლის მოადგილე! რას აკეთებდა ყარაბაღში ესოდენ მაღალი სამხედრო თანამდებობის პირი, უცნობია.
გაეროში გაიმართა უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელზეც რუსეთის წარმომადგენელმა თქვა, რომ თანდათანობით უნდა მოხდეს ყარაბაღელი სომხების ინტეგრაცია აზერბაიჯანის იურიდიულ სივრცეში, ოღონდ მათი უფლებების დაცვით.
საოცარი ისტორიული ირონიაა, რომ როგორც ჩანს რუსეთისთვის ყველაზე `მოხერხებული` იქნება, თუ სიტუაცია დაბრუნდება 1988 წელში, როდესაც არსებობდა მთიანი ყარაბაღის ავტონომია აზერბაიჯანის სსრ შემადგენლობაში და მოსკოვს შეეძლო მანიპულაცია წინააღმდეგობებზე მთიან ყარაბაღსა და ბაქოს შორის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის სასამართლომ არ დააკმაყოფილა უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს სარჩელი მილიარდერ იგორ კოლომოისკის ქონების დაყადაღების შესახებ უკრაინაში.
ჩათვალა, რომ ეს სარჩელი უსაფუძვლო იყო.
კოლომოისკის ფინანსურ მაქინაციებში სდებდნენ ბრალს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
მედიამაგნატი რუპერტ მერდოკი გადადგა FOX და New Corporation პრეზიდენტის თანამდებობიდან.
ეს ძალიან დიდი მნიშვნელობის მოვლენაა მთელი ინგლისურენოვანი სამყაროსთვის.
სწორედ მერდოკმა შექმნა დიდი ხნის წინ ინგლისში `ტაბლოიდის` ფენომენი და რევოლუცია განახორციელა ჯერ საგაზეთო საქმეში, შემდეგ ტელევიზიაშიც.
92 წლის მერდოკმა თავისი `მედია-იმპერიის` შექმნა დაიწყო 70 წლის წინ ავსტრალიაში და უდიდესი გავლენაც მოიპოვა. განსაკუთრებით დიდ ბრიტანეთში.
მერდოკის მემკვიდრე გახდება მისი შვილი ლაჰლანი. თუმცა მოსალოდნელია, რომ მედია-მაგნატის 4 შვილს შორის დიდი დავა ატყდება მერდოკის მემკვიდრეობაზე.
მერდოკი დონალდ ტრამპის მოკავშირე იყო თავის დროზე; ბევრი დამკვირვებელი თვლის, რომ ტრამპის ფენომენი სწორედ მერდოკმა შექმნა.