საერთაშორისო მიმოხილვა. 17 ივლისი. 2025 წელი
გლობალური მეინსტრიმული მედიის მთავარი თემაა ისრაელის უძლიერესი დარტყმა სირიაზე.
პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ისრაელს ასეთი მძლავრი დარტყმა სირიაზე არ განუხორციელებია მაშინაც კი, როდესაც სირიას დიქტატორი, ანტისემიტი, აგრესორი ბაშარ ალ ასადი მართავდა.
რამდენჯერმე დაარტყა იმ დროს ისრაელმა სირიას, მაგრამ........„ლაითად“.
ახლა უპრეცედენტოდ მძლავრი შეტევის, სარაკეტო დარტყმის ოფიციალური მიზეზი გახდა ის, რომ სირიის სამხრეთში, ისრაელის საზღვრის მახლობლად დაიწყო ნამდვილი ომი დრუზების თემსა და სირიის ახალი მთავრობის მხარდამჭერ ბედუინებს შორის; ხოლო ამ კონფლიქტში (ბედუინების მხარეს) ჩაერია სირიის არმია. ანუ ოფიციალური დამასკო.
ისრაელმა წაუყენა სირიის ახალ მმართველს, აშ შარაას ულტიმატუმი: დაუყოვნებლივ გაეყვანა არმია დრუზებით დასახლებული რეგიონიდან!
უარის შემდეგ უძლიერესად დაარტყა დამასკოს, აშ შარაას რეზიდენციას (!-შეგახსენებთ, რომ სირიის ახალ მმართველს ლამის „თავს ევლება“ დასავლეთი და მასზე ამყარებს დიდ იმედებს), ასევე სირიის თავდაცვის სამინისტროს შენობას.
აქ მთავარი საკითხია, ვინ არიან დრუზები და რატომ მიაჩნია ისრაელს ესოდენ პრინციპულად მათი დაცვა?
დრუზები არიან ეთნიკური არაბები, რომლებიც ცალკე თემად ჩამოყალიბდნენ ისლამურ სამყაროში, ასევე არაბულ სამყაროში მას შემდეგ, რაც XI საუკუნეში გამოეყვნენ ისლამურ მეინსტრიმს (ანუ სუნიზმსა და შიიზმს) შექმნეს ცალკე ისლამური კონგრეგაცია და რაც მთავარია, არიან პროისრაელურად განწყობილნი.
სულ დრუზთა რაოდენობა რეგიონსა და მთელს მსოფლიოში 1 მილიონ 500 000 ადამიანია.
თუმცა ისრაელში დაახლოებით 120 000 დრუზი ცხოვრობს. ისრაელელები მათ „ძმებს“ ეძახიან და ებრაელებთან თანაბრად მსახურობენ ისრაელის არმიაში!!!
პალესტინელი არაბებიც კი, ვინც ისრაელში ცხოვრობს და ისრაელის მოქალაქეები არიან, არ მსახურობენ (არაფერი ავალდებულებთ) ისრაელის არმიაში, ხოლო დრუზები მსახურობენ!
შესაბამისად, ისრაელი უფრთხილდება ამ უნიკალურ მოვლენას, როდესაც ერთ-ერთი არაბული (!) თანაც მაჰმადიანური (!!) თემი არათუ მას მხარს უჭერს და ლოიალურია, არამედ მზადაა ი ო მ ო ს ისრაელიანთა მხარდამხარ.
აქ კიდევ ისაა აღსანიშნავი, რომ „მოსსადი“ რასაკვირველია ყურადღებით ადევნებს თვალს ზოგადად ისლამურ „უმმაში“ მიმდინარე პროცესებს, რაკი ეს მჭიდროდ „ილინკება“ ისრაელის უსაფრთხოებასთან.
დამასკზე ისრაელის ავიაციის დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა („დრუზ-ბედუინთა კონფლიქტში კი უკვე ორასამდე)
აშ შარაას აზრადაც არ მოსვლია მიემართა დახმარებისთვის რუსული ავიაციისთვის, რომელიც რჩება სირიაში......და რომც მიემართა, საეჭვოა დახმარება მიეღო. რუსები ისრაელის ძლევამოსილ არმიას ვერაფერს შეჰბედავენ თუნდაც სირიაში „დარჩენის“ ფასადაც კი.
აშშ სახელმწიფო მდივან რუბიოს კი „წამოსცდა“: მთელი დღეა ტელეფონთან ვზივარ და მაინც ვერ გავიგე რა ხდება და რატომო.
ანუ რუბიო არ იცნობს ახლო აღმოსავლეთს და მის სპეციფიკას ასე ღრმად, როგორც იცნობდა მაგალითად ჯო ბაიდენი, სანამ „ფორმაში“ იყო და ბებრული დემენცია არ დაემართა.
ბაიდენისთვის ეს კონფლიქტი სრულიად გასაგები იქნებოდა. ისევე, როგორც ისრაელის მოტივაცია, - დაიცვას დრუზები.
არადა....სანამ ეს „გაუგებარი“ კონფლიქტი ატყდებოდა (რასაც სინამდვილეში, როგორც მოგახსენეთ ძალიან ღრმა ფესვები აქვს) სირიის ახალი ხელისუფლება ისრაელთან „სამშვიდობო პაქტის“ გაფორმებაზეც კი ლაპარაკობდა, კონსულტაციებიც კი ჰქონდა ნეთანიაჰუს მთავრობის წარმომადგენლებთან ამ საკითხზე, რაც ნამდვილი სენსაცია იყო.
ახლა კი აშ შარაას მთავრობა ისრაელს უკვე „ოკუპანტს“ ეძახის ისევე, როგორც ბაშარ ალ ასადის მთავრობა უწოდებდა.
გუშინ გვიან ღამით, დრუზებით დასახლებულ Sweida-ს რეგიონში გამაგრებულმა დრუზების სულიერმა ლიდერმა Hikmat al-Hijri განაცხადა, რომ სირიის ოფიციალური არმია შეტევას აგრძელებს ანუ ისრაელის ულტიმატუმი შესრულებული არ არისო.
ხოლო დიდ სურათს თუ შევხედავთ, უნდა დავასკვნათ, რომ სირია ალბათ ვერასდროს გაერთიანდება და აღარასოდეს იქნება „ერთიანი სუვერენული სახელმწიფო“ - მეტისმეტად „ჭრელია“ მისი ეთნიკური და კონფესიური შემადგენლობა......ასევე, მეტისმეტად განსხვავებული ინტენციები აქვთ მის მეზობლებს.
სირია „ერთიანი სახელმწიფო“ გახლდათ და მთლიანობას ინარჩუნებდა მხოლოდ იმ ისტორიულ პერიოდში, როცა მას მართავდა ჯერ ჰაფეზ ალ ასადი (1970-იანი წლებიდან) შემდეგ კი მისი შვილი ბაშარ ალ ასადი. ორივე სისხლიანი დიქტატორი იყო. ისინი ეყრდნობოდნენ ისლამის ალავიტურ უმცირესობას რაც შიიტური ისლამის ერთ-ერთი სექტაა.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი (2000-2004), მიხაილ კასიანოვი რუსეთის „გაერთიანებული ოპოზიციის“ (პირობითი სახელწოდებით) ლიდერია იმ აზრით, რომ მაღალი სოციალური სტატუსის, „ბეგრაუნდის“ და ჭკუის წყალობით მოახერხა ყველა ოპოზიციურ ჯგუფთან ასე თუ ისე კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.
გუშინ პროგრამულ ინტერვიუში (Дождь-ზე) მან ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა, თუ რა შემთხვევაში მოვა პუტინი რეალური კომპრომისის „ხასიათზე“: თუ დასავლეთი, პირველ რიგში ამერიკა შეძლებენ ნამდვილი ემბარგოს დაწესებას რუსულ ნავთობზე.
კასიანოვი შესანიშნავად იცნობს რუსეთის ეკონომიკას. ბოლოს და ბოლოს, 4 წელი პრემიერი იყო.
მან დაადასტურა ამ ინტერვიუში, რომ რუსეთის საექსპორტო შემოსავლების 2/3 (!!!) ივსება არა ბუნებრივი აირით (მინიმუმამდეა შემცირებული) არამედ სწორედაც ნავთობის ექსპორტით.
დღეს რუსული ნავთობის უდიდეს ნაწილს ყიდულობენ ჩინეთი და ინდოეთი.
ყიდულობენ იმ „ჭერზე“ ძვირად, რაც ევროკავშირმა დააწესა.
ოღონდ, კასიანოვის აღიარებით, ამერიკას ძალიან გაუჭირდება მაგალითად ჩინეთში რუსული ნავთობის ექსპორტის აკრძალვა.
როგორ უნდა დაბლოკოს, როდესაც რუსეთს და ჩინეთს საერთო სახმელეთო საზღვარი აქვთ? ხოლო რუსული „ჩრდილოვან ნავთობტანკერთა ფლოტს“ შეუძლია ისე გადაზიდოს ნავთობი რუსეთიდან ჩინეთში, რომ არც რუსეთის არც ჩინეთის ტერიტორიული საზღვაო წყლებიდან არ გამოვიდეს?
განა იქ ამერიკული ფლოტი შევა? ეს დიდი ომია და საეჭვოა ტრამპი ამაზე წავიდეს.
ოღონდ მთავარი პრობლემა ის კი არ არის, დონალდ ტრამპი დააწესებს თუ ვერა 100%-იან ტარიფებს ინდოეთის ან ჩინეთის ექსპორტზე ამერიკაში (ძაააააალიან ძნელად წარმოსადგენიაო ამგვარი რამ) არამედ შეძლებს თუ ვერა ამერიკა ჩ ა ა ნ ა ც ვ ლ ო ს მსოფლიო ბაზრებზე რუსული ნავთობის დანაკლისი!!!
აი ეს არის ნამდვილი გლობალური პრობლემა;
რომც მოელაპარაკოს ტრამპი საუდის არაბეთს (როგორც დიდი რონალდ რეიგანი მოელაპარაკა თავის დროზე, 1984 წელს საუდებს, გააზრდევინა წარმოება, ნავთობი გაიაფდა 8 დოლარამდე ბარელისთვის და სსრკ დაიშალა), საუდის არაბეთის ნავთობი დღეს უკვე აღარ ეყოფაო (ამბობს კასიანოვი) ამ დანაკლისის შევსებას, რადგან გლობალური ეკონომიკა 1984 წლის შემდეგ სისტემურად და ფუნდამენტურად განვითარდა.
ამიტომაც, კასიანოვის თქმით, რჩება ერთადერთი ოფცია პუტინის რეჟიმის „მოხრჩობისა“: ტრამპი უნდა მოელაპარაკოს ირანს და „ბირთვული გარიგების“ ფარგლებში (ანუ იმ პირობით, რომ ირანელი აიათოლები ბირთვული იარაღის შექმნაზე საბოლოოდ უარს იტყვიანო) შემოუშვას მსოფლიო ბაზრებზე ირანული ნავთობი!!!
აი ეს კი ნამდვილი გარდატეხა იქნება, თუ ტრამპი ამას შეძლებს ისრაელის სასიცოცხლო ინტერესთა იგნორირების გარეშე.
და ამგვარი „გეშეფტი“, გარიგება, ხსენებული აიათოლებისთვისაც მისაღები იქნებოდა, რადგან ისრაელ-ირანის ომის დროს, როცა ამერიკამ დაბომბა ირანი, მოსკოვი ვერანაირად და არანაირად არ დაეხმარა ირანს და ამის გამო აიათოლლები ახლა ძალიან გაბრაზებულნი არიან.
ზოგადად ტრამპის 50 დღიანი ულტიმატუმი ჯერ ჯერობით შთაბეჭდილებას ვერ ახდენს პუტინზე.
კასიანოვმაც დაადასტურა მეორე გარემოება: პუტინმა იცის, რომ ტრამპმა და მერცმა რომც გადასცენ უკრაინას შორსმწვდომი რაკეტები, ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ მოაყოლებენ დათქმას, რომ კიევმა ამ რაკეტებით რუსეთის სიღრმეში მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო ობიექტები უნდა დაბომბონ და არავითარ შემთხვევაში ქალაქები!!
„თქვენ ხომ პუტინი არა ხართ!!“ ...... აი ეს ნარატივი იმდენად სისხლხორცეულია დასავლური კულტურისთვის (ასევე ისრაელელებს ეუბნებიან „თქვენ ხომ ჰამასი არა ხართ“) რომ ზელენსკი მას ვერ დაარღვევს და მაღალი ალბათობით, მოსკოვ/პეტერბურგზე საპასუხო დარტყმები არც ერთ შემთხვევაში არ განხორციელდება: თუ რომელიმე უკრაინელი გენერალი ამაზე თვითნებურად წავა, ამერიკა და დასავლეთი უკრაინის არმიის დახმარებას უმალვე შეწყვეტენ!
ეს დასავლური მიდგომა, მოსწონს ვინმეს თუ არ მოსწონს, აბსოლუტურად შეუვალია.
კასიანოვმა ისიც დაამატა, რომ მოსკოვში ან პეტერბურგში „სამხედრო ობიექტები არ არისო“.
თუმცა ამ ლოგიკით მაშინ არც კიევშია სამხედრო ობიექტები.
ოღონდ კასიანოვი ხომ „მაინც რუსია“ და იმავე რუსულ ოპოზიციაში რენომეს შესანარჩუნებლად ასე უნდა ილაპარაკოს.
„თქვენ ხომ პუტინი არ ხართ“ რუსული ოპოზიციის ნარატივიც გახდა.
იულია ლატინინა, მაგალითად, ვინც პუტინის თავგადაკლულ კრიტიკოსად ითვლებოდა (ნაწილობრივ ახლაც ითვლება რატომღაც) ამ თეზისს ხშირად იმეორებს ბოლო დროს: „პუტინის შემიხვევაში ყველაფერი გასაგებია, მაგრამ....თქვენ ხომ პუტინი არა ხართ?“