დარჩება 25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღედ?

დარჩება 25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღედ?

        10-12 წლის წინ საქართველოში ალბათ, ვერავინ იფიქრებდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც სავსებით ლეგალურად და თავხედურად დაიწყებოდა 1921 წლის 25 თებერვლის «რეაბილიტაცია». ყველაზე ტრაგიკომიკური კი ის არის, რომ ამას აკეთებენ თვით «ეროვნული მოძრაობის» ყოფილი ლიდერები თუ აქტივისტები
        ყოფილ დისიდენტს, ბორის კაკუბავას ბოლო დროს არაერთგზის განუცხადებია, რომ 25 თებერვლამდე (ანუ გასაბჭოებამდე) საქართველო იყო «ონი-ხონი-ზესტაფონი» და სხვა არაფერი. ე.ი. საბჭოთა ხელისუფლებამ გაგვაბედნიერა, გაგვაერთიანა, შეუერთა საქართველოს აფხაზეთი და ა.შ.
        ამ გენიალურ მიგნებას, მგონი, «ეროვნული მოძრაობის» ყველაზე სახელგანთქმული ორგანიზაციებიც იზიარებენ. მაგალითად, დღემდე გაუგებარია, გარიცხეს თუ არა ბორის კაკუბავა «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებიდან». ყოველ შემთხვევაში, რაიმე განცხადება ამის თაობაზე არ გახმაურებულა. თუ მაინც იყო და, უბრალოდ, ვერ შევნიშნეთ- გულწრფელად ვიხდით ბოდიშს.
        არადა, ნამდვილად აბსურდული ვითარება იქმნება: ეროვნული მოძრაობა საქართველოში 1988 წელს (მანამდე «დისიდენტურ ეპოქაში») სწორედ ამ ხალხმა დაიწყო.
        თქვე დალოცვილებო, თუ ასე ფიქრობდით, თუ «გასაბჭოებით» რუსეთმა გაგვაერთიანა და გაგვაბედნიერა – რაღას დააქციეთ ეს ქვეყანა, რაღას ჩადეთ საფლავში ათეულობით ათასი ახალგაზრდის სიცოცხლე, ნანგრევებად აქციეთ («დამოუკიდებლობისათვის» ბრძოლის პროცესში) ულამაზესი ქალაქები და სოფლები - ვყოფილიყავით მაშინ იმ დიად «საბჭოეთში».
        რაღაც შეიცვლებოდა, უფრო ლმობიერი რეჟიმი იქნებოდა, რეფორმებიც თანდათან გატარდებოდა, ეკონომიკური თავისუფლებაც, ადრე თუ გვიან დამკვიდრდებოდა – უბრალოდ, საქართველო არ იქნებოდა გაეროს წევრი დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაგრამ აფხაზეთს (ამ ლოგიკით) მაინც შეინარჩუნებდა.
        იმავე ლოგიკიდან გამომდინარე, «ღირდა კი ამ მარგალიტის» (აფხაზეთის) დაკარგვა იმად, რაც ახლა გვაქვს? თუკი ამ კითხვებს პასუხს არ სცემენ, თუ კაკუბავა მართალია – მაშინ ყველანი უნდა დავირაზმოთ პანტელეიმონ გიორგაძის წითელი დროშის ქვეშ და პირველმაისობის «კოლონებად» ფეხშიშველნი გავემართოთ საქართველოში რუსეთის საელჩოს, ჯარების შტაბის ან თუნდაც მოსკოვისკენ, «ცრემლნარევი» სიმღერით: «საიუზ ნერუშიმი რესპუბლიკ სვობოდნიხ...» გაგრძელება ყველას გვახსოვს.
        არადა, მითი 25 თებერვალს საქართველოს «გაბედნიერებისა» და «ეროვნული მოძრაობის» მიერ საქართველოს გაუბედურების შესახებ, სინამდვილეში, თავიდან ბოლომდე უსინდისო სიყალბეა.
        აფხაზეთი ხომ ჩვენი იყოო! – რას ეძახით «ჩვენად ყოფნას?»
        არასდროს დამავიწყდება: 1988 წელს, სკოლის მოსწავლეები წავიყვანეთ ექსკურსიაზე ახალ ათონში. სოხუმში გაზეთების ჯიხურთან მივედი და გამყიდველს ქართულად გამოველაპარაკე. თითქოს ახლაც მესმის მისი ზიზღით და სიძულვილით აღსავსე შეძახილი: «ჩტო ხოჩეშ»?!! ანუ იმ რუსის დედაბერმა (არ ვიცი, შეიძლება აფსუაც იყო – რას გაარჩევ) შეურაცხყოფად აღიქვა ქართულად რომ დაველაპარაკე და მიბრძანა, რუსულზე გადავსულიყავი, რაც უმალვე შევასრულე – აბა, რა მექნა?
        ამას გულისხმობთ, რომ «აფხაზეთი ჩვენი იყო?» თუ იმას, რომ აფხაზეთის კურორტებზე თავისუფლად შეიძლებოდა ჩასვლა – გარწმუნებთ, ეს არც დღეს იქნება განსაკუთრებული პრობლემა: საკმარისია «აფხაზეთის პრეზიდენტთან» და «პრემიერ-მინისტრთან» ხელშეკრულება გააფორმოთ, ენგურის საბაჟოზე შესაბამისი გადასახადი გადავიხადოთ – დღესაც სიამოვნებით შეგვიშვებენ (ოღონდ ფული გადაიხადე) ბიჭვინთის «კორპუსებში» - თუ, რასაკვირველია, ნაომარი არა ხარ და აგრესიული ზრახვები არა გაქვს «სუვერენული აფხაზეთის» წინააღმდეგ.
        «აფხაზეთი ჩვენი იყოო» - როგორ იყო «ჩვენი», როდესაც პასპორტით ქართულ მოსახლეობასაც კი ქართული ხანდახან ავიწყდებოდა, ხოლო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში «მოკავშირე და ავტონომიური» რესპუბლიკების გათანაბრების შედეგად, საქართველო და აფხაზეთი მაინც დაფიქსირდებოდნენ «ცალ-ცალკე, თანაბარ სუბიექტად», რის შემდეგაც არძინბა შორსმიმავალი მიზნით, უეჭველად დაიწყებდა ზრუნვას «დაჩაგრულ» მეგრულ ენაზე და, ადრე თუ გვიან, კონფლიქტის პროვოცირებას მაინც მიაღწევდა, რაც აუცილებლად საქართველოს დამარცხებით დამთავრდებოდა.
        ისე, აზერბაიჯანი «საბჭოთა მზეს» ფიცულობდა, მოსკოვმა კი მაინც სომხებს დაუჭირა მხარი ჯერ კიდევ 1988 წელს.

მერიდიანი, 25 თებერვალი, 2000 წელი