საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ნოემბერი. 2021 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 19 ნოემბერი. 2021 წელი

რა თქმა უნდა გაბედავს, თუ იმ დასკვნამდე მივა, რომ `ფასი`, რისი გადახდაც მოუწევს, ისეთივე სიმბოლური იქნება, რაც ყირიმის ანექსიაში გადაიხადა, როცა პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ერთმა ევროპულმა სახელმწიფომ მეორე ევროპული სახელმწიფოს ტერიტორია დაიპყრო და შემდეგ პირდაპირ მიიერთა.

1974 წელს, თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსზე ჯარი შეიყვანა და ანკარამ 1983 წელს სცნო თურქებით დასახლებული `ჩრდილოეთ კვიპროსის` დამოუკიდებლობა, მაგრამ ეს ტერიტორია  თურქეთის ნაწილი დე-იურე არ გამხდარა. თურქეტს იგი არ მიუერთებია.

ყირიმი ამ მხრივ სრულიად უნიკალური მოვლენაა, რომელმაც მთლიანად დაანგრია `მეორე მსოფლიო ომის` შედეგად შექმნილი ევროპული და მსოფლიო არქიტექტურა.

თუმცა პუტინს მიაჩნია (და ეს მისი სიღრმისეული `ფილოსოფიაა`), რომ სინამდვილეში იალტა-პოტსდამის `წესრიგი` დაანგრია საბჭოთა კავშირის დაშლამ და შემდეგ დასავლეთის მიერ ახალი სახელმწიფოების (მათ შორის საქართველოს)  დამოუკიდებლობის აღიარებამ. ხომ თქვა კიდეც ``სსრკ დაშლა მეოცე საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყოო``.

ახლა რუსეთის `მარადი მმართველი`ცდის და იცდის.

`ცდის` დასავლეთს, აზუსტებს მის `წითელ ხაზებს`რაკი დარწმუნდა, ყირიმის ანექსია დასაველთისთვის `წითელი ხაზი `სულაც არ ყოფილა და `იცდის` ანუ ელის ხელსაყრელ მომენტს ან/და `კაზუს ბელის`, იგივე  `ომის საბაბს`, ესე იგი რაიმე ინციდენტს დონბასში.

რეალური იქნება ეს სისხლიანი ინციდენტი თუ მისივე სპეცსამსახურთა პროვოცირებული, პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს.

პუტინის `პროგრამა მაქსიმუმი` კიევის დაპყრობაა. უფრო დასავლეთით, სადაც მყარი პროდასავლური უკრაინული იდენტობის სივრცე იწყება, ის არ წავა. დასავლეთ უკრაინაში არ შევა.

პროგრამა-მინიმუმი კი ყირიმისკენ სახმელეთო გასასვლელის მოპოვებაა. ესე იგი ფაქტიურად მთელი უკრაინული შავიზღვისპირეთის დაპყრობა ოდესამდე და ოდესის ჩათვლით.

სიტუაცია, შეიძლება ითქვას `ბეწვზე ჰკიდია`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთთან დასავლეთის სამხედრო კონფრონტაცია გამორიცხულია, რადგან ამგვარი ომი აუცილებლად გადაიზრდება ბირთვულ კონფლიქტში.

ბუნებრივია დაისვას კითხვა: ხომ იყო არაპირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია ვიეტნამში დასავლეთსა და სსრკ-ს შორის? ოღონდ ის `პროქსი` ომი იყო. უკრაინაში ასე არ გამოვა. ჯერ ერთი, უკრაინა ევროპაა და არა შორეული აღმოსავლეთი ან წყნარი ოკეანის აუზი. მეორეც (რაც უფრო არსებითია) ვიეტნამს და მესამე სამყაროს სხვა ქვეყნებს, სადაც `პროქსი ომები`, იგივე `არაპირდაპირი ომები,` ანუ `სხვისი ხელით ომები` მიმდინარეობდა მოსკოვსა და დასავლეთს შორის, რუსეთისთვის არ ჰქონდა ისეთი სასიცოცხლო, ეგზისტენციური მნიშვნელობა, როგორც უკრაინას.

უკრაინა პუტინისთვის სამკვდრო-სასიცოცხლო თემაა! უკრაინაში დამარცხება მის აღსასრულს ნიშნავს ყველა თვალსაზრისით. შესაძლოა პირდაპირი მნიშვნელობითაც. ამიტომ პუტინი იბრძოლებს ბოლომდე, აბსოლუტურად ყველაფერზე წავა.

ეს დასავლეთში შესანიშნავად იციან. აქედან გამომდინარე, სიმბოლური სამხედრო კონტინგენტების განლაგება დასავლეთ უკრაინის (!) ტერიტორიაზე, უშუალოდ კონფლიქტის ზონიდან შორს ან თუნდაც შავ ზღვაში სამხედრო ხომალდთა შემოსვლა (და `მონტრეს კონვენციის` შესაბამისად სწრაფადვე გასვლა) არ არის არსებითი შემაკავებელი ფაქტორი.

არსებითი და რეალური `შემაკავებელი` იქნება არაფეიკური სანქციები. აი ეს კი ნამდვილად არაა გამორიცხული, თუ პუტინმა ყველა წითელი ხაზი გადალახა.

მათ შორის

ა) დოლარით ოპერირების აკრძალვა, ევროთი ოპერირებისი აკრძალვა, საბანკო გადარიცხვათა სისტემებიდან (SWIFT-ის ჩათვლით) რუსული ბანკების `ჩახსნა`;

ბ) რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვა დასავლური კომპანიებისთვის;

გ)  გრძელვადიანი და მოკლევადიანი ვიზების გაცემის შეწყვეტა, რეზიდენტობის გაუქმება რუსული ოლიგარქატისა და მათი ოჯახის წევრებისთვის;

დ) სულ ბოლოს სათესლე მასალისა და ბიო-მასალის ყოველწლიურ მიწოდებაზე უარი.

აი მთელი ეს ინსტრუმენტალი ამოქმედდება უკიდურესზე უკიდურეს შემთხვევაში. მაგრამ სამხედრო ძალით ჩარევა გამორიცხულია!

შესაძლებლის მაქსიმუმი ახლა კეთდება გმირი უკრაინული არმიისათვის (ფაქტიურად შიშველი ხელებით რომ იბრძოლა 7 წლის წინ) იარაღის მიწოდებით;

 თუმცა რუსულ არმიას, რომელიც პუტინმა ააშენა ბოლო 20 წლის განმავლობაში, უკრაინული არმია დიდხანს სერიოზულ წინააღმდეგობას ვერ გაუწევს. მაქსიმუმ, შეაკავოს რაღაც ზღვრამდე. იქნება ეს ზღვარი კიევის დასავლეთით თუ ოდესასთან, ესეც მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, დასავლეთი გაბედავს თუ არა სანქციათა ინსტრუმენტალის გამოყენებას.

დასავლეთისთვის ძალიან დიდი რისკია: ბევრს არ სურს დაიჯეროს, რომ ესეც სასიცოცხლო საფრთხეა, რადგან პასუხად რუსეთმა შესაძლოა ბირთვული რაკეტები გადასცეს ფანატიკოს აიათოლლათა ირანს, რომელიც მეზობელი, პატარა დასავლური სახელმწიფოს და ევროპული იდენტობის შექმოქმედი ლეგენდარული  ქვეყნის (ისრაელის) განადგურებაზე ოცნებობს.

ის პატარა ქვეყანა დასაველთში ასჯერ უფრო გავლენიანია ვიდრე უკრაინა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინი რასაც ახლა აკეთებს პოლონეთის საზღვართან, კავკასიაში, ახლო აღმოსავლეთში.......... `გაღმა შეედავეო`გამოთქმა რომ არის. იგივე `წითელი ხაზების` დადგენაა, ამ ხაზების იდენტიფიცირებაა, ძებნაა, სად რა რეაქცია მოჰყვება, სად რა და როგორ წინააღმდეგობას წააწყდება. სად რა შესაძლებელია და სად- შეუძლებელი.

მაგალითად, 2008 წელს `შესაძლებელი` იყო საქართველოს 20% ოკუპაცია;

2020 წელს შეუძლებელი იყო ხელი შეეშალა აზერბაიჯანისთვის, დაებრუნებინა დაკარგულ ტერიტორიათა უდიდესი ნაწილი რაღაც ხაზამდე, სადაც უშუალოდ სომხური მთიანი ყარაბაღის ნაწილი იწყებოდა. ოღონდ შეუძლებელი იყო არა აზერბაიჯანის, არამედ თურქეთის გამო.

საქართველოს, 2008 წელს, ასეთი `ყველაფერზე წამსვლელი` მოკავშირე, სამწუხაროდ არ აღმოაჩნდა.

ცნობილი გამოთქმაა, მიშამაც გააჟღერა გაეროში, `იმპერიას საზღვრები არ გააჩნია`, - მხოლოდ განაპირა ტერიტორიები` აქვს, რომელიც კიდევ შეიძლება გაფართოვდესო.

პუტინი `წავა` სადამდეც მიუშვებენ და გაუვა. იმპერიის გეოპოლიტიკური კოდები ხომ არ იცვლება XVIII საუკუნიდან - დღემდე? `თბილი ზღვები`......`ბალტიის ზღვა`.............`ახლო აღმოსავლეთი`......`ვლადივოსტოკი`.........მუდმივი ბორგვაა.

ვიმეორებ:  ეს რუსეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, კულტურული კოდია და ძნელად თუ შეიცვლება.

1990 წლის შემდეგაც, რუსეთისგან ლუქსემბური და ნიდერლანდი არ გამოდის. შესაძლებელია მხოლოდ შეაკავო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მოსაზრება, თითქოს რუსეთი ვერ შეუტევს უკრაინას, რადგან ასეთ შემთხვევაში უკრაინას დაუყოვნებლივ მიიღებენ ალიანსში, მეტისმეტად ოპტიმისტურია.

`ნატო`-ს წევრობა ნიშნავს, რომ ალიანსი პირდაპირ  ომში უნდა ჩაებას რუსეთთან უკრაინის გამო. ასეთია ამ სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის წესდება.

თუ რუსეთი უკრაინასთან სამხედრო კონფლიქტში დამარცხდება, მაშინ კი ბატონო. თუმცა......ისტორიული სასწაული კი იქნება. მით უმეტეს, რომ უკიდურეს შემთხვევაში პუტინი ბირთვულ იარაღსაც გამოიყენებს უკრაინის წინააღმდეგ. თუ` საქმე საქმეზე მიდგა`.

დასავლეთი დაიცავს უკრაინას, ოღონდ სანქციებით და არა სამხედრო ძალით.

მივაქციოთ ყურადღება, რომ პუტინმა ამერიკული სახელმწიფო ობლიგაციების 100% გაყიდა ბოლო 1 წლის განმავლობაში. რატომ? ეს ხომ ყველაზე სანდო ფასიანი ქაღალდებია მსოფლიოში? თუმცაღა მაინც მოიშორა!

იმიტომ მოიშორა, რომ თუ სანქციები დაწესდება, ვაშინგტონი ამ კრედიტების გადახდაზეც უარს იტყოდა!

 ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინდიკაციაა, რომ პუტინი უკრაინის ოკუპაციისთვის ემზადება, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არა აქვს.

შესაძლებლობათა ზღვრებს ეძებს, ცდის. ანუ......ჯერ-ჯერობით იცდის.