საერთაშორისო მიმოხილვა. 2 იანვარი 2025 წელი
როგორც გატყობინებდით, 1 იანვრიდან შეწყდა რუსული გაზის ტრანზიტი უკრაინის გავლით ევროპაში, რაკი 31 დეკემბერს ამოიწურა ის გრძელვადიანი კონტრაქტი, რაც მოსკოვს ჰქონდა კიევთან ხოლო კიევმა, გასაგები მიზეზების გამო, ამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
რუსულმა ენერგო-გიგანტმა Газпром განაცხადა, რომ 7 მილიარდიანი დანაკარგით დაასრულა 2024 წელი.
პირველად აქვს დანაკარგი 1999 წლის შემდეგ, როცა დაიწყო ამ კომპანიის ზრდა იმდენად, რომ მსოფლიო გიგანტურ კომპანიებს უტოლდებოდა მისი კაპიტალიზაცია.
ყოველ შემთხვევაში პირველ ათეულში ზოგჯერ პირველ ხუთეულში ნამდვილად შედიოდა ზოგჯერ.
მაგრამ პუტინმა ეს „ინსტრუმენტი“ გამოიყენა იმისთვის, რათა აღედგინა იმპერია და უპირველეს ყოვლისა დაეპყრო უკრაინა.
ევროპის რეაქციამ არ დააყოვნა:
2014 წლიდანვე, როცა პუტინმა დაიპყრო ყირიმი, ევროკავშირმა, უპირველეს ყოვლისა გერმანიამ დაიწყო მუშაობა დივერსიფიცირებაზე.
7 წელი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მოეპოვებინათ ალტერნატივები ამერიკული თხევადი გაზის და ნორვეგიიდან ახალი გაზსადენის აგების წყალობით.
ახლა სირიის გავლით კატარიდან დიდი გაზსადენიც არ არის უკვე გამორიცხული
„ჩრდილო ნაკადები“ ბალტიის ზღვის ფსკერზე უკრაინელმა გმირებმა ააფეთქეს, ხოლო ჩინეთის „ალტერნატივა“ საპნის ბუშტი აღმოჩნდა: იმთავითვე ცხადი იყო, რომ პეკინი არ (და ვერ) გადაუხდიდა მოსკოვს იმის ნახევარსაც კი, რასაც უხდიდა ევროპა.
რჩება გაზსადენი ბელორუსის გავლით, მაგრამ მისი გამტარუნარიანობა ვერ შეედრება რასაკვირველია უკრაინის გრანდიოზული გაზსადენი ქსელის გამტარუნარიანობას.
არ დაგვავიწყდეს, რომ უკრაინა იღებდა ბუნებრივ აირს ტრანზიტის საფასურად. ოღონდ ამ გაზს ძირითადად მოიხმარდა უკრაინის აღმოსავლეთი მისი ინდუსტრიით. ეს აღმოსავლეთი - დონეცკის აგლომერაცია - ახლა დაპყრობილი აქვს რუსეთს.
უკრაინა ამას არ აღიარებს ლეგიტიმურად, თუმცა ფაქტია, ბუნებრივი აირის საჭიროება მოაკლდა.
ხოლო იმდენი ბუნებრივი აირი, რომ დანარჩენი უკრაინა, უპირველესად მოსახლეობა მოამარაგოს, კიევს თავად აქვს დასავლეთ რეგიონებში.
მით უმეტეს მას შემდეგ, რაც გაჩნდა „ფიქალის გაზის„ ტექნოლოგია.
ამრიგად, დამთავრდა პუტინისა და „გაზპრომის“ დომინირება ევრაზიაში!!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
„ახალ წელს“ პოლიტიკოსები ხშირად იყენებენ მნიშვნელოვანი განცხადებებისთვის.
ჩინეთის „თავმჯდომარე“ სი ძინპინმა თქვა, რომ ვერავინ შეუშლის ხელს ტაივანის რეიუნიფიკაციას ჩინეთთან.
გამოიუენა ტერმინი „Reunification“.
„ვერავინ“ იგულისხმება ტრამპი რასაკვირველია.
ახლა დამკვირვებლები მსჯელობენ იმაზე, რას ნიშნავს ეს განცხადება და ხომ არ ნიშნავს პეკინის მზადყოფნას, უამრავი სამხედრო მანევრი ტაივანის გარშემო გადაზარდოს ნამდვილ აგრესიაში ანუ სცადოს 23 მილიონიანი ქვეყნის დაპყრობა.
თუმცა ანალიტიკოსთა დიდი ნაწილის აზრით, საეჭვოა სიმ ეს სცადოს. დონალდ ტრამპი შესაძლოა იზოლაციონისტი იყოს, მაგრამ ამერიკის ასეთ აშკარა დამცირებას არ დაუშვებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
საახალწლოდ პუტინმა უბრძანა რუსეთის მთავრობას და უდიდეს ბანკს Сбербанк (ეს სახელმწიფო ბანკია.) განავითაროს თანამშრომლობა ჩინეთთან AI (Artificial intelligence-ხელოვნური ინტელექტის) სფეროში.
ეს ალიანსი ჩინეთსა და რუსეთს შორის დასავლური სამყაროსთვის შესაძლოა არანაკლებ სახიფათო აღმოჩნდეს, ვიდრე სამხედრო ალიანსი ამ ორ ავტოკრატიულ სახელმწიფოს შორის.
სამხედრო ალიანსი ჯერ არც გაფორმებულა.
ჩინეთი AI ტექნოლოგიებში სწრაფად გაიჭრა წინ. დასავლეთს, როგორც ხშირად ხდება, ხელს უშლის მეტისმეტი სიფრთხილე, პროცედურულობა, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა (რაც მოსკოვს და პეკინს სულ არ ანაღვლებთ) და ბიუროკრატიული ბარიერები.
რუსეთი ამ სფეროში 31 ადგილზეა მსოფლიოს 80 ქვეყანას შორის, რომლებიც ცდილობენ AI განავითარონ. ინდოეთსაც ჩამორჩება, თუმცა მოსკოვს სსრკ ეპოქიდან შემორჩენილი აქვს გარკვეული ტექნოლოგიები (ბოლოს და ბოლოს კოსმოსური ბაზა) რაც ჩინურ-რუსულ ტანდემს ამ სფეროში სახიფათოდ აქცევს.
პუტინის ბრძანებულებით, ამ ალიანსის განვითარებას ჩიენთთან ხელს მოჰკიდებს Сбербанк-ის CEO Герман Греф, რომელიც ელცინის ეპოქის დინოზავრია და საკმაოდ წარმატებული მენეჯერი იყო მაშინაც.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესო თემას ავითარებს Business insider: თურქეთი აპირებს აღადგინოს სირიის არმია მას შემდეგ, რაც სწორედ თურქეთის მეშვეობით სირიის ოპოზიციამ დაამხო ბაშარ ალ ასადის რეჟიმი და...... ამით ანკარა ცდილობს სირიაში მოიპოვოს ის პოზიციები, რაც ასადის დამხობის შედეგად რუსეთმა და ირანმა დაკარგა.
რა თქმა უნდა თურქეთს აქვს პოტენციალი, სირიის გამარჯვებულ ოპოზიციას, ანუ ახალ ხელისუფლებას დაეხმაროს არმიის ჩამოყალიბებაში, რაკი ჯერ ეს არმია არ არსებობს: უფრო „სახალხო ლაშქარია“.
ოღონდ შედეგად თურქეთი, მისი ლიდერი ერდოღანი ძალიან „მიუახლოვდებიან“ იმ Frontline, სადაც იწყება სტრატეგიული დაპირისპირება ისრაელთან.
იმიტომ, რომ სირიაში არასდროს არ მოვა ისეთი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში, რომელიც ჯერ ერთი, შეურიგდება გოლანის სიმაღლეთა დაპყრობას ისრაელის მიერ 1967 წლის ომის შედეგად და მეორეც, საერთოდ აღიარებს ისრაელის არსებობას ალ აქსას მეჩეთის ანუ „ტაძრეულის მთის“ ესე იგი აღმოსავლეთ იერუსალიმის ისრაელისთვის მიკუთვნებით.
ეს გამორიცხულია ნებისმიერ შემთხვევაში. აქედან BI აკეთებს დასკვნას, რომ ერდოღანი უკვე იმდენად არის გეოპოლიტიკურ წარმატებათა ეშხში შესული, ისრაელთანაც კი იწყებს „სახიფათო თამაშს“.
მაგალითად, ამ რესურსის ცნობით, ერდოღანი მზადაა დასვას საკითხი, რათა სირიის იმ ნაწილში, რომელიც გოლანის სიმაღლეებს ესაზღვრება, თურქმა სამხედროებმა ჩაანაცვლონ გაეროს დამკვირვებლები.
აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ერდოღანი ცდილობს დაასწროს ე.წ. „ყურის ქვეყნებს“.
იგულისხმება სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნები და საუდის არაბეთი, რომლებიც ასევე აქტიურად ეხმარებოდნენ „იდლიბის ოპოზიციას“ მთელი ამ წლების განმავლობაში, სანამ ეს ოპოზიცია იდლიბიდან გამოვიდოდა და ბაშარ ალ ასადს დაამხობდა.
ოღონდ არაბულ სახელმწიფოებს (კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი და თუნდაც თვით საუდის სამეფო) არ გააჩნიათ ამდენი რესურსი რაც ანკარას.
თუნდაც პოლიტიკური რესურსი.
ანუ ასე ღრმად ვერ „შეტოპავენ“ ისრაელთან, რაკი ეს ისრაელს და მათ დიდ მოკავშირეს, ამერიკას არ მოეწონება.
მით უმეტეს პრეზიდენტ ტრამპის მმართველობისას.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აზერბაიჯანის „საგარეოში“ გამოიძახეს ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი (დროებითი რწმუნებული) და მკაცრი პროტესტი განუცხადეს იმის გამო, რომ ირანის უზენაესი სულიერი ლიდერის ჰომენეის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გააკრიტიკა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ალიევი და თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ერდოღანი.
ირანი ცდილობს „დააბალანსოს“ თურქეთის გავლენა აზერბაიჯანში, რაკი რუსეთმა იქ გავლენა საერთოდ დაკარგა 2020-2023 წლებში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ყაზანის (თათრეთი) აეროპორტში შეზღუდვებია: უკრაინული დრონები დაფრინავდნენ გარშემო.
უკრაინა სულ უფრო ხშირად უტევს მოსკოვის ეთნიკურ სატელიტებს“- თათრეთს, ჩეჩნეთს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ომში უკრაინის წინააღმდეგ, თუმცა სხვა მოტივაცია, რაიმე ფუნდამენტური, მაგალითად „დერჟანიკულ-ნაციონალისტური“, გარდა ფულისა, ამ ეთნოსებს და მათ „რესპუბლიკებს“ ნამდვილად არ აქვთ.
ეს კიევის ზუსტი გათვლაა და შედეგიანიც - ამ რეგიონებში ომით უკმაყოფილება ბევრად სწრაფად იზრდება, ვიდრე თუნდაც მოსკოვში: „რუსებს უნდათ ეს ომი თავიანთი „დერჟავასთვის“ და ჩვენ რა შუაში ვართო“.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ვიდეო, თუ როგორ ჩამოაგდო უკრაინული წარმოების წყალქვეშა უპილოტო აპარატმა რუსული ვერტმფრენი MI-8.
საოცარი ფაქტია.
უკრაინული საზღვაო დრონები წარმატებით „მუშაობდნენ“ რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წინააღმდეგ. ამ ფლოტის მესამედი ან ჩაძირეს ან დააზიანეს და ფლოტის უდიდესი ნაწილი გადადენეს სევასტოპოლიდან ნოვოროსიისკში თუ სხვა პორტებში.
მაგრამ ახლა ირკვევა, რომ უკრაინას აქვს წყალქვეშა ტიპის საზღვაო დრონები, რომლებსაც ზღვის სიღრმიდან გაშვებული რაკეტით შეუძლიათ თურმე რუსული ვერტმფრენის ჩამოგდება.
ამ ოპერაციებს ახორციელებს ქვედანაყოფი Group 13, ხოლო ვიდეოს აქვს წარწერა „გილოცავთ ახალ წელს“.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ევროკავშირმა მილიარდი დოლარის დოტაცია გაუყინა უნგრეთს. დემოკრატიული ნორმების შელახვისთვის.
ეს ფული უნდა მოხმარებოდა უნგრეთში ოპოზიციური პარტიების გაძლიერებას და ოპოზიციური, დამოუკიდებელი მედიის განვითარებას.
უცნაურია, მაგრამ უნგრეთში ნამდვილად არ არსებობს ოპოზიციური მედია, რომელიც იმდენად გავლენიანი იქნებოდა, Strong man ვიქტორ ორბანს რაიმე საფრთხეს შეუქმნიდა.
EU გადაწყვეტილება გაუგებარია, რაკი ორბანს მხოლოდ გაუხარდება მაშინ, როცა ევროკავშირი კვლავინდებურად აფინანსებს, ადოტირებს უნგრეთის ეკონომიკის სისტემურ დარგებს, პირველ რიგში სოფლის მეურნეობას, რომელიც ამ დოტაციის გარეშე მოკვდებოდა, ვერ გაუძლებდა ფრანგ და ნიდერლანდელ, გერმანელ ფერმერებთან კონკურენციას.
ბრიუსელის გადაწყვეტილების კომენტირებისას ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ ევროკავშირმა „ათეულობით მილიარდი უაზროდ დაწვა უკრაინაში“.
აი თუნდაც ეს ბოლო განცხადება განა არ მეტყველებს, რომ ორბანი ფუნდამენტურად აცდენილია საერთო-ევროპულ სოლიდარობას რუსული აგრესიის მსხვერპლი უკრაინის მიმართ?
და როდესაც ამგვარი პოზიციისთვის არ ისჯება, ეს ქმნის სწორედ პრეცედენტებს და ამიტომაც ჩნდებიან მიმბაძველი „რობერტ ფიცოები“ - სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის სახით.