ისღა დაგვრჩენია «ჰაიასტან-ვრასტან» ვიყვიროთ

ისღა დაგვრჩენია «ჰაიასტან-ვრასტან» ვიყვიროთ

       

        როგორც აღმოჩნდა, ისეთი სტრატეგიული მნივნელობის საკითხის გადაწყვეტა, როგორიც რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტია, კოდორის ხეობაში მცხოვრებ ერთ ოჯახზე ყოფილა დამოკიდებული და არა საქართველოს ენერგოსისტემაზე. მით უმეტეს, რუსებისა და საქართველოს სტრატეგიულ თანამშრომლობაზე «გეოპოლიტიკურ კონტექტსტში».
        მაღალი ძაბვის ელექტროაგადამცემი ხაზი «კავკასიონი» უკვე მერამდენედ გაითიშა, ამჯერად სნაიპერის «წყალობით», რომელმაც ტყვია «შიგ» მავთულში გაარტყა.
        ერთბაშად «მოწუყდა» 80 მეგავატი და მასთან ერთად ზვავივით ჩაიფშვნა მთელი ქართული ენერგობუმბერაზი თავისი ორი (მე-9 და მე-10) «ტიტანიანა» - ქვესკნელში ჩაიყოლა რა ხუთი მილიონი უბედური მცხოვრები.
        «კავკასიონის» გამორთვამ ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია მთელ სისტემაში და ატომური ბომბის აფეთქების დარი შედეგი მოგვცა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ წინ ორი უმძიმესი თვე გველის. ენგურჰესი მოკვდა, მე-9 და მე-10 ენერგობლოკები მეტისმეტად დიდხანს მუშაობდნენ «წკიპზე» და ავარიები, ალბათ, გარდაუვალია.
        რუსეთ-საქართველოს დამაკავშირებელი ხაზი, როგორც აღმოჩნდა, დამოკიდებულია არა მხოლოდ რუსეთის უშიშროების საბჭოს შესაბამისი ქვეკომიტეტის «რეკომენდაციებზე» (რამდენად გამართლებულია, სწორედ ამ მომენტში საქართველოზე ზეგავლენის განსახორციელებლად ელექტროენერგიის გათიშვა), არამედ კოდორის ხეობელ გასვიანთა ოჯახის «მახვშის» ნებასურვილზე, რომელიც ეკოლოგიური ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს, რაკი ხაზი მის მამულზე გადის.
        ამ ლოგიკით, მთელი დასავლეთ საქართველოს მოსახლეობამ შეიძლება მოითხოვოს «ეკოლოგიური ზარალის» ანაზღაურება.
        სხვათა შორის, ძალზე ნიშანდობლივია, რომ ამ «პატრიოტულ სიტუაციასთან» დაკავშირებით, რატომღაც კრინტს არ ძრავს ის ხალხი, ვინც ამას წინათ დედამიწა შეძრა, ერთი მართლაც უხიაგი და ყოვლად დაუშვებელი პუბლიკაციის გამო – სვანების შესახებ.
        გარდა ამისა, გასვიანების ოჯახი თავად ვერ აცნობიერებს, რომ უკვე დაფიქსირდნენ იმავე რუსეთის უშიშროების საბჭოს ტაქტიკურ განზრახულებათა მონახაზებში. თუ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის თაობაზე (ოღონდ ისე, რომ ეს არ დაფიქსირდეს, როგორც ბლოკადა) - რუსებს არანაკლებ «თვალჩუბინი» სნაიპერები ჰყავთ. «ბაზაც» იქვეა - ეგერ არ არის კეთილშობილ «მშვიდობისმყოფელთა» რაზმი? დესანტსაც არ სძინავს - მუდმივად ფხიზლობს.
        მერე რამდენიც უნდა იძახოს «მახვშმა» - მე არაფერ შუაში ვარო, მაინც მას დაბრალდება ყველაფერი.
        ამიტომ, ეგება გადავუხადოთ ის ხუთი თუ ათი ათასი დოლარი - ბოძების გადატანა ხომ მაინც უფრო ძვირი დაჯდება? თანაც გადატანა-გადახდა ასე არ უნდაო და კოდორიდან - ქუთაისამდე ნაკლები ხალხი ცხოვრობს, ფულის გემო არ იციან?
        ასე რომ, ერთობ შავ დღეში ვართ ყველა თვალსაზრისით.
        მოდით, ყველამ ერთად მოვიყაროთ თავი ავლაბარში და ისევ ვიყვიროთ «ჰაიასტან-ვრასტან», როგორც მოძმე სომხები ყვიროდნენ 1988 წლის შემოდგომაზე ზვარტნოცის სტადიონზე «დინამოსა» და «არარატის» ისტორიული მატჩის დროს, როდესაც ყარაბაღის მოვლენები ახალი დაწყებული იყო.
        დღეს ისეთივე გზნებით ჩვენ უნდა ვყვიროდეთ, ვინაიდან თუ დღეს და გუშინ მაინც გამოჩნდა შუქი ჩვენს ფანჯრებში - ეს სწორედ მოძმე (ამჯერად ხუმრობის გარეშე) სომხეთის მოწოდებულია.
        სანამ თავად არ მოვწესრიგდებით, უნდა ვაწყოთ ასეთი დემონსტრაციები - რაღა გაეწყობა!

დილის გაზეთი, 10 თებერვალი, 2001 წელი