საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ნოემბერი. 2021 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ნოემბერი. 2021 წელი.

აფხაზეთში ახალ გადატრიალებას ამზადებენ: 4 ნოემბერს სოხუმის ცენტრში იკრიბებიან `საქართველოსთან ომის ვეტერანები` და აპირებენ მოითხოვონ `პრეზიდენტ ბჟანიას` გადადგომა. საბაბი გახდა რამდენიმე კვირის წინ სოხუმის ცენტრში მომხდარი ინციდენტი, როდესაც აფხაზეთის ე.წ. `მილიციამ` დააკავა სრულა/ჩხუბში მონაწილე ორი `ვეტერანი`. მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ მილიციას არც ერთ შემთხვევაში არა აქვს უფლება, დააკავოს ვეტერანები. რაც არ უნდა ჩაიდინონ.

შეგახსენებთ, აფხაზეთში ორი დაპირისპირებული ვეტერანთა ორგანიზაციაა: `არუააა` და `ამცახარააა`.

ისინი ბარიკადის სხვადასხვა მხარეს დგანან მუდამ სხვადასხვა პოლიტიკური ბატალიების, გადატრიალებების, დაპირისპირებების დროს, რაც აფხაზეთში გრძელდება 2004 წლიდან,  როცა ვლადისლავ არძინბა ჩამოშორდა პოლიტიკას.

2004 წლის შემდეგ ხელისუფლება აფხაზეთში ნორმალურად ერთხელაც არ შეცვლილა. ყოველთვის `სროლის წკიპზე` იყო და რამდენჯერმე სისხლიც დაიღვარა.

არ არის გამორიცხული, თუ ასე გაგრძელდა, ერთმანეთს დაერიონ და `დამოუკიდებელ აფხაზურ სახელმწიფოში` სამოქალაქო ომი დაიწყოს. რუსეთი ასეთ შემთხვევაში საბოლოოდ გადაყლაპავს აფხაზეთს.

ძნელი სათქმელია რით დამთავრდება 4 ნოემბრის მიტინგი, მაგრამ ხელისუფლებისთვის რომ კარგს არაფერს მოასწავებს - ცხადია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ცუდი და საქართველოს მიმართ არამეგობრული ფაქტია, რომ ბელორუსში, რომელიც არ სცნობს აფხაზეთის დამოუკიდებლობას, გაიმართა საერთაშორისო შეჯიბრი კარატეში და ამ შეჯიბრში დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით თავიდან მონაწილეობდა აფხაზეთის გუნდი გერმანიის, უკრაინის და ყაზახეთის გუნდებთან ერთად.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საქართველოს საელჩო პროტესტებს აცხადებდნენ და შეჯიბრის დასასრულისთვის დიდი ბრძოლით მიაღწიეს მაინც, რომ `დამოუკიდებელი აფხაზეთის`წარმომადგენლები რუსეთის გუნდის `შემადგენლობაში` შევიდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიის ყველაზე ძლიერი მხარის, ბავარიის პრემიერ-მინისტრი, მარკუს ზედერი აცხადებს, რომ გერმანიის ახალმა მთავრობამ მხარი უნდა დაუჭიროს რუსული `ჩრდილო ნაკადი-2` - ის პროექტს.

ამით ბავარია (ვიმეორებ: გერმანიის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი მხარე) პირდაპირ მოითხოვს, რომ გერმანიამ დაარღვიოს ევროკავშირის ფუნდამენტური ნორმა ენერგოუსაფრთხოების შესახებ, რაც გულისხმობს პრინციპს: ბუნებრივი აირის მომწოდებელი და ბუნებრივი აირის დისტრიბუტორი არ უნდა იყოს ერთი და იგივე სუბიექტი. გარდა ამისა, იგივე ნორმა გულისხმობს, რომ გაზსადენში, რომლითაც რუსული ბუნებრივი აირი მიეწოდება ევროპას, მხოლოდ ნახევარი წილი უნდა იყოს რუსული Газпром-ისა. მეორე ნახევარი სხვა მომწოდებლების. მაგალითად თურქმენეთის.

რასაკვირველია რუსეთი არასდროს დათანხმდება, რომ თურქმენეთმა მისი ტერიტორიის გავლით გაყიდოს ბუნებრივი აირი ევროპაში. ამიტომაც ცდილობს მოსკოვი ამ ყინვიან ზამთარში ევროპაზე ზეწოლას, რომ ევროპამ უარი თქვას საკუთარ ნორმებზე. თუმცა ყველაფერი აქ გერმანიაზეც კი არაა დამოკიდებული: გუშინ დანიის მთავრობამ განაცხადა, რომ სანამ მოსკოვი ევროკავშირის ნორმებს არ შეასრულებს, დანიის სამეფო არ დაუშვებს რუსული ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას დანიის სანაპირი წყლების და ექსკლუზიური საზღვაო ეკონომიკური ზონის გავლით, სადაც რეალურად გადის გაზსადენი North Stream -2. ეს განცხადება გააკეთა დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა.

North Stream -2 საერთო დადგმული სიმძლავრე 50 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტია. ანუ იმდენივე, რამდენიც ბოლო დროს უკრაინის გავლით მიეწოდება ევროპას.

დანიამ ეს განცხადება (ალბათ ვაშინგტონის `ჩაწოდებით`) მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინის ნაფტოგაზის ლიდერმა ვიტრენკომ თქვა: `როგორც კი რუსეთი მიიღებს `ჩრდილო ნაკადს` სრულად, მაშინვე დაიწყებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და აღარ შეეშინდება ევროპაში გასაყიდი გაზის ტრანზიტის შეწყვეტით უკრაინის ტერიტორიაზეო`.

რატომ არის ეს შემაშფოთებელი ბევრი ევროპელისთვის? იმიტომ თუნდაც, რომ თუ ასე აუნთებენ `მწვანე შუქს` რუსეთს, რათა განაახლოს აგრესია უკრაინის სახელმწიფოს გასანადგურებლად, მაშინ ევროპა იძულებული იქნება ჩაერიოს ამ ომში. გვერდზე ვერ დადგება, რადგან `გვერდზე დადგომით` საბოლოოდ  წახდება მსოფლიოს თვალში. ეს კი ბევრისთვის უარესი პერსპექტივაა, ვიდრე თუნდაც ენერგეტიკული კრიზისი.

არც ცდებიან. NATO-ს ასე ისტორიულად `წახდენა` უარესია ყინვაზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა მორიგი სილა გააწნა დასავლეთს.

რომიდან, სადაც G20 სამიტში მონაწილეობდა, ის გლაზგოში უნდა გაფრენილიყო, სადაც გაიმართა `ეპოქალური` სამიტი ეკოლოგიის პრობლემებზე.

მოულოდნელად, რომიდან ერდოღანი არა შოტლანდიაში, არამედ სტამბულში გაფრინდა. მოგვიანებით კი მისმა თანაშემწემ განაცხადა, რომ დიდმა ბრიტანეთმა და სამიტის ორგანიზატორებმა დააიგნორეს თურქეთის პრეზიდენტის დაცვის სამსახურის მოთხოვნები უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით. მაგალითად, თუ რამდენი პირადი მცველი უნდა წაჰყოლოდა სხვადასხვა ღოინისძიებაზე თურქეთის პრეზიდენტს.

 რეალურად საქმე იმაშია, რომ დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა კატეგორიულად უკრძალავს უცხო ქვეყნის დელეგაციებს იარაღის შეტანას სამეფოს ტერიტორიაზე. ამარიკის პრეზიდენტის დაცვასაც კი ჰქონია ამასთან დაკავშირებით პრობლემები.

თუმცა მარტო ეს რომ ყოფილიყო, თურქები `გაატარებდნენ`.

სინამდვილეში, ეს იყო ერდოღანის დემარში დასავლეთის მიმართ, რაკი მიაჩნია, რომ ევროპა-ამერიკა სათანადოდ არ უჭერს მხარს თურქეთს სირიაში. და ევროკავშირშიც არ იღებენ უკვე ამდენი ათწლეულია.

რაც შეეხება ეკოლოგიას, არც თურქეთი და არც რუსეთი გლაზგოს სამიტის გადაწყვეტილებათა შესრულებას ისედაც არ აპირებენ, რაკი ეს გადაწყვეტილებები მათგან გამონაბოლქვის შესამცირებლად დიდ ხარჯებს მოითხოვს და ინდუსტრიული განვითარების შენელებასაც. ეს კი კატეგორიულად არ აძლევს ხელს არც ერდოღანს, არც პუტინს.

ერდოღან-პუტინის ურთიერთობა `სიტუაციური პარტნიორობა/მტრობის კლასიკური ნიმუშია. ზოგჯერ ერთად არიან დასავლეთის და ამერიკის წინააღმდეგ, ხოლო სირიაში ერთმანეთს ებრძვიან. ისევე, სხვათა შორის, როგორც ლიბიაში, სადაც თურქეთი ამჟამინდელ პროისლამისტურ მთავრობას ეხმარება შეიარაღებული ძალით, ხოლო რუსეთი - მეამბოხე მარშალ ხავთარს.

სხვათა შორის, აქვე უნდა აღინიშნოს საინტერესო ნიუანსი: იმავე ლიბიელ მეომბოხე მარშალ ხავთარს  დასავლეთიც ეხამრება, რადგან ერდოღანისგან განსხვავებით, არც დასავლეთს მოსწონს ლიბიის ამჟამინდელი პროისლამისტური და პროთურქული კოალიცია.

ასეთი `ინტერესთა სიტუაციური დამთხვევები` ძალიან ხშირია საერთაშორისო პოლიტიკაში. განსაკუთრებით ცივი ომის (1945-1989) დასრულების შემდეგ, როცა პლანეტაზე უკვე აღარ არსებობს `ორი იდეოლოგიური ბანაკი`, - - -  ე.წ. `სოციალისტური` და ე.წ. `კაპიტალისტური`.

ორშაბათს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა კასპიის ზღვისა და ირანის გავლით სირიაში, თურქეთის საზღვართან, დამატებით 20 უახლესი საბრძოლო თვითმფრინავი გადაისროლა, რადგან კვლავ არსებობს ალბათობა, რომ სირიის იმ რაიონებში, რომლებიც თურქეთს ესაზღრება, მოხდება შეტაკება რუსულ და თურქულ არმიებს შორის.

სირიის დიქტატორ ბაშარ ალ ასადს სირიის მთელი ტერიტორიის გაკონტროლება სურს, ხოლო ამ რაიონებში უამრავი ეთნიკური თურქი ცხოვრობს.

გარდა საბრძოლო თვითმფრინავებისა, რუსეთის არმიამ სირიის სასაზღვრო რაიონებში საბრძოლო ვერტმფრენებიც გადაისროლა. ეს კი უტყუარი სიმპტომია, რომ სახმელეთო ოპერაცია მზადდება: სამხედრო ვერტმფრენს სხვა ვერაფერში გამოიყენებ: მხოლოდ როცა ხმელეთზე მიმდინარობს საბრძოლო მოქმედებები. მით უმეტეს ისეთ საბრძოლო ვერტმფრენებს, როგორიცაა რუსული Ка-52.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გლაზგოს გლობალურმა  სამიტმა ეკოლოგიის თემაზე დაადგინა, რომ 2050 წლისთვის ინდუსტრიულმა ქვეყნებმა  მნიშვნელოვნად უნდა შეამცირონ ეკოლოგიური ზიანი. პირველ რიგში იგულისხმება გამონაბოლქვის მნიშვნელოვნად შემცირება.

ოღონდ არა მხოლოდ ეს:

სამიტმა ასევე მოითხოვა ტყის კაფვის შეჩერება მთელს დედამიწაზე, ქვანახშირის გამოყენებაზე უარის თქმა, ელექტრომობილებზე სრულად გადასვლა უკვე 2040 წლისთვის. წინააღდმეგ შემთხვევაში ტემპერატურა პლანეტაზე საუკუნის ბოლოს 2,5%-ით მოიმატებს. ეს კატასტროფა იქნება ბევრი ქვეყნისთვის, რადგან აუცილებლად აიწევს ოკეანის დონე და მაგალითად სან-ფრანცისკო ან ნიუ-იორკი აღარ იარსებებენ.

ბევრი შიშობს, რომ გლაზგოს სამიტი დარჩება `ბლა ბლა ბლა`, რადგან მსოფლიოში ორი უდიდესი `დამბინძურებელი`, ჩინეთი და რუსეთი, გლაზგოს სამიტში არ მონაწილეობდნენ. პუტინიც და სი ზინ პინიც ავტოკრატი და ავტორიტარი ლიდერები არიან. პარადოქსია, რომ ასეთ რეჟიმებს უფრო მეტად ეშინიათ მოსახლეობის გაღიზიანებისა ბუნების  დაცვისას  გამოწვეული დანაკარგით, ესე იგი უმუშევრობის ზრდით, ელექტრომობილებზე გადასვლის აუცილებლობით და ა.შ, ვიდრე დემოკრატიულ ქვეყნებს, სადაც მთლიანობაში საზოგადოებებს მეტი შეგნება აქვთ. 

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ინდოეთმა დაიწყო ჩინეთის საზღვართან ჯარების კონცენტრაცია, რასაც მიესალმებიან ვაშინგტონში რაკი ჯერ ერთი, დელი ამერიკის ბუნებრი მოკავშირეა ჩინეთთან გეოპოლიტიკურ `კლინჩში` (ინდოეთს ტერიტორიული დავა აქვს ჩინეთთან) და მეორეც, ინდოეთი, ჩინეთისგან განსხვავებით, დემოკრატიაა.

ღარიბი, თუმცა მაინც დემოკრატია!

ყველაზე დიდი დემოკრატიაა მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობით და სხვათა შორის, ეკონომიკურადაც სწრაფად ვითარდება. მათ შორის ახალი ტექნოლოგიების თვალსაზრისით.

ბოლო 1-2 წლის განმავლობაში, ჯერ კიდევ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებით, ამერიკამ უხვად მიაწოდა ინდოეთს უახლესი იარაღი.

ინდოეთი ბირთვული სახელმწიფოა. აქვს ატომური იარაღი ისევე, როგორც სხვა დიდ რეგიონულ სახელმწიფოებს - ჩინეთს და პაკისტანს.