ასლან აბაშიძის დაბრუნება - ისტორია არ გვიშვებს

ასლან აბაშიძის დაბრუნება - ისტორია არ გვიშვებს

 

ბათუმის სასამართლომ კვალიფიკაცია შეუცვალა სისხლის სამართლის საქმეს აჭარის მრავალწლიანი მმართველის, ასლან აბაშიძის მიმართ, რომელსაც საკუთარი მოადგილის, ნოდარ იმნაძის განზრახ მკვლელობა ედებოდა ბრალად.  ამ თითქოსდა „უცნაურ“ და ვითომდაც „მოულოდნელ“ („აბა რაღა დროს ასლანია?!“) გადაწყვეტილებას წინ  უძღოდა ცნობა, რომ ასლანს 78 წლის ასაკში შვილი შეეძინა!

ღმერთმა კარგად უმყოფოს, თუმცა ელემენტარული ლოგიკა გვკარნახობს, რომ არანაირი „გეგმები“ აჭარის, მით უმეტეს საქართველოს მიმართ მას არ გააჩნია; მაგრამ ასლანმა მეტისმეტად დიდი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში, რათა ასე უცბად და უჩუმრად, ანუ „უშედეგოდ“ წავიდეს პოლიტიკური და ისტორიული სცენიდან.

იურიდიულ ლოგიკას თუ გავყვებით, სასამართლოს სენსაციური გადაწყვეტილება, ასლან აბაშიძის ბრალთან დაკავშირებით, უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ეს ბრალი მას სულაც შეიძლება მოეხსნას, ანუ საკუთარ კაბინეტში თავისივე  მოადგილის მოკვლა „აუცილებელ მოგერიებად“ ჩაეთვალოს; რასაც, სხვათა შორის, თავისი არგუმენტები აქვს,  რადგან ფაქტია: ავტომატმოღერებული ნოდარ იმნაძე   მართლაც თვითონ შეუვარდა   იმდროინდელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს კაბინეტში  და პირველმა გახსნა ცეცხლი.

აქვე: ზედმეტიც კია იმის აღნიშვნა, რომ აღწერილი ეპიზოდი იმდროინდელი სიტუაციის სრულ მარაზმატულობას ადასტურებს და ასეთ ფონზე ნამდვილად არაა გასაკვირი, თუ ეს ტოტალური მარაზმი, ამ მოვლენებიდან რამდენიმე თვეში, კიდევ უფრო დიდ და სისხლიან მარაზმში, ანუ სამოქალაქო ომში გადაიზარდა.

აბა სხვაგვარად როგორ იქნებოდა?

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

თუმცა  „მიმდინარე“ ისტორიაში, რომელიც არა და არ გვეშვება, ოთხი მომენტია აუცილებლად აღსანიშნავი:

პირველი ის, რომ ასლან აბაშიძეს ადვოკატად დაუდგა „ეროვნული მოძრაობის“ ერთ-ერთი პატრიარქი, საბჭოთა დროინდელი დისიდენტი, გელა ნიკოლაიშვილი! საკმაოდ ნიჭიერი ადვოკატია და სულაც არაა გამორიცხული, მისი ძალისხმევით, ასლან აბაშიძეს არა მხოლოდ მკვლელობის ეპიზოდი მოეხსნას, არამედ სააკაშვილის ხელისუფლებისდროინდელი ბრალდებებიც კორუფციასა და სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაში, რისთვისაც მრავალწლიანი სასჯელი აქვს დაუსწრებლად გადაწყვეტილი.

ზოგადად,  ასლან აბაშიძის ერთ ერთი ფენომენალური უნარი იყო მუდამ, რომ გენერალ კოჩეტოვთან, გენერალ ლებედთან, გენერალ ალქსნისთან და „კრემლის“ სხვა სატრაპებთან ყოველმხრივ თანამშრომლობასა  და მოკავშირეობას რაღაცნაირად უთავსებდა (ამას ხომ მოხერხება უნდოდა და უნდა?!) ხსენებული „მოძრაობის“ ლიდერებთან შეხმატკბილებას. თანაც, განურჩევლად მათი „ზვიადისტობა-ანტიზვიადისტობისა“. თითქოსდა, ჩოლოქის ხიდი რუსმა გენერალმა კოჩეტოვმა იმდროინდელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბრძანებით არ ააფეთქა, ხოლო 2002 წელს მიღებული აჭარის კონსტიტუცია საქართველოში ლამის სრულფასოვანი მეორე სახელმწიფოს შექმნას არ ითვალისწინებდა - იმავე კრემლის ლოცვა-კურთხევით.

მაგრამ იმ „მოძრაობის“ ფენომენი იმდენად იდუმალია მისი ინტელექტუალური და მსოფლმხედველობრივი „სიღრმის“ გამო, რომ აქ მარჩიელობას აზრი არა აქვს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეორე ნიშანდობლივი მომენტი: ბათუმის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არაფრის დიდებით არ აწყობს თბილისის დღევანდელ ხელისუფლებას, რაკი „აუტკივარ თავს ისევ ატკივებს“ ანუ, ისედაც უამრავი პრობლემის ტყვეობაში მყოფს, აიძულებს, კიდევ დამატებითი ძველ-ახალი პრობლემების გადაწყვეტაზე იზრუნოს მაშინ, როდესაც ასლან აბაშიძე სამუდამოდ წარსულს ჩაბარებული ეგონა.

ხელისუფლების ნება რომ ყოფილიყო, ის ამ გადაწყვეტილებას ნამდვილად არ მიიღებდა და ასლან აბაშიძის პოლიტიკური რეინკარნაციის შთაბეჭდილებას არ შექმნიდა, რაკი ეს „ოცნებისთვის“ ნებისმიერ შემთხვევაში სარისკო და წამგებანია: ბოლოს და ბოლოს თუნდაც იმიტომ, რომ მიშას და მის მომხრეებს აძლევს „სალაპარაკოს“.

თითქოს სხვა თემაა, მაგრამ  უნდა ითქვას, რომ რაც უფრო დამოუკიდებელი (ბრჭყალების გარეშე) იქნება სასამართლო საქართველოში, მით უფრო ხშირად მოვესწრებით ისეთ თითქოსდა „ლოგიკიდან ამოვარდნილ“ გადაწყვეტილებებს, როგორიცაა ასლან აბაშიძის რეაბილიტაცია ან თუნდაც ლევან მურუსიძის განმწესება იუსტიციის საბჭოს მდივნის პოსტზე. არადა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას: ამ პოსტზე კადრების შერჩევა ბიძინა ივანიშვილის, ღარიბაშვილ-კვირიკაშვილის მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის უფლებამოსილება რომ ყოფილიყო (და არა „მოსამართლეთა ამქრის“ პრეროგატივა), უამრავ სხვა „მურუსიძეს“ იპოვიდნენ, ვინც ასევე ლოიალური იქნებოდა,  სამაგიეროდ, არ ექნებოდა არაფერი „წამოსაძახებელი“ გირგვლიანის, მოლაშვილის თუ სხვა საქმეებზე.

ოღონდ, ამას ვერაფრის დიდებით ვერ შეასმენ იმ „ენჯეოშნიკთა კამარილიას“, რომელმაც ყველაფერი გააკეთა „მოსამართლეთა ამქრის“ სრული დამოუკიდებლობისთვის და ახლა უკვირს მისი „დამოუკიდებელი“ გადაწყვეტილებები იმავე მურუსიძესთან და ასლან აბაშიძესთან დაკავშირებით.

  . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მესამე: ასლან აბაშიძის პოლიტიკური რეანიმაციის მცდელობა მოჰყვა ბათუმის ცნობილ მოვლენებს, როდესაც ანტითბილისურად განწყობილმა სეპარატისტებმა (!) გადაწვეს და გადაბუგეს ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური პროსპექტი. იმ მოვლენებს „აჭარულ ელიტებში“ სულ სხვა შეფასება აქვს, ვიდრე თბილისში და ადგილობრივ მოსამართლეთა ეს პროვოკაციული, შინაარსით „საბოტაჟური“ გადაწყვეტილება ამას სრულად ადასტურებს: აჭარის „დამოუკიდებელმა“ სასამართლომ თბილისს მიანიშნა, რომ „ყველაფერი ასე არ არის“, ხოლო ადგილობრივ ელიტათა ინტერესების გათვალისწინება  და ზომიერების დაცვა მუდამ საჭიროა. მათ შორის კადრების შერჩევაში

ბოლოს, მეოთხე: მართლაც ასლან აბაშიძის სახელს უკავშირდება ყველაფერი, რაც აჭარაში მოხდა 1991 წლის შემდეგ. მაგრამ დავსვათ კითხვა: როგორ მოხვდა იგი ამ თანამდებობაზე? როგორ აღმოჩნდა საქართველოს საყოფაცხოვრებო მომსახურების მინისტრის მოადგილე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის სავარძელში?

როგორ და, იმდროინდელი ე.წ. „მრგვალი მაგიდის“ შემადგენლობაში შემავალმა ჭკუისკოლოფმა „ტრადიციონალისტებმა“, აქაოდა ძველისძველი თავადური გვარის წარმომადგენელია, რომელიც აჭარას 500 წელი მართავდაო“, ასეთი „ჭკვიანური“ რჩევა მისცეს ზვიად გამსახურდიას; თანაც აშკარად ყალბი და ბრიყვული დაპირებით, რომ თურმე  აბაშიძე „ავტონომიას გააუქმებდა“.

ჯერ ერთი, ავტონომიის გაუქმება თავისთავად  სრული სიგიჟე იყო (მაშინაც და ახლაც), რადგან ამ ავტონომიას საერთაშორისო ხელშეკრულება იცავს, ხოლო გარანტორები თურქეთი და რუსეთი არიან; გარდა ამისა, პატიოსან რეფერენდუმში, ოღონდ მაღალმთიანი აჭარის მონაწილეობით,  ავტონომიის გაუქმების იდეა ვერანაირად ვერ გაიმარჯვებდა, თუმცა ადრეულ სამოქალაქო ომს გამოიწვევდა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ასლან აბაშიძეში, აჭარის ელიტებმა, უმალვე შენიშნეს „თავისიანი“, რომელიც „თბილისისაგან“ მათ ავტონომიას არათუ დააკნინებდა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერებდა.

ამაში არც მოტყუვდნენ. მერედა, ვინაა პასუხისმგებელი? თვით ასლანი თუ ის, ვინც იგი ამ თანამდებობაზე დანიშნა რაღაც ბავშვური (მეტს თუ არ ვიტყვით) გულუბრყვილობით?

საბედნიეროდ,  ასლან აბაშიძე საკმარისად გონიერი და რეალისტი პოლიტიკოსია (ამაზე 2004 წლის მაისში მისი მოქმედება მეტყველებს, როცა მოსკოვის ყველა შეთავაზება უარყო ევაკუაციის გარდა), ანუ თავად არ მოინდომებს „იმავე მდინარეში მეორედ შესვლას“, რაკი კარგად ესმის სხვაობა სასურველსა და შესაძლებელს შორის.

თუმცა, „მესიჯი“, რომელიც აჭარის ელიტებმა ამ გადაწყვეტილებით თბილისს გამოუგზავნეს, ძალიან საშიში და მნიშვნელოვანია.

2017