საერთაშორისო მიმოხილვა. 20 აპრილი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 20 აპრილი. 2022 წელი

გრძელდება მარიუპოლის შტურმი. უკრაინელი სამხედროები გმირულ წინააღმდეგობას უწევენ თავდამსხმელ რუსებს, მათ ჩაფარ ჩეჩნებს და მათ მეთაურ რამზან კადიროვს - ვითომ `ჩეჩნეთის პრეზიდენტს`, რომელსაც, იმედია, `იპოვის` სნაიპერის ტყვია.

აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინელმა სნაიპერებმა მხოლოდ ქალაქ მარიუპოლში ერთი რუსი გენერალი, ერთი რუსი ადმირალი და უამრავი მაღალი რანგის ოფიცერი მოკლეს ზუსტი გასროლით 2-3 კილომეტრის მანძილიდან.

ამაშია ზოგადად `ურბანული ბრძოლის` ანუ ქალაქში ბრძოლის ერთ-ერთი თავისებურება: საქალაქო ინფრასტრუქტურა აძლევს შანსს სნაიპერებს შეინიღბონ ამ ინფრასტრუქტურაში და მტრის არა უბრალოდ ცოცხალი ძალა (ჩვეულებრივ  ჯარისკაცებზე ტყვიებს არ ხარჯავენ) არამედ მაღალი რანგის ოფიცრები დახოცონ.

ომის ეს ტექნოლოგია პირველად კაცობრიობის ისტორიაში გამოვლინდა სტალინგრადის ლეგენდარული ბატალიის დროს: 1942 წლის შემოდგომაზე. ის ბრძოლა დიდწილად `სნაიპერთა ომი` იყო და ნაცისტთა მეექვსე საველე არმიის მეთაურს, გერმანელ გენერალ პაულიუსს ოფიცრები ლამის აღარ დარჩა.

ახლა მარიუპოლის დამცველთა  უკანასკნელი სიმაგრის, `აზოვსტალის` გრანდიოზული ქარხნის ასაღებად რუსი გენერლები ორ გეგმას განიხილავენ:

  1. შტურმი. ოღონდ ეს გეგმა გულისხმობს უამრავი რუსი ჯარისკაცის და ოფიცრის დაღუპვას შეტევისას. ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ 24 თებერვლიდან, როდესაც რუსეთმა დაიწყო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ, პუტინმა ამ ოპერაციაში მონაწილე ძალების 25% დაკარგა! სპეციალისტებს ეს არ უკვირთ და ციფრი სრულიად ლოგიკურად მიაჩნიათ სამი მიზეზის გამო: ა) თავდამსხმელი მუდამ მეტს კარგავს ვიდრე ის მხარე, რომელიც თავდაცვის პოზიციებშია ბ) უკრაინელთა საბრძოლო სულისკვეთება გ) დასავლეთმა უკრაინულ არმიას მიაწოდა შესანიშნავი, უახლესი, ზუსტი, ე.წ. `ჭკვიანი` იარაღი/// აქვე უნდა ითქვას, რომ ასეთი თავდადება და ბოლომდე ბრძოლა უკრაინელებისთვის სულაც არ არის უჩვეულო. მაგალითად, 2014 წელს აღმოსავლეთ უკრაინაში ასევე უდიდესი ბატალია გაიმართა. სამწუხაროდ უკრაინული არმია მაშინ დამარცხდა, რადგან დასავლეთის ასეთი მხარდაჭერა არ ჰქონია, თუმცა დონეცკის აეროპორტის დაცვისას მოხდა იგივე, რაც ახლა ხდება მარიუპოლის დაცვისას: უკრაინელმა მეომრებმა თვეების (!) განმავლობაში, ალყაშემორტყმულებმა იბრძოლეს სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ამისთვის მათ უკრაინელებმაც და რუსებმაც `კიბორგები` შეარქვეს. რუსები წუხდნენ: ფანატიკოსები არიანო./// შტურმის ოფცია რუსებისთვის იმიტომაა ცუდი, რომ უამრავი რუსი მეომარი დაიღუპება უეჭველად. პუტინისგან რუსის ჯარს მიღებული აქვს ბრძანება, აუცილებლად აიყვანოს ტყვედ ის ინგლისელი მეომრები, ასევე სხვა ევროპელები, რომლებიც ახლა აზოვსტალის ნანგრევებში იბრძვიან. შემდეგ, პუტინის ჩანაფიქრით, დაიწყება მარგარიტა სიმონიანისმაგვართა და რუსეთის `საინფორმაციო ჯარების` სხვა რესურსებით ევროპულ საზოგადოებრივ აზრზე ზეწოლა და ევროპელ ხელისუფალთა, პირველ რიგში ინგლისის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის შანტაჟი, რომ თუ სურს ეს ინგლისელები, ეს ევროპელები თავის ოჯახებს დაუბრუნდნენ, უნდა შეწყვიტოს უკრაინის სამხედრო დახმარება და იარაღის მიწოდება.///
  2. მეორე სცენარი, რასაც ახლა პუტინი განიხილავს არის `ცეცხლის ზღვა` ანუ აზოვსტალის დაბომბვა ფუგასური (ცეცხლგამჩენი) ბომბებით, ცეცხლმფრქვევი ტანკებით `ბურატინო`, თავისუფალი ვარდნის 6 და 9 ტონიანი (!) ბომბებით, რომლებსაც აქვთ საშუალება `შეყოვნებით` ჯერ ჩააღწიონ `აზოვსტალის` ქვეშ არსებულ მიწისქვეშა საცავებში (ხუთი სართულია მიწის ქვეშ) და მხოლოდ ამის შემდეგ, უკვე სიღრმეში აფეთქდნენ, იქ ყველაფერი გაანადგურონ მშვიდობიან მოსახლეებთან ერთად. ამას მოითხოვენ რუსი გენერლები, თუმცა სამოქალაქო მრჩევლები პუტინს აფრთხილებენ, რომ ა) უამრავი მშვიდობიანი ადამიანის, ქალისა და ბავშვის ასე მხეცურად მკვლელობა სამართლიანად გააგიჟებს დასაველთს და მთელს მსოფლიოს კიდევ უფრო მეტად და ბ) რაც მთავარია და რისიც უფრო ეშინიათ, უკრაინელი ერის მეხსიერებაში სამაგალითოდ დარჩებიან ის უკრაინელი მეომრები, რომლებიც არ დანებდნენ, არ ჩაბარდნენ მტერს და თავი გასწირეს/// ეროვნული მითოსის შექმნა უკრაინელ ერში ძალიან საშიშია პუტინისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ და ამგვარ მითოსებზე დაყრდნობით უკრაინელი ერი, რომლის მთლიანად დაპყრობას პუტინი მაინც ვერ ახერხებს (ეს უკვე ცხადია ყველასთვის) საუკუნეების განმავლობაში გააგრძელებს ბრძოლას რუსი იმპერიალისტების წინააღმდეგ და პუტინს არანაირი მოსვენება არ ექნება არასდროს.

 

მარიუპოლში ბრძოლების გადამწყვეტ ფაზაში შესვლასთან ერთად, რუსეთმა დაიწყო მასირებული შეტევა აღმოსავლეთ უკრაინაში, მთელს ე.წ. `დონბასის ფრონტზე` ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით. ამ ბრძოლას, რომელიც ყველაზე მასშტაბურია მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, უკვე უწოდეს `ბრძოლა დონბასისთვის ` (The battle for the donbas).

ორივე მხრიდან ასეულობით ათასი მეომარი და ათასობით ტანკი მონაწილეობს. ასეთი რამ არათუ ევროპაში არ მომხდარა არასდროს გასული 80 წლის განმავლობაში, არამედ მთელს მსოფლიოშიც იშვიათად მომხდარა. შესაძლოა ინდოეთ-პაკისტანის ომი იყოს გამონაკლისის და ესეც კი საეჭვოა.

რუსეთმა კიევის შემოგარენიდან გაყვანილი ჯარები, ბელორუსის ტერიტორიის გავლით, დონბასზე გადაისროლა. თუმცა ამ ჯარების ბრძოლისუნარიანობა დიდ კითხვებს იწვევს: ესენი ხომ ის ნაძირლები არიან, ბუჩაში რომ გენოციდი მოაწყვეს. სამხედრო ისტორიიდან ცნობილია, რომ ჯარი, რომელიც დიდხანს დგას ერთ ადგილას, მერე იხრწნება და მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავს, აუპატიურებს, აუცილებლად, გამონაკლისის გარეშე დეგრადირდება და ბრძოლისუნარიანობას კარგავს. გახრწნილი და მშვიდობიან ადამიანებზე მოძალადე ჯარი ბრძოლისუნარიანი აღარ არის.

რუსები არ აცხადებენ ღიად, რომ `დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის`. იოლი მისახვედრია რატომაც: ისინი უკვე დამარცხების შიშით ომობენ. ანუ პუტინს ეშინია, რომ თუ ღიად გაცხადდება `დაიწყო ომის გადამწყვეტი ფაზა დონბასისთვის`, მაშინ უახლოეს მომავალში შედეგიც უნდა `დადოს` და.....რომ დამარცხდეს ამ ბატალიაში? რომ ვერ `დადოს` შედეგი 9 მაისამდე, როცა იგი დიდი აღლუმის გამართვას გეგმავს მოსკოვში, წითელ მოედანზე?

`ბრძოლა დონბასისთვის` დაიწყო მასირებული დაბომბვებით და სარაკეტო დარტყმებით მთელს ფრონტზე. უკრაინის მიმდებარე ცაში გამოჩნდნენ სტრატეგიული რაკეტმზიდები ТУ-160, რომლებსაც ბირთვული ომის დროს ჩრდილო ყინულოვანი ოკენის საჰაერო სივრციდან ამერიკის ტერიტორიის, ვაშინგტონის, ნიუ იორკის, ლოს ანჟელესის და სხვა სტრატეგიული ქალაქების ბირთვული ბომბარდირება ევალებათ.

საეჭვოა, ჯერ-ჯერობით,  რაკეტები, რომლებსაც ახლა ატარებენ, ბირთვული საბრძოლო ნაწილით იყოს აღჭურვილი. ალბათ უფრო ჩვეულებრივი საბრძოლო ნაწილითაა შეიარაღებული. თუმცა სიმძლავრე ძალიან დიდია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა კი ჩვეული თავხედობით განაცხადა: ``საომარი ოპერაციის ამ ეტაპზე (! -დ) ბირთვული იარაღის გამოყენებას რუსეთი არ აპირებსო``

ეს რას ნიშნავს? გაოგნებულია მთელი მსოფლიო: მაშასადამე, თუ `ამ ეტაპზე` ჩვეულებრივი საბრძოლო ნაწილით აღჭურვილი თუნდაც ზემძლავრი ბომბების.....თუნდაც ფოსფორული ბომბების გამოყენება არ აღმოჩნდება საკმარისი უკრაინული ფრონტის გასარღვევად და წითელ მოედანზე 9 მაისს `გამარჯვების აღლუმის` ჩასატარებლად, მაშინ ახალი ეტაპი დაიწყება და ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ?!

 

დასავლური მედია ამ დღეებში აქტიურად იწვევს ეთერში ექსპერტებად უგამოცდილეს ამერიკელ და ევროპელ გენერლებს, რომლებიც ახლა უკვე გადამდგარნი არიან, თუმცა უდიდესი გამოცდილება აქვთ და კარგად იცნობენ `ბირთვულ თემას`.

ისინი ამბობენ, რომ ნამდვილად არ არის გამორიცხული პუტინმა დაიწყოს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენება. მაგალითად ბირთვული საბრძოლო ნაწილის მქონე საარტილერიო ჭურვებისა.

სამხედრო ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ბირთვულ საარტილერიო ჭურვებს ვერც კი გაარჩევთ ჩვეულებრივი საარტილერიო ჭურვებისგან: `მწკრივში რომ დააყენო ორივე სახეობის ჭურვები, არავითარი განსხვავება მათ შორის გარეგნულად არ არისო`.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე კი, გადამდგარი გენერლები, იგივე ბირთვული იარაღის სპეციალისტები უბრალოდ გაგიჟებულები არიან: თუ პუტინმა მაინც გადაწყვიტა ამგვარი საარტილერიო ჭურვების გატანა ბრძოლის ველზე, მერე ვის ხელში აღმოჩნდება ატომური იარაღი? იქ იბრძვიან რამზან კადიროვის ბანდიტები ჩეჩნეთიდან, იქ იბრძვიან კრიმინალები ე.წ. `დონბასის რესპუბლიკიდან` და `ლუგანსკის რესპუბლიკიდან`. ბევრი მათგანი ციხეებიდანაა გამოშვებული, რაკი  ცოცხალი ძალის ნაკლებობას განიცდიან რუსები. მერედა ამ ბანდის ხელში რამდენიმე ასეთი საარტილერიო ჭურვი მოხვდება ბრძოლის და ომის ქაოსში?!!!  რამდენი ტერორისტია მსოფლიოში, მათ შორის ევროპაში, რომელიც ბირთვულ იარაღზე ოცნებობს?

მცირე სიმძლავრის კია, თუმცა დასავლეთში ბირთვული კოშმარის მოწყობა მაინც შეუძლია. ერთი რომელიმე პატარა ევროპული  ქალაქის განადგურება მაგალითად.

 

დათო