საერთაშორისო მიმოხილვა. 22 ოქტომბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 22 ოქტომბერი. 2024 წელი

ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო!

თხუთმეტმა მილიონმა (!) ამერიკელმა უკვე ხმა მისცა Early vote ფარგლებში ან ფოსტით ან Early vote centre - ბში.

15 მილიონი ნამდვილად ბევრია, მაგრამ ჯერ-ჯერობით ნაკლებია, ვიდრე 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების 30 მილიონი Early vote.

შეგახსენებთ, რომ „ადრეული ხმის მიცემის“ შესაძლებლობას ამერიკის როგორც ფედერალური, ასევე შტატების კანონმდებლობა მუდამ ითვალისწინებდა ძირითადად იმ ამერიკელებისთვის, რომლებიც არ იმყოფებოდნენ ამერიკაში ან არჩევნების დღეს არ იქნებოდნენ ამერიკაში თუ თავიანთ შტატებში და ა.შ.

მაგრამ 2019-2021 წლის გლობალურ პანდემიამდე „ადრეულად ხმის მიმცემ“ ამერიკელთა ოდენობა შედარებით ნაკლები იყო.

პანდემიამ ამ სფეროში ყველაფერი შეცვალა და როგორც ამერიკელი ანალიტიკოსები წერენ, ამერიკელებს მოულოდნელად მოეწონათ ეს ტექნოლოგია ანუ ფოსტით ხმის მიცემა.

ოღონდ....იგივე ანალიტიკოსები წერენ, რომ ამ ტექნოლოგიამ კარდინალურად შეცვალა ამერიკის ელექტორალური ლანდშაფტი.

საქმე ისაა, რომ ფოსტით, დისტანციურად უკვე ამომრჩეველთა ის კატეგორიაც მიეჩვია ხმის მიცემას, ვისაც ზოგადად არ უყვარდა და არ სურდა საარჩევნო უბანზე მისვლა მაინცდამაინც არჩევნების დღეს, რაკი არ სიამოვნებდა და არ სიამოვნებს უზარმაზარ რიგებში დგომა, ხალხის სიმრავლე......მისთვის კომფორტულია (!) საარჩევნო ბიულეტენის ფოსტით გაგზავნა ან Early vote centre-ებში მისვლა არჩევნებამდე, როცა იქ სიხალვათეა. ოღონდ.....აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და არსებითი ისაა, რომ გარკვეული სოციო-ფსიქოლოგიური და მენტალური მიზეზების გამო, ეს Early vote დემოკრატებისთვის უფრო მომგებიანია, ვიდრე რესპუბლიკელებისთვის.

ამას ყვიროდა სწორედ დონალდ ტრამპი 2020 წელს, როცა ბაიდენის გამარჯვებას ზუსტადაც  „ფოსტით ხმის მიცემის“ შესაძლებლობებით ხსნიდა.

ტრამპი და მისი გუნდი ამას თარგმნიდა და ფუთავდა, როგორც „გაყალბებას“.

და ამ განცხადებებს რაც მოჰყვა შემდეგ (კონგრესში შეჭრა)-ყველას გვახსოვს.

2020 წელს, კვლევის თანახმად, 30 მილიონი ამერიკელიდან, ვინც „ადრეულად“ მისცა ხმა, მხოლოდ 20% იყო რესპუბლიკელი, ანუ დონალდ ტრამპის მომხრე. ეს კოლოსალური უპირატესობაა.

ახლა, 15 მილიონი ამერიკელიდან, ვინც დროზე ადრე ისარგებლა ხმის უფლებით, „რესპუბლიკელი“ უკვე 27-30%-ია, რაც ასევე დიდი სხვაობაა.

კიდევ ვიმეორებ: რატომ ხდება ასე, რა მენტალური, სოციალურ მიზეზები განაპირობებს, რომ „ფოსტით კენჭისყრა“ და „ადრეული კენჭისყრა“ ზოგადად „დემოკრატებისთვის“ უფრო კომფორტული აღმოჩნდა, ვიდრე „რესპუბლიკელებისთვის“, ძალიან ძნელი ასახსნელია, თუმცა ფაქტია და წელს, ისევე როგორც 4 წლის წინ, დონალდ ტრამპისთვის ეს სერიოზული პრობლემაა.

Early vote-ერთა 55-60% ქალია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მეზობელი თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ ამერიკაში გარდაიცვალა ფეთთულაჰ გიულენი - ისლამისტი ღვთისმეტყველი, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი აბრალებდა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას. და ზოგადად, ისლამისტური ოპოზიციის ლიდერობას.

აქ გავითვალისწინოთ, რომ თვითონ ერდოღანი არის ე.წ. „პოლიტიკური ისლამის“ კონცეპტის მიმდევარი ხოლო სამხედრო გადატრიალებას მას თურქი ქემალისტი პოლკოვნიკები უწყობდნენ, რომლებიც ძალიან შორს იყვნენ და არიან ისლამიზმისგან თუ გიულენის იდეებისგან.

მათი ასპირაცია იყო ერდოღანის დამხობა, რაკი მან თითქოსდა უღალატა თანამედროვე თურქეთის დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის მემკვიდრეობას - პროევროპული, საერო, არაისლამისტური თურქეთის რესპუბლიკის მშენებლობისა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის შესახებ.

ამის მიუხედავად, ერდოღანი გიულენის „ხატს“ იყენებდა როგორც „გარეშე მტერს“, მათ შორის ანტიამერიკული სენტიმენტების გასაღვივებლად.

ასეთი ავტორიტეტული ფიგურა, როგორიც ფეთთულაჰ გიულენი იყო, სხვა არ ჩანს, თუმცა ერდოღანი იპოვის ვინმეს, რათა თავისი „ბალანსირების პოლიტიკა“ განაგრძოს დასავლეთსა და რუსეთს შორის.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ყაზანში, თათარსტანის დედაქალაქში, გაიხსნა BRICS სამიტი უმაღლეს დონეზე. ბრაზილია - რუსეთ-ჩინეთ-ინდოეთ-სამხრეთ აფრიკის გეოპოლიტიკურ ალიანსს დამკვირვებლებად უერთდებიან ეგვიპტე, თურქეთი (!), გაერთიანებული არაბთა ემირატები.

 პუტინისთვის ეს სამიტი ძალიან მნიშვნელოვანია, რაკი  დასავლურ სანქციათა გადალახვის პლატფორმაა.

სწორედ პუტინის ინიციატივით, ამ გაერთიანების ფარგლებში იქმნება საერთო ბანკი და „ეროვნულ ვალუტათა“ ვაჭრობაში გამოყენების შესაძლებლობა.

არც თუ წარმატებით: განა ინდოეთი ან ჩინეთი შეძლებენ დოლარზე ან ევროზე უარის თქმას? მით უმეტეს ბრაზილია და სამხრეთ აფრიკა? ან თუნდაც ეგვიპტე?

სასაცილოა რასაკვირველია, თუმცა კიდევ ვიმეორებ: პუტინისთვის მთავარია, რომ რაღაც პლატფორმა არსებობდეს, თუნდაც BRICS საერთო სავალუტო ბანკის სახით, რომლის მეშვეობითაც იგი შეძლებდა სხვადასხვა ფინანსური მაქინაციის განხორციელებას და მისი ეკონომიკის „ტივტივს“ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის პირობებში.

 წინა სამიტზე, სამხრეთ აფრიკაში, პუტინი არ წავიდა, რაკი ის ქვეყანა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წევრია, რომელმაც გასცა დაპატიმრების ორდერი რუსი ავტოკრატის მიმართ.

მაგრამ თათრეთის რესპუბლიკაში მას არავინ დააპატიმრებს რასაკვირველია.

ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩინეთს რომ გლობლური ამბიციები აქვს, საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ბოლო დროს მას გაუჩნდა „ჭია“, რომელმაც ეს ამბიციები შესაძლოა შიგნიდან გამოალპოს და პეკინის გეოპოლიტიკური პროჟექტებიც დაასამაროს.

ეს „ჭია“, - სულ უფრო მზარდი და სახიფათო ჩინეთის ეკონომიკისთვის, შესაბამისად მისი გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ამბიციებისთვის, - არის უძრავი ქონების და დეველოპმენტის სფეროში დაწყებული კრიზისი.

The New Your Times დღევანდელ ედითორიალში In a Malaysian Pop-Up City, Echoes of China’s Housing Crash (ჩინური საცხოვრის-მშენებლობის კრიზისის ექო მალაიზიის ქალაქში) ყურადღებას აქცევს, რა დაემართა მალაიზიაში ჩინური დეველოპერული კომპანიის პროექტს Garden city, რომელშიც ჩინეთი 100 მილიარდი დოლარის (!) ინვესტიციას გეგმავდა. (ციფრი ნამდვილად შთამბეჭდავია).

 ამ თანხის არც თუ მცირე ნაწილი მართლაც დაიხარჯა 700 000-იანი ქალაქის ასაშენებლად მალაიზიის მშვენიერ სანაპიროზე, მაგრამ.....ახლა რაც აშენდა, ისიც დაცარიელებულია და ვირთხების სამფლობელოდაა ქცეული.

არ გაამართლა პროექტმა.

ისევე, როგორც ბევრმა ასეთმა პროექტმა არ გაამართლა, რასაც ჩინეთი არა მხოლოდ მალაიზიაში და სხვა მეზობელ ქვეყნებში, არამედ დასავლეთში, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ახორციელებდა.

ამერიკაში რამდენიმე ჩინური დეველოპერული კომპანია გაკოტრდა ბოლო 2-3 წლის მანძილზე.

რა კვლევა არ ჩაატარეს ჩინელებმა, რა უძლიერესი ქონსალტინგური კომპანიები და აუდიტორული კომპანიები არ დაიქირავეს, ბოლომდე მაინც ვერ გაიგეს რა ხდება ამ დეველოპერული კრიზისის მიზეზი, რაც მძიმე ლოდად აწვება უკვე ჩინურ ეკონომიკას და ჩაძირვას უქადის.

ვერც გაიგებენ!

 იმიტომ, რომ ბაზარი, ზოგადად, მით უმეტეს უძრავი ქონებისა და დეველოპერული ბაზრები ერთ ერთი ყველაზე რთულად საპროგნოზოა.

ეს დასავლეთში ნებისმიერმა ბიზნესმენმა იცის.

ჩინელი ბიზნესმენები კი, რომლებსაც ღრმად სწამთ თავისი კომუნისტური ხელისუფლების უნარისა, ააშენოს მილიარდნახევრიანი „სინგაპური“ 6 მილიონიანი სინგაპურის მახლობლად (იმავე სქემითა და „წყობით“), რატომღაც დარწმუნებულნი იყვნენ, 30 წლიანი „ჩინური სასწაული“ უსასრულოდ გაგრძელდებოდა, ჩინური სახელმწიფო მათ მუდამ მხარს დაუჭერდა და ნებისმიერ კრიზისს თავიდან ააცილებდა.

არადა Market-ეკონომიკა ასე არ მუშაობს: სახელმწიფო პროტექციონიზმი ყველა რისკისგან ვერ დაგაზღვევს...... და ის რაც „გადის“ პატარა სინგაპურში, ჩინეთში ვერ „გავა“.......ადრე თუ გვიან აუცილებლად „ჩამოიშლება“.

დეველოპერული კრიზისი სერიოზულად ამძიმებს ახლა ჩინეთის ელიტების, ჩინური ხელისუფლების, პირადად სი ძინპინის პოზიციებს და როგორც არ უნდა დასრულდეს ამერიკის არჩევნები, პეკინის არგუმენტები  ამერიკასთან გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ჭიდილში ნამდვილად შესუსტდება.

შესაბამისად ვაშინგტონს მეტი ბერკეტი ექნება, რათა პეკინი აიძულოს, შეწყვიტოს აგრესიული გეოპოლიტიკური პროექტების განხორციელება. მათ შორის ტაივანის დაშანტაჟება და რუსეთის აგრესიული იმპერიალისტური ეკონომიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა.

პატივცემულ ჩინელებს, საქართველოს უახლესი ისტორიის ერთი პერსონაჟის თქმის არ იყოს, Market-ეკონომიკა „ლობიოობა“ ეგონათ!

 და რატომღაც თვლიდნენ, რომ თუკი ამერიკის ლეგენდარული ქალაქები (მაგალითად დეტროიტი) ამ ეკონომიკის უსასტიკესმა კანონებმა უდაბნოებად აქციეს, ისინი, თავად,  ჩინური კომპარტიის „პოლიტბიუროს“ ბრძანებულებებით შეძლებდნენ კოსმოსურად რთული და ამოუცნობადი „საბაზრო ეკონომიკის“ მართვას.