საერთაშორისო მიმოხილვა. 21 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 იანვარი. 2024 წელი

შვეიცარიის პრეზიდენტმა ვიოლა ამჰერდიმ განაცხადა, რომ შვეიცარია მზად არის უმასპინძლოს „სამშვიდობო კონფერენციას“ უკრაინის თემაზე.

საკმაოდ საეჭვო ინიციატივაა თუ გავითვალისწინებთ, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა იქვე ფრთხილად „შეაპარა“ რუსეთსაც მოვიწვევთო....

გაჩნდა ვარაუდი, რომ მორიგ „ტალიავინიზმთან“ გვაქვს საქმე. აი ჰაიდე ტალიავინი რომ იყო - შვეიცარიელი დიპლომატი - 2008 წლის ომზე აბსოლუტურად ცრუ და ნამუსგარეცხილი „დასკვნა“ დადო, რომელმაც დიდი ზიანი მიაყენა საქართველოს.

ზოგადად შვეიცარიის „ნეიტრალურობა“ და „შუაშისტობა“ პუტინს ხშირად გამოუყენებია, რადგან შვეიცარიულ ელიტებს, მათი იმპოზანტურობის მიუხედავად, საუკუნეთა განმავლობაში ჩამოუყალიბდათ ეს სინდრომი, როდესაც „ნეიტრალიტეტი“ თვითმიზანია -  რეალურად On the ground არსებული ვითარების მიუხედავად.

სხვათა შორის, თავის დროზე ასევე „ნეიტრალურნი“ იყვნენ ჰიტლერის მიმართაც

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ბრიტანულ მედიასთან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ შეშფოთებულია დონალდ ტრამპის ერთი მართლაც ძალიან უცნაური ფრაზით უკრაინის თაობაზე. კერძოდ, დონალდ ტრამპმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ თუ პრეზიდენტი გახდება „ერთ დღეში დაამთავრებს უკრაინის ომს“.

რას გულისხმობდა აშშ პრეზიდენტობის კანდიდატი? „ერთ დღეში„ ამოდენა ომი რანაირად უნდა დაამთავროს?

ზელენსკი აბსოლუტურად რეზონულად ეჭვობს, რომ დონალდ ტრამპი არ გულისხმობდა რუსეთის, ანუ პუტინის იძულებას, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან არამედ  უფრორე გულისხმობდა უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგო კომპრომისის შეთავაზებას, რომ კიევი დაეთანხმოს ტერიტორიის გაყოფას მშვიდობის სანაცვლოდ.

ბუნებრივია ეს კატეგორიულად მიუღებელია პრეზიდენტ ზელენსკისთვის და სწორედ ამიტომ ამბობს, რომ დონალდ ტრამპს არ ექნება იმის რესურსი, ერთპიროვნულად გადაწყვიტოს უკრაინის ბედი უკრაინელი ხალხის და ხელისუფლების გარეშე.

ტრამპის ამ განცხადების გათვალისწინებით, დავაკვირდეთ რა ხდება კაპიტოლიუმზე: კონგრესის რესპუბლიკური უმრავლესობის მიერ სპიკერად არჩეულმა მაიკ ჯონსონმა პრეზიდენტი ბაიდენი გააკრიტიკა: „ვერ გავიგეთ უკრაინის ომის დამთავრებას რანაირად და როგორ აპირებსო“. ანუ რაში მდგომარეობს პრეზიდენტ ბაიდენის გეგმაო.

გარდა ამისა, ჯონსონმა თქვა, რომ ახლა „თეთრი სახლი“ მოითხოვს კონგრესისგან უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დაფინანსებას, მაგრამ წინა დაფინანსების ფარგლებშიც არ მიაწოდაო უკრაინას ის იარაღი, რასაც მოითხოვდა;

ამის შესახებ ჯონსონს თვით ზელენსკიმ უთხრა: „წინა მრავალმილიარდიანი დაფინანსების ფარგლებში გარკვეული კატეგორიის იარაღს ვითხოვდით მაგრამ ვერ მივიღეთო“.

რა იარაღია ეს? რა თქმა უნდა შორსმწვდომი რაკეტები!

ამერიკა ამ იარაღს არ აწვდის უკრაინას იმიტომ, რომ თეთრ სახლში ფრთხილობენ: უკრაინამ შესაძლოა მოსკოვი დაბომბოს ამერიკული იარაღით და ეს ბირთვულ ომს გამოიწვევსო.

მეორეს მხრივ, ამერიკელებიც „მხრებს იჩეჩენ“ იმის გამო, რომ უკრაინა, რომელიც ყოფილ სსრკ-ში რაკეტების მთავარი მწარმოებელი იყო, თავად ვერ აწარმოებს ამ იარაღს და ამერიკული რაკეტების იმედადაა.

არადა რატომ ვერ აწარმოებს უკრაინა სარაკეტო შეიარაღებას? ათიდან ცხრა რაკეტა სსრკ ეპოქაში უკრაინის მიერ იყო წარმოებული.

ოღონდ შემდეგ, 1994 წელს, ამერიკამ და ბრიტანეთმა უკრაინას გააფორმებინეს ე.წ. „ბუდაპეშტის მემორანდუმი“, რომლითაც არა მხოლოდ ბირთვულ იარაღზე და ბირთვულ ტექნოლოგიებზე ათქმევინეს უარი, არამედ სარაკეტო შეიარაღებაზეც. შესაბამისად, სარაკეტო ტექნოლოგიებიც დაკარგა უკრაინამ, ხოლო ის შესანიშნავი სპეციალისტები, ვინც ამაზე მუშაობდნენ (მათ შორის სერგო ბერია), ან რუსეთში გადავიდნენ, ან სხვა ქვეყნებში.

 

რაც შეეხება თვით საარჩევნო კამპანიას, დონალდ ტრამპმა მორიგი „მწვერვალები“ დაიპყრო ამერიკული პოლიტიკური ნარატივისა და პოლიტკორექტულობის საწინააღმდეგო განცხადებებით.

მისი მთავარი მოწინააღმდეგე უკვე ნიკი ჰეილია. მათ შორის ნიუ ჰემფშირის კოკუსში.

ტრამპი სულ უფრო ხშირად ეხება ქალბატონ ჰეილის ეთნიკურ და რასობრივ წარმომავლობას.

ნიკი ინდუსია, ინდოეთიდანაა წარმოშობით. მისი ნამდვილი სახელი და გვარია ნიმარატა რანდჰავა.

დონალდ ტრამპი ხშირად სპეციალურად იმეორებს ამ სახელსა და გვარს. ნიკის ეძახის „ნიმარატას“. ისევე, სხვათა შორის, როგორც 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას, როცა მისი მოწინააღმდეგე ქალბატონი ჰილარი კლინტონი იყო და მის წარმომავლობას, მის გვარს ვერანაირად ვერ მისცემდა უარყოფით კონოტაციას, აქცენტს აკეთებდა პრეზიდენტის მეორე სახელზე: ბარაკ ჰუსეინ ობამა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ კვლავ წარმატებით დაბომბა ლენინგრადის ოლქი.

დრონები მიფრინავდნენ სანკტ-პეტერბურგისკენ, თუმცა ბოლო მომენტში გადაუხვიეს უსტ-ლუგისკენ და იქ შეუტიეს რუსული კომპანიის Новатек გაზის საცავს, რომელზეც ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

აქ საინტერესოა, რომ ეს დრონები მართვადნი იყვნენ მთელი ფრენის განმავლობაში უკრაინიდან. ამიტომაც შეიცვალეს მიმართულება. ხოლო რუსულმა „რადიო-ელექტრონულმა ბრძოლის საშუალებებმა“ მათი სისტემების ჩაშლა ვერ შეძლეს.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

ბენიამინ ნეთანიაჰუმ წერტილი დაუსვა სპეკულაციებს ომის შემდეგ პალესტინაში  ორი სახელმწიფოს შექმნის შესახებ.

მისი თქმით, პალესტინური სახელმწიფო ვერ შეიქმნება, რადგან მთელს ტერიტორიას მდინარე იორდანიდან ზღვამდე ისრაელი უნდა აკონტროლებდეს. სხვაგვარად ისრაელის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ვერ მოხდებაო.

არადა ამ ომის ფონზე პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასი კვლავ მოითხოვდა სახელმწიფოს შექმნას დედაქალაქით აღმოსავლეთ იერუსალიმში ანუ იერუსალიმის გაყოფას, რასაც ებრაელები არც ერთ შემთხვევაში არ დაეთანხმებიან.

თუმცა, როგორც ადრე ვწერდით, არის კიდევ ერთი სისტემური მიზეზი, რის გამოც ისრაელის მთავრობა ახლა არ დაეთანხმება და ვერ დაეთანხმება პალესტინის სახელმწიფოს შექმნას: წარმოუდგენელია ისრაელმა დაუშვას, რომ საკითხი, რაც არ წყდებოდა 1967 წლის შემდეგ, ამდენი წლის განმავლობაში, გადაწყდეს იმის შედეგად, რომ პალესტინელი არაბები შეიჭრნენ ისრაელის ტერიტორიაზე და მოკლეს 1300 ებრაელი.

ამის შემდეგ პალესტინის სახელმწიფოს შექმნით ისე გამოვა (და გამოჩნდება), რომ ტერორისტებმა გაიმარჯვეს და მიიღეს ის, რასაც ითხოვდნენ.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

7 თებერვალს აზერბაიჯანში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები. ილჰამ ალიევს რა თქმა უნდა კონკურენტი არა ჰყავს. დარეგისტრირდა რამდენიმე კომიკური პერსონაჟი, რომლებიც მას ასხამენ ხოტბას, როგორც „ძლევამოსილს“. კრიტიკაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

როგორც ჩანს, ვადამდელი არჩევნები ალიევს იმისთვის სჭირდება, რომ გამარჯვების რესურსი მაქსიმალურად „გამოწუროს“, უმაღლესი ლეგიტიმაცია მოიპოვოს და ამ ახალი ლეგიტიმურობით გაინაღდოს ძალაუფლება საშვილიშვილოდ.

აზერბაიჯანელები ნახევრად ხუმრობენ, რომ ყარაბაღის დაბრუნებით ალიევმა არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ შვილსა და შვილიშვილსაც გაუნაღდა ძალაუფლება.

ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ილჰამ ალიევი ხნიერი სულაც არ არის (1961 წელსაა დაბადებული) აზერბაიჯანის მეზობლებს, მათ შორის საქართველოს მასთან ექნებათ საქმე.

თუმცა არსებობს სხვა ვერსიაც: ილჰამი აპირებს წასვლას რამდენიმე წლის შემდეგ და ძალაუფლების რომელიმე შვილისთვის გადაცემას. შესაბამისად, ამიტომაც სჭირდება ძალიან მაღალი ლეგიტიმაცია და არჩევნებს ატარებს „გამარჯვების ფონზე“, როცა აზერბაიჯანელები უბრალოდ აღმერთებენ.

   . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსებმა მაგარი „შური იძიეს“ დიდ ბრიტანეთზე იმის გამო, რომ ლონდონი აქტიურად ეხმარება უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში

რუსეთის ხელისუფლებამ გაწყვიტა დიდ ბრიტანეთთან 1956 წლის ხელშეკრულება, რომლითაც ლონდონს უფლება ჰქონდა თევზის ჭერა განეხორციელებინა ბარენცის ზღვაში - რუსეთის ნაპირებთან.

როგორც ჩანს პუტინს იმედი აქვს, რომ რაკი ყველაფერი, რაც ზღვას უკავშირდება, ძალიან „სათუთი„ და მნიშვნელოვანია ინგლისელებისთვის, ხოლო Fish and chips მათი უსაყვარლესი კერძია (დიდი სიმდიდრით ინგლისური სამზარეულო არ გამოირჩევა თუ გულწრფელნი ვიქნებით), ამით ინგლისელები თურმე.....თურმე..... ძალიან გამწარდებოდნენ.

თუმცა ინგლისის თევზჭერის ასოციაციაში აცხადებენ, რომ ბარენცის ზღვის გარდა სხვა უამრავი ადგილია სადაც თვზი მოიპოვება და ინგლისელებს Fish and chips  ანუ „თევზი კარტოფილი ფრით“ არ მოაკლდებათ.

მართლა სასაცილო გახდა უკვე კრემლის ეს უბადრუკი ბინადარი: ინგლისს (ინგლისს!!!) რომ თევზის ბლოკადას გამოუცხადებ....მისი საუკუნოვანი ტრადიციით და მსოფლიოში უდიდესი თევზმჭერი ფლოტით: ჯერ კიდევ XVII საუკუნეში რომ წყნარ ოკეანეში მიცურავდნენ ვეშაპის ქონის მოსაპოვებლად.