საერთაშორისო მიმოხილვა. 24 თებერვალი. 2025 წელი
გერმანიის არჩევნებში ქრისტიან დემოკარტებმა გაიმარჯვეს. ანუ ჰელმუტ კოლის და ანგელა მერკელის პარტიამ. დაახლოებით 20%.
მათი ლიდერი, ჯანსაღი კონსერვატორი ფრიდრიხ მერცი ხდება კანცლერი.
მეორე ადგილზე გავიდა ნეო-ნაცისტური პროპუტინისტური პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (20%).
ნიშანდობლივია ორი მომენტი: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ უპირობოდ, ერთმნიშვნელოვნად, განსაკუთრებული უპირატესობით მოიგო აღმოსავლეთ გერმანია ანუ ყოფილი გდრ - გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა.
როგორც ჩანს, კომუნისტურმა რეჟიმმა ჩამოუყალიბა აღმოსავლეთ გერმანელებს ამგვარი რადიკალური მენტალობა.
აქ სწორედ რადიკალიზმია მთავარი და არა იმდენად თვით იდეოლოგია ანუ ის ღირებულებები, რასაც ატარებს „აგ“.
მივაქციოით ყურადღება, რომ მაგალითად გერმანიიდან შორეულ ისრაელში, ყველა არჩევნებზე ყველაზე რადიკალურები სწორედ ყოფილი სსრკ-დან გამოსული, ანუ იქ ნაცხოვრები და გაზრდილი ებრაელები არიან.
ოღონდ......არანაკლებ შემაშოთებელია, რომ ალის ვაიდელის „აგ“-მ ძალიან ბევრი ხმა აიღო, სოციალ-დემოკარტებს აჯობა და მეორე ადგილზე გავიდა ისეთ რეგიონშიც კი, როგორიც ბავარიაა: უმდიდრესი...მშვიდი....„დალაგებული“......
მაინც მთავარი პრობლემა ემიგრაციაა ანუ უცხო კულტურის, უცხო ცივილიზაციური კოდის მატარებელი ელემენტის შეღწევა და ზოგჯერ აგრესიული ქცევა, რასაც „პოლიტკორექტულობა“ უკევ ვეღარ ხსნის და ვეღარ უმკლავდება.
საბოლოოდ ბუნდესტაგში ასე „დალაგდა“ მანდატები:
CDU/CSU (ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/ ქრისტიანულ/ სოციალური კავშირი - 208 ადგილი
AFD ალტერნატივა გერმანიისთვის - 151 ადგილი
SPD (სოციალ-დემოკრატიული პარტია - 121 ადგილი
GRUNE (მწვანეები) – 85 ადგილი
ნაციზმის განადგურების შემდეგ გერმანიის საარჩევნო სისტემა ისეთნაირად არის შედგენილი, რომ მაჟორიოტარებთან ერთად ბუნდესტაგი მუდამ მრავალპარტიული იყოს და გ ა მ ო რ ი ც ხ უ ლ ი ა (თეორიულადაც კი გამორიცხულია) ერთმა რომელიმე პარტიამ შეადგინოს მთავრობა
მთავრობა მუდამ კოლიციური იქნება.
ალბათ ამჯერადაც ქრისტიან-დემოკრატები და ფრიდრიხ მერცი „მწვანეებთან“ შეეცდებიან პირველ რიგში „დაალაგონ“ ახალი კოალიცია.
ბევრჯერ ყოფილა ასეთი კოალიციები
და როცა ყოფილა, „მწვანეების“ გადამკიდე პუტინის ბუნებრივ გაზზე დამოკიდებულებაც გაზრდილა, რაკი მწვანეების მოტხოვნით გერმანიაში ატომური ელექტროსადგურები დაიხურა და ქვანახშირიც კი ლამის აკრძალონ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გატყობინებდით, რომ რუსეთის სპეცსამსახურის, კერძოდ Федеральная Служба Безопасности (ФСБ РФ) ინიციატივით, აფხაზეთის ე.წ. „პარლამენტის“ წევრი კან კვარჭია და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან მიქუაა (მიქავა რასაკვირველია) რუსეთის მოქალაქეობიდან გააგდეს.
ანუ ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქის პასპორტი.
აქვე, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ „რუსეთის მოქალაქის პასპორტი“, რაც ეძლევათ საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრებებს (აფხაზები კი „საზღვარგარეთ მაცხოვრებლებად ითვლებიან) არ არის იგივე უფლებამოსილებისა, რაც რუსეთში მცხოვრები რუსის პასპორტი.
მაგრამ სეპარატისტებს გადაადგილების საშუალებას აძლევდა არა მხოლოდ რუსეთის ტერიტორიაზე, არამედ თურქეთში და ზოგჯერ ევროპაშიც კი, თუკი მოსკოვში აიღებდნენ შენგენის ვიზებს, რაც 2022 წლიდან მნიშვნელოვნად შემცირდა.
თითქმის ნულზე დავიდა.
მიქავა და კვარჭია დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდნენ, მათთვის რუსულ უწყებებს გამოეგზავნათ ოფიციალური დოკუმენტი, რომ მათ ჩამოართვეს რუსეთის მოქალაქეობა.
დიდი ხნის მანძილზე არ უგზავნიდნენ ასეთ დოკუმენტს მოსკოვიდან და რამდენიმე დღის წინ მაინც გამოუგზავნეს.
მასში აღნიშნულია, რომ ორივეს მოქალაქეობა ჩამოართვეს, რაკი საფრთხეს უქმნიდნენ რუსეთის ინტერესებს რუსეთის საზღვრებთან.
ანუ, იგულისხმება, ეწინააღმდეგებოდნენ მოსკოვთან საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირებას, ესე იგი აფხაზეთის ქცევას „დიდი სოჭის გაგრძელებად“ და ასევე ეწინააღმდეგებოდნენ „რუსულ დასახლებებს“ აფხაზეთში ე.წ. „აპარტამენტების“ ფორმით.
აფხაზური პასპორტით ისინი რუსეთში გადასვლას ალბათ ვეღარ შეძლებენ და ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ აფხაზური პასპორტებით თურქეთში გაფრენას სოჭიდან.
მაგრამ რატომ მოითხოვდნენ ასე დაჟინებით მათთვის კონკრეტული დოკუმენტის გამოგზავნას და ბოლოს მიაღწიეს კიდეც ამას?
ახლახან გაცხადდა (დადასტურდა) რატომაც: როგორც კი ეს დოკუმენტი მიიღეს, მაშინვე დაიქირავეს მოსკოველი ადვოკატები (ფული არ აკლია არც ერთს და არც მეორეს) და შეიტანეს სარჩელი მოსკოვის სასამართლოში ФСБ-ს წინააღმდეგ: ჩვენი უფლებები დაარღვიაო.
რაც მთავარი და ნიშანდობლივია, მხოლოდ მათი უფლებების დარღვევაზე კი არ ჩივიან, არამედ რუსული კანონმდებლობის დარღვევაზეც.
თურმე (მათი ინტერპრეტაციით) რუსეთის კონსტიტუცია და გამომდინარე კანონები მოითხოვს კონკრეტულ დასაბუთებას, თუ რა გადაცდომა ჩაიდინა მოქალაქემ, რაც გახდა საფუძველი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევისა.
ბუნებრივია ФСБ პირდაპირ ვერ ჩაწერდა დოკუმენტში, რომ აფხაზ სეპარატისტთა ოპოზიციურ ლიდერებს სჯის, რაკი „აპარტამენტების“ და „პრივატიზების“ კანონისა და ხელშეკრულების წინააღმდეგნი იყვნენ.
ამიტომ მიზეზი არ დაასახელა, მაგრამ რაკი არ დაასახელა, ახლა აფხაზ სეპარატისტთა მოსკოველი ადვოკატები მოსკოვის სასამართლოში ჩივიან.
თითქოსდა, რა აზრი აქვს მოსკოვის სასამართლოში უჩივლო რუსეთის ზემძლავრ ФСБ-ს? სინამდვილეში აქვს აზრი!
ბიუროკრატია ასე არ მუშაობს, რომ ინსტიტუციური კონკურენციის მუდმივ „ძაბვას“ არ მიჰყვება Deep state-ის ანუ გადაწყვეტილების მიმღები ბიუროკრატიის ესა თუ ის სეგმენტი.
ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხი გადადის „ლიგალურ“ სფეროში და უკვე თვით ფაქტი ამ სფეროში თემის განხილვისა, დისკომფორტულია იმ ინსტიტუტისთვის (ФСБ), რომელსაც მოუწევს არგუმენტების წარდგენა მოსკოვის სასამართლოში.
თუ არ წარადგინა, მაშინ იმ ინსტიტუტის (სასამართლოს) ამბიცია, მისი „მდგომარეობა“, მისი „გავლენა“ დადგება ეჭვქვეშ.
საბჭოთა პერიოდშიც კი, როცა მრისხანე КГБ იმდროინდელი პროკურატურისგან მოითხოვდა ჩხრეკის უფლებას, პროკურატურა ყოველთვის არ უკმაყოფილებდა.
გასაკვირია თითქოს, მაგრამ ნამდვიალდ ეუბნებდოა ზოგჯერ უარს.
ასეთია ბიუროკრატიის ბუნება. მისი ინსტიტუციური თვისება.
ამიტომ „აზრი“ ნამდვილად აქვს მოსკოვის სასამართლოში ჩივილს.
თანაც აფხაზებს ჰყავთ „ლობი“ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში ადიღურ/ჩერქეზული წარმომავლობის დეპუტატთა სახით...... ასევე მძლავრი ლობი პრეზიდენტთან არსებულ ადამიანის უფლებათა საბჭოში.
ისევ და ისევ ამ ლიგალური ბიუროკრატიული, თუმცა რეალურად არსებული და ფუნქციონირებადი ინსტიტუტების გამოყენებით მათ შეუძლიათ არა იმდენად ФСБ-ს გადაწყვეტილების შეცვლა, რამდენადაც საპასუხო პრობლემების შექმნა სახელისუფლებო ინსტიტუტთა იმ სეგმენტებისთვის, რომლებიც სეპარატისტთა „დასჯის“ გადაწყვეტილებას იღებენ.
გაეროშიც (ადამიანის უფლებათა კომიტეტში) გააგზავნიან სეპარატისტები საჩივარს. ასევე სტრასბურგის სასამართლოშიც, როგორც რუსეთის მოქალაქეები, რომელთა უფლება რუსულმა სახელმწიფომ დაარღვია.
ეს ისტორია არის კლასიკური ნიმუში ე.წ. „ინტეგრალური სეპარატიზმისა“.
აფხაზები „აგრესიული, სისხლიანი სეპარატიზმის“ ტექნოლოგიებს იყენებდნენ საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა „ინტეგრალურ სეპარატიზმს“ ინსტრუმენტალიზირებენ რუსეთის მიმართ, როდესაც სარგებლობენ მისი რესურსებით, მისი პასპორტებით, მისი ელექტროენერგიით, საბიუჯეტო ასიგნებებით, მაგრამ მოსკოვის მოთხოვნებს არ ასრულებენ და არც შეასრულებენ.
აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება ამ მხრივ მას შემდეგ, რაც ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების“ შედეგად პრეზიდენტი გახდება ბადრა გუნბა.
არც „აპარტამენტების“ ხელშეკრულებას დაარატიფიცირებენ და არც რუსულ დასახლებებს შექმნიან.
სამაგიეროდ, კვარჭიასა და მიქავას რეაქცია აფრთხილებს მოსკოვს, რომ დამატებით არ მიმართოს ამგვარ ზომებს, თორემ იმავე „ლობის“ გამოყენებით ხმაური რუსული „პარლამენტის“ დონეზეც ატყდება.
სწორედ ამგვარი ტექნოლოგიების შედეგია, რომ პუტინმა ფაქტობრივად გაუშვა „აფხაზეთის კურატორობიდან“ ვიცე-პრემიერი კოზაკი, ვისაც სოხუმის მიმართ მკაცრი პოზიცია ჰქონდა (ელექტროენერგიის შეწყვეტა, ფინანსური გადარიცხვების შეწყვეტა......) და მის ნაცვლად დანიშნა აფხაზეთის მკვიდრი, ექს-პრემიერი სერგეი კირიენკო, ვინც სეპარატისტებს ყველაფერი აღუდგინა: „ახლა კიდევ აფხაზეთთან(აც) დაპირისპირების დრო არ არის“ არგუმენტით.
აფხაზეთში აქტიურად აკომენტარებენ საპრეზიდენტო არჩევნებს და სოხუმის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ჯერ კიდევ პირველი ტურის დროს დაეხურა საარჩევნო უბანი თურქეთში.
იმ ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონში, სადაც უამრავი აფხაზი ცხოვრობს - მუჰაჯირთა ანუ XIX საუკუნეში გადასახლებულთა შთამომავლები.
ბევრი ვარაუდი გამოითქვა იმის შესახებ, თუ რატომ მიიღო სოხუმმა ეს გადაწყვეტილება.
წერდნენ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სთხოვა თურქეთის ხელისუფლებას, არ დაეშვა ე.წ. „არჩევნები“, თუკი ანკარა ცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და რომ თითქოს (ამ ვერსიის შესაბამისად) თურქეთის ხელისუფლებამ დახურულ კარს მიღმა სთხოვა სეპარატისტებს არ გაეხსნათ საარჩევნო უბანი.....
ოღონდ არსებობს მეორე ვერსიაც და ეს ვერსია სულ უფრო მეტ დამაჯერებლობას იძენს: „პრორუს“ კანდიდატს, ბადრა გუნბას, ვისაც ღიად მხარს უჭერდა მოსკოვი, უპირისპირდებოდა ადგურ არძინბა (ე.წ. „თურქული კოლეჯის“ კურსდამთავრებული), ვისაც „პროთურქულობას“ აბრალებდნენ და ვითომდაც „ანტიმოსკოვურობას“.
თუ არჩევნები ჩატარდებოდა თურქეთში, ყველა სოციოლოგიური გამოკითხვით, სწორედ ადგურ არძინბა მიიღებდა შეუდარებლად მეტ ხმას, ვიდრე ბადრა გუნბა.
ეს გარემოება კი მოსკოვს აჩვენებდა, რომ ჯერ ერთი, ადგურ არძინბა და მთლიანად აფხაზური „ოპოზიცია“ არის „პროთურქული ძალა“, რაც გაართულებდა ზოგადად აფხაზური ელიტების ეშმაკურ თამაშებს მოსკოვთან და მეორეც, მოსკოვს დაარწმუნებდა აგრეთვე იმაში, რომ თურქეთში მცხოვრები აფხაზური დიასპორა კონსოლიდირებულად ანტირუსულია.
რასაკვირველია ანტირუსულია: აბა რუსებმა გაყარეს მათი წინაპრები სამშობლოდან და როგორ შეიძლება ანტირუსები არ იყონ?
მაგრამ ამის ღიად აფიშირება აფხაზებს არ აწყობდათ.
საინტერესო ფაქტია, რომ აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როდესაც სტამბული-სოჭის რეისით რამდენიმე აფხაზი ჩამოფრინდა სოჭში, რათა შემდეგ აფხაზეთში გადასულიყვნენ და არცევნებში მიეღოთ მონაწილეობა, ФСБ-მ რამდენიმე ასეთი თურქეთის და აფხაზეთის მოქალაქე (იმათაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ) ჯერ დააყოვნა ადლერის (სოჭის) აეროპორტში და შემდეგ უკან, თურქეთში გააძევა უბოდიშოდ.
ამით აფხაზურ ელიტებს მიანიშნა, რომ თურქეთში მცხოვრები აფხაზების აქტიურობით უკმაყოფილოა.
და რომ ეს საკითხი განეკუთვნება რუსეთის A კლასის სტრატეგიულ ინტერესებს, ხოლო მოსკოვმა „აპარტამენტები“ და „პრივატიზება“ და სხვა B კლასის სტრატეგიული ინტერესების დაუკმაყოფილებლობა კიდევ შეიძლება „მოუთმინოს“, „გაუტაროს“ აფხაზურ ელიტებს, მაგრამ.......თურქეთის სახელმწიფოსთან ანუ რუსეთის სტრატეგიულ რეგიონულ მოწინააღმდეგესთან გეოპოლიტიკურ „ფლირტს“ არ გაუტარებს...... და აი მაშინ კი ნამდვილად შეუწყვეტს სრულად დაფინანსებასაც და შესაძლოა საზღვარიც ჩაუკეტოს.