ირინა სარიშვილი საქართველოს პრეზიდენტობისათვის ემზადება?

ირინა სარიშვილი საქართველოს პრეზიდენტობისათვის ემზადება?

 

    რამდენიმე დღის წინ პრესაში გამოქვეყნდა თბილისში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელთა თანახმად, ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე, ირინა სარიშვილი-ჭანტურია რეიტინგით მეორე ადგილზეა საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის, ედუარდ შევარდნაძის შემდეგ.
    მართალია სხვაობა «პირველ» და «მეორე» ადგილებს შორის ძალზე დიდია, მაგრამ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ამ შემთხვევაში არა აქვს; მთავარია, რომ ირინა სარიშვილმა, როგორც ჩანს, მტკიცედ დაიმკვიდრა ადგილი «საპრეზიდენტო რეიტინგში» და მისი ფიგურა უეჭველად უნდა მოიაზრებოდეს 2000 ან 2005 წლის არჩევნების კონტექსტში.
    მით უმეტეს, რომ თავად ირინა სარიშვილს საქართველოს პრეზიდენტობაზე პრეტენზია ნამდვილად აქვს: ჯერ კიდევ გასულ წელს, კონსტიტუციის განხილვისას, იგი მოითხოვდა «საპრეზიდენტო ცენზის» შემცირებას 35 წლიდან - 32 წლამდე. ეს იმას არ ნიშნავს, თითქოს მას უკვე მაშინ სურდა არჩევნებში მონაწილეობის მიღება, მაგრამ ამ დემარშით იგი საკუთარ პრეტენზიასაც აფიქსირებდა. ეს პრეტენზია კი მხოლოდ გია ჭანტურიას მკვლელობის შემდეგ გაუჩნდა, ვინაიდან ეროვნულ- დემოკრატიული პარტიის აწ გარდაცვლილი ლიდერი ამ პარტიიდან საქართველოს პრეზიდენტობის ერთადერთ კანდიდატად ითვლებოდა და არც თუ უსაფუძვლოდ.
    ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში ირინა სარიშვილმა განაცხადა, რომ «21-ე საუკუნის დასაწყისში საქართველოს სრულიად ახალი ტიპის პრეზიდენტი ეყოლება». როგორც ჩანს, იგი დარწმუნებულია წარმატებაში და დღეიდანვე იწყებს მზადებას არჩევნებისათვის. ყველა მისი ქმედება და გადაწყვეტილება ამ მიზანს ემსახურება.
    სარიშვილის მიერ ედპ-ში მოწყობილი «წმენდის» შედეგად თვისობრივად შეიცვალა პარტიის ელიტა. თავმჯდომარემ მოიშორა არალოიალური «მთავარი კომიტეტი» და საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებას შეუდგა.
    ეს გუნდი მას ხელს შეუწყობს კარგად მოემზადოს მომავალი ბატალიებისათვის, ხოლო წარმატების შემთხვევაში «პრეზიდენტის გუნდადაც» იქცევა.
    ამავე დროს, ირინა სარიშვილი-ჭანტურია ცდილობს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფუნქციაც მოიპოვოს და, ამ თვალსაზრისით, ძალზე მოხერხებულად იყენებს «ნავთობსადენის პრობლემას». ფაქტობრივად, სარიშვილის ყოველი გამოსვლა ან ვოიაჟი დასავლეთში ამ თემას უკავშირდება ამა თუ იმ ფორმით.
    ედპ-ს თავმჯდომარეს იმედი აქვს, რომ დასავლეთისათვის იგი საქართველოში ნავთობსადენის (და ზოგადად ტრანზიტის) პოლიტიკურ გარანტად იქცევა. სწორედ ამას გულისხმობს ირინა სარიშვილი, როდესაც საუბრობს «ნავთობის პარტიაზე». მას სურს მოიპოვოს არა მხოლოდ გავლენიანი (და მდიდარი) დასავლური წრეების მხარდაჭერა, არამედ «შიდა» არგუმენტიც საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე წარმატების მისაღწევად.
    ბრძოლის პროცესში გარდაუვალია ირინა სარიშვილის დაახლოება «ეროვნული მოძრაობიდან» მომავალ სხვა პარტიებთან და დაჯგუფებებთან, რომელთაც ერთიანი ლიდერი სჭირდებათ პოლიტიკური ნიშნის შესანარჩუნებლად.
    ასევე გარდაუვალია მისი დაპირისპირება «ახალგაზრდა მოქალაქეებთან,» რომელთაც შევარდნაძის მემკვიდრეობაზე აქვთ პრეტენზია. უპირველეს ყოვლისა კი, ზურაბ ჟვანიასთან.
    2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ედუარდ შევარდნაძე კვლავ მიიღებს მონაწილეობას და ისევ უალტერნატივო ფიგურა იქნება. თუმცა, ირინა სარიშვილიც, ალბათ, წამოაყენებს თავის კანდიდატურას, რათა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობა დააფიქსიროს. 2005 წელს კი ნამდვილი ბრძოლა გაიმართება.
    ცნობილმა ნათელმხილველმა, ვანგამ ერთ-ერთ ქართველ სტუმარს უთხრა, რომ მესამე ათასწლეულის დასაწყისში საქართველოს ლიდერი ქალი გახდება. არ არის გამორიცხული, ეს წინასწარმეტყველება ახდეს. თუმცა ბოროტი ენები ამბობენ, რომ ვანგა ხშირად ეუბნება მსმენელს იმას, რაც მას სურს გაიგონოს - 2005 წელს საქართველოს მოსახლეობას ხომ ჯერ კიდევ კარგად ეხსომება 1991 წელი.

«მერიდიანი», 5 ივლისი, 1996 წელი.