საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ივლისი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ივლისი. 2023 წელი

დღეს დილით უკრაინამ კვლავ დაბომბა უპილოტო თვითმკვლელი აპარატებით მოსკოვის ცენტრი. ერთი დრონი ბიზნეს-ცენტრს მოხვდა, აფეთქდა და სერიოზული ზიანი მიაყენა შენობას. მეორე რუსეთის თავდაცვის სამინისტროდან ახლოს ჩამოვარდა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინა მოსკოვს მუდამ (!) უტევს იმ დროს (დილით ან ღამით) როცა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში იქნება გამორიცხული.

არც ეკლესიებს ბომბავს, როგორც რუსეთმა დაბომბა და დაანგრია სპასო-პრეობრაჟენსკი ტაძარი ოდესაში.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

დასავლური მედია (BBC) იტყობინება, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ზაპოროჟიეში გააფთრებული ბრძოლების პარალელურად (სადაც უკრაინელებმა ზოგიერთ მონაკვეთზე რუსული თავდაცვითი ზღუდის პირველი ხაზი გაარღვიეს და  მეორეს უტევენ) დაიწყო რუსული ძალების კონცენტრაცია ფრონტის ჩრდილოეთით ანუ ხარკოვის მიმართულებით.

იქ რუსეთმა 100 000 მებრძოლი გადაისროლა.

სამხედრო აღწერილობით ძალთა კონცენტრაცია შემდეგია: 1 000 მეომარი, 10 ტანკი და 4 ზალპური ცეცხლის საარტილერიო დანადგარი ფრონტის ერთ კილომეტრზე.

ეს ძალიან დიდი ძალაა თეორიულად.

ანუ რუსები აშკარად გეგმავენ ხარკოვისკენ შეტევას თუ უკრაინამ მათი თავდაცვითი ზღუდის მეორე ეშელონიც გაარღვია სამხრეთით - ზაპოროჟიეს ნაწილში რუსულ-უკრაინული ფრონტისა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს დასავლეთში ე.წ. `ვაგნერის` მებრძოლთა გამოჩენა ბელორუსის ტერიტორიაზე.

ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ისინი რაიმე სამხედრო საფრთხეს წარმოადგენენ თავისთავად: ეს `ვაგნერი` არათუ NATO-ს, არამედ პოლონეთის არმიის (`ვოისკო პოლსკოგო`) ერთ პოლკსაც კი `ლუკმად არ ეყოფა`.

შეშფოთების საფუძველი სხვაა: ხომ არ აპირებს პუტინი, ბელორუსის დიქტატორ ლუკაშენკოს დახმარებით და ვითომ `ვაგნერის` ან რეალური `ვაგნერის` გამოყენებით.....ე.წ. `ჰიბრიდული ომის გაჩაღებას` პოლონეთის (უპირველესად სწორედ პოლონეთის) წინააღმდეგ?

ისე, რომ მიზანი იყოს არა პოლონეთის რაიმე ტერიტორიის დაპყრობა, არამედ დესტაბილიზაცია, საზღვარზე პროვოკაციების მოწყობა, პოლონურ საზოგადოებაში და ევროპულ საზოგადოებაში შიშნეულობს პროვოცირება......რათა ევროპაში გააქტიურდნენ ძალები, რომლებიც უკრაინის დახმარების წინააღმდეგნი არიან.

ცხადია, პოლონეთი უკრაინის დაცვისას დასავლეთის მთავარო ფორპოსტია!

ეს რისკები რომ რეალურია და პუტინს `აარაფერი დაუშლის`, დადასტურდა გუშინ, პუტინ-ლუკაშენკოს შეხვედრაზე, როდესაც ეს ორი აგრესორი მსჯელობდა, რომ თურმე `პოლონეთი დაქირავებულებს აგზავნის უკრაინის ფრონტზე და ბელორუსის საზღვარზეც ცდილობს ვითარების დესტაბილიზაციასო`.

ანუ, სრულიად აშკარად იკითხება გზავნილი: რაკი თქვენ აგზავნით დაქირავებულებს უკრაინაში, ჩვენც გამოვაგზავნით ვაგნერს და სიტუაციას აგირევთ პოლონეთში. `მერე კი ვიტყვით, რომ ეს არის უკონტროლო `ვაგნერი` და ჩვენ არ ვაგებთ პასუხს`.

სრულებითაც არ არის გამორიცხული, პუტინი ასეთ `ჰიბრიდულ ესკალაციაზე` წავიდეს. იგი თანდათან უახლოვდება ზღვარს, როცა `დასაკარგი` ბევრიც არაფერი ექნება.

 

გუშინ ცნობილი გახდა, რომ პოლონეთმა ბელორუსის საზღვართან `ვოისკო პოლსკოგო` -ს დამატებითი ქვედანაყოფები გადაისროლა.

საბედნიეროდ, იქ სიტუაცია კონტროლდება, საზღვარი მკაფიოა და არ არის სიტუაცია ისე `არეული`, როგორც დონბასზე 2014-2022 წლებში ან ცხინვალის რეგიონში, სადაც ქართული და ოსური სოფლები იყო `ერთმანეთში არეული`  და პუტინს უადვილდებოდა ამ მზაკვრული `პროქსი-ჰიბრიდული` პროვოკაციების განხორციელება.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

26 ივლისს გაიმართება NATO-უკრაინის საბჭოს სხდომა, რომელიც მიეძღვნება `ხორბლის გარიგების` დაბლოკვას რუსეთის მიერ და უკრაინული პორტების (პირველ რიგში ოდესას) ბარბაროსულ დაბომბვებს, რაც პირდაპირ უკავშირდება პუტინის აგრესიულ გადაწყვეტილებას, გავიდეს `ხორბლის გარიგებიდან`.

ახლა რუსი დიქტატორი ცდილობს გაანადგუროს უკრაინის საპორტო ინფრასტრუქტურა, თუმცა პარალელურად ეკლესიებს ბომბავს ოდესაში და ბავშვებს ხოცავს.

NATO-უკრაინის საბჭო ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა.

მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს არის `საბჭო` და არა `კომისია` (როგორც საქართველოს შემთხვევაში). შეიძლება ითქვას, ესაა პირველი ნაბიჯი უკრაინის აღიარებისკენ `ბლოკგარეშე  მოკავშირედ`, რის თაობაზეც გადაწყვეტილება, ალიანსმა, სამწუხაროდ ვილნიუსის სამიტზე არ მიიღო.

უფრო სწორად `ვერ მიიღო` გერმანიის და საფრანგეთის წინააღმდეგობის გამო პირველ რიგში, რაკი ერიდებიან რუსეთთან პირდაპირ სამხედრო ესკალაციას.

მართლაც, თუკი უკრაინა NATO-ს `ბლოკგარეშე მოკავშირე` იქნებოდა, რა ლოგიკით შეიძლებოდა უარი ეთქვათ შავ ზღვაზე, ნეიტრალურ წყლებში (!) უკრაინული ხორბლით დატვირთული გემების დაცვაზე?

26 ივლისის სხდომა გაიმართება ელჩების დონეზე. დამკვირვებლებისათვის ეს იმას ნიშნავს, რომ გემების დაცვაზე ჯერ-ჯერობით ლაპარაკი ზედმეტია, თუმცა, არ არის გამორიცხული ის `კომპრომისული` გადაწყვეტილებები მაინც მიიღონ, რომ უკრაინას ახალი მძლავრი იარაღი მიაწოდონ.

მაგალითად შორსმწვდომი რაკეტები ATACMS რისგანაც ამერიკის ადმინისტრაცია ჯერ-ჯერობით თავს იკავებს.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ამერიკული დიპლომატია (რომელსაც ძაააააალიან ბევრი რამ შეუძლია) ახლა მოქმედებს ყველა სხვა, არასაომარი ბერკეტების გამოყენებით.

კერძოდ, სახელმწიფო დეპარტამენტშიც და თეთრ სახლშიც შესანიშნავად იციან, რომ პუტინის `ხორბლის ბლოკადის` სუსტი წერტილია აფრიკისა და აზიის სახელმწიფოების აშკარა უკმაყოფილება: მათ უძვირდებათ ხორბალი და არსებობს მასობრივი შიმშილის საფრთხე, რასაც შეიძლება მოჰყვეს კონფლიქტები, ომები და ასე შემდეგ - როგორც არაერთხელ მომხდარა წარსულში.

ამიტომ ამერიკელები სთხოვენ აფრიკის ქვეყნებს, განახორციელონ ზეწოლა პუტინზე.

გუშინ კრემლის ბინადარმა გამოაქვეყნა პრეტენზიული სტატია `რუსეთი და აფრიკა`, რომელშიც აფრიკის კონტინენტზე კრემლის პოზიციათა გაძლიერების სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა. როგორც სსრკ დროს იყო, როცა დასავლეთი და მოსკოვის `ვარშავის ბლოკი` აფრიკაში პირდაპირი ან `პროქსი` ომებით ებრძოდნენ ერთმანეთს.

თუმცა..... სად სსრკ და `ვარშავის ბლოკის` შესაძლებლობები, ანუ სად 1970-80-იანი წლები და სად დღევანდელობა - ბანდიტმა პრიგოჟინმა რომ კინაღამ დაამხო რუსეთის `ისტორიული სახელმწიფო`?

27-28 ივლისს მოსკოვში დაგეგმილია რუსეთ-აფრიკის სამიტი. ამერიკელებმა ეს რასაკვირველია იციან და იმაზე მუშაობენ ახლა, რომ აფრიკის სახელმწიფოებმა პუტინის სამიტს ბოიკოტი გამოუცხადონ.

ეს `კრემლის ბინადარის` კიდევ ერთი კრახი გამოვა; თუ მთლიანად არა, ნაწილობრივ მაინც.

პოლიტიკა და დიპლომატია ხომ...... `იგივე ომია ოღონდ სხვა მეთოდებით`.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა, რომ რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება შორეულ აღმოსავლეთში განალაგოს სტრატეგიული რაკეტმზიდი თვითმფრინავები ТУ-160.

ექსპერტები აღიარებენ, რომ ეს თვითმფრინავი საბჭოთა კავშირის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს მართლა `გამოუვიდა` იმ აზრით, რომ ძლიერი სამხედრო მანქანაა, თუმცა ავიონიკის და ელექტროობის დიდი ნაწილი, როგორც ყოველთვის, დასავლეთიდან `მოპარულია` ან ნაყიდია ამერიკელი და ევროპელი `სასარგებლო იდიოტებისგან`.

თუმცა ასეა თუ ისე, ეს ზებგერითი თვითმფრინავი მეტად საშიში იარაღია.

ოღონდ აქ განსაკუთრებით საინტერესოა, რით ხსნის რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მასთან დაახლოებული ექსპერტული რუსული `საზოგადოება` ატომური იარაღის ტარების შემძლე ამ თვითმფრინავების განლაგებას შორეულ აღმოსავლეთში.

ხსნიან არა ამერიკის აქტივობით წყნარ ოკეანეში, არამედ.....იაპონიის გააქტიურებით; იაპონიის (დღეს ამერიკის უახლოესი მოკავშირის ამ რეგიონში) შეიარაღებულ ძალთა ზრდით და იმით, რომ იაპონიამ დღემდე არ აღიარა (თურმე) კურილიის კუნძულების ანექსია სსრკ-ს მიერ 1945 წელს.

აქვე უნდა ითქვას, რომ სწორედაც იაპონიის გარშემო, წყნარი ოკეანის აუზში ძალიან რთული და რაფინირებული `საჭადრაკო პარტია` მიმდინარეობს ერთდროულად რამდენიმე `დაფაზე`: იაპონია გენიალური ერია (The Nation) - საკმარისია მას ამერიკამ მოუხსნას ის შეზღუდვები, რაც ამ ქვეყანას მეორე მსოფლიო ომის და ამერიკული ჯარის მიერ ოკუპაციის შედეგად დაუწესდა, რომ....იაპონია სულ მალე იქცევა რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევ სამხედრო (!) პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ `მოთამაშედ`.

ჯერ-ჯერობით კი იაპონიას არც არმიის გაზრდის არც სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის განვითარების უფლება არა აქვს. არადა, ამერიკას იგი სჭირდება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ ჩინეთის `დასაბალანსებლად` წყნარი ოკეანის აუზში და იმავე შორეულ აღმოსავლეთში.

მეორე მსოფლიო ომი ისტორიას ჩაბარდა. ახალი ეპოქაა - არავის ისე არ ეხერხება ახალი ეპოქის მოცემულობათა აღქმა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებს. მით უმეტეს, რომ ეს ახალი მოცემულობები განვლილი 85 წლის მანძილზე სწორედ ამერიკამ შექმნა.

ამიტომ, ექსპერტთა უმრავლესობა პროგნოზირებს, რომ იაპონიას ადრე თუ გვიან აუცილებლად ვიხილავთ მინიმუმ სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებაში AUKUS (ავსტრალია, დიდი ბრიტანეთი, ამერიკა), ხოლო მაქსიმუმ......NATO-შიც.

თუ ალიანსში გაიმარჯვა იმ ჯერ-ჯერობით ფრთხილად გამოთქმულმა მოსაზრებამ, რომ NATO გლობალურ ორგანიზაციად უნდა იქცეს და მხოლოდ ევრო-ატლანტიკური სივრცით არ უნდა შემოიფარგლოს.