რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელად ემზადება!   საქართველოს ხელისუფლება კი «ბუზებს» ითვლის        

რუსეთი საქართველოში შემოსაჭრელად ემზადება!   საქართველოს ხელისუფლება კი «ბუზებს» ითვლის        

        პროცესები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში იმდენად ავისმომასწავებლად ვითარდება, რომ რიგითი ჟურნალისტიც კი ვალდებულია, შეძლებისდაგვარად ატეხოს საქვეყნო განგაში, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება (მთლიანად) და კონკრეტულად - სათანადო უწყებები «ახლადშობილ ხბოსავით პირდაღებულნი» ადევნებენ თვალს მოვლენებს და არანაირ ზომებს არ იღებენ უკვე გარდაუვალი აგრესიის თავიდან ასაცილებლად.
        სრული პასუხისმგებლობით შეიძლება ითქვას, რომ რუსეთი ამზადებს პირდაპირ აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ.
        ამ ფაქტის დასადასტურებლად საკმარისია ყურადღებით გავაანალიზოთ პროცესები, მათი შინაგანი ვექტორის გათვალისწინებით.
        ის, რაც ჩეჩნეთში ხდება, მხოლოდ «აისბერგის მწვერვალია». სინამდვილეში კი, ჩეჩნეთის პრობლემა რუსეთის მხრიდან გამოიყენება, როგორც ერთგვარი კატალიზატორი, «გეოპოლიტიკური დომინოს» პირველი ქვა, რომლის წაქცევით ხდება სხვა პროცესების პროვოცირება.
        ალბათ ყველას გახსოვთ სანახაობა, რომელიც პირველად ბელგიელმა ძმებში მოაწყვეს ბრიუსელში 1978 წელს: დომინოს მეშვეობით ააშენეს კოშკები, სხვადასხვა ფიგურები, შემდეგ პირველ «ქვას» წაჰკრეს ხელი და დაიწყო, გაიშალა ლამაზი ნახატები, დაიქოქა მანქანები, ჰაერში აფრინდნენ ბუშტები და ა.შ.» ამას დაერქვა «დომინოს პრინციპი» (ბოდიშს ვიხდი ასეთი შედარებისთვის - ავტ.).
        არ დაიჯეროთ, თითქოს რუსეთის მხრიდან ამჟამად საქართველოს წინააღმდეგ გაშლილი საინფორმაციო ომი მხოლოდ იმ მიზანს ისახავს, რომ შატილსა და ომალოში რუსი მესაზღვრეების ჩაყენებაზე დაგვითანხმონ.
        სინამდვილეში, «დომინოს პრინციპი» იმთავითვე ითვალისწინებდა ჩეჩნეთის საბაბით საქართველოს წინააღმდეგ აგრესიას. აქ უფრო სტრატეგიულ გათვლასთან გვაქვს საქმე, ვიდრე «ტაქტიკურ მიზეზთან».
        რუსეთის ხელისუფლებასა და ზოგადად რუსულ ისტებლიშმენტში რამდენიმე «ანალიტიკური ცენტრი» ფუნქციობს, რომელთა დასკვნა ერთმნიშვნელოვანი იყო. იგი კიდეც «ჟონავდა» დროდადრო ნეოიმპერიალისტური «ნეზავისიმაია გაზეტასა» თუ სხვა გამოცემათა ფურცლებზე «ზატულინების», «მიგრანიანებისა» და «ყარაღანოვების» ნააზრევში.
        დედააზრი ამ ანალიზისა გამოიხატება შემდეგში: «თუ რუსეთი კვლავ დარჩება ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესთა პასიურ დამკვირვებლად, იგი სულ მალე დაკარგავს გავლენას ამ რეგიონებზე, რაც ადრე თუ გვიან აუცილებლად გამოიწვევს თვით რუსეთის დეზინტეგრაციას».
        ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში სულ უფრო აქტიურად შემოდის ამერიკული კაპიტალი, ენერგომატარებელთა (ყაზახური, აზერბაიჯანული ნავთობისა და თურქმენული გაზის) ტრანსპორტირება, სამხრეთის კორიდორით (კასპიის აუზიდან - საქართველოს გავლით) განამტკიცებს ამ სახელმწიფოებს და უფრო შეამცირებს რუსეთის გავლენას, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის რუსეთის გრძელვადიან სასიცოცხლო ინტერესებს».
        ეს დასკვნა თავისთავად მოიცავდა და გულისხმობდა ძირითად «კონტრზომას»: «რუსეთმა არ უნდა დაუშვას დასავლეთის «შემოსვლა» კასპიის აუზში, - ამისათვის აუცილებელია «საკომუნიკაციო პროექტების» ჩაშლა, თავის მხრივ კი საამისოდ «საკმარისი იქნება» საქართველოს დერეფნის დახშობა, საქართველოში დესტაბილიზაცია, ანტიეროვნული ძალების მოყვანა ხელისუფლებაში ან, უკიდურეს შემთხვევაში, პირდაპირი აგრესია.
        «უკიდურესი ზომების» აუცილებლობა მოსკოვში მას შემდეგ აღიარეს, რაც დარწმუნდნენ, რომ «ელიავას ამბოხიდან» არაფერი გამოვიდა, არც საპარლამენტო გზით მოხერხდებოდა საქართველოს კურსის შეცვლა, ვინაიდან ნებისმიერი ხელისუფლება აუცილებლად განაგრძობდა «ნავთობსადენის» აგებას, რაც ქვეყნისათვის უაღრესად ხელსაყრელია ნებისმიერი თვალსაზრისით.
        გარდა ამისა, სადღაც 1999 წლის ზაფხულისათვის, მოსკოვში საბოლოოდ დარწმუნდნენ, რომ «დიდი ნავთობისა» და «დიდი გაზის» საქართველოს გავლით ტრანსპორტირება გარდაუვალი ხდებოდა - ეს იცოდნენ 18 ნოემბრამდე დიდი ხნით ადრე, ამიტომ სტამბულში, ამერიკის პრეზიდენტის მონაწილეობით დოკუმენტების ხელმოწერა მათთვის მოულოდნელი ნამდვილად არ ყოფილა.
      კრემლმა დაიწყო ზემოთხსენებული უკიდურესი ვარიანტის განხორციელება, რომელიც, ყველაფერთან ერთად, მმართველ დაჯგუფებას ხელისუფლების შენარჩუნების შანსსაც აძლევდა (პუტინი ელცინის მემკვიდრედ გამოცხადდა).
        ივლისში, ელცინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვოლოშინი რიწის ტბაზე შეხვდა შამილ ბასაევს, ბორის ბერეზოვსკიმ კი მახაშევ-უდუგოვთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შედეგად, სპეცსამსახურთა მეშვეობით მოახერხა ცნობილი მოვლენების პროვოცირება და ჩეჩნეთის ტერიტორიაზე მომზადებული ვაჰაბიტების შეტყუება დაღესტანში.
        ამის შემდეგ დაიწყო ჩეჩნეთის ომი (ასეც იყო წინასწარ განსაზღვრული); ჩეჩნეთი იქცა «პირველ ქვად», რომელზე «წაკვრის შედეგად» უნდა გაიშალოს მრავალგანზომილებიანი, მრავალვექტორიანი პროცესი «დომინოს პრინციპით», - ერთდროულად, რამდენიმე მიმართულებით.
        ძირითადი სამიზნე, რა თქმა უნდა, საქართველოა, ვინაიდან საქართველოს «ჩახერგვით» მთლიანად კეტავენ კასპიის აუზიდან ენერგომატარებელთა ტრანსპორტირების გზას.
        მიმდინარეობს მიზანმიმართული პროპაგანდისტული კამპანია «ჩეჩნეთის მოვლენებში საქართველოს ვითომდაც მონაწილეობის» თაობაზე; ამით ამზადებენ საზოგადოებრივ აზრს აგრესიის გასამართლებლად. დრო ცოტა დარჩათ, ვინაიდან რუსეთის ჯარის გაყვანა უკვე დაიწყო საქართველოდან.
        «ჩახმახი შემართულია» - საქართველოს ხელისუფლება კი ამასობაში კვლავინდებურად «ბუზებს ითვლის».

7 დღე, 26 ნოემბერი, 1999 წელი