სავალუტო ფონდის «ყვითელი ბარათი»

სავალუტო ფონდის «ყვითელი ბარათი»

     

        საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელიც ამჟამად საინსპექციო ვიზიტით იმყოფება საქართველოში, შეიძლება «წინასწარად» ჩაითვალოს, ვინაიდან მან მხოლოდ «საშუალედო» გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.
        ფონდთან მოლაპარაკებაში გამობრძმედილი «კომპეტენტური პირები» ფინანსთა და საგადასახადო სამინისტროებში აცხადებენ: საეჭვოა, სავალუტო ფონდმა ამჟამად საქართველოს პროგრამა შეუწყვიტოს მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულებები ბოლომდე ვერ შესრულდა და საკმოად სერიოზული «გარღვევაა» ბიუჯეტის როგორც «საშემოსავლო», ასევე «არასაშემოსავლო» ნაწილში, მაგრამ ფონდი ზაფხულამდე «გაჭიმავს» საბოლოო ვერდიქტის გამოტანას.
        გუშინდელმა შეხვედრებმა ისიც დაადასტურა, რომ ვაშინგტონის მოთმინება უსასრულო არ არის და თუ ასე გაგრძელდა, პროგრამას აუცილებლად შეწყვეტენ. შემდეგ მის აღდგენას 1 წელი მაინც დასჭირდება, ვინაიდან აუცილებელი იქნება ახალი «რეალური და ძლიერი» ბიუჯეტის შემუშავება. ამასთანავე, მისი შესრულების «შნოს» დემონსტრირებაც.
        რასაკვირველია, საქართველოსთვის «საბიუჯეტო თვალსაზრისითაც» დიდი მნიშვნელობა აქვს «მინისტრთა კაბინეტის» შექმნას, მაგრამ სავალუტო ფონდისთვის ჩვენს «შიდა პროცესებს» და დისკუსიებს არავითარი ფასი არ გააჩნია. სავალუტო ფონდი ყველაფერს განიხილავს ერთი თვალთახედვით: მონეტარისტული რეფორმა, მთლიანი შიდა პროუდქტის ზრდა, მისი მოცულობის შესაბამისად ბიუჯეტის შევსება და საგარეო ვალების უცილობელი გადახდა.
        ფონდის მისიის «პროგნოზირებადი» და კატეგორიული უარი მოჰყვა «მორიგ» წინადადებას სხვადასხვა საგადასახადო ცვლილებებისა და შეღავათების შესახებ. საოცარია, რატომ ვერა და ვერ შეიგნო ჩვენმა «ფისკალურმა ელიტამ»: ფონდი არასდროს არ დაეთანხმება ისეთ წინადადებებს, რაც მონეტარისტულ პრინციპებს ეწინააღმდეგება ან არ უზრუნველყოფს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის სათანადოდ ზრდას.
        აქ ძალიან მარტიივ პასუხია: შეწყვიტეთ ურთიერთობა ჩვენთან (ფონდთან) და მიიღეთ ნებისმიერი ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში. ოღონდ ასეთ შემთხვევაში მარტო მოგიწევთ «ცურვა» მსოფლიოს აბობოქრებულ ფინანსურ ოკეანეში, სადაც შტორმის ძალა წლიდან წლამდე მატულობს.
        საერთოდ, გამაოგნებელია ასევე წლიდან-წლამდე სრულიად არარეალური «ექსპრომტები» ოფიციალური თუ ნახევრადოფიციალური წინადადებების სხაით, რაც განუწყვეტლივ მუსირებს სახელისუფლებო და სამეწარმეო კულუარებში: «ზღვრული ფასებიდან - «ფიქსირებულ გადასახადამდე». არასოდეს ამას სავალუტო ფონდი არ დაეთანხმება - ბიუჯეტის ზრდას მართლაც რომ იწვევდეს. ასეთი ლოგიკით «სახელმწიფო მონოპოლია» ნავთობსა და ძირითად პროდუქციაზე მართლაც სამჯერ გაზრდიდა ბიუჯეტს, მაგრამ ეს ტოტალიტარული სახელმწიფოს «ზედნაშენს» მოითხოვს.
        რაც შეეხება კორუფციას, რომელსაც მისიიდან - მისიამდე «წყევლის» სტუმარ-მასპინძელი, აქ აუცილებლად უნდა გავარკვიოთ, რას გულისხმობდა სავალუტო ფონდის მისია «კორუფციასთან ბრძოლაში». სინამდივლეში «ფონდი» გულისხმობს არა მხოლოდ და არა იმდენად მაღალჩინოსანთა «ვირის აბანოში» ჩაყუდებას (ეს თავისთავად) არამედ, უფრო მეტად, წვრილმანი კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლას და «ჩრდილოვანი ეკონომიკის» ლეგალიზებას, ანუ «ბაზრობების» დახურვას, ფალსიფიცირების აკრძალვას და ასე შემდეგ: ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რაც ასეულობით ათასი ადამიანის უკმაყოფილებას გამოიწვევს და კიდევ უფრო დაძაბავს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში. აქ არის სწორედ პრობლემის კვანძი.

დილის გაზეთი, 26 აპრილი, 2001 წელი