საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ივლისი. 2023 წელი
უკრაინის ფრონტზე გრძელდება გააფთრებული ბრძოლები კლეშჩეევკასთან.
ზოგიერთი ცნობით, უკრაინელებმა ეს დასახლებული პუნქტი და მისი სიმაღლეები აიღეს.
ღმერთმა ქნას სიმართლე იყოს.
კლეშჩეევკას გათავისუფლების შემდეგ უკრაინის არმიას შეუძლია საერთოდ გვერდი აუაროს ბახმუტს და პირდაპირ დონეცკს შეუტიოს ფართო ფრონტით, რაც რუსეთისთვის კატასტროფა იქნება.
გუშინ ვწერდით, რომ დასავლეთში მომზადებული 10 ბრიგადიდან - 8 ბრიგადა უკრაინის სარდლობას ჯერ `საქმეში` არ ჩაურთავს. როგორც ჩანს, სწორედ იქ ჩართავს, სადაც `გარღვევა` მოხდება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ ჩრდილო კორეას ეწვია.
ეს ქვეყანა არ არის - საკონცენტრაციო ბანაკია.
კბილებამდე შეიარაღებული.
მოსკოვის ოფიციოზი (ანუ კრემლთან დაახლოებული მედია და პირდაპირი რუპორებიც) `აქარაგმებენ`, რომ თუ ამერიკა მიაწვდის უკრაინას ATACMS შორსმსროლელ რაკეტებს, მაშინ რუსეთი აღარ გაუგრძელებს ვადას გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციებს კორეის წინააღმდეგ.
ეს კი არა...... განიხილება ასევე სრული სიგიჟეც: რუსეთი მიაწვდის კორეის მშიერ რეჟიმს პურს (მაინც ვერ ყიდის ვერსად სანქციების გამო და..... სანაცვლოდ მიიღებს კოლოსალური რაოდენობით იაფ რაკეტებს და ასეულობით ათას `მოხალისესაც`, რომელიც იომებს უკრაინის ფრონტზე.
ჯერ არა, თუმცა პუტინს ზატულინის მსგავსი `გეოპოლიტოლოგები` ურჩევენ, ამერიკას დაარტყან იქ, სადაც მისი სუსტი წერტილებია ანუ კუბაზე და კორეაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მარცხიანი, მარაზმატული ომის პარალელურად, რუსეთი თანდათან უახლოვდება საკუთარ ტოტალიტარულ, ანტიდემოკრატიულ, ავტოკრატიულ საწყისებს, როგორიც იყო ეს ქვეყანა იმპერატორ ნიკოლოზის დროს, როგორიც იყო სტალინის დროს, როგორიც იყო მეფე ივანე მრისხანეს დროს - ასეულობით ნოვგოროდელი რომ დიდ ტაფაზე შეწვა ცოცხლად პირდაპირი მნიშვნელობით XVI საუკუნეში.
პუტინის `სწრაფი რეაგირების დეპუტატმა` ე.წ. `რუსულ პარლამენტში` (Государственная дума) ალექსანდრე ხინშტეინმა დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომლითაც რუსეთის ტერიტორიაზე 1 დეკემბრიდან აიკრძალება რუსულ საიტზე უცხოური ფოსტით რეგისტრაცია.
ანუ, მაგალითად Google-ის საფოსტო სერვისით Gmail, Apple-ის iCloud ან Microsoft-ის Outlook-ით.
ამიერიდან რუსეთის ტერიტორიაზე ინტერნეტსივრცეში რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება მხოლოდ
ა) ბიომეტრიული მონაცემებით
ბ) რუსული მობილური ოპერატორის ტელეფონის ნომრით.
რეალურად ეს იმას მოასწავებს, რომ დასავლური (ამერიკული ანუ) ტექნოლოგიური და საკომუნიკაციო ტიტანები რუსეთში მუშაობას შეწყვეტენ.
Google-მა თუ მუშაობა შეწყვიტა რუსეთში, მასთან ერთად რუსეთში გაითიშება ამ გენიალური ინდუსტრიის ყველა აპლიკაცია და მაშინ რუსებს ურჩევნიათ გადაყარონ აიფონები ან სამსუნგები, - გადავიდნენ `ფანრიან ნოკიაზე`.
დღემდე პუტინი ამას ვერ ბედავდა, რადგან ეს აპლიკაციები (მათთან დაკავშირებული YouTube-ით) აინტერესებს ათეულობით მილიონ აპოლიტიკურ რუსს. ესაა მთავარი.
თუმცა, რუსეთში სწორედაც დგება მომენტი (რაც არ ყოფილა ელცინის ეპოქიდან მოყოლებული), როდესაც `აპოლიტიკური` უკვე ვეღარ იქნები. `აპოლიტიკური` თუ ხარ და YouTube-ზე კონცერტს თუ უყურებ ნაცვლად იმისა, `ვაენკომატში` გაიქცე და უკრაინის ფრონტზე ჩაეწერო, უკვე მტერი ხარ!
ანუ `ნორმალური` რუსული ტოტალიტარიზმი, როდესაც სახელმწიფო აკონტროლებდა ყველას და ყველაფერს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინი ცდილობს უკრაინის ომი ჩეჩნებს შორის სამოქალაქო ომად გადააქციოს.
რამდენიმე დღის წინ ჩეჩნურმა რაზმმა, რომელიც შედის უკრაინის არმიის შემადგენლობაში და შედგება პირველი ჩეჩნური ომის (1994 – 1996წწ) და მეორე ჩეჩნური ომის (1999-2005წწ) დროს სამშობლოდან გადახვეწილი ჩეჩნებისგან ახმად ზაკაევის საერთო მეთაურობით, დივერსიული აქტი მოაწყო რუსეთის ბელგოროდის ოლქში.
ანუ ჩეჩნებმა ააფეთქეს სამხედრო სატვირთო ავტომობილი ლიტერათი Z.
შემდეგ ფოტოები და ვიდეო გაავრცელეს ინტერნეტში.
ამის პასუხად, იმ ჩაფრებმა, რომლებიც პუტინს რუსულ `სახელმწიფო სათათბიროში` ჰყავს `ინკორპორირებული` და რეალურად არ წარმოადგენენ ჩეჩენ ხალხს, მათ შორის ვინმე დელიმხანოვმა განაცხადეს, რომ რამზან კადიროვის დაჯგუფება Запад სლოგანით `Рамзан-Сила` დაიცავს.....რუსეთის ბელგოროდის ოლქის საზღვარს უკრაინასთან, რათა იქ `ჩეჩენმა ტერორისტებმა არ შეაღწიონო`.
სატირალი იქნებოდა, სასაცილო რომ არ იყოს: ჩეჩნები იცავენ რუსეთ-უკრაინის საზღვარს!
XIX საუკუნის `დიდი კავკასიური ომის` ყველა მონაწილე (ორივე მხრიდან) საფლავში ბრუნავს ალბათ.
იმ ომის მონაწილე ქართველი თავად-აზნაურების ჩათვლით....... გრიგოლ ორბელიანიდან დაწყებული.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ რამდენიმე დღის წინ ჩეჩნეთში გაუჩინარებული ჩეჩენი მომღერალი, ზელიმხან ბაკაევი თურმე პირუტყვი აჰმად კადიროვის ბრძანებით გაუტაციათ, საშინლად უწამებიათ და მხეცურად მოუკლავთ.
`ძაღლივით მოკალითო` - უბრძანებია კადიროვს.
მიზეზი ის ყოფილა, რომ `ჭორები დადის, ეგ LGBT-ა, მე კი ხელი მაქვს მისთვის ჩამორთმეულიო და.....`-ულაპარაკია კადიროვს ვიწრო წრეში.
ჩეჩენი მომღერალი ჩეჩნეთიდან ვერ გარბოდა, რადგან ლოგინად ჩავარდნილ დედას ვერ ტოვებდა.
ჩეჩნეთში აბსოლუტურად ჩვეულებრივი ისტორიაა. გასაკვირი რამზან კადიროვის პირუტყვობა კი არ არის; გასაკვირი ისაა, ამ რეჟიმის შემოქმედ პუტინს ანგელა მერკელი და სხვა დასავლელი ლიდერები რომ თვალებში შესციცინებდნენ ლამის 2022 წლამდე.
მათ შორის 2008 წელსაც და 2014 წელსაც ჯერ კიდევ. ანუ ყირიმის ანექსიისას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში გრძელდება სპექტაკლი (!) ანუ გათამაშებული დაპირისპირება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ე.წ. `აპპარტ-ჰოტელების` თაობაზე, რაც `რუსებზე ბინების ყიდვა-გაყიდვის` კანონპროექტის სახეცვლილი ვარიანტია.
რუსები მუდამ მოითხოვდნენ აფხაზებისგან, დაეკანონებინათ ბინების (ლაპარაკია ქართველი ლტოლვილების ბინებზე) თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა, რათა ბევრი რუსი დასახლებულიყო აფხაზეთში.
აფხაზ სეპარატისტ/ნაცისტებს კი ეს ბინები თურქეთში მცხოვრები აფხაზი `მუჰაჯირებისთვის` სჭირდებათ.
აფხაზური `ოპოზიცია-ხელისუფლების` დაპირისპირების სპექტაკლი(!) კი იმ მიზანს ისახავს, რომ ხელისუფლებას (ამ შემთხვევაში `პრეზიდენტ` ასლან ბჟანიას) ჰქონდეს `სათქმელი` მოსკოვში: `რა ვქნათ, ჩვენ კი ვცდილობთ, მაგრამ....ოპოზიცია არ გვაძლევს საშუალებას.....თანაც მაგ ოპოზიციაში ბევრია ისეთი, რომელიც ჩუმად მოითხოვს საქართველოსთან კომპრომისს (ტ ყ უ ი ლ ი!!!-დ.), დასავლეთთან და NATO-თან დალაპარაკებას.....ჩვენ ეს არ გვინდა და.........`
ახლოვდება 2024 წელი, როდესაც ვადა გასდის `საინვესტიციო ხელშეკრულებას` რუსეთთან. ამ ხელშეკრულებით რუსეთი აფინანსებს აფხაზეთს. უხდის მას პენსიებს და ხელფასებს.
ამიტომ აფხაზებს სჭირდებათ მოსკოვის `დაბოლება`, დროის გაყვანა და მოსკოვის `ლბილად დაშანტაჟება` ვითომდაც საქართველოთი და NATO-თი.
ეს ტაქტიკა მუდამ წარმატებული იყო ადრე. არა მხოლოდ იმიტომ, რომ რუსულ ელიტებს ადეკვატურობა დიდი ხანია დაკარგული აქვთ და მოქმედებენ `ოღონდ NATO-ს წინააღმდეგ` ჩლუნგი ინსტინქტით, არამედ ქართველი `სასარგებლო იდიოტების` მონაწილეობით, რომლებსაც სეპარატისტ/ნაცისტები ასევე უდიდესი ოსტატობით იყენებდნენ მუდამ ამ სპექტაკლებში: `ჩვენ ხომ ძმები ვართ, სანაცვლოდ განა რა საკადრისია ძმებისგან ლტოლვილთა დაბრუნება მოვითხოვოთ........ან თუნდაც გალის რაიონის ბავშვებისთვის ქართულად სწავლება მოვითხოვოთ.......`
რუსეთს იმიტომ სჭირდება აფხაზეთში რუსების ჩასახლება, რომ ის ბინები მართლა მუჰაჯირებს არ დარჩეთ და აფხაზეთში მუჰაჯირები არ გადასახლდნენ. ისინი ხომ აბსოლუტურად უცხონი არიან ე.წ. `რუსსკი მირ`-ისთვის?!
. . . . . . . . . . . . . . . . .
სირიის ცაში ვითარება სულ უფრო იძაბება. ამის თაობაზე უკვე ვწერდით.
და აი კონკრეტული ინციდენტიც: რუსული ავიაგამანადგურებელი `ტექნოლოგიურად` თავს დაესხა ამერიკულ უპილოტო თვითმფრინავს MQ-9.
`ტექნოლოგიურად` იმას ნიშნავს, რომ საბრძოლო რაკეტები არ უსვრია, მაგრამ მაშუქი/გამნათებელი რაკეტებით დააზიანა, რის შედეგადაც ამერიკელებმა დრონი თავის ბაზაზე დასვეს, თუმცა მან მისია ვერ შეასრულა.
რამდენიმე თვის წინ შავ ზღვაზეც იყო ინციდენტი, როდესაც რუსულმა თვითმფრინავმა ამერიკულ დრონს ბენზინი შეასხა ჰაერში, რის შედეგადაც იგი ჩამოვარდა.
სირია არ არის შავი ზღვა!
სირია და ახლო აღმოსავლეთი ამერიკის სასიცოცხლო ინტერესების ზონაა.
იმედი დავიტოვოთ, ერთხელაც იქნება და.....ამერიკელები რუსების ამგვარ თავხედობებს ისეთ პასუხს გასცემენ, როგორიც მათ შეუძლიათ.
თუმცა საამისოდ პოლიტიკური ნებაა საჭირო. ამას სირიის ამერიკულ სექტორში (ჩრდილო-დასავლეთით) მყოფი გენერალი ვერ გადაწყვეტს.