ეთნოწმენდა აფხაზეთში

ეთნოწმენდა აფხაზეთში

მეორე შრე
   

 

    გალის რაიონში საზარელი ტრაგედია ტრიალებს. არძინბა და მისი სეპარატისტული დაჯგუფება ამთავრებს აფხაზეთის ტერიტორიის ეთნიკურ წმენდას. ფიზიკურად ნადგურდება ის ქართველი მოსახლეობა, რომელიც გალის ჩრდილოეთ ნაწილში დარჩა ან ვერ გაუძლო შიმშილს და დაბრუნდა ზუგდიდის რაიონიდან, სადაც ამჟამად ასი ათასამდე ლტოლვილია თავმოყრილი.
    არძინბას დაუნდობლობა და ცინიზმი კვლავდაკვლავ ამჟღავნებს მის მძვინვარე ფანატიზმს, ამჟღავნებს, რომ მას სურს ბოლომდე ამოძირკვოს, ამოწვას, ამობუგოს ყოველივე, რაც ამ ტერიტორიაზე ქართული იყო; წაშალოს ნაკვალევიც კი აფხაზეთში ქართველი კაცის წარსული ცხოვრებისა. ასეთი დონის ფანატიზმი არ შეიძლება ფიზიკურ დეგრადაციაში არ გადადიოდეს.
    ეს პიროვნება უეჭველად ავადმყოფია, მაგრამ მისი ფსიქოზი განსაკუთრებული ხასიათისაა - იგი ეხმარება მას, გამოიყენოს ყველა ინტელექტუალური რესურსი, იმოქმედოს ზუსტად, თითქმის უშეცდომოდ და უაღრესად გონებამახვილურად.

    აფხაზეთში ომის პროვოცირება იმპერიის სპეცსამსახურთა უდიდესი წარმატება იყო. სულ ახლახანს სარწმუნო წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ 1992 წლის აგვისტოში ქართული ჯარების სოხუმში შესვლისა და უზენაესი საბჭოს შენობაზე ქართული დროშის აღმართვის შემდეგ, იმ დროს ქუთაისში მყოფი გენერალი ბეპაევი (ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფების სარდლის მაშინდელი მოადგილე) ტელეფონით დაუკავშირდა სოხუმში ქართული გვარდიის ხელმძღვანელს და უთხრა: «Молодцы ребята, так держать, - желаю успеха» - ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია.
    ის გენერალი დღეს დააწინაურეს (ალბათ დააჯილდოვეს კიდეც) და კავკასიას მოაშორეს. მას შემდეგ დაიწყო ურთულესი თამაში რომელშიც სამივე მხარეს (რუსებს, აფხაზებს, ქართველებს) საკუთარი მიზნები და მისწრაფებები ჰქონდათ. პირველი ორი მხარე, რა თქმა უნდა, საკმაოდ კოორდინირებულად მოქმედებდა. თუმცა, ეს იმას როდი ნიშნავს, თითქოს მათ არავითარი წინააღმდეგობა არ ჰქონიათ ან არა აქვთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არძინბა ან უფრო სრულად ფლობდა ინფორმაციას, ან უფრო ნიჭიერი მოთამაშე აღმოჩნდა. მან უმალვე აამოქმედა ყველა კოზირი და ის საშუალებებიც სრულად გამოიყენა, რომელიც მას იმპერიამ დაუთმო საქართველოს წინააღმდეგ.
    ამის მაგალითად შეიძლება დავასახელოთ «საინფორმაციო იარაღი». ამ ბერკეტს გუდაუთის დაჯგუფება მართლაც დიდოსტატურად იყენებდა და კვლავაც იყენებს ჩვენს წინააღმდეგ.
    განხორციელებულ პოლიტიკურ პროცესს ორი «შრე» ჰქონდა. პირველი საკუთრივ არძინბას მიერ შემუშავებულ მეთოდს მოიცავს. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი, როგორც ჩანს, ბრწყინვალედ ერკვეოდა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებაში. მისი სტრატეგია იმაში მდგომარეობდა (ჯერ კიდევ გამსახურდიას მმართველობის პერიოდიდან), რომ «აფხაზური პრობლემა» საქართველოში სამოქალაქო ომის კატალიზატორად ექცია, რადგან შესანიშნავად ესმოდა: გახლეჩილი და დაქუცმაცებული საქართველო გაცილებით სუსტი მოწინააღმდეგე იქნებოდა, ვიდრე ერთიანი და საერთო მისწრაფებებით შეკავშირებული.
    არძინბას უეჭველად სურდა ომი (რაც, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, თითქოს ომი და სისხლისღვრა სურდა აფხაზ ხალხს) და ამ ომის პროვოცირებისათვის მან ძალზე ზუსტად გამოიყენა ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი.
    გავიხსენოთ მისი თავხედური განცხადებები ომის დაწყებამდე. იგი კატეგორიულად უარს აცხადებდა შეხვედროდა შევარდნაძეს თბილისში ან თუნდაც სოხუმში (შეხვედრა, მისი თქმით, «მესამე ქვეყნის» ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო). გავიხსენოთ ენგურზე გამომწვევად დაყენებული საბაჟო.
    ვიმეორებ: მას სურდა ომის პროვოცირება, რადგან მხოლოდ ამ გზით შეეძლო აფხაზეთში ისტორიულად ჩამოყალიბებული დემოგრაფიული ვითარების შეცვლა, რის გარეშეც სეპარატისტთა ოცნება განუხორციელებელი დარჩებოდა.
    თუ როგორ, რა გზით მოქმედებდნენ რუსები, ზემოთ უკვე ვთქვი. იმასაც შევახსენებ მკითხველს, რომ 1992 წლის სექტემბერში, მოსკოვში გამართულ დიდ «პრეს - კონფერენციაზე» რუსეთის პრეზიდენტს აშკარად ეტყობოდა თუ სიხარული არა, კმაყოფილება მაინც აფხაზეთში ომის დაწყებასთან დაკავშირებით. მისი ეს «კმაყოფილება» ადვილად ასახსნელია - რუსეთმა მაშინ ხელთ იგდო უმძლავრესი ბერკეტი საქართველოში და ჩრდილოეთ კავკასიაში სიტუაციის სამართავად.
    ალბათ ქართულ მხარეს მეტი სიფრთხილე და კეთილგონიერება, ან თუნდაც შორსმჭვრეტელობა მართებდა. პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, ჯაბა იოსელიანმა პირველად განაცხადა ხმამაღლა, რომ იგი კატეგორიული წინააღმდეგი იყო ამ რეგიონში ჯარის შეყვანისა.
    თუ ასეა, უნდა დავასკვნათ: მაშინდელ ხელისუფლებაში ყველაზე გონიერი და შორსმჭვრეტელიც სწორედ ის ყოფილა.
    ქართულმა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველა წვრილმანი იმის შესახებ, თუ როგორ მიიღო ხელისუფლების უმაღლესმა ეშელონმა ეს გადაწყვეტილება. სახელმწიფო საბჭოზე «ხელის შეწმენდა» გაუმართლებელია - ყველამ ვიცით, რომ სახელმწიფო საბჭო არ იღებდა რეალურ გადაწყვეტილებას - გადაწყვეტილებას იღებდა ცნობილი «ოთხეული».

    ამის შესახებ არავინ არაფერი უწყის, მაგრამ მე მკაფიოდ დამამახსოვრდა ერთი ეპიზოდი: რესპუბლიკის მოედანზე გამართულ მიტინგზე (მიტინგი გაიმართა 12 თუ 13 აგვისტოს, როდესაც გვარდია უკვე დაძრული იყო დასავლეთისაკენ) მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, თენგიზ სიგუამ განაცხადა შემდეგი: «ედუარდ შევარდნაძემ გუშინ გვითხრა - გადავდგებიო, მე ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა ღალატი».
    ვიმეორებ: ყველაფერი უნდა გაირკვეს, ყველაფერი უნდა ითქვას გულწრფელად და ბოლომდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორიული პასუხისმგებლობა სავსებით კონკრეტულად იქნება პერსონიფიცირებული.

    არძინბას შემდგომი მოქმედება ქართული პოლიტიკის განსაცვიფრებელ გულუბრყვილობაზე იყო დაფუძნებული. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფორმალურად (ხაზს ვუსვამ - მხოლოდ ფორმალურად) თავად რუსეთს არც ერთი ხელშეკრულება (იმ ცნობილი სამი ხელშეკრულებიდან) არ დაურღვევია, რადგან არც ერთ მათგანში იგი არ ფიქსირდებოდა, როგორც გარანტი. იგი ყველგან ფიგურირებდა მხოლოდ როგორც შუამავალი.
    ეს, ერთის მხრივ, აძლევდა მას საშუალებას მთელი მსოფლიოს თვალწინ მოეხდინა ამ რეგიონში თავისი შეუვალი გავლენის დემონსტრირება, ხოლო მეორე მხრივ, შეენარჩუნებინა სამხედრო-პოლიტიკური პროცესის მართვის ბერკეტები.
    არსად, არც ერთ დოკუმენტში არ იყო დებულება, რომლის თანახმად რუსეთი იღებდა მკაფიო ვალდებულებას - შეეყვანა აფხაზეთში საკუთარი ჯარი და უზრუნველეყო მშვიდობის დამყარება.
    არძინბას (მისი ქართველი პარტნიორისაგან განსხვავებით) ეს ყოველივე შესანიშნავად ესმოდა და ყველა შეთანხმების შემდეგ ქართულ გულარხეინობას იყენებდა საკუთარი პოზიციების გასამაგრებლად ჯერ გაგრასთან, შემდეგ სოხუმის მისადგომებთან.
    ამავე დროს, მან შესანიშნავად იცოდა, რომ ხელშეკრულების ყოველი დარღვევის გამო ქართული მხარის (საზოგადოებრივი აზრის) რისხვა უპირველეს ყოვლისა სწორედ რუსეთის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული. ეს რისხვა, რა თქმა უნდა, სავსებით გამართლებული იყო, მაგრამ რუსეთი იოლად «იჩეჩდა მხრებს» (ფორმალურად, ვიმეორებ, ის სავსებით მართალი იყო) და მიუთითებდა, რომ პასუხისმგებლობა აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე მას დაეკისრებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ განმეორდებოდა «ცხინვალის ვარიანტი» ანუ რეგიონში შეყვანილი იქნებოდა რუსეთის ჯარი და ამ ტერიტორიაზე პრაქტიკულად განხორციელდებოდა კრემლის სუვერენიტეტი (ისევე როგორც სამაჩაბლოში).
    მაგრამ ამ ვარიანტზე ქართული მხარე (რადიკალთა ზეწოლით) არასგზით არ თანხმდებოდა და აფხაზთა ობიექტური სამხედრო უპირატესობა რეალურ შედეგებს იმკიდა.
    ბოლოსდაბოლოს, სექტემბერში, სოჭის ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ, რუსეთმა (გრაჩოვის სახით) უკვე დაუფარავად შესთავაზა შევარდნაძეს აფხაზეთში «ცხინვალის ვარიანტის» განმეორება, ოღონდ დამძიმებული ფორმით (ქართული საჯარისო ფორმირების გარეშე), მაგრამ შევარდნაძემ უარი განაცხადა და ამაშიც მთავარი «დამსახურება» კვლავ და კვლავ არძინბას მიუძღვის.
    გავიხსენოთ: სწორედ იმ დღეებში მან რამდენჯერმე სცადა შევარდნაძესთან დაკავშირება ტელეფონით. ამან შეუქმნა საქართველოს ხელმძღვანელობას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს აფხაზური შეტევა სოხუმზე «სულს ღაფავს», «არძინბას შეეშინდა» და ა.შ.
    სინამდვილეში იმის ეშინოდა, რომ შევარდნაძეს არ მიეღო გრაჩოვის წინადადება - აფხაზეთში ორი რუსული დივიზიის შემოყვანის თაობაზე.
    როდესაც სახელმწიფოს მეთაური თავის შეცდომას მიხვდა, უკვე ძალიან გვიან იყო - აფხაზური გვარდია სოხუმში შემოიჭრა და გარწმუნებთ, რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, რუსეთის ყოვლისშემძლე სამხედრო მანქანაც კი ვერ შეძლებდა მხარეთა დაშორიშორებას კოლოსალური მსხვერპლისა და აფხაზებთან პირდაპირი შეჯახების გარეშე, რაც უეჭველად გამოიწვევდა მასობრივ არეულობას ჩრდილოეთ კავკასიაში.
    რა მოხდა სოჭში გრაჩოვ-შევარდნაძის შეხვედრის დროს? - სიმართლის გარკვევა აქაც აუცილებელია ისევ და ისევ ქართული სახელმწიფოებრიობის ინტერესებიდან გამომდინარე.

    და მაინც, ყოველივე ზემოთქმული მხოლოდ ზედაპირული, პირველი შრეა იმპერიული პოლიტიკისა.
    გაცილებით უფრო რთული და მრავალგანზომილებიანია მეორე შრე, რომელიც იმპერიის მოდერნიზაციის სტრატეგიული გეგმის განხორციელებას მოიცავს.
    ამ გეგმის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია «მართვადი ქაოსის» დოქტრინის გამოყენებით ყოფილ «მოკავშირე რესპუბლიკებში» სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ვითარების მაქსიმალური დესტაბილიზაცია; საერთო არასტაბილურობაზე დაყრდნობით ეთნოკონფლიქტების პროვოცირება და ამ ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის ფაქტობრივი დარღვევა.
    ეს კი, თავის მხრივ, კრემლს სჭირდება ადგილობრივი მმართველი ელიტის შანტაჟირებისათვის. ამ ხერხით კრემლი ცდილობს, ხსენებულმა ელიტამ საკუთარი სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული და დემოგრაფიული მთლიანობის აღდგენისათვის მიმართოს რუსეთს.
    რუსეთი კი, უმთავრეს პირობად აყენებს კვლავ ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში მის «რესპუბლიკად» გაერთიანებას.
    რუსეთის იმპერიის ერთ-ერთი თავისებურება იყო იურისდიქციათა ერთგვარი «მატრიოშკა», როდესაც არსებობდა არა მარტო «ცენტრალური იურისდიქცია», არამედ «ქვემდებარე» იურისდიქციებიც.
    მაგალითად: აფხაზეთში ვრცელდებოდა საბჭოთა კავშირის იურისდიქცია; შემდეგ - საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის იურისდიქცია; და ბოლოს - თვით აფხაზეთის ხელისუფლების იურისდიქცია.
    სწორედ ამ ვითარების აღდგენას ცდილობს დღეს მოსკოვი და უკრაინაში ამისათვის იყენებს ყირიმს, მოლდოვაში დნესტრისპირეთს, აზერბაიჯანში ყარაბაღს, საქართველოში - აფხაზეთს და «სამხრეთ ოსეთს».
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, დღევანდელ პირობებში, საქართველო მთელ თავის ტერიტორიაზე საკუთარი იურისდიქციის განვრცობას შეძლებს მხოლოდ დამოუკიდებლობის დაკარგვისა და კვლავ ერთიანი, «მოსკოვური» სახელმწიფოს შემადგენლობაში გაერთიანების ფასად.
    აქვე ხაზი ვუსვამ, რომ რასაკვირველია, იურისდიქცია და სუვერენიტეტი ამ კონტექსტში ერთი და იგივე არ არის. თუ კრემლის მიერ შემოთავაზებული ეს სქემა განხორციელდა, მაშინ სუვერენიტეტს (ისევე როგორც წარსულში) აფხაზეთზეც, საქართველოზეც მთლიანად და მთელი იმპერიის ტერიტორიაზეც ხელში ჩაიგდებს მხოლოდ და მხოლოდ კრემლი.
    ეს არის ფასი. გადავიხდით თუ არა ამ ფასს - სულ სხვა საკითხია. ღირს თუ არა ტერიტორია ამ ფასად - კიდევ სხვა.
    «ივერია-ექსპრესი», 11 თებერვალი, 1994 წელი.