საერთაშორისო მიმოხილვა. 28 აპრილი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 აპრილი. 2022 წელი

ამერიკის კონგრესმა ნება დართო ადმინისტრაციას, დაყადაღებული რუსული აქტივები გადასცეს უკრაინას ზარალის ასანაზღაურებლად.

ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, რომლითაც უკრაინამ შესაძლოა მიიღოს 300 მილიარდი დოლარი (რუსული სავალუტო რეზერვების ნახევარი) , რაც რუსეთს გაუყინა ამერიკამ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებისთანავე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთი გეგმავს ე.წ. `რეფერენდუმის` ჩატარებას ხერსონის ოლქში, რომელიც ახლახანს დაიპყრო რუსულმა ჯარმა.  ამ ვითომ რეფერენდუმის შედეგად გამოცხადდება ე.წ. `ხერსონის` რესპუბლიკა, რომელიც მესამე სეპარატისტული წარმონაქმნი იქნება დონბასის რესპუბლიკასთან და ლუგანსკის რესპუბლიკასთან ერთად. მოსკოვი გეგმავს მათ გაერთიანებას და `ნოვოროსსიის რესპუბლიკის` გამოცხადებას.

ხერსონში რუბლი შემოიღო ადგილობრივმა რუსულმა სამხედრო ადმინისტრაციამ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გრძელდება პროვოკაციათა სერია დნესტრისპირეთში, რომელიც მოდოვას გამოეყო რუსული ჯარის დახმარებით 1992 წელს. იქ დისლოცირებულია უძლიერესი რუსული არმია, რომელსაც ნებისმიერ წუთს შეუძლია შეიჭრას უკრაინაში.

თუ რუსეთი ოდესის დაპყრობას მაინც გადაწყვეტს, ეს არმია დასავლეთიდან აუცილებლად შეუტევს ოდესას, რომელიც მოლდოვას საზღვრიდან ახლოსაა.

ამჟამად რუსული სპეცსამსახურები და იმავე რუსული არმიის სამხედრო დაზვერვა დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე ელექტროგადამცემ ანძებს აფეთქებს და სხვადასხვა ხმაურიან დემონსტრაციულ ტერაქტებს აწყობს, წინასწარ დაცლილ ადმინისტრაციულ შენობებს ცეცხლს უხსნის, რათა უკრაინას დააბრალოს და დასავლეთის (დნესტრისპირეთის) მხრიდან შეჭრის საბაბი შექმნას.

სამხედრო დამკვირვებლები თვლიან, რომ რაც უფრო გაუჭირდება რუსულ არმიას  აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასზე, მით უფრო გაიზრდება შეჭრის ალბათობა. თუმცა უკრაინელებმა მოლდოვასთან (დნესტრისპირეთთან) დამაკავშირებელი ყველა ხიდი ააფეთქეს. მზად არიან შეტევისთვის, ანუ მტერს ასე იოლად ოდესასთან არ მიუშვებენ.

დნესტრისპირეთში დისლოცირებული რუსული არმია იმდენად ძლიერია, შესაძლოა არა მხოლოდ ოდესისკენ, არამედ ლვოვისა და პოლონეთის საზღვრისკენაც `წაიწიოს`

არ არის გამორიცხული, მოლდოვამ გადახედოს თავის ნეიტრალურ სტატუსს და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრობა მოინდომოს.

ნეიტრალიტეტმა, როგორც ვხედავთ, სულაც ვერ უზრუნველჰყო მისი უსაფრთხოება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

`გაზის ბერკეტით` რუსეთი ევროკავშირში განხეთქილებასაც გეგმავს.

როგორც ცნობილია, ბულგარეთმა უარი თქვა გადაეხადა ბუნებრივი აირის საფასური რუბლში. მოსკოვმა პასუხად, გაზის მიწოდება შეუწყვიტა ბულგარეთს, რომელიც რუსულ ბუნებრივ აირზე 95%-ითაა დამოკიდებული.

ბულგარეთის მთავრობამ ამგვარ ქმედებას `უკანონო` უწოდა (ნამდვილად უკანონოა) და განაცხადა, რომ  რაკი რუსეთმა უხეშად დაარღვია ხელშეკრულება (ამ ხელშეკრულებით ბულგარეთს ევრო უნდა გადაეხადა), სოფია აუქმებს ტრანზიტის ხელშეკრულებასაც. თუმცა ჯერ-ჯერიბით (!) გაზის ტრანზიტს არ აჩერებს.

ბულგარეთის გავლით რუსული გაზი მიეწოდება უნგრეთს, რომელიც მზადაა რუბლები გადაიხადოს. უნგრეთიც  დიდწილად დამოკიდებულია რუსულ აირზე,  ხოლო მისი მთავრობა, კერძოდ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი პუტინის მეგობრად ითვლება და ორჭოფული პოზიცია აქვს უკრაინის საკითხში.

თუ ბულგარეთი ტრანზიტს შეწყვეტს, ეს აუცილებლად გამოიწვევს მწვავე დაპირისპირებას ბულგარეთსა და უნგრეთს შორის. ორივე ევროკავშირის წევრია და ორივე NATO-ს წევრია!

მოსკოვი ისტორიულად იყენებს ევროპის ქვეყნების წინააღმდეგობებს ევროპაში განხეთქილების შესატანად.

და ამის მიზეზი ისაა, რომ ევროკავშირში ჯერ ვერ შემუშავდა მექანიზმი უნგრული` სეპარატიზმის` და მსგავსი პრორუსული ინტენციების აღსაკვეთად. თუნდაც ფინანსური ბერკეტის გამოყენებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა იაპონია გააფრთხილა, რომ თუ ტოკიო არ შეწყვეტს რუსეთის საზღვრებთან სამხედრო-საზღვაო მანევრებს ამერიკულ ფლოტთან ერთად, მაშინ `საპასუხო ნაბიჯებს` მიიღებს.

მოსკოვს აშკარად აღელვებს, რომ უკრაინის ომის პარალელურად, მის საზღვრებთან ისტორიული მოწინააღმდეგეები გააქტიურდნენ: იაპონია რუსეთის ისტორიული კონკურენტია შორეული აღმოსავლეთის რეგიონში და კურილიის კუნძულების დაბრუნებასაც მოითხოვს.

ამერიკასთან ერთობლივი სამხედრო-საზღვაო მანევრები, თანაც საკმაოდ დიდი მასშტაბისა, იმას ნიშნავს, რომ იაპონია `მძინარე მდგომარეობიდან` გამოდის. ანუ პუტინის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ არა მხოლოდ გერმანიას მოუხსნა ისტორიული კომპლექსები, არამედ იაპონიასაც.

იაპონიას, 1945 წლის შეთანხმებით ამერიკასთან, შეიარაღებული ძალების ყოლის უფლება არა აქვს. შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ მსუბუქად შეიარაღებული საპოლიციო ძალები. მაგრამ ეს იყო სწორედ ამერიკასთან შეთანხმება  და არა მოსკოვთან. იაპონია იმ ომში ამერიკასთან დამარცხდა და არა საბჭოთა კავშირთან.

ამიტომ, ამერიკამ თუ მოინდომა იაპონიის სამხედრო გაძლიერება რათა რუსეთის და ჩინეთს `საპირწონე` შეუქმნას რეგიონში, იაპონიას ფულიც ეყოფა და ტექნოლოგიებიც, რათა უძლიერესი არმია და უძლიერესი სამხედრო-საზღვაო ფლოტი ააშენოს.

ამ გადაწყვეტილებას ვაშინგტონი აუცილებლად მიიღებს და იაპონიას 1945 წლის ვალდებულებებისგან გაათავისუფლებს, რადგან იაპონია ამერიკას ახლა არაფრით ემუქრება მეორე მსოფლიო ომისგან განსხვავებით.

ერთადერთი რაც ამერიკას ჯერ აკავებს ამ გადაწყვეტილების მიღებისგან არის მისი პატარა მოკავშირეების, წყნარი ოკეანის ქვეყნების ტრადიციული, ისტორიული შიში იაპონიის მიმართ. და გარკვეული იაპონოფობია, იაპონელთა სიძულვილიც კი. მათ შორის იგულისხმება ისეთი ქვეყნები, როგორიცაა სამხრეთ კორეა, ფილიპინები, ინდონეზია და ა.შ.

ამავე დროს, თუ იაპინია დაიწყებს არმიის და ფლოტის მშენებლობას, ბირთვული ჩრდილო კორეა, რომლის მთელი პოლიტიკა იაპონურ რესენტიმენტზეა აგებული მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელთა მიერ ჩადენილი (ნამდვილად ჩადენილი) საშინელი დანაშაულების გამო, კიდევ უფრო რადიკალური და აგრესიული გახდება. მათ შორის `ბირთვული` რაკურსითაც.

იაპონია ახლა აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას. ეხმარება ფინანსურად, რათა კიევმა უახლესი იარაღი შეიძინოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსული ტანკები არც ისე `მაგარი` აღმოჩნდნენ, როგორც ბევრს ეგონა.

უკრაინის ომის დროს სამხედრო სპეციალისტები დასავლეთში რასაკვირველია ყურადღებით აკვირდებიან საბრძოლო მოქმედებათა მიმდინარეობას. და იმასაც, რა შედეგები აჩვენა სახელგანთქმულმა რუსულმა საბრძოლო ტექნიკამ.

რუსები კი ამაყობენ `ჩვენი სამხედრო ტექნიკა საუკეთესოა, ჩვენი ტანკები საუკეთესოა.....აი ავტომობილებს ვერ ვაშენებთ წესიერს, თორემ ტანკები მაგარი გამოგვდისო.....` სინამდვილეში რუსულ ტანკებს აღმოაჩნდათ ისეთი სისტემური მანკი, რაც ხაზს უსვამს  ყველა მათ უპირატესობებს:

ახლა უკრაინის ველებზე, გზებზე უამრავი `თავმოგლეჯილი` ტანკია: Т-80 და Т-90.

აღმოჩნდა, რომ რაკი რუსი ინჟინრების გადაწყვეტილებით საბრძოლო მასალა გუმბათთან ახლოს ინახება, საკმარისია ტანკს ჭურვი ან რაკეტა მოხვდეს, ეს საბრძოლო მასალა დეტონირებს,  ფეთქდება და ტანკს გუმბათს აგლეჯს. სამივე ტანკისტი იღუპება.

ამერიკულ ტანკებს `აბრამს` სხვა კონსტრუქცია აქვთ. ჯერ ერთი, თუ რუსული ტანკის ეკიპაჟი 3 ადამიანია, `აბრამსის` ეკიპაჟი 4 წევრისგან შედგება. მეოთხეს დანიშნულება სწორედ საბრძოლო ნაწილისთვის იმ ჭურვების მიწოდებაა, რაც სპეციალურ ჰერმეტულ სათავსოში ინახება ტანკის ქვედა ნაწილში და არა გუმბათში. ამიტომ თუ `აბრამსს` ჭურვი ან რაკეტა ხვდება, საბრძოლო ნაწილი არ დეტონირებს, გუმბათი რჩება, შესაბამისად ეკიპაჟიც ცოცხალია.

აქ გამოვლინდა, რომ რუსები ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ისეციყენებენ, ეკიპაჟზე არ ფიქრობენ და ამ გულგრილობამ ეკიპაჟის გადარჩენის მიმართ საბოლოოდ ისეთი შეცდომაც დააშვებინათ,  ტანკის ბრძოლისუნარიანობა დააქვეითა. ხშირ შემთხევვაში კი იოლ სამიზნედ აქცია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, უკრაინის სამხედრო დახმარების პროცესში არის კანადა.

კანადა მაშინაც აწვდიდა უკრაინას თავდაცვით იარაღს, როცა არავინ აწვდიდა საერთოდ.

ამის მიზეზი ისაა, რომ სსრკ დროს, განსაკუთრებით 1930-იან წლებში, უკრაინიდან კანადაში გადასახლდა მილიონობით უკრაინელი და ისინი კანადაში დიდი გავლენით სარგებლობდნენ.

ახლა კანადამ გადაწყვიტა უკრაინას მიაწოდოს M777 შორსმსროლელი ქვემეხები. თითქმის 25 კილომეტრზე წვდება სამიზნეს. თანაც ძალიან სწრაფმსროლელია - 5 გასროლამდე წუთში.

ამის მიუხედავად მსუბუქია იმდენად, რომ ასეთი  ქვემეხების გადატანა ვერტმფრენითაც შეიძლება.