დოლარი: „ფასეულობა“ და „ღირებულება“

დოლარი: „ფასეულობა“ და „ღირებულება“

დედამიწაზე მცხოვრები მილიარდობით ადამიანისთვის „დოლარი“ არის უბრალოდ ფასეულობა.

მნიშვნელოვანი, მაგრამ „ოდენ“ ფასეულობა.

თუმცა არსებობს პლანეტაზე შეუვალ ფანატიკოსთა მცირე ჯგუფი, ვინც საკუთარ თავს „ლიბერტარიანელებს“ უწოდებს (ქართველ „ლიბერტარიანელთა“ ლიდერი ახლა, სამწუხაროდ, ციხეში ზის) ვისთვისაც „დოლარი“ არა ფასეულობა, არამედ........ღირებულებაა.

(ვენაცვალე დედა-ენას, - ეს ორი ცნება რომ განასხვავა ისევე, როგორც „ხელისუფლება“ და „ძალაუფლება“)

ასეთი მიდგომა დოლარის მიმართ მომდინარეობს ამერიკელი საშუალო შეძლების, თუმცა არც მთლად უნიჭო და „ბირთვულად“ გაPR-ებული მწერლის, აინ რენდის (ქალიშვილობაში ალისა ზინოვიევნა როზენბაუმ-დ.) წიგნ-მანიფესტიდან „ატლანტმა გაშალა მხრები“, რომელიც ფანატიკოს ლიბერტარიანელთა „ბიბლიაა“.

რეალურად კი, ჯანსაღი დამოკიდებულება დოლარის მიმართ არ შეიძლება არ იყოს „ფასეულობითი“, ესე იგი უბრალოდ უტილიტარული.

სწორედ ეს გარემოება გამოხატეს ირონიულად თავის დროზე შესანიშნავმა რუსმა (ოდესელმა) მწერლებმა ილფმა და პეტროვმა ერთ-ერთ მოთხრობაში, - ამერიკაში მათი მოგზაურობის შემდეგ რომ გამოიცა:

(აქვე: სტალინს ძალიან უყვარდა ეს მწერლები. იმიტომ, რომ ყველა დიქტატორს აქვს ასეთი თვისება: მუდამ აფასებს ნიჭს. მაშინაც კი, როცა თავად უნიჭოა და სტალინი კი ნამდვილად არ ყოფილა უნიჭო. მით უმეტეს უწიგნური. ამიტომ არც ბულგაკოვი დახვრიტა, თორემ „მასტერის“ გამო, „წესით“, კი იქნებოდა ეჟოვ-ლავრენტის დასახვრეტთა სიაში)

ჰოდა....იმ მოთხრობაში, ქრისტოფერ კოლუმბის გემი ამერიკის ნაპირებს მიადგება; ოღონდ არა XV საუკუნის, არამედ XX საუკუნის ამერიკის ნაპირებს.

ჩამოდის მრავალთვიანი მოგზაურობით მოქანცული ქრისტეფორე ნაპირზე და აშშ „საემიგრაციოს“ თანამშრომელი ავსებინებს საემიგრაციო ფორმას; ეკითხება:

- „ხართ თუ არა იდიოტი?“

- „არაო“ - პასუხობს კოლუმბი. (არ იყო, თუმცაღა ამერიკა ინდოეთი ეგონა ცხოვრების ბოლომდე-დ)

შემდეგი კითხვა:

-„რამდენი დოლარი გაქვთ თან?“

- „დოლარი რა არის?“

- „კი მაგრამ თქვენ ხომ ახლახანს დაწერეთ „იდიოტი არა ვარო“ და..... დოლარი არ იცით რა არის?“

ჰო, ნახევრად ხუმრობა იქით იყოს, ხოლო სრულად თუ ვიხუმრებთ, ზუსტად იმ მოტივაციით, რატომაც ქართველ და ამერიკელ „ლიბერტარიანელებს“ დოლარი არა „ფასეულობად“, არამედ „ღირებულებად“ მიაჩნიათ, ახლა მათ უკვე „ბიტკოინი“ უნდა აღიარონ კიდევ უფრო დიდ „ღირებულებად“, ააშენონ სადმე ცათამბჯენის ოდენა ბიტკოინის ძეგლი, შემოერტყენ გარშემო და გულმხურვალედ ილოცონ აღვლენით.......

იმიტომ, რომ დოლარს კიდევ გააკონტროლებს წყეული სახელმწიფო - ადამიანის პიროვნულ თავისუფლებას რომ „ზღუდავს ბოროტად“ - აი ბიტკოინი კი......დევს სადღაც ინტერნეტის კოსმიურად უსასრულო სიღრმეებში 35 მილიარდი დოლარის ბიტკოინი.......იმ ვიღაც იაპონელის ჩაკეტილი „სეიფში“, ვინც არანაირი „იაპონელი“ სინამდვილეში არ ყოფილა და კაცმა არ იცის ვინ იყო ან ვინ არის........ეგებ სულაც „მარადი სულია თავისუფლებისა“...... „არსადაა და ყველგანაა“....... მათ შორის ფაქიზად და თბილად დასტრიალებს ახლა რუსთავის ნომერ მეთორმეტე „დაწესებულებას......“