საერთაშორისო მიმოხილვა. 28 მარტი. 2024 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 მარტი. 2024 წელი.

პუტინი ჩავიდა ტვერის ოლქში და იქ სამხედრო აეროდრომის ტერიტორიაზე შეხვდა რუს მფრინავებს. შეხვედრისას მან განაცხადა, რომ თუ დასავლეთი გადასცემს უკრაინას F-16 თვითმფრინავებს და (!) ეს თვითმფრინავები დაიწყებენ NATO-ს ტერიტორიაზე (არა უკრაინის ტერიტორიაზე) არსებული აეროდრომების გამოყენებას, მაშინ არა მხოლოდ ეს თვითმფრინავები, არამედ ხსენებული აეროდრომებიც იქცევა რუსეთის არმიის ლეგიტიმურ სამიზნედო.

ანუ კრემლის ბინადარი გულისხმობდა, რომ ამ შემთხვევაში არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის საჰაერო სივრცეში გაანადგურებენ ამერიკულ თვითმფრინავებს, არამედ დაბომბავენ პოლონეთს, სხვა ნებისმიერ ქვეყანას, საიდანაც ისინი აფრინდებიან.

ამ განცხადებაში ერთდროულად რამდენიმე შრეა.

 ჯერ ერთი, პუტინს სურს თქვას, რომ უკრაინის აეროდრომებს იგი იოლად გაანადგურებს თუ F-16-ები იქნებიან მათზე დისლოცირებულნი.

მერედა დღემდე რატომ ვერ გაანადგურა? უკრაინა აქტიურად და წარმატებით იყენებს საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებს საჰაერო მოდიფიკაციის ფრთოსანი რაკეტების გასაშვებად თუნდაც იმავე ყირიმის და რუსული შავი ზღვის ფლოტის მიმართულებით.

უკრაინული აეროდრომებზე თვითმფრინავების განადგურება არც ისე იოლია, რაკი თვითმფრინავები მიწისქვეშა ბუნკერებშია ჩაფლული და იქიდან გამოჰყავთ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან დაწყებული.

სენაკის აეროდრომზე, საქართველოში,  დღესაც კი შეიმჩნევა ამგვარი ბუნკერების კვალი.

გარდა ამისა, უკრაინის სამხედრო აეროდრომები კარგად არის დაცული საზენიტო სისტემებით. მათ შორის სისტემით Patriot, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დროს დაამტკიცა თავისი საბრძოლო უმაღლესი ხარისხი.

რომც მოახერხოს რუსეთმა მიწისზედა ინფრასტრუქტურის, მათ შორის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის დაზიანება, მათ სწრაფად აღადგენენ.

მეორე მომენტი კი, პუტინის განცხადებაში ისაა, რომ იგი აგრძელებს დასავლეთის შანტაჟს, მუქარას და...... სამწუხაროდ მიზანს ნაწილობრივ აღწევს: დღემდე ვერ ბედავს დასავლეთი ავიაგამანადგურებლების მიწოდებას უკრაინისთვის, ხოლო დაყოვნებას ხსნის უკრაინელი მფრინავების და სხვა მომსახურე პერსონალის მომზადება-გადამზადების აუცილებლობით. არადა რით ვეღარ გადაამზადა?

უკრაინას, იმავე საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, საბრძოლო ავიაციის შესანიშნავი სკოლა აქვს.

საბჭოთა-რუსული წარმოების თვითმფრინავები კი განსხვავდებიან ამერიკულ-ევროპული წარმოების თვითმფრინავებისგან, მაგრამ.......იმდენად არა, „გადამზადების“ პროცესი ესოდენ უსასრულოდ გაიწელოს და უკრაინელმა პროფესიონალმა მფრინავებმა ან მომსახურე პერსონალმა ეს სხვაობები ვერ აითვისოს.

ანუ აქ მიზეზი პოლიტიკურია.

ე შ ი ნ ი ა თ.

პუტინი ამას ხვდება, ამას ხედავს და თავისი განცხადებებით ცდილობს ეს მოტივაცია გააძლიეროს.

დასავლეთში იციან, რომ თუ უკრაინა მიიღებს F-16-ს, მათი მეშვეობით შესაძლებელი გახდება ის, რაც არ არის შესაძლებელი МИГ და СУ საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებით ანუ დასავლური, ამერიკული, ინგლისური და ფრანგული ფრთოსანი რაკეტების ჰაერიდან გაშვება, რაც მნიშვნელოვნად ზრდის მათ შორსმწვდომობას.

თუ უკრაინა დაიწყებს რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას ამ ფრთოსანი რაკეტებით, პუტინი და მისი პროპაგანდა ამას უმალვე „დააპარალელებენ“ იმავე „კროკუს-ჰოლში“ მომხდარ ტერაქტთან და გააძლიერებენ დასავლეთის მიმართ მუქარას.

ანუ ფუნდამენტური მიზეზი, მიზეზთა მიზეზი ამ დასავლური დამოკიდებულებისა ის არის უდავოდ, რომ დასავლეთს ძალიან არ უნდა რუსეთმა გაიმარჯვოს, მაგრამ ასევე ძალიან არ უნდა რუსეთი დ ა მ ა რ ც ხ დ ე ს.

თუ გავითვალისწინებთ ომის მიმდინარეობას, „რუსეთის ვერგამარჯვება“ სხვაა, ხოლო „რუსეთის დამარცხება“ - სულ სხვა.

რეალობა ასეთია.

 

იმავე სამხედრო აეროდრომზე ყოფნისას, პუტინმა უარყო, თითქოს მას შემდეგ რაც უკრაინას მთლიანად ან დიდწილად დაიპყრობს, რუსეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის რომელიმე წევრს დაესხმება თავს და საინტერესო არგუმენტი მოიტანა: „ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი 811 მილიარდი დოლარია, ხოლო რუსეთის - სულ რაღაც 72 მილიარდიო“.

არადა მთავარი თანხის ოდენობა კი არ არის, არამედ აგრესიისთვის და ამ აგრესიაზე ადეკვატური პასუხისთვის მზადყოფნა.

 

გუშინ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება.

მან აღიარა, რომ ფრონტზე ამჟამად სტაგნაციაა და უკრაინა წინ ვერ მიიწევს, პირიქით, სამწუხაროდ, რუსებს აქვთ ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე უპირატესობა სწორედ იმიტომ, რომ უკრაინას არ ჰყოფნის შეიარაღება შეტევითი ოპერაციებისთვის, მათ შორის არ გააჩნია უნარი, მტრის ტერიტორიის სიღრმეში განახორციელოს არსებითი დარტყმები.

პოდოლიაკმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ეს სტაგნაცია საბოლოო ძალიან ძვირი დაჯდებაო ანუ ზუსტად ამას ამბობს შინაარსობრივად: „რუსეთის არდამარცხების“ დასავლური ინტენცია და მხოლოდ იმაზე ზრუნვა, რუსეთმა „ვერ გაიმარჯვოს“, შესაძლოა რუსეთის გამარჯვებაში, მაშასადამე უკრაინის და დასავლეთის სასტიკ გეოპოლიტიკურ და ღირებულებით დამარცხებაში გადაიზარდოს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 რუსეთი იმას მოესწრო, რომ ალლა პუგაჩოვა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში მისი სიმბოლო იყო, შესაძლოა „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადონ მისი ანტისაომარი პოზიციის გამო.

ეს თუ პუტინმა გაბედა, მისი მმართველობის პათოლოგიურობა მკაფიოდ ნათელი გახდება ნებისმიერი მოაზროვნე ადამიანისთვის: ალა პუგაჩოვა როგორც მომღერალი შესაძლოა ვიღაცას მოსწონდეს, ვიღაცისთვის ნაკლებ მნიშვნელოვანი იყოს, მაგრამ ჯერ კიდევ ბრეჟნევის ეპოქიდან დაწყებული, ეს ქალი რუსეთში განასახიერებდა თუკი რამ ნათელი იყო იმ ქვეყანაში და საზოგადოებაში, თუკი რამ ლიბერალური იყო, თუკი რამ თავისუფლებისმოყვარე იყო და ა.შ.

ამით პუტინი საბოლოოდ დაადასტურებს მისი მმართველობის სიბნელეს.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ანუ სერგეი „ვიქტორის ძე“ ლავროვის უწყება იმ დონის თავხედობას ამჟღავნებს ხშირად, რომ აღმაშფოთებელი იქნებოდა, ცოტა არ იყოს კომიკურიც არ იყოს.

მაგალითად, ბოლო წლებია დიპლომატიურ ნოტას - ნოტაზე უგზავნიან დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს: „თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს - იულია სკრიპალს და მამამისს, სერგეი სკრიპალს  - ჩვენი საკონსულო, დიპლომატიური დახმარება ესაჭიროებათ და უზრუნველყავით  ჩვენი კონსულის შეხვედრა მათთან; დაელაპარაკოს, რა უჭირთ რა დახმარება სჭირდებათო“.

შეგახსენებთ: ეს ის მამა - შვილი სკრიპალია, რომელიც პუტინის და მისი სპეცსამსახურების დავალებით, რუსული ГРУ-ს აგენტებმა მოწამლეს ინგლისში საზარელი ქიმიური ნივთიერებით „ნოვიჩოკი“ და ძლივს გადაურჩნენ სიკვდილს.

ბუნებრივია, არც იულიას, არც სერგეის, რომლებიც ახლა ინგლისელებს კონსპირაციულ ბინებზე ჰყავთ გადამალული, არ სურთ ურთიერთობა რუსეთის ე.წ. „კონსულთან“, მაგრამ ლავროვის უწყება დაჟინებით მოითხოვს ინგლისელებისგან: „ეტყობა რაღაც უჭირთ, აწამებთ, მათ უფლებებს არღვევთ და დაჟინებით მოვითხოვთ შეგვახვედრეთო“.

უკიდეგანოა ლავროვის თავხედობა და ცინიზმი.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

მიუხედავად იმისა, რომ პუტინმა უკვე გაისტუმრა საიქიოს მისი „ძმა და მეგობარი“ ევგენი  პრიგოჟინი, რომელიც სანკტ-პეტერბურგში ანტიდასავლურ ტროლ-ბოტთა არმიას ხელმძღვანელობდა, ეს არმია არსადაც არ გამქრალა, აგრძელებს არსებობას და შხამის ნთხევას:

ბრიტანელმა გამომძიებელმა ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ 45 ექაუნთი სოციალურ ქსელებში, რომლითაც მასობრივად  ათას საზიზღრობას ავრცელებდნენ უელსის პრინცესა ქეთერინ მიდლტონის შესახებ მანამ, სანამ იგი გააკეთებდა „ქაამინგ აუთს“ მისი კიბოთი დაავადების შესახებ, სწორედ რუსეთშია და რუსები ანუ რუსული სპეცსამსახურები მართავენ.

პრიგოჟინის ტროლ-ბოტთა არმიამ, რასაკვირველია ძალიან კარგად იცის, რომ ინგლისელებს აღელვებთ ყველაფერი, რაც ეხება სამეფო ოჯახს. ეს ინგლისელებისთვის საკრალური თემაა. ამიტომ ავრცელებდნენ უსაზიზღრეს ჭორებს და დიდწილად აიძულეს კიდეც პრინცესა, მისი დაავადების დეტალები გამოექვეყნებინა, რაც აშკარად არ სურდა და....... მისი უფლება იყო, ბოლოს და ბოლოს, პრივატულობის დაცვა ესოდენ დელიკატურ სფეროში, როგორიცაა მუცლის ღრუზე ოპერაციის გაკეთება.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკულ მედიაში უდიდესი რეზონანსი გამოიწვია ბარაკ ობამას შეხვედრამ ჯო ბაიდენთან (მის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტთან) თეთრ სახლში.

ბაიდენმა და ობამამ რამდენიმე საათი დაჰყვეს თეთრი სახლის Dining Room-ში.

ბუნებრივია ეს აქტი წანასაარჩევნო კამპანიისა და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილია უდავოდ.

ბარაკ ჰუსეინ ობამა კვლავინდებურად ძალიან პოპულარულია, პირობითად და სოციო-პოლიტიკური აზრით თუ ვიტყვით „გენეტიკურ დემოკრატებში“ ანუ დემოკრატიული პარტიის „DNM“ მქონე  ამომრჩეველში, რომელიც ახლა იმედგაცრუებულია ბაიდენით და ეჭვობს, დაუჭიროს თუ არა მხარი პოლიტიკოსს, რომელიც არჩევნებისას 82 წლის იქნება უკვე.

ბოლოს და ბოლოს, ბარაკ ობამა მუდამ შესანიშნავ ფორმაში იყო.

იგი აფროამერიკელია და ლიბერალია ამ ცნების დასავლური, ამერიკული გაგებით.

ობამა მონაწილეობას მიიღებს ფანდრაიზინგში ესე იგი ბაიდენის საარჩევნო კამპანიისთვის თანხების შეგროვებაში.  

ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იმედგაცრუებული ელექტორატის მობილიზება.