რა ხდება ქართულ ეკლესიაში?

რა ხდება ქართულ ეკლესიაში?

  

    საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მორიგი სამარცხვინო სკანდალი ვითარდება. როგორც მოსალოდნელი იყო, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან გამოსვლის თაობაზე მოჰყვა ახალი მოთხოვნა: საქართველოს ეკლესიამ გაწყვიტოს კავშირი ყველა (!) მართლმადიდებელ ეკლესიასთან, რომელიც მსოფლიო საბჭოს წევრია. არადა, ამ ორგანიზაციის წევრია დღეს უკლებლივ ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, გარდა საქართველოსი. მოძრაობას კვლავ ხელმძღვანელობს შეყლაშვილი, რომლის ლოცვა-კურთხევით «ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა» ერთი ჯგუფი უკვე აქტიურ ქმედებაზეც გადავიდა და პირდაპირ უწევს წინააღმდეგობას საპატრიარქოს მიერ დანიშნულ მღვდლებს ღვთისმსახურების შესრულებისას.
    ახალი მოთხოვნის შესრულება კი შეუძლებელია. მართლმადიდებელ ეკლესიასაც და საქართველოსაც უბრალოდ სასაცილოდ აიგდებენ. დავაკვირდეთ: არანაირი რეზონანსი არცერთ მართლმადიდებელ ქვეყანაში მაისში მიღებულ გადაწყვეტილებას არ მოჰყოლია და არც მოჰყვება. ასეთ დონის დემარშს ისტორიული და კულტურული წინაპირობა სჭირდება (თუ მისი მიღება მართლაც აუცილებელია). წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ჩვეულებრივ ტაკიმასხარაობად იქცევა და იქცა კიდეც.
    «ახალი წმინდა მამების» მოტივაცია სულ ადვილი გასაშიფრია სწორედ ისტორიული და კულტუროლოგიური თვალსაზრისით; მსოფლიო საბჭოს დაშლას ცდილობს რუსეთი, რათა დაასუსტოს და დაამციროს კონსტანტინეპოლის მსოფლიო პატრიარქი. ამასთან, იგი თავად როდი გავა მსოფლიო საბჭოდან (მოსკოვშიც კი ხვდებიან, რომ ეს ყველა თვალსაზრისით აბსურდული და წამგებიანი გადაწყვეტილება იქნებოდა) - სხვებს აცლიან საბჭოში განხეთქილების შეტანას.
    თუ საქართველომ კავშირი გაწყვიტა ყველა მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ეს იმას ნიშნავს, რომ მან კავშირი გაწყვიტა მსოფლიო საპატრიარქოსთანაც - კონსტანტინეპოლთან, რაც უკვე სრულიად ახალი ეკლესიის დაფუძნება იქნება ქრისტიანობის მიღებიდან ათასშვიდასი წლის შემდეგ! განდგომილ მამებს, რასაკვირველია, ეს უნდა ესმოდეთ. უბედურება ის არის, რომ თვით საზოგადოებაა იმდენად უკულტურო და უმეცარი, რომ ყოველგვარ მოვლენას შანტაჟის სახეს აძლევს.
    მომხდარი ექსცესისათვის პასუხისმგებლობის დიდი წილი წმინდა სინოდმაც უნდა იკისროს. მან დღემდე ვერ გააცნობიერა: სანამ ილია შიოლაშვილი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იქნება, ამგვარი ექსცესები გაგრძელდება. ზემოხსენებული სასულიერო პირები ერში მისდამი არსებული ნეგატიური განწყობით სარგებლობენ, რათა მხარდაჭერა მოიპოვონ. ილია შიოლაშვილისადმი ნეგატიური დამოკიდებულება კი განპირობებულია იმით, რომ მან არაფერი გააკეთა 1991-92 წლებში საქართველოში ძმათამკვლელი სამოქალაქო ომის თავიდან ასაცილებლად, რასაც მოჰყვა კრიმინალური ბანდების აღზევება, რომელთაც კანონიერი ხელისუფლება დაამხეს და სამოქალაქო ომს მისცეს დასაბამი. საქართველოს სჭირდება ახალი პატრიარქი, ვინც არაფრით უკავშირდება იმ სისხლიან მოვლენებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, «განხეთქილების მოსურნენი» ყოველთვის შეეცდებიან, ისარგებლონ ერის განწყობით და არევ-დარევა შეიტანონ საქართველოს მართლმადიდებელ, სამოციქულო ეკლესიაში.

მერიდიანი, 18 ივლისი, 1997 წ.