საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ნოემბერი. 2024 წელი
დღეს იწყება........რამდენიმე საათის შემდეგ გაიხსნება საარჩევნო უბნები ამერიკაში.
ერთ-ერთი ყველაზე რთულად საპროგნოზო არჩევნებია ამერიკის ისტორიაში, ოღონდ სხვა დაახლოებით ასეთივე „რთულად საპროგნოზო“ არჩევნებისგან განსხვავებით, მარტო ის კი არ არის განუჭვრეტადი, ვინ მოიგებს კენჭისყრას, არამედ....მერე რა მოხდება!
აი ასეთი რამ ამერიკაში დღემდე არ მომხდარა: ყველა დარწმუნებული იყო, რომ წაგებული 2 წუთში (როგორც კი ABC, CNN, CBC გამოაცხადებდნენ გამარჯვებულს) გამოვიდოდა და გამარჯვებულს მიულოცავდა, როგორც „წესი და რიგია“.
ახლა რა როგორ იქნება, არავინ იცის.
ყოველ შემთხვევაში, თუ ტრამპი წააგებს.
The Hill წინასწარმეტყველებს „ხმოსნების“ ასეთ რაოდენობას: ტრამპი - 297 ჰარისი - 241
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საინტერესოდ ვითარდება მოვლენები აფხაზეთში.
ეს პროცესები იმის ილუსტრირება, რა ოსტატურად „თამაშობენ“ აფხაზური ელიტები, თუმცაღა ბოლო მაინც „ცუდი“ ექნებათ.
2 დღის წინ „ვიღაცამ“ (უცნობებმა) წარწერები გააკეთეს სოხუმის ცენტრში, მაჰაჯირთა სანაპიროზე, მაჰაჯირობის ძეგლთან.
შეგახსენებთ, რომ ეს არის საკრალური თემა ნებისმიერი აფხაზისთვის: XIX საუკუნეში, რუსეთის იმპერიის მიერ აფხაზეთიდან თურქეთში და არაბულ ქვეყნებში გაძევებულ აფხაზებს უწოდებდნენ „მაჰაჯირებს“ (რწმენის ძიებაში ლტოლვილებს) რაც ზუსტი არ არის ისტორიულად, რაკი არც ისლამური და არც ქრისტიანული რელიგია აფხაზთა შორის სინამდვილეში „სიღრმისეული“ არ ყოფილა: აფხაზები აჯანყდნენ რუსული იმპერიული ადმინისტრაციის წინააღმდეგ. მათი ინტენცია (შინაგანი განზრახვა) და მოტივაცია „ეთიკურ-ნაციონალისტური“ იყო და არა რელიგიური. აფხაზური ეთნოსის 9/10 გაასახლეს მაშინ რუსებმა. თუმცა XX საუკუნის დასაწყისში ნაწილი დაბრუნდა. დაბრუნდა იმის წყალობით, რომ იმავე რუსულ ცარისტულ ადმინისტრაციასთან ქრისტიანებად“ და ქართველებად (მეგრელებად) მოიკატუნეს თავი. აი შაფსუღები კი, რომლებიც სოჭში ცხოვრობდნენ ასევე უბიხები და ა.შ ვერ დაბრუნდნენ რაკი „თავის მოსაკატუნებელი სუბიექტები“ იქ არ ცხოვრობდნენ.
ეს რაც შეეხება ისტორიას. რამდენიმე წლის წინ „მაჰაჯირთა სანაპიროზე“ აფხაზებმა დადგეს ძეგლი: მხედარი ცხენზე, რომელიც ზღვაში ეფლობა.
საკმაოდ ნიჭიერი ძეგლია უდავოდ.
ამ ძეგლზე წარწერის გაკეთება ბუნებრივად იწვევს მძვინვარე რეაქციას.
წარწერა შემდეგია: «потерявший родину теряет всё» ანუ ვინც სამშობლოს კარგავს, ყველაფერს კარგავს. და მეორე წარწერა: «предатели» (მოღალატეებო)
საქმე ეხება კანონს ინვესტიციების შესახებ, რომელიც ამჟამად ფორმალურად განიხილება აფხაზეთის „პარლამენტში“.
ეს კანონი გულისხმობს პუტინის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნის შესრულებას და აფხაზეთში „დიდი პრივატიზების“ დაწყებას, ესე იგი რუსული ოლიგარქიული კაპიტალისთვის აფხაზეთის სანატორიუმების, ენერგეტიკის, საკალმახე მეურნეობების და ა.შ. გადაცემას.
თანაც თუ რუსული ოლიგარქიული კაპიტალი თუნდაც მიზერულ თანხას (სულ რაღაც 15 მილიონ დოლარს ანუ დაახლოებით მილიარდ რუბლს) „ჩაასხამს“ აფხაზეთში, გადასახადებისგან მრავალი წლით თავისუფლდება.
აფხაზებს ძალიან არ მოსწონთ ეს კაბალური ხელშეკრულება. არა მხოლოდ ოპოზიციას, არამედ „პრეზიდენტ ბჟანიასაც“ და მის გუნდს.
ამიტომ ჩვეულ ტექნოლოგიას მიმართეს: აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა (აფხაზთა ისტორიული ლიდერის, ქართველების მოსისხლე მტრის, კონსტანტინე ოზგანის შვილმა) მოსკოვში რუსეთის მთავრობის შესაბამისი პროფილის უწყებასთან ამ დოკუმენტს ახლახან დემონსტრაციულად მოაწერა ხელი მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში მიღებული უპრეცედენტო, ნაწილობრივ კომიკური კანონმდებლობით, სანამ მთავრობა ან პრეზიდენტი რაიმე საერთაშორისო ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, წინასწარ (!) უნდა შეათანხმოს პარლამენტთან!
ასეთი რამ გაგიგიათ? ანუ ხელმოწერის შემდეგ პარლამენტში რატიფიცირება გასაგებია, მაგრამ...წინასწარ შეთანხმება?
ოღონდ ესეც ტექნოლოგიაა. პუტინს ეუბნებიან - აი ხომ ხედავთ დოკუმენტს ჩვენმა მინისტრმა ხელი მოაწერა და.....მაგრამ პარლამენტშია..... განიხილებოდა და....რატიფიცირებული არ არის და..... შესაბამისად, როცა ის „ნერწყვმორეული“ რუსი ოლიგარქი ჩავა აფხაზეთში და რომელიმე სსრკ დროინდელი სანატორიუმის პრივატიზებას მოინდომებს, რასაც დიდი ხანია „დაადგა თვალი“ - სადმე ულამაზეს ადგილას - ეტყვიან: „იცით რა...კრისტინამ კი მოაწერა ხელი დოკუმენტს მოსკოვში, მაგრამ....ჯერ არ არის რატიფიცირებული და.....აი სულ რამდენიმე დღე......აი მიუხედავად ოპოზიციის მიტინგებისა....იძულებული ვიყავით რამდენიმე დღით გადაგვედო რატიფიცირება და.....ალბათ გაიგებდით: მაჰაჯირთა მემორიალიც კი შებილწეს ზოგიერთებმა, ისეთი მწვავეა პროტესტი და....ამან შესაძლოა „მაჰაჯირთა“ თემის გამწვავება და ანტირუსული განწყობებიც კი გამოიწვიოს და......“ ა. შ და ა.შ.
რეალურად, On the ground, პუტინი ვერაფერსაც ვერ მიიღებს!
„პიცუნდას აგარაკიც“ კი ვერ მიიღო რ ე ა ლ უ რ ა დ, რაკი მიუხედავად დოკუმენტის რატიფიცირებისა, აფხაზეთის პარლამენტმა (რასაკვირველია ეს თამაში ბჟანია-შამბას გუნდთან შეთანხმებული იყო) ისეთი ცვლილებები შეიტანა იმ დოკუმენტში, კრემლისთვის გამოუსადეგარი გახდა და რუსეთის „საგარეომ“ საპროტესტო ნოტაც გაუგზავნა აფხაზეთის „საგარეოს“.
პუტინი ჯერ (!) მაინც ვერ ბედავს ამ სპექტაკლების პასუხად გამოიყენოს ნამდვილად ქმედითი ბერკეტები, რაც აქვს. პირველ რიგში საზღვრის ჩაკეტვა ფსოუზე.
საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტა დიდი ვერაფერი ბერკეტია: აბსოლუტურად უტყუარი ფაქტია, რომ 2010-11 წლიდან 2024 წლამდე, ენგურჰესის უფასო ელექტროენერგიის „წყალობით“, კრიპტოვალუტის მაინინგით, აფხაზურმა ელიტებმა ასეულობით მილიონი დოლარი „იშოვეს“, შემდეგ კი თურქეთის, ასევე ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოთა საბანკო ანგარიშებზე განათავსეს სხვადასხვა ვალუტაში.
და როცა გვეუბნებიან: ეგ სულ ათიოდე კლანმა იშოვა და არა სეპარატისტულმა აფხაზეთის სახელმწიფომო.....სინამდვილეში სწორედ ეს ათიოდე აფხაზური კლანია „აფხაზური სახელმწიფო“ და მეტი არც არაფერი!
ანუ პუტინის მიერ დაბლოკილი 10 მილიონი დოლარი და თუნდაც 50 მილიონი დოლარი სეპარატისტებისთვის სერიოზული პრობლემა ვერ იქნება
აი საზღვრის ჩაკეტვა ( ფსოუზე) - ნამდვილად იქნება.
თუმცა ამ მომენტუმისთვისაც აქვთ შესაბამისი „ტექნოლოგია“ მომზადებული - ქართველი „სასარგებლო იდიოტების“ გამოყენებით.
ჯერ ჯერობით, „ინტერპრეტაცია“ კი არა უეჭველი ფაქტია, რომ პუტინის არც ერთი სტრატეგიული მოთხოვნა („ბინების ყიდვა-გაყიდვა“, „აპარტამენტები“ „ახალი ათონის რუსული ეკლესიისთვის დაბრუნება“, „ინვესტიციები“) სოხუმმა არ დააკმაყოფილა.
თუმცა საბოლოოდ, მაინც გაუგებარია რისი იმედი აქვთ აფხაზებს?
როდემდე გაუძლებენ მოსკოვის „პრესინგს“, როდესაც 100%-ით სწორედ მოსკოვზე არიან დამოკიდებულნი?
ჯერ ერთი, რუსული საბიუჯეტო ასიგნებანი, მეორე რუსი ტურისტები, მესამე რუსული ბაზარი აფხაზური მანდარნ/ფეიჰოასთვის....მართალია თურქეთთანაც აქვთ რაღაც მიზერი, თუმცა ზღვასაც ხომ რუსეთი აკონტროლებს?
აფხაზები რაღაცას ელიან და.....გასაკვირია, თუმცა არ არის გამორიცხული, ჩუმ-ჩუმად უკრაინასაც კი გულშემატკივრობენ, რათა პუტინი იქ იყოს ჩაფლული და მათთვის რეალურად ვერ მოიცალოს.
. . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის ავიაციამ ამერიკული F-35-ებით დაბომბა სირიის დედაქალაქ დამასკში შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰესბოლლას“ ბაზა.
რამდენიმე ტერორისტი დაღუპულია.
ვერავითარი წინააღმდეგობა სირიის „საზენიტომ“ ვერ გაუწიათ.
თუმცა ბევრად ნიშანდობლივია, რომ ვერც რუსულმა „საზენიტომ“ გაუწიათ წინააღმდეგობა და ისიც საკითხავია, რუსებმა საერთოდ სცადეს თუ არა, რადგან „საზენიტო“ სისტემების დიდი ნაწილი უკრაინის ფრონტზე აქვთ გადასროლილი სირიიდან და...თან ისრაელის „გაბრაზების“ ეშინიათ.
ისრაელი თუ „გაბრაზდა“, უკრაინას ბევრად მეტ იარაღს მიაწვდის.
ისრაელის ავიაცია ამგვარი დარტყმების დროს ჩვეულ სამხედრო ტაქტიკას მიმართავს: ისრაელის ჩრდილოეთით, ჰოლანის მაღლობების თავზე, ცაში, ანუ სირიის საზღვართან მუდმივად ბარაჟირებენ ისრაელის თვითმფრინავები.
სულ ცაში არიან როტაციით.
ძალიან ძნელია იმის განსაზღვრა, როდის მიიღებენ ბრძანებას დარტყმის განხორციელების შესახებ, ანუ„ წრეზე“ კი არ იფრენენ, არამედ კურსს მოულოდნელად შეიცვლიან და დამასკს დაარტყამენ.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ისრაელის სასამართლომ გასცა ორდერი ბენიამინ ნატანიაჰუს სტაფის 4 თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე.
ოთხივეს ბრალად ედება, რომ გერმანულ გამოცემას Bild და სხვა დასავლურ რესურსებს აწვდიდნენ „მგრძნობიარე“ ინფორმაციას ისრაელის მთავრობის გეგმების შესახებ ღაზაში.
კერძოდ, ისრაელის სპეცსამსახურთა ინფორმაციაზე, რომ „ჰამასი“ გეგმავდა ეგვიპტეში (!) ისრაელელი მძევლების გადაყვანას.
აქ ძალიან საინტერესო ნიუანსი ის არის, რომ თავის დროზე ეს ინფორმაცია თვით პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ გააჟღერა, რითაც ეგვიპტე გააფრთხილა ფუნდამენტურად არაფერი შეეშალოს.