საერთაშორისო მიმოხილვა. 6 აპრილი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 6 აპრილი. 2024 წელი

დონალდ ტრამპთან დაკავშირებით რომ თვით „რესპუბლიკურ ისტებლიშმენტში“ არ არის ერთიანობა, ეს დადასტურდა ძალიან ცნობილი რესპუბლიკელი პოლიტტექნოლოგის, „რესპუბლიკელთა სტრატეგოსად“ ცნობილი Karl Rove-ის განცხადებით, რომელმაც „ტრამპის უდიდესი შეცდომა“ უწოდა დაპირებას, გამარჯვების შემდეგ შეეწყალებინა 2021 წელს კონგრესის შენობაზე თავდასხმის მონაწილენი.

ტრამპის განსაზღვრებით ისინი „მძევლები არიან“

„მძევლები“ კი არა, ბანდიტები არიანო - ამბობს Karl Rove.

ბუნებრივია, არანაირ „შეცდომაზე“ აქ ლაპარაკი არ შეიძლება. ტრამპმა ძალიან კარგად იცის რას ამბობს და რატომ: იგი მიმართავს მიზნობრივ აუდიტორიას, ხოლო Karl Rove არ განეკუთვნება მის მომხრეთა კლასტერს მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკელია და ისტორიკოსთა აზრით, სწორედ მან განაპირობა ჯორ ბუშ უმცროსის გამარჯვება 2 000 წელს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკა აგრძელებს ისრაელისთვის უახლესი იარაღის, მათ შორის „ჭკვიანი ბომბების“ გადაცემას მიუხედავად იმისა, რომ ისრაელისთვის სამხედრო დახმარების კანონი, - უკრაინის დახმარების კანონთან „დაპაკეტებული“ --- გაჭედილია კვლავაც კონგრესში

მაშ როგორ ახერხებს ბაიდენი ამ დახმარების გაწევას ისრაელისთვის?

აღმოჩნდა, რომ არსებობს 2016 წელს ობამას ადმინისტრაციის გაფორმებული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა 10 წლის განმავლობაში (ანუ 2026 წლამდე) ისრაელისთვის 38 მილიარდი დოლარის (!)  ღირებულების იარაღის გადაცემას.

ეს ორჯერ და უფრო მეტიცაა ვიდრე კონგრესში „გაჭედილი“ პაკეტი ითვალისწინებს.  

 . . . . . . . . . . . . . . . . .

სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში იმარჯვებს პეტერ პელიგრინი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის გადაცემის აქტიური მოწინააღმდეგეა.

ზოგადად სლოვაკებს რაღაც უცნაური „გართულება“ აქვთ უკრაინასთან დაკავშირებით. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო საერთოდ პუტინის ძმა და მეგობარია - ყველა ანტიუკრაინულ აქციაში მონაწილეობს, რაც ევროკავშირის დონეზე ტარდება და ხშირად საბოტირებს სამართლიან გადაწყვეტილებებს რუსეთის წინააღმდეგ.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია ოფიციალურად მიმართოს დასავლურ ქვეყნებს, გამოაგზავნონ ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე.

მისი თქმით, თუ ამგვარი მოთხოვნა გაიჟღერებს, მაშინ იმ დასავლურ ქვეყნებში საზოგადოება გაიხლიჩება და ანტიუკრაინულია ქციები მოეწყობა.

ამაზე უფრო ნიშანდობლივი იყო ზელენსკის მეორე განცხადება, რითაც მან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მოსთხოვა დააკონკრეტოს, დეტალები გამოაქვეყნოს ფრანგული ჯარების შესაძლო გაგზავნისა უკრაინის ტერიტორიაზე.

ამ თხოვნის საფუძველი ის გახდა, რომ მართლაც, მაკრონი არასდროს აკონკრეტებს ან რა რაოდენობით ჯარებს აგზავნის ან კონკრეტულად სად აგზავნის (დონბასის ფრონტზე თუ ოდესის მისადგომებთან) ან რა შეიარაღებით აგზავნის, რა დანიშნულებით, მისიით ამოცანით და ა.შ.

რუსეთის დაზვერვის შეფმა ნარიშკინმა პროვოკაციული განცხადება გააკეთა ამასთან დაკავშირებით: 2 000 სამხედრო მოსამსახურეს აგზავნის მაკრონიო.

იგულისხმება, როგორც ჩანს, ცნობილი ფრანგული „უცხოური ლეგიონიდან“.

2 000 სამხედრო.......როდესაც რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ორივე მხრიდან მილიონამდე (!) მეომარი იბრძვის.......

კომენტარი ზედმეტია.

ბუნებრივია, ისეთი სახელმწიფოს თუნდაც სიმბოლური კონტინგენტის გაგზავნა  ფრონტზე, როგორიც საფრანგეთია, ძალიან მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს. ოღონდ  არსებობს ასეთი ქართული ცნება -  „გააჩნია“--- ანუ „გააჩნია კონკრეტულად რა იგულისხმება“ და.....როგორც ადრე ვწერდით, ხომ არ იგულისხმება აქ ამჟამინდელი ფრონტის ხაზის „გაყინვა-ფიქსაცია?“

ეს კატეგორიულად მიუღებელია უკრაინისთვის და ამგვარი კითხვები რომ მხოლოდ ჩვენ არ გაგვიჩნდა, ამაზე სწორედაც ზელენსკის განცხადება მეტყველებს.

ზელენსკის ფრაზა განსაკუთრებით საგულისხმოა NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის გუშინდელი (6 აპრილი) გამონათქვამის ფონზე, რომ უკრაინას „მოუწევს განიხილოს კომპრომისები რუსეთთან“

იტალიური La Republica რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ ალიანსის ელიტებში მწიფდება კომპრომისული პროექტი: უკრაინას მიიღებენ NATO-ში იმ პირობით, რომ რუსეთის მიერ უკვე ოკუპირებულ ტერიტორიებზე (ანუ დონბასსა და ყირიმზე) იტყვის უარს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

 BBC და რუსულენოვანი რესურსი Медиазона აქვეყნებს სენსაციურ ცნობებს უკრაინის ფრონტზე დაღუპული რუსების შესახებ.

მხოლოდ იმ მონაცემებით, რაც ღია წყაროებშია გამოქვეყნებული, 2022 წლიდან 50 000 რუსი დაიღუპა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ბევრს ჩუმად მარხავენ, მონაცემებს არ აქვეყნებენ, ნათესავებს აჩუმებენ....ეს ციფრი შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს.

მაშასადამე დაინვალიდებული შეიძლება 300 000 იყოს.

თუმცა, განსაკუთრებით გამაოგნებელია სხვა ციფრი: დაღუპულთა თითქმის 20% ციხიდან ფრონტზე წაყვანილი და ამ ფორმით განთავისუფლებული ყოფილი პატიმარია.

პუტინმა რამდენიმე დღის წინ შეიწყალა მკვლელები, რომლებმაც კრასნოდარის მხარეში მთელი ოჯახი ამოწყვიტეს.

შეიწყალა, რაკი ფრონტზე წავიდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ფრანგულმა სპეცსამსახურებმა აღმოაჩინეს, რომ პროვოკაციული წარწერები პარიზელი ებრაელების სახლებზე, მათ შორის დავითის ვარსკვლავები, რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ პროვოკატორთა გაკეთებული იყო.

პარიზში ახლოვდება ოლიმპიური თამაშები!

გუშინ მაკრონს კითხეს: ცდილობს თუ არა რუსეთი ოლიმპიური თამაშების საბოტირებასო და იმანაც უპასუხა: კი, ეჭვგარეშეა რომ ცდილობსო.

ტერმინი „საბოტაჟი“ დასავლურ სემანტიკაში ბევრ რამეს გულისხმობს. მათ შორის ტერორისტულ აქტსაც.

რუს სპორტსმენებს აკრძალული აქვთ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა თავისი ქვეყნის დროშით და ჰიმნით. ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლებაც კი მხოლოდ რამდენიმე სპორტსმენმა მიიღო.

და მხოლოდ იმათ, ვინც არ არის შემჩნეული რუსული აგრესიის მხარდაჭერაში.

ბუნებრივია, პუტინი ამის გამო ძალზე დაბოღმილია, ამიტომ მაკრონის ღია გაფრთხილება შესაძლო „საბოტაჟზე“ ბევრ რამეს გულისხმობს ნამდვილად.

საქმე ის გახლავთ, რომ ფრანგებს გადაწყვეტილი აქვთ, პირველად ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში, ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალი გამართონ მდინარე სენაზე, გემებით.

ფრანგული სპეცსამსახურები კი ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ ასეთი ცერემონიალის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ძალიან ძნელი იქნება - როდესაც ასი ათასობით ადამიანი სენას სანაპიროზე განლაგდება ცერემონიის საყურებლად.

სტადიონზე ბევრად იოლია, თუმცა ფრანგებს ძალიან უნდათ ეს ოლიმპიადა ეპოქალურ, უნიკალურ, შეუდარებელ ღონისძიებად აქციონ და.....

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ ერდოღანმა  გააუქმა უვიზო რეჟიმი ტაჯიკეთთან მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი იმ ტერორისტთაგან, ვინც მოსკოვის „კროკუს ჰოლში“ ტერაქტი მოაწყო, ნამყოფია თურქეთში.

ტაჯიკეთმა განაცხადა, რომ „სარკისებრ“ ზომებს მიიღებს და თურქი მოქალაქეებისთვის შემოიღებს თვითონაც სავიზო რეჟიმს.

აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ტაჯიკები ეთნიკური თურქები ანუ თურქულენოვანი და თურქული ეთნიკური წარმომავლობის ეთნოსი არ არიან - ფარსიზე ლაპარაკობენ და უფრო ძირძველ სპარსელებთან არიან ახლოს, ვიდრე თურქებთან. მათი საგარეო - პოლიტიკური ორიენტაციაც უფრო პრო-ირანულია.

შესაბამისად, ერდოღანსაც „უადვილდება“ ტაჯიკეთთან უვიზო რეჟიმის გაუქმება.

ცენტრალური აზიის თურქულენოვან და თურქული ეთნიკური წარმომავლობის ქვეყნებთან (ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი) ასე იოლად ვერ გაწყვეტდა „უვიზოს“.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

თურქეთის ვაჭრობა რუსეთთან 1 მილიარდი დოლარით შემცირდა მას შემდეგ, რაც დასავლეთმა ე.წ. „მეორადი“ სანქციები დაუწესა იმ თურქულ კომპანიებს, რომლებიც აგრძელებდნენ რუსეთთან ვაჭრობას.

სწორედ თურქეთიდან, ასევე ჩინეთიდან და არაბთა გაერთიანებული ემირატებიდან შედიოდა რუსეთში ე.წ. „მეორადი დანიშნულების“ საქონელი, რაც გამოიყენებოდა სამხედრო მოქმედებების ინტენსიფიკაციისთვის.

დასავლეთმა  გადაწყვიტა დაასანქციროს ექსპორტიორი და არა ტრანზიტორი ქვეყნები.

თუმცა სამაღთლიანობა მოითხოვს აქვე იტქვას, რომ რსუეთში თურქეთის „მეორადი იმპორტის“ 90% ზღვით ხორციელდებოდა და არა ხმელეთით.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

ილონ მასკმა ინტერვიუში განაცხადა, რომ კაცობრიობის აღსასრული დადგება სულ რაღაც რამდენიმე საუკუნის შემდეგ დემოგრაფიული და სასურსათო პრობლემების გამო.

ხოლო აღსასრულის თავიდან ასაცილებლად საჭიროა კაცობრიობა (მისი თქმით) გახდეს „პლანეტთაშორისი“, შემდეგ კი „ვარსკვლავთშორისი“ ანუ დედამიწის გარდა აითვისოს სხვა პლანეტებიც.

მასკი ჯიუტად ამტკიცებს, რომ მარსზე ადამიანისა და ადამიანთა კოლონიის ნორმალურად არსებობის პირობათა შესაქმნელად სულ რაღაც 20 წელია საჭირო, მომავალში კი მილიონამდე ადამიანი გადასახლდებაო მარსზე.

ანუ გულისხმობს: „ჩვენი თაობის სიცოცხლეშივე“.

ობიექტურ დამკვირვებლებს ეს გადაჭარბებად მიაჩნიათ.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . .  

ოდესღაც.......

88 წლის ალენ დელონს საფრანგეთის სასამართლომ მეურვე დაუნიშნა და საკუთარი ქონების განკარგვა აუკრძალა მას შემდეგ, რაც ოდესღაც ზე-პოპულარული მსახიობის შვილებმა იჩივლეს: ყოფილი მეგობარი ქალი ჩაგრავს და ამასხარავებს, საეჭვო ფინანსურ ტრანზაქციებს აკეთებინებსო.

ის „მეგობარი“ ქალი, თავის მხრივ ალენ დელონის შვილებს აბრალებს: მამის მკვლელობას გეგმავდნენ, რათა მის ქონებას დაეუფლონო.

ტრაგედიაა.....