აფხაზეთის დეპუტაცია «მოუკრეფავში» გადავიდა

აფხაზეთის დეპუტაცია «მოუკრეფავში» გადავიდა

  

    აფხაზეთიდან არჩეულ დეპუტატებს, რომლებმაც რამდენიმე ხნის წინ შიმშილობა წამოიწყეს აფხაზეთიდან «სამშვიდობო ძალების» გაყვანის მოთხოვნით და ლტოლვილთა შორის საკმაო პოპულარობაც მოიპოვეს, საკუთარი გავლენის შეეშინდათ და უკან დაიხიეს.
    უფრო ზუსტად, იმ შედეგებმა დააფრთხოთ, რომელიც პოლიტიკური ლოგიკიდან გამომდინარე, აუცილებლად გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებს მოჰყვებოდა.
    გერმანე ფაცაცია ლტოლვილთა მრისხანების «აზვირთებას» მოერიდა (ის მაინც ინტელიგენტია. ინტელიგენციას კი დემონის ამბოხისა ყოველთვის ეშინოდა). სამაგიეროდ, არაფრის არასდროს შინებია ბორის კაკუბავას, რომელიც ზვიად გამსახურდიას «ეპოქაშიც» მძვინვარე «ანტისამთავრობო» მანიფესტაციების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი გახლდათ. კაკუბავას შემდგომშიც არაერთგზის განუცხადებია: «საქართველოში უნდა დაიწყოს მოძრაობა ამ ხელისუფლების დასამხობად».
    მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს კაკუბავას ამგვარი რამ აღარ წამოსცდენია, ფრაქცია «აფხაზეთის» წევრები დაძაბულობის შემდგომ ესკალაციას მაინც მოერიდნენ. მათ კარგად უწყიან: მასობრივი არეულობის შემთხვევაში, «სადეპუტატო იმუნიტეტი» ვეღარავის დაიცავს. რა დროს «იმუნიტეტია», როცა თბილისში სამი-ოთხი წელია, მასობრივი აქცია აღარ გამართულა და «ერთი კარგი მიტინგის» ჩატარება წერეთელსაც კი სანატრელი გაუხდა?! თუმცა, გერმანე ფაცაციამ «სახის შენარჩუნება» მაინც მოახერხა და შეურიგებლად განწყობილ ლტოლვილებს გროზნოში წასვლისაკენ მოუწოდა... «სადაც თავისუფლების სული ზეიმობს».
    რაც შეეხება ხელისუფლებას, თავდაპირველად იგი საკმაოდ მშვიდად ადევნებდა თვალს მოვლენათა განვითარებას. მაგრამ როდესაც ფრაქცია «მოუკრეფავში გადავიდა» და 3 აპრილს პარლამენტის შენობის წინ მიტინგის ჩატარება განიზრახა, მის ხმასაც გაერია «ფოლადი». შინაგან საქმეთა მინისტრმა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს უსანქციო მიტინგის გამართვას დედაქალაქში და საამისოდ მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს.
    ამოქმედდა მივიწყებული სტერეოტიპებიც, რომელიც საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს წამგებიან მდგომარეობაში აგდებს: «მე არ დაველოდები არავის ბრძანებას» (კახა თარგამაძე). იგულისხმება, რომ პასუხისმგებლობა შესაძლო ექსცესებისათვის პრეზიდენტს არ დაეკისრება. «არ დავუშვებთ დაპირისპირებას ლტოლვილებსა და თბილისის მოსახლეობას შორის» (კვლავ კახა თარგამაძე).
    ქვეტექსტი ნათელია: ლტოლვილთა აქცია დედაქალაქის შეურაცხყოფად აღიქმება, ფილარმონიაში კი იმართება «თბილისელთა» შეკრება, რომელიც ძველი პათოსით ვეღარ გამოირჩევა, მაგრამ მაინც არის ზემოთხსენებული «შემაკავებელი სტერეოტიპის» მატარებელი.
    «ჩემი შვილი თუ მსახურობს სპეცდანიშნულების რაზმში - თქვენი შვილები სად არიან?» (შოთა კვირაია). ეს უკვე გამანადგურებელი დარტყმაა. სად არიან და, უმრავლეს შემთხვევაში არც თუ ცუდად მოეწყვნენ (ეს სიტყვები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სესიაზე ითქვა, რომელსაც აფხაზეთის «ქართული ელიტაც» ესწრებოდა).
    ასე რომ, ფრაქცია აფხაზეთი «მოუკრეფავიდან» სულ ადვილად გამოიყვანეს და კვლავ «ნებადართულ» პლანტაციაში შეიყვანეს. იქ, სადაც მანამდე იმყოფებოდა.

მერიდიანი, 4 აპრილი, 1997 წ.