საერთაშორისო მიმოხილვა. 20 ნოემბერი. 2023 წელი
მსოფლიო მედია აანალიზებს ჩინეთის `თავმჯდომარე` სი ძინპინის ვიზიტს კალიფორნიაში და მის შეხვედრას ბაიდენთან.
ერთი შეხედვით შეხვედრა და მოლაპარაკება თითქოს უშედეგო იყო.
სინამდვილეში ვიზიტის ძალიან მნიშვნელოვანი `შედეგი` გახდა ის, რომ სი-სთან შეხვედრიდან რამდენიმე წუთში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, პრეზიდენტმა ბაიდენმა მას `დიქტატორი` უწოდა.
ზოგადად ასეთი რამ დიპლომატიის ნორმებს არ შეესაბამება: სტუმარია.....ვიზიტია......ახლახან ისაუბრეთ......მაგრამ ბაიდენი ამით მანიფესტირებს, რომ არანაირ `ნორმებს` არ დაგიდევთ როდესაც საქმე ეხება ღირებულებებს!
სი ძინპინი რა თქმა უნდა დიქტატორია. მით უმეტეს ჩინური კომპარტიის შარშანდელი ყრილობის შემდეგ, როდესაც მან ავტოკრატიული ხელისუფლება საბოლოოდ `გაიფორმა` როგორც დე-ფაქტო (სახელისუფლებო სტრუქტურებიდან გააძევა ყველა ოპონენტი) ასევე დე-იურედ;
ბაიდენმა მას ამით მიანიშნა, რომ თუ დაარღვევს სტატუს-ქვოს რამდენიმე მიმართულებით (რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, ტაივანის წინააღმდეგ აგრესია) ამერიკა ჩინეთს ძალიან ძლიერად `დაარტყამს` ეკონომიკური და ფინანსური სანქციებით.
თვითონაც დაზარალდება, მაგრამ ამერიკის და დასავლეთის ხარჯზე ჩინეთის ზესახელმწიფოდ `დავაჟკაცებას` არ დაუშვებს!
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბდოლაჰიანმა დაურეკა სერგეი ლავროვს და მოუწოდა, რუსეთი უფრო აქტიურად ჩაერთოს ახლო აღმოსავლეთის მოვლენებში ანუ უფრო აქტიურად დაუპირისპირდეს ისრაელს.
ეს `მოწოდება` (თანაც საჯაროდ არტიკულირებული არა რუსეთის, არამედ ირანის `საგარეოს` მიერ კონფიდენციალური სატელეფონო საუბრის შემდეგ, რაც ზოგადად არ არის მიღებული დიპლომატიაში) ძალიან საინტერესო მოვლენაა: როგორც ჩანს ირანის ელიტებში ახლა მსჯელობენ და შფოთავენ `გაბედონ` თუ არა, ანუ `ჩაერიონ` თუ არა, - გამოუცხადონ ომი ისრაელს თუ არა.
ვერ ბედავენ, რაკი რუსეთის (მეორე დიდი ბირთვული სახელმწიფოს) იმედი აღარ აქვთ.
აქ ერთი ისტორიული კანონზომიერებაც უნდა შევნიშნოთ: რუსეთი რომ (ამერიკისგან განსხვავებით) აღარ არის გლობალური ზესახელმწიფო იმითაც ჩანს, რომ მისი ჩარევა (Involvement) გლობალურ კონფლიქტებში (ესე იგი მისი ახლო სამეზობლოს მიღმა კონფლიქტებში) ბევრად ნაკლებია ვიდრე საბჭოთა კავშირის ჩარევები იმავე ახლო აღმოსავლეთში: ყველა ისრაელ-არაბულ კონფლიქტში სსრკ ამერიკის თანაბრად ერეოდა. ახლა ვეღარ ბედავს: ეგება ჩემს ახლო სამეზობლოში `დამალაგებინა` ვითარება და სხვა აღარ მაინტერესებსო.
არადა ანტიდასავლურ ძალებს ახლო აღმოსავლეთში ჰქონდათ იმედი, რომ თუკი პუტინმა 2014 წლიდან (პირველად სსრკ დანგრევის შემდეგ) ჯარები განალაგა სირიაში, ეს მოსკოვის `დაბრუნებას` ნიშნავდა მსოფლიო ასპარეზზე.
ახლა კი დასტურდება, რომ სინამდვილეში პუტინის მიზანი სირიაში მხოლოდ და მხოლოდ ის იყო, არ დაეშვა კატარიდან - სირიის გავლით - თურქეთსა და ევროპაში კატარული გაზსადენის გაყვანა რაც «Газпром» - ისთვის სრულ კატასტროფას მოასწავებდა.
და არც ჩინეთია გლობალური ზესახელმწიფო!
ესეც იმავე ახლო-აღმოსავლურმა კონფლიქტმა დაადასტურა, რადგან პეკინი არათუ ვერ ბედავს ჩარევას, არამედ ცხადი პოზიციაც კი არ გააჩნია ამ გლობალური მნიშვნელობის კონფლიქტში მიუხედავად ირანთან ძალიან აქტიური ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთქმედებისა - - - ბენდერ აბასის პორტში მრავალმილიარდიანი ინვესტიცია და სხვა.
აქედან კი აბსოლუტური უეჭველობით გამომდინარეობს დასკვნა: დღეს პლანეტაზე ერთადერთი ზესახელმწიფოა: ამერიკის შეერთებული შტატები
`ზესახელმწიფოებრიობის` არათუ მთავარი არამედ ერთადერთი უტყუარი მარკერი ის არის, რომ ზესახელმწიფო დიახაც უნდა ერეოდეს გლობალური მნიშვნელობის სამხედრო-პოლიტიკურ (!) კონფლიქტებში.
არც უკრაინაში და არც ახლო აღმოსაველთში ამერიკას ძალა არ გამოუყენებია უშუალოდ.
მაგრამ ავიამიდები ხომ მიიყვანა ისრაელის სანაპიროსთან? უკრაინას ხომ აწვდის იარაღს პირდაპირ?
ტოლფასი ჩარევა იქნებოდა, რუსეთს რომ კრეისერი «Пётр великий» მიეყვანა ისრაელთან ან ღაზასთან, ან ჩინეთს მიეყვანა იქ თავისი ხომალდები, რაც ვერ გაბედეს ვერც მოსკოვმა და ვერც პეკინმა.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვში კიდევ ერთი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს, რომელიც კრემლისკენ მიიწევდა.
ბევრს უკვირს: რა აზრი აქვს უკრაინული წარმოების უპილოტო აპარატების გაშვებას კრემლისკენ, როდესაც მოსკოვის `საზენიტო სისტემა` მათ ჩამოაგდებს ასიდან 99 შემთხვევაში?
არადა, ეს მნიშვნელოვანიოა რამდენიმე სისტემური მიზეზის გამო
ა) იმ `ერთ` შემთხვევაშიც კი, უპილოტოს შეტევა მოსკოვზე არსებითი შედეგის მომტანია რუსულ სოციუმზე ზემოქმედების თვალსაზრისით. გავიხსენოთ რა ისტერია მოჰყვა მოსკოვში მართლაც კრემლის თავზე, ე.წ. `სენატის` შენობის გუმბათზე, დრონის შეტევას და რუსული სახელმწიფო დროშის დაწვას.
ბ) ამგვარი `ჩხვლეტებით` ხდება რუსული `საზენიტოს` შემოწმება, ლოკაციის დადგენა, მისი სუსტი და ძლიერი სეგმენტების დაზუსტება
გ) რუსეთის დედაქალაქს ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან უძლიერესი `საზენიტო-ჰაერსაწინააღმდეგო-რაკეტსაწინააღმდეგო` სისტემა აქვს.
შეგახსენებთ საინტერესო ისტორიულ ფაქტს: როდესაც 1970-იან წლებში სსრკ-მ და ამერიკამ გააფორმეს ხელშეკრულება სტრატეგიული სარაკეტო-ბირთვული უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ზღუდავდა ანტისარაკეტო სისტემების განლაგებას, მხარეებს შეეძლოთ თვითონ გადაეწყვიტათ მხოლოდ ერთი ლოკაცია, რომელზეც ამგვარი სისტემის განლაგება იქნებოდა შესაძლებელი.
ამერიკელებმა აირჩიეს არა ვაშინგტონი, სადაც პრეზიდენტია, კონგრესია და ა.შ. არამედ სტრატეგიული რაკეტების საკომანდო ცენტრი, რათა სსრკ-ს ბირთვული თავდასხმის შემთხვევაში ჰქონოდათ პასუხის, ესე იგი საპასუხო დარტყმის შესაძლებლობა.
რუსებმა კი აირჩიეს მოსკოვი, სადაც ხელისუფლებაა ანუ სადაც თვითონ იყვნენ და არიან.
შესაბამისად, როდესაც `ვითომ არაფერი` უკრაინული დრონები `ჩხვლეტენ` მოსკოვის ზემძლავრ საზენიტო სისტემას, იგი იძაბება, რესურსები (მათ შორის HR) იხარჯება `წვრილმანზე` და..... მართლა ძლიერი დარტყმა, ასეულობით `დრონით` მერე შესაძლოა კიდეც გამოეპაროს იმდენად, რომ კრემლის თავზე მხოლოდ დროშა კი არ დაიწვას, არამედ ბევრად უარესი დაემართოს.
აქვე: შესაძლოა გაკვირვება გამოიწვიოს, რაში დასჭირდათ ან ამერიკელებს ან რუს კომუნისტებს ისეთი ხელშეკრულების გაფორმება, რომელიც მხარეებს უკრძალავდა ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემების განლაგებას გარდა ერთი ლოკაციისა, რომელსაც მხარეები თვითონ შეარჩევნდნენ?
საქმე ისაა, რომ მაშინ არსებობდა ასეთი `ფილოსოფია`: თუ საპასუხო ბირთვული დარტყმისგან თავდაცვა არ ექნება, პოტენციურად აგრესიული მხარე არც პირველ ბირთვულ დარტყმას არ განახორციელებსო.
პუტინმა ეს ხელშეკრულება რამდენიმე წლის წინ დატოვა.
დატოვა მას შემდეგ რაც ამერიკამ პოლონეთში განალაგა `ანტირაკეტები` ირანის წინააღმდეგ.
მაშინ პუტინმა მოიმიზეზა, თითქოს ის ანტირაკეტები ხსენებულ დიდ ხელშეკრულებას არღვევდა.
სინამდვილეში პუტინს, რომელიც მეზობელი ქვეყნების დაპყრობას ლამობს, გადაწყვეტილი აქვს დაანგრიოს (და ანგრევს კიდეც) უსაფრთხოების მთელი ის `არქიტექტურა`, რომელიც ცივი ომის და `შეკავების` ეპოქაში შეიქმნა.
დასავლეთის მხრიდან უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა კი მათ შორის ამ მიზეზითაცაა განპირობებული! ისევე, როგორც რუსეთის აგრესია თვით უკრაინის წინააღმდეგ:
ცნობილი მეცნიერი, ზბიგნევ ბჟეზინსკი ამბობდა: `უკრაინის გარეშე რუსეთი ზესახელმწიფო აღარასოდეს იქნება. ხოლო უკრაინის დაპყრობის შემთხვევაში კვლავ ზესახელმწიფო გახდებაო`.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ფინეთში რუსეთმა `მეხუთე კოლონა` აამოქმედა: რამდენიმე ასეულმა ეთნიკურად რუსმა ჯერ ფინეთის სამთავრობო დაწესებულებებთან, შემდეგ კი რუსეთის მოსაზღვრე ქალაქებში მიტინგები მოაწყო: რუსეთთან საზღვარი ახლავე გაიხსნასო.
ფინეთის ხელისუფლებამ საზღვარი ჩაკეტა NATO-ში გაწევრების შემდეგ - უკრაინის წინააღმდეგ რუსულია აგრესიის გამო.
ათეული წლის მანძილზე ფინეთსა და რუსეთს შორის საზღვარი პირობითი იყო. მოსახლეობა დაუბრკოლებლად გადაადგილდებოდა. ათასობით რუსმა იყიდა ბინები ჰელსინკიში და სხვა ფინურ ქალაქებში. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიურობდა სანკტ-პეტერბურგის აგლომერაცია.
ნიშანდობლივია, რომ ამჯერად მოსკოვმა ფინეთში ვერ იპოვა ფინელი `სასარგებლო იდიოტები` იმ რაოდენობით, მათ გაეპროტესტებინათ საზღვრის ჩაკეტვა; ეს თავისთავად საინტერესო ფაქტია: ფინურ საზოგადოებაში დომინანტური იყო აზრი, რომ 70 წლის მანძილზე ისინი იძულებულნი იყვნენ (!) რუსეთთან დათმობის პოლიტიკა ეწარმოებინათ და ფაქტობრივი ნეიტრალიტეტი ჰქონოდათ მაშინ, როცა ყველა სხვა თვალსაზრისით (ეკონომიკური, ღირებულებითი) ფინეთი რა თქმა უნდა დასავლური ცივილიზაციის ნაწილი იყო.
საპროტესტო აქციების მონაწილენი აცხადებენ, რომ ახლა, როცა ფინეთმა რუსეთთან საზღვრები ჩაკეტა, ფინეთში მცხოვრებ რუსებს ათასკილომეტრიანი შემოვლითი გზა უწევთ - ესტონეთის გავლით და ესტონეთმაც თუ ჩაკეტა საზღვარი (არც ეს დღეა შორს, თუკი ესტონეთში NATO-ს ჯართა რაოდენობა გაიზრდება) მაშინ ხომ საერთოდ `დაიღუპებიან`.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინს `ძველი საქმეები` წამოეწია.
ამერიკულმა სასამართლომ დაიწყო ცნობილი `იუკოსის` საქმის განხილვა, რომლის აქციონერები (ამჟამად რუსეთში აღარ ცხოვრობენ) პუტინის რეჟიმს 50 მილიარდ დოლარს ედავებიან კომპენსაციის სახით.
შეგახსენებთ: `იუკოსი` 1990 - იან წლებში დაფუძნებული რუსული ნავთობმრეწვი კომპანიაა, რომლის მთავარი დამფუძნებელი და აქციონერი იყო მიხეილ ხოდორკოვსკი - რუსი მილიარდერი, რომელიც პუტინის ოპოზიციას აფინანსებდა და ამის გამო პუტინმა საქმე შეუთითხნა: რამდენიმე წლით ციხეშიც ჩასვა.
რა გასაკვირია, რომ პუტინმა შემდეგ `იუკოსი` მიიტაცა და თავის `კარის ბიზნესმენებს` გადაუფორმა.
ეს ყოველივე მოხდა ჯერ კიდევ `ნულოვან წლებში` ანუ პუტინის უსასრულო მმართველობის გარიჟრაჟზე.
ხოდორკოვსკი პუტინს დასავლეთმა გამოაშვებინა.
მას შემდეგ `იუკოსის` აქციონერები გამუდმებით ედავებიან პუტინის რეჟიმს სხვადასხვა იურისდიქციაში და მიაღწიეს იმას, რომ ამერიკის სასამართლომ ეს საქმე წარმოებაში მიიღო.
ლაპარაკია არა არბიტრაჟზე, არამედ სწორედაც სასამართლოზე.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?
იმიტომ, რომ თუ ამერიკის სასამართლომ რუსეთის სახელმწიფო (იგივე პუტინის რეჟიმი) გაამტყუნა ამ საქმეში, მაშინ ამერიკის სახელმწიფო მიიღებს უფლებას, მის იურისდიქციაში არსებული რუსული აქტივებიდან (რაც დაყადაღებულია უკრაინაში რუსეთის აგრესიის მომენტიდან) გადაუხადოს `იუკოსს` კომპენსაცია და ამით შეიქმნება ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რაც ყველა სხვა აქტივის უკრაინის სასარგებლოდ კონფისკაციას შეუწყობს ხელს. არა დღესვე, არა ხვალვე, მაგრამ პერსპექტივაში.
ასპროცენტიანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ის 300 მილიარდი დოლარი, რაც რუსეთის სახელმწიფოს ეკუთვნის დასავლურ ბანკებში ან დასავლურ იურისდიქციებში და ახლა დაყადაღებულია, რუსეთს აღარ გადაეცემა მანამ, სანამ უკრაინას სრულ კომპენსაციას არ გადაუხდის.
თუმცა, როგორც მრავალგზის გვითქვამს. `დაყადაღება` სხვაა და `კონფისკაცია` - სხვა.