11 სექტემბრის ტერაქტი ამერიკაში
უდიდესი შეტევა თავისუფლების წინააღმდეგ
მხოლოდ ის ადამიანი, ვინც ყოფილა ნიუ-იორკში და უნახავს გრანდიოზული «თვინს-თაუერი» (ტყუპი ცათამბჯენები) შეძლებს, სრულად წარმოიდგინოს, რა კოლოსალური ტრაგედია დაატყდა თავს ნიუ-იორკს, რომელიც არცთუ უსაფუძვლოდ მიაჩნიათ მსოფლიოს დედაქალაქად; აგრეთვე, რა ტრაგედია დაემართა მთელ ამერიკას, უფრო მეტიც - მთელ დასავლურ ცივილიზაციას და კაცობრიობას, ყველა იმ ადამიანს, ვისაც ესმის, რა არის თავსიუფლება. თორემ არიან სხვებიც (მა თ შორის საქართველოშიც), რომელთაც ამერიკელი ხალხისა და დასავლური ცივილიზაციის ეს ტრაგედია გაუხარდებათ.
როგორც ჩანს, ეს არის ის მოვლენა, რომლითაც დაიწყო მესამე ათასწლეული და 21-ე საუკუნე ჩვენს პლანეტაზე, ანუ, როდესაც მომავალში ისტორიკოსები შეეცდებიან, მოძებნონ «საწყისი», ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა - 2001 წლის 11 სექტემბრის სულისშემძვრელი ტრაგედია სისხლიან «სტარტად» იქცევა.
და ძალიან ძნელი სავარაუდოა, საეროთდ რაიმე თუ შეიძლება შეედაროს მიმდინარე საუკუნესა და ათასწლეულში ამ საზარელ, გამანადგურებელ კატასტროფას. რა მაშსტაბის მიწისძვრაც არუნდა მოხდეს, «სითბურმა ეფექტმა» კაცობრიობის არსებობა ეჭვქვეშ რომც დააყენოს, 11 სექტემბრის კატასტროფას მაინც ვერაფერი შეედრება, ვინაიდან ეს იყო ცივსისხლიანი, გაუგონარი თავხედობით, სატანური ეშმაკობით ჩადენილი ულმობელი, ბარბაროსული, მკვლელობა.
დაიღუპა ათასობით ადამიანი, თითქმის დანგრეულია მანჰეტენის სამხრეთი ნაწილი, აღარაფერს ვამბობთ იმაზე რომ განადგურებულია პლანეტის ერთ-თერთი ულამაზესი არქიტექტურული ნაგებობა, საკაცაობრიო ტექნოლოგიური გენიის განსახიერება.
მაგრამ, რაც მთავარია, «თვინს-თაუერი» არ ყოფილა მხოლოდ არქიტექტურული და ტექნოლოგიური გენიის გამოხატულება». «თვინს-თაუერი» განასახიერებდა პიროვნების თავისუფალი არჩევანის უფლებას - დასავლური ცივილიზაციის საფუძველთა საფუძველს.
ამიტომ ეს არის დარტყმა თავისუფლებისა და დემოკრატიის იდეასა და სულისკვეთებაზე. მაგრამ ტერორისტები და მათი საზიზღარი გულშემატკივარნი მიზანს ვერ მიაწღევენ. პიროვნული თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავენ და, რასაკვირველია, ამერიკის შეერთებულ შტატებს (როგორც სახელმწიფოს) ვერ მოსპობენ.
სამწუხაროდ, ვერაფერი დააბრუნებს ათასობით ადამიანს, ხოლო დიდებული, ულამაზესი ქალაქი, ნიუ-იორკი, უკვე აღარასოდეს, არც ერთი თვალსაზრისით აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო 2001 წლის 11 სექტემბრამდე.
დილის გაზეთი, 12 სექტემბერი, 2001 წელი