პრეზიდენტის მიმართვას გააფთრებით ელიან

პრეზიდენტის მიმართვას გააფთრებით ელიან

        გუშინ პარლამენტის ბიურო, ანუ ქართული «პოლიტბომონდი», თითქმის სრული შემადგენლობით, პრეზიდენტის საპარლამენტო მიმართვაზე მსჯელობდა.
        მნიშვნელოვანი დადებითი (მომგებიანი) ფაქტორი აღმოჩნდა «პაუზა». რომელიც შევარდნაძემ «დაიჭირა» გასული წლის გაზაფხულიდან, როდესაც იგი ბოლოს გამოვიდა პარლამენტის ტრიბუნიდან. მას შემდეგ პოლიტიკურ ასპარეზზე ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, საკმარისია ითქვას, რომ თანამდებობიდან გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე, «იფეთქა ნოემბრის მოვლენებმა», დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა და ასე შემდეგ.
        დღეს არსებობს ყველა პირობა საიმისოდ, რათა პრეზიდენტის გამოსვლა იყოს ახალი რეალობის შემქმნელი, ანუ პრეზიდენტმა პოლიტიკურ კლასს შესთავაზოს თამაშის ახალი წესები და ახალი წინადადებები ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარების მიმართულებით.
        შეიძლება ვივარაუდოთ, რომ წინადადებები შეეხება «მინისტრთა კაბინეტს», სახელმწიფო მინისტრის უფლებამოსილებათა გაზრდას (თუ პარლამენტი «კაბინეტზე» არ წავა), აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმას, ძალოვან სტრუქტურათა რეფორმირებას, გამოძიების სფეროს გარდაქმნას, ორპალატიანი პარლამენტის დაფუძნებას და ასე შემდეგ.
        ყველა ეს წინადადება დიდი ხანია მუსირებს, მაგრამ თუ კონცენტრირებული სახით იქნება წარმოდგენილი პრეზიდენტის გამოსვლაში, ფაქტობრივად, გამოსვლა «პრეზიდენტის ახალი პროგრამის» იერს შესძენს და ამით ედუარდ შევარდნაძე დაადასტურებს, რომ მეორე საპრეზიდენტო ვადის მეორე ნახევარი ძალიან აქტიური, მოვლენებით აღსავსე და (შესაძლოა) «ბობოქარიც» გვექნება.
        დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ წელიწადნახევრიანმა «პაუზამ» შექმნა ისეთი ფონი, რომელზეც ნებისმიერი ახალი წინადადება განსაკუთრებით გაიჟღერებს და პრეზიდენტს ინიციატივის შენარჩუნების საშუალებას მისცემს. ეს მით უფრო მნიშვნელოვანია, იმ ვითარებაში, როდესაც ცნობილი პერეტრუბაციების შემდეგ გარდაუვალი ხდება ინსტიტუციონალური (უფრო სწორად, კორპორაციული) პაექრობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის.
        პარლამენტში (არათუ ამ პარლამენტში, არამედ მომავალ პარლამენტშიც) უკვე აღარ იარსებებს გამოკვეთილი უმრავლესობა. პირიქით, თანდათან შეიკვრება ოპოზიციური კოალიცია, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში აბსოლუტური უმრავლესობა ექნება.
        განსაკუთრებულ პრობლემას იგი პრეზიდენტს ვერ შეუქმნის, ვინაიდან, კვალიფიციურ უმრავლესობას ვერ შეკრებს (მაშასადამე, კონსტიტუციაში ცვლილების შეტანას ვერ შეძლებს), ხოლო ყოველი ბიუჯეტის მიღების წინ ჯადოსნურად დაიშლება და მერე ისევ შეიკრიბება. ანუ კვლაევ განმოერდება ის საოცარი ვითარება, როდესაც ყველა ფრაქცია, თითქოს, წინააღმდეგია ბიუჯეტის მიღებისა, ხოლო ბიუჯეტი მაინც «გადის». პრეზიდენტის გამოსვლა და «განსაკუთრებით» შემდგომი დისკუსია «რუსული ფაქტორის» მიუხედავად, ახალი ეტაპის დასაწყისს გვამცნობს.

დილის გაზეთი, 24 სექტემბერი, 2002 წელი