რუსეთის თავლაფდასხმა საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს

რუსეთის თავლაფდასხმა საქართველოს წისქვილზე ასხამს წყალს

        საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან სარწმუნო წყაროს ცნობით, ფაქტობრივად, გადაწყვეტილია საკითხი ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალებისათვის 8 ამერიკული სამხედრო ვერტმფრენის გამოყოფის შესახებ.
        ეს ფაქტი უაღრესად ნიშანდობლივია. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს, რომ უკვე მოაქვს სასიკეთო შედეგი (საქართველოსთვის) დაპირისპირებას რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელშიც ელცინის გუნდი ვალდებული გახდა ჩარეულიყო თავისი ქვეყნის პოლიტიკური ელიტის სიჩლუნგისა და შეურიგებლობის შედეგად.
        სანამ მოსკოვს და ვაშინგტონს შორის ნორმალური ურთიერთობა არსებობდა, ამერიკელები ერიდებოდნენ რუსეთის გაღიზიანებას, ანუ ყველანაირად ცდილობდნენ «გაეჯანჯლებინათ» საქართველოსათვის (ჯერ კიდევ რუსეთის გეოპოლიტიკურ არეალში მყოფი ქვეყნისათვის) უშუალო სამხედრო დახმარება; მით უმეტეს, სამხედრო ტექნიკის გამოყოფა. მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც მოსკოვიდან მხოლოდ ლანძღვა-გინება და მუქარა ისმის, ბუნებრივია, ამერიკელები საპასუხო ზომებს მიიღებენ და აქტიურადაც ჩაერევიან ე.წ. «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» საშინაო საქმეებში.
        მოლაპარაკება ვერტმფრენების გადმოცემის თაობაზე თითქმის ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
        საქართველოსათვის არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც, ამას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. ძნელი გასათვლელი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის პირობებში ტანკებზე გაცილებით უფრო გამოსადეგია ყველა სახის არტილერია (უპირველესად ყუმბარმტყორცნები, რომლებიც შვეული სროლის საშუალებას იძლევა), ხოლო შეტევითი ოპერაციებისათვის - სამხედრო ვერტმფრენები.
        ვერტმფრენების გამოყენება სადესანტო ოპერაციებშიც შეიძლება.
        ანუ, საქართველოს სამხედრო სტრატეგია, ამ მიმართულებით, უნდა მდგომარეობდეს სწორედ შვეულმფრენი ავიაციის, საზღვაო ფლოტისა და არტილერიის გაძლიერებაში, ვინაიდან «შუბლში» შეტევა გალი-ოჩამჩირის მიმართულებით სრულებით ფუჭი იქნება – სეპარატისტებს დრო უქმად არ დაუკარგავთ და გალის არხთან მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობები აღმართეს ხუთი წლის განმავლობაში, რომელთა გადალახვა უმაღლეს დონეზე გაწვრთნილ და შეიარაღებულ არმიასაც გაუჭირდება.
        სოხუმელი «სტრატეგები» ამას, რასაკვირველია, ითვალისწინებენ; ამიტომ, რაც უფრო გააქტიურდება თანამშრომლობა საქართველოსა და პენტაგონს შორის, - მით უფრო მოვლენ რეალური მოლაპარაკების ხასიათზე. თუმცა, საბოლოოდ, აფხაზეთის პრობლემა სამხედრო ძალით ვერ გადაწყდება. ამაში უკვე არც ერთ მიმომხილველს ეჭვი არ ეპარება თვით საქართველოშიც, მაგრამ სამხედრო თანამშრომლობა იმპერიასთან თვისებრივად ახალ ვითარებას ქმნის სწორედ პოლიტიკური თვალსაზრისით, რაც უეჭველად ძალზე აქტიურად უნდა გამოვიყენოთ.
        იმ ვითარებაში, როდესაც ამერიკა და ნატო აფართოებენ სამხედრო ოპერაციას ფაშისტური იუგოსლავიის წინააღმდეგ, ნამდვილად მიზანშეწონილი იქნებოდა პოლიტიკური დემარში საქართველოს მხრიდან, რომლითაც ქვეყანა კიდევ ერთხელ დაადასტურებდა თავის პროდასავლურ ორიენტაციას.
        მაგალითად, საქართველოს პარლამენტმა სწორედ ამ სიტუაციაში უნდა მიიღოს ძალზე გაწონასწორებული კანონი (კანონი და არა დადგენილება) საქართველოდან უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა გაყვანის შესახებ.
        ბუნებრივია, კანონმა არ უნდა მისცეს რუსეთს არანაირი საბაბი პროვოკაციებისთვის. მაგალითად, დაუშვებელია საქართველომ მოითხოვოს რუსის ჯარის გაყვანა და სამხედრო ტექნიკის, აგრეთვე შეიარაღების დატოვება იმ 6 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის ანგარიშში, რომელიც რუსებმა ქურდულად გაიტანეს 1992-1993 წლებში, - სამოქალაქო ომის დროს.
        ამგვარ მოთხოვნას მხოლოდ უარყოფითი შედეგი ექნება – რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები ამას ხელზე დაიხვევენ და შესანიშნავად (მათთვის ჩვეული ოსტატობით) გამოიყენებენ. კანონმა «უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალთა საქართველოდან გაყვანის შესახებ» ალბათ უნდა გაითვალისწინოს გარდამავალი პერიოდი, უნდა გამორიცხოს ყოველგვარი აგრესია რუსული სამხედრო ბაზების წინააღმდეგ, - ისევ და ისევ პროვოკაციის თავიდან ასაცილებლად.
              რუსეთი, რასაკვირველია, ბაზებს უმალვე არ გაიტანს; გამართავს მოლაპარაკებას, რომელიც რამდენიმე თვეს გასტანს; მაგრამ ბალკანეთზე შექმნილი ვითარების გათვალისწინებით (მით უმეტეს, თუ სამხედრო კამპანია გაჭიანურდა) ამერიკელებისათვის საქართველოს მოთხოვნა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული არგუმენტი იქნება, რათა პოლიტიკურ კონტრშეტევაზე გადავიდნენ რუსეთის წინააღმდეგ.
        შექმნილი ვითარება კიდევ ერთ შესაძლებლობას მოიცავს – ჩვენ უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ აფხაზ სეპარატისტებთან ძალიან მძიმე კომპრომისი გარდაუვალი იქნება, რათა თუნდაც ნაწილობრივ გადავწყვიტოთ ლტოლვილთა პრობლემა.
        ბოლოს და ბოლოს, ლტოლვილები აფხაზეთში შეიძლება დაბრუნდნენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები (მუდმივად ცხოვრების უფლებით), რაც საშუალებას მისცემს აფხაზურ მხარეს, მიიღოს გარანტიები არჩევნებისა თუ ნებისმიერი რეფერენდუმისათვის.
        სულ ერთია, სხვა გამოსავალი მაინც არ იქნება და ჩვენ ადრე თუ გვიან აქამდე მივალთ; მაგრამ სჯობს, გამოვიყენოთ ამჟამად შექმნილი ვითარება, რათა შევცვალოთ შუამავალი ქართულ-აფხაზურ დიალოგში.
        რუსეთის შუამავლობამ საკუთარი თავი და შესაძლებლობები ამოწურა – ეს უკვე ყველასათვის ცხადია. რუსი პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები აღარც მალავენ, რომ «შუამავლობას» აგრძელებენ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რათა დააფიქსირონ რუსეთის პრიორიტეტი.
        რაც შეეხება «ბლოკადას» - ეს არის სპექტაკლი, რომელსაც სოხუმიც და მოსკოვიც ოსტატურად თამაშობს, რათა საქართველოს ყალბი შთაბეჭდილება შეუქმნას.
        სინამდვილეში, აფხაზეთი ხმელეთიდან და ზღვიდან იღებს ყველაფერს, რაც სჭირდება, - დაწყებული იარაღიდან, დამთავრებული სურსათ-სანოვაგით. ასე რომ, «რუსეთის მეშვეობით აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტის» პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა, რაც მოსალოდნელიც იყო.
        დასავლეთზე ორიენტაციას არა მხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ აფხაზეთში ჩვენთვის მეტ-ნაკლებად მისაღები და მოსათმენი რეალობის შესაქმნელად – ალტერნატივა არ გააჩნია!
        მხოლოდ დასავლეთი (უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატები) შეიძლება გახდეს ის შუამავალი, რომელიც საქართველოს ინტერესებსაც მეტ-ნაკლებად გაითვალისწინებს.
        ამიტომ, ბალკანეთზე ომის დასრულებისთანავე (ეს ომი მაქსიმუმ კიდევ 2-3 თვეს გაგრძელდება) საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაახლოს დიპლომატიური ძალისხმევა დასავლეთის ეგიდით, - ევროპის რომელიმე დედაქალაქში საერთაშორისო კონფერენციის მოსაწვევად.
        ორი წლის წინ ამ იდეამ გაიჟღერა ედუარდ შევარდნაძის ყოველწლიურ მიმართვაში პარლამენტისა და ხალხისადმი. მაშინ რუსეთი წინადადებას «აღრენით» შეხვდა, ხოლო დასავლეთმა, იმდროინდელ ვითარებაში, კრემლთან ურთიერთობათა დაძაბვა არ ისურვა. დღეს სულ სხვა სიტუაციაა. აგრეთვე განსხვავებული სიტუაცია იქნება ბალკანეთის ომის შემდეგ. მსოფლიო ვეღარასდროს დაბრუნდება იუგოსლავიის ომამდელ ვითარებაში. «ძველი» პარიტეტი, ანუ ყოფილი პარტნიორობა რუსეთსა და ამერიკას შორის ვეღარ აღდგება. ამერიკა აუცილებლად გადაუხდის სამაგიეროს რუსეთს იმით, რომ გაცილებით უფრო აქტიურად შემოვა პოსტსაბჭოურ სივრცეში.
        მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ დერჟავნიკ-დერჟიმორდათა პოზიციების გაძლიერებას რუსეთში, რაც კიდევ უფრო გარდაუვალია ბალკანეთზე რუსეთის თავსლაფისდასხმის შემდეგ.
        აქედან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა გააკეთოს განცხადება საერთაშორისო კონფერენციის მოწვევის შესახებ აფხაზეთის თაობაზე. აფხაზი სეპარატისტები უეჭველად მიიღებენ ამ კონფერენციაში მონაწილეობას, რაკი (კოსოვოს მაგალითზე) დარწმუნდნენ, რომ დასავლეთი მხოლოდ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის პრინციპით არ ხელმძღვანელობს და სეპარატისტთა ინტერესებსაც ითვალისწინებს.
        რაც შეეხება იმ არგუმენტს, თითქოს «ამგვარი კონფერენცია აფხაზეთს დაგვაკარგვინებს», - განა ისედაც დაკარგული არა გვაქვს?! იურიდიულად დასავლეთი არ სცნობს აფხაზეთის საქართველოსაგან მოწყვეტას. კოსოვოს მიმართ საპირისპირო პოზიცია კლინტონმა მხოლოდ მას შემდეგ დაიკავა, რაც დადასტურდა სერბთა მხრიდან აშკარა გენოციდის გაგრძელება; საქართველო კი აფხაზეთში მსგავსს არაფერს აკეთებს.
        პირიქით, - იგი თავად არის მსხვერპლი პერმანენტული აგრესიისა, რომელსაც მხოლოდ დასავლეთის მეშვეობით შეიძლება მოეღოს ბოლო.

7 დღე, 14 აპრილი, 1999 წელი