14 აპრილი - ეროვნული მოძრაობის გენერალური რეპეტიცია

14 აპრილი - ეროვნული მოძრაობის გენერალური რეპეტიცია

 

    1978 წლის 14 აპრილს, საბჭოთა კავშირის სინამდვილეში არნახული მოვლენა მოხდა: ქუჩებში გამოვიდა ათიათასობით ადამიანი, რომელთაც გადაკეტეს მოძრაობა და მოაწყვეს მსვლელობა მთავრობის სასახლისაკენ. აქციის მიზეზი გახდა საქართველოს სსრ ახალი კონსტიტუცია, საიდანაც (წინა კონსტიტუციასთან შედარებით) ბევრისთვის მოულოდნელად «გაქრა» პუნქტი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის შესახებ.
    რომელიმე ენისათვის «სახელმწიფო ენის» რანგის მინიჭება საბჭოთა სინამდვილისათვის ანომალია იყო. «ლენინური მოძღვრების» თანახმად. სახელმწიფო ენა ბოროტებად იქნა მიჩნეული, ამიტომ არც ერთ ენას არ ჰქონდა სახელმწიფო ენის სტატუსი ქართულისა და სომხურის გარდა.
    1936 წლის «სტალინური კონსტიტუციის» ეს ხარვეზი 1977-78 წლებში უნდა გამოსწორებულიყო, როდესაც კომუნისტთა ახალმა თაობამ ძირითადი კანონის მოდერნიზაცია გადაწყვიტა. «რესპუბლიკების» კონსტიტუციები შესაბამისობაში უნდა მოეყვანათ «კავშირის» კონსტიტუციასთან - ამდენად, საქართველოს სსრ-ს ხელმძღვანელებიც იძულებულნი გახდნენ, თავდაპირველ პროექტში ცვლილება შეეტანათ და «სახელმწიფო ენის» პუნქტი გაეუქმებინათ. მოთხოვნა მოსკოვიდან მოდიოდა, მაგრამ თვით პროექტი თბილისში დაიწერა და არა მოსკოვში - იგი შემდგომ წაიღეს მოსკოვში და მოიწონეს, როგორც «ლენინური» და «მუშურ-გლეხური».
    სომხეთისათვის «სახელმწიფო ენის» გაუქმებას არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინაიდან მონოეთნიკურ სომხეთში სომხურ ენას საფრთხე არ ემუქრებოდა; საქართველოში კი «ენობრივ სტატუსს» სხვა ფუნქცია ენიჭებოდა მრავალეროვნულობისა და თვით ქართველი ერის «რთული» შინაგანი კონსტრუქციიდან გამომდინარე.
    საქართველოს იმდროინდელ კომუნისტურ ელიტას სახელმწიფო ენის გაუქმება დიდად არ ეპიტნავებოდა, ვინაიდან ეს «აუტკივარი თავის ატკივებას» ნიშნავდა. მაგრამ მოსკოვის ბრძანების შეუსრულებლობაც სრულიად კონკრეტულ «სასჯელს» გამოიწვევდა, ამიტომ «მასობრივი მღელვარების» პროვოცირება ამჯობინეს, რათა სსრკ-ს ხელმძღვანელობისაგან დათმობები «გამოეგლიჯათ».
    აქციის უშუალო შემსრულებელი უნივერსიტეტი იყო - სტუდენტობამ დიდი აქტიურობა გამოამჟღავნა. ინტელიგენციაც, ფაქტიურად, ერთსულოვანი იყო. მასობრივი გამოსვლებითა და პროტესტებით კარგად ისარგებლა მაშინდელმა «ცკ»-ს პირველმა მდივანმა და კრემლი კონსტიტუციის პროექტში კოსმეტიკურ ცვლილებაზე დაითანხმა, რომლითაც ქართული ფორმალურად კვლავ ცხადდებოდა სახელმწიფო ენად, მაგრამ იქვე უტოლდებოდა სხვა ენებს უმთავრეს მისიაში - ოფიციალური ენის ფუნქცია მას გამოცლილი ჰქონდა. ამის გარეშე კი ენის «სახელმწიფო სტატუსი» ფიქციაა.
    14 აპრილის გამოსვლებით შესანიშნავად ისარგებლეს აფხაზმა ნაციონალისტებმა და აფხაზეთში მყისვე ააგორეს ანტიქართულ გამოსვლათა ტალღა. მათი ერთ-ერთი ლიდერი მაშინაც ვლადისლავ არძინბა იყო. აფხაზებმა კარგად იცოდნენ, რომ «ქართველთა თავხედობით» განრისხებული რუსები მათ ყოველმხრივ მხარს დაუჭერდნენ. მაშინ პირველად იმოქმედა სქემამ, რომლის შემდგომმა განვითარებამ საქართველოს აფხაზეთი დააკარგვინა. აფხაზთა პროტესტების შედეგი ის იყო, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში სამივე ენას (რუსულს, აფხაზურს და ქართულს) «სახელმწიფო» სტატუსი მიენიჭა - კრემლის მხრიდან ეს ერთდროულად შურისძიებაც იყო და სამომავლო გაფრთხილებაც.

მერიდიანი, 15 აპრილი, 1997 წ.