მილენიუმ-სამიტი მუშაობას შეუდგა

მილენიუმ-სამიტი მუშაობას შეუდგა

        გუშინ ნიუ-იორკში ოფიციალურად გაიხსნა «ათასწლეულის სამიტი», რომლის დღის წესრიგი ფორმალურად გენერალური მდივნის მოხსენების განხილვას ეძღვნება. ეს მოხსენება კი შორს მიდის საკუთრივ ამ უნივერსალური ორგანიზაციის ფუნქციონირებაზე მსჯელობისგან და ზოგადად პლანეტაზე არსებულ ვითარებას ეხება.
        ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ ამერიკაში გამგზავრებამდე განაცხადა, რომ გაეროს გენერალური მდივნის «მესიჯში», ანუ როგორც ჩვენში იტყვიან, «სეფე სიტყვაში» შემაძრწუნებელი სურათია დახატული. ეს სიტყვა სამიტის მონაწილეებს წინასწარ დაურიგდათ. მას ჟურნალისტებიც გაეცნენ და, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ მართლა თმები ყალყზე დაგიდგება ამ დოკუმენიტის წაკითხვისას: მტკიცედ გექმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ თუ უახლოეს მომავალში არ მიიღეს კარდინალური ზომებიტ, ჩვენს პლანეტას მომავალი საერთოდ არა აქვს – უკვე XXI საუკუნის პირველ ნახევარში მას გაანადგურებენ ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემები. თანაც, აქ პოლიტიკურ პრობლემატიკაზე საერთოდ არ არის საუბარი. კოფი ანანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სწორედ ეს ორი პრობლემა განსაზღვრავს პოლიტიკურ და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს, რასაც შედეგად დედამიწაზე ვითარების გამწვავება მოჰყვება.
        «მილენიუმ-სამიტში» 150-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაური ან პრემიერ-მინისტრი იღებს მონაწილეობას. პირველიო დღის შთაბეჭდილებით თუ ვიტყვით, მათ ერთხმად აიტაცეს გენერალური მდივნის ტონალობა და ასეთივე მწვავე შეფასებებით გამოივდნენ გაეროს ტრიბუნიდან.
        საქართველოს პრეზიდენტი დღეს (ხუთშაბათს) გახსნის გაეროს გენერალური ასამბლეის პლენარულ სხდომას. სარწმუნო წყაროთა ცნობით, შევარდნაძის გამოსვლაც უპრეცედენტოდ მწვავე იქნება. ედუარდ შევარდნაძე აპირებს მკვეთრად დააფიქსიროს საქართველოს პოზიცია ჩვენი ქვეყნისათვის უმწვავეს – აფხაზეთის საკითხში. გარდა ამისა, იგი გაეროს კარდინალურ რეფორმასაც მოითხოვს, რაც უკვე მართლაც აუცილებელი ხდება, ვინაიდან ეს ორგანიზაცია თანდათან (თუმცა განუხრელად) კარგავს ქმედუნარიანობას. გუშინ კი, პირველოი პლენარულიო სხდომის მსვლელობისას, პრეზიდენტები კვლავინდებურად ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრებისთვის იყენებდნენ დროს. ედუარდ შევარდნაძე შეხვდა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ნეჯეთ სეზერს. ჩვენი ქვეყნისთვის მეზობელი თურქეთის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ეს ძალზე საყურადღებო შეხვედრა იყო, რადგან თურქეთის ახალ პრეზიდენტთან ურთიერთობების «აწყობა» საქართველოსათვის, დღევანდელ პირობებში, სავსებით კონკრეტული, პრაქტიკული შინაარსი აქვს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი, როგრც ჩანს, აუცილებლად შემოიღებს სავიზრო რეჟიმს და ჩაგვიკეტავს თავის ბაზარს. თურქეთს კი პირიქით, შეუძლია ეკონომიკური ალტერნატივის როლი შეასრულოს იმ შემთხვევაში, თუ აღიქვამს საქართველოსთან გეოპოლიტიკურ ინტერესთა თანხვედრას. თუმცა, სარწმუნო წყაროთა ცნობით, შევარდნაძისა და სეზერის საუბრის ძირითადი თემა ისევ და ისევ დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დაწყება იყო. ეს პროექტი არა მხოლოდ ეკონომიკურ, არამედ გეოპოლიტიკურ ინტერესთა თანვხედრასაც უზრგუნველყოფს. თურქეთი საქართველოზე არანაკლებადაა დაინტერესებული მშენებლობის სასწრაფოდ დაწყებით. საქართველოს პოზიციები კი საბოლოოდ გარკვეულია. ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მშენებლობა წელს აუცილებლად დაიწყება. ყოველ შემთხვევაში საპროექტო და მოსამზადებელ სამუშაოებს საბოლოოდ დაესმება წერტილი. ნეჯეთ სეზერმა კი ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა, რომ აპირებს გააგრძელოს წინამორბედის სულეიმან დემირელის საგარეო პოლიტიკის კურსი, მათ შორის, საქართველოსთან დამოკიდებულების თვალსაზრისით.
        გუშინვე გაეროს შტაბ-ბინაში შეიკრიბნენ სუუამის ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურები. უნდა ითქვას, რომ «მილენიუმ-სამიტი» მსოფლიოს მრავალმა რეგიონულმა ორგანიზაციამ გამოიყენა საიმისოდ, რათა თავისი არსებობა, და თუ შეიძლება ასე ითქვას, ცხოველმყოფელობა (ქემედუნარიანობა) დაედასტურებინა. სუუამის (საქართველო, უკრაინა, უზბეკეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა) ლიდერთა შეხვედრა უეჭველად იმას ნიშნავს, რომ ეს ორგანიზაცია რეალურად აღიქმება წევრი ქვეყნების მიერ ქმედუნარიანად და პერსპექტიულად – განსხვავებით, ეგრეთ ოწდებული, «დამოუკიდებელი სახელმწიფოთა თანამეგობრობისგან»: დსთ-ის სამიტის მოწყობა გაეროს საიუბილეო სესიის მსვლელობისა,ს აგრეთვე, ნიშანდობლივი მოვლენა იქნებოდა, მაგრამ ეს აზრადაც არავის მოსვლია, მიუხედავად იმისა, რომ ნიუ-იორკში დსთ-ის წევრი ყველა სახელმწიფოს ლიდერი იმყოფებოდა. ეს ფაქტი მართლაც ყველაზე ზუსტად და ყველაზე ნათლად მეტყველებს იმაზე, სინამდვილეში რას წარმოადგენს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა, მით უმეტეს, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა გააუქმა ერთადერთი რეალურად მოქმედი სისტემა ამ ორგანიზაციაში – უვიზო რეჟიმი წევრ სახელმწიფოთა შორის. ეს იყო მართლაც ერთადერთი რეალურად მოქმედი შეთანხმება, რომლის გაუქმებითაც (თანაც რუსეთის ინიციატივით) დსთ-ის დღეები საბოლოოდ აღმოჩნდა დათვლილი: იმაზე სამარცხვინო რა შეიძლება იყოს რეგიონული ორგანიზაციისთვის, რომ წევრ სახელმწიფოთა არც ერთ ლიდერს თავის გამოსვლაში იგი არც ერთი სიტყვით არ მოუხსენებია, ხოლო ნიუ-იორკში ყოფნის დრო ალტერნატიულად მიჩნეული ორგანიზაციის (სუუამის) შეკრებისათვის გამოიყენეს.
        საყოველთაო აზრით, ბიშკეკის ხელშეკრულებიდან გამოსვლა, მოსკოვის საბედისწერო ნაბიჯია. შესაძლოა, ეს არის იძულებითი ნაბიჯი, ვინაიდან უვიზო რეჟიმი რუსეთმა ვერ გამოიყენა პოსტსაბჭოურ სივრცეზე თავისი გავლენის აღსადგენად, ხოლო დაკარგვით კი ბევრი დაკარგა, რადგან ვერც თავისი ეკონომიკურ და რესურსული უპირატესობის გამოყენება შეძლო საზღვრების გახსნილობის გამო. პირიქით, რუსეთთან უვიზო რეჟიმი ყოფილმა მოკავშირე რესპუბლიოკებმა უფრო გამოიყენეს თავიანთი სახელმწიფოებრიობის განსამტკიცებლად.
        ოთხშაბათს ედუარდ შევარდნაძე შეხვდა, აგრეთვე, ირლანდიის პრემიერ-მინისტრს ბერტი აჰრენს და მონაწილეობა მიიღო იაპონიის პრემიერ-მინისტრ იოშირო მორის სახელით რამდენიმე პრეზიდენტისთვის გამართულ მიღებაში.

დილის გაზეთი, 7 სექტემბერი, 2000 წელი