1998 წელი საბედისწერო კატაკლიზმების წელი იყო

1998 წელი საბედისწერო კატაკლიზმების წელი იყო

  

    საქართველოსა და ქართველებს რაღაც საზარელი გვჭირს; ქართული ანდაზისა არ იყოს: «შენდებოდეს - შეეწიე, იქცეოდეს - შეესიეო» - უბედურება და დამანგრეველი ტენდენცია ერთმანეთზე ეწყობა.
    იმდენად, რომ აძლიერებს და ამუქებს კიდეც ერთობლივ დამანგრეველ ტენდენციას.
    ამ თვალსაზრისით 1998 წელი საქართველოს ისტორიაში შევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელიწადი; მართალია, უფრო მძიმე პერიოდებიც გვახსოვს თითქოს, - 1993 წელს აბა, რა შეედრება, მაგრამ გასული წელი მაინც გამოირჩევა ერთი თავისებურებით: სახელმწიფოებრივ კატაკლიზმებს დაერთო სტიქია და პლანეტარული მასშტაბის ფინანსური გართულებები.
    1998 წელი დაიწყო ტერორისტული აქტით ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ. სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს დივერსია ერთობლივად მოამზადეს და განახორციელეს რუსეთისა და ჩეჩნეთის სპეცსამსახურებმა «ზვიადისტების» გამოყენებით, რომლებიც მათ ხელში მხოლოდ ბრმა იარაღად იქცნენ.
    რაც შეეხება ე.წ. «იჩქერიას» - ამ გზით, როგორც ჩანს, მის მესვეურებს სურდათ დაემტკიცებინათ მოსკოვისათვის, რომ მზად არიან ყოველმხრივ გაითვალისწინონ და განახორციელონ რუსეთის ინტერესები რეგიონში, თუ რუსეთი თავის მხრივ, სცნობს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობას;
    პარალელურად საქართველოში ძალიან «მძიმედ» დაიწყო ეკონომიკური წელი, რისი ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი ისიც გახდა, რომ ბიზნესმენებმა (გადასახადების გადამხდელებმა) სახელმწიფოს სისუსტე იგრძნეს პრეზიდენტზე თავდასხმის შემდეგ, უფრო ზუსტად, იგრძნეს საერთო არასტაბილურობა, რაც, ბუნებრივია, უმალვე აისახა ეკონომიკურ აქტივობაზე;
    ეს ტენდენცია კიდევ უფრო დაამძიმა და გაართულა გალის მოვლენებმა. ამჟამად მათი არსის გარკვევაც არ არის ძნელი: სეპარატისტები წლების განმავლობაში «თვალს ხუჭავდნენ» გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნებაზე, ვინაიდან ისინი სჭირდებოდათ «ადამიანურ ფეთქებად მასად», რათა აეძულებინათ საქართველო ბლოკადის მოხსნაზე დათანხმებულიყო.
    ამ მიზნით არძინბას ხროვამ შესანიშნავად გამოიყენა ის მდგომარეობა, რომელიც გალში შეიქმნა მაისის მიწურულს: რამდენიმე წარმატებული ოპერაციის შედეგად, ქართველმა პარტიზანებმა (ალბათ თბილისის მხარდაჭერითა და თანხმობით) შეძლეს გალის რაიონის თითქმის მთლიანად დაკავება და იქიდან სეპარატისტთა ფორმირებების განდევნა, მაგრამ აშკარად ვერ გათვალეს საკუთარი ძალები იმ პირობებში, როდესაც რუსეთის ე.წ. «სამშვიდობო კონტინგენტი», რასაკვირველია, არ მისცემდა საშუალებას საქართველოს მათთვის სერიოზული დახმარება გაეწია.
    პარტიზანები «მტრის ზურგში» მოქმედებდნენ, მაგრამ სეპარატისტთა მასირებულ შეტევას ვერ გაუძლეს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პარტიზანები გალში არ იმოქმედებდნენ ან საქართველოს ხელისუფლება არ შეეცდებოდა მათი მეშვეობით სამურზაყანოს დაბრუნებას, არძინბა გალის ხელახალ «გენოციდს» არ მოაწყობდა. საბაბს იგი მაინც იპოვიდა. რაც მთავარია, მას სჭირდებოდა საქართველოსთვის თავს დაეტეხა ლტოლვილთა ახალი მასა, რათა საქართველოს ხელისუფლება «გაეტეხა» და (ვიმეორებ) სამურზაყანოში ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე დაეთანხმებინა.
    საბედნიეროდ, მისი გათვლა ბოლომდე არ გამართლდა, თუმცა ნოემბერში ედუარდ შევარდნაძემ კინაღამ ხელი მოაწერა ქვეყნისთვის დამღუპველ შეთანხმებას სოხუმში, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრა.
    ზემოაღწერილ მოვლენებს დაერთო საშინელი გვალვა, რომელმაც გაანადგურა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ნათესების ლამის 60 პროცენტი, რამაც აგრეთვე იქონია სერიოზული ზეგავლენა ეკონომიკურ ვითარებაზე.
    აგვისტოში დაიქცა რუსეთის ფინანსური პირამიდა, რამაც კინაღამ ქვეშ მოიყოლა საქართველოს ეკონომიკა, ვინაიდან ქართული წარმოება (როგორც სასოფლო-სამეურნეო, აგრეთვე სამრეწველო) მთლიანად რუსულ ბაზარზე აღმოჩნდა ორიენტირებული;
    ექსპორტის შემცირებამ გაზარდა ზეწოლა საქართველოს ფინანსურ ბაზარზე, თუმცა ლარის დესტაბილიზაციის მთავარი მიზეზი ეს არ ყოფილა, - როგორც შემდგომ (ინტერვენციების შეწყვეტისთანავე) აღმოჩნდა, მთავარი მიზეზი იყო ფინანსური სპეკულაციები ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვის გამოყენებით. მას შემდეგ, რაც ბანკმა ინტერვენციები შეწყვიტა, მდგომარეობა «გაწონასწორდა», ხოლო ფარული ექსპორტი (ანუ რეალური სავაჭრო სალდო) გაცილებით უფრო დადებითი აღმოჩნდა, ვიდრე ზოგიერთები ვარაუდობდნენ.
    სხვა ახსნა ამ უცნაურობისა, რომელიც სავალუტო ბაზარზე ხდება, უბრალოდ არ არსებობს.
    მთლიანობაში, მაინც ავცდით იმგვარ კატასტროფას, რაც რუსეთში მოხდა. ქართული ბანკები არ გაკოტრებულან, ვინაიდან, ჯერ კიდევ სექტემბრიდან მიიღეს სიგნალი ეროვნული ბანკიდან და დაიწყეს ანაბრების დოლარებში გადაყვანა, რამაც საშუალება მისცათ, შეექმნათ, «ფინანსური ამორტიზატორი». მიუხედავად ამისა, ლარის სტაბილურობამ, რა თქმა უნდა, ვერ განსაზღვრა და ვერც განსაზღვრავდა ეკონომიკის საერთო მდგომარეობას. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი შემცირდა შარშანდელი 12-იდან 7,5 პროცენტამდე. წარმოების დონემ მხოლოდ 98 პროცენტი შეადგინა შარშანდელი დონისა, - ეს კიდევ «კარგი» შედეგია, თუმცა არ არსებობს იმის გარანტია, რომ მომავალ წელს მდგომარეობა გაუმჯობესდება, ვინაიდან საექსპორტო ორიენტაციის შეცვლას წლები, ზოგჯერ ათწლეულები ესაჭიროება.
    19 ოქტომბერს კაკო ელიავას ამბოხმა დაადასტურა, რომ საქართველოში სამოქალაქო ომი არ დასრულებულა, - იგი კვლავ გრძელდება და ვინ იცის, როდის იფეთქებს ახალი ძალით.
    ელიავა, რასაკვირველია, ჩვეულებრივი მარიონეტია, მაგრამ მას, როგორც პოლიტიკურ ფენომენს, ნამდვილად ძალუძს ვითარების დესტაბილიზაცია; კიდევ კარგი, რომ სამეგრელოში მოსახლეობის აპათია გაცილებით მაღალი აღმოჩნდა, ვიდრე პროვოკატორებს ეგონათ, ამიტომ გადატრიალების მცდელობა «ჩაფლავდა», - აჯანყებულები ორიოდ დღეში მიმოიფანტნენ სამეგრელოს ტყეებში. ამ გამოსვლას აშკარად გამოხატული ტრაიბალისტური შინაარსი ჰქონდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, აშკარად არასრულყოფილია.
    ამრიგად, 1998 წელი საქართველოსათვის ძალზე მარცხიანი და ფაქტიურად, უშედეგო აღმოჩნდა. ერთადერთი «ნათელი წერტილია» ლარის გადარჩენა, მაგრამ სხვა ამ წელს ვერაფერი მოხერხდა - აფხაზეთთან დაკავშირებით გრძელდებოდა სრულიად უაზრო «წყლის ნაყვა», რომელსაც არ მოუტანია და არც შეეძლო მოეტანა რაიმე შედეგი; ბუნებრივია, ქვეყანამ არ შეიძლება სრულიად ფუჭად იცხოვროს მთელი წლის განმავლობაში, თუმცა, გულწრფელად უნდა ითქვას: 1998 წელს ვერც ერთი ნაბიჯით ვერ წავიწიეთ წინ, გავიყინეთ იქ, სადაც 1997 წლის დამლევს ვიდექით.

მერიდიანი, 30 დეკემბერი, 1998 წ.