2 სექტემბერი - «კაზუს ბელი» რევოლუციური შედეგით

2 სექტემბერი - «კაზუს ბელი» რევოლუციური შედეგით

    
   

    1991 წლის 2 სექტემბერს თბილისში, კინოს სახლთან ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ სპეციალური დანიშნულების რაზმის მეშვეობით დაარბია ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის «მშვიდობიანი» მიტინგი. სწორედ ეს მოვლენა იქცა შემდგომ დღეებში «ანტიზვიადისტური» გამოსვლების აგორების მიზეზად. რაც ლოგიკურად დასრულდა ხელისუფლების დამხობითა და პირველი პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებით.
    ერთი შეხედვით, 2 სექტემბრის ინციდენტის გავრცელებულ ვერსიაში ყველაფერი რიგზეა. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული (მშვიდობიანი მიტინგის დარბევა). რისთვისაც უნდა დასჯილიყო და დაისაჯა კიდეც. სინამდვილეში ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ოფიციალური ვერსია იმსხვრევა ელემენტარული კითხვის დასმით: ვის აძლევდა ხელს 2 სექტემბრის ინციდენტი? პასუხი: ყველას, ზვიად გამსახურდიას გარდა!
    გავიხსენოთ იმდროინდელი ვითარება. ხელისუფლებიდან გაძევებული ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაბოღმილი ზის სახლში და მხოლოდ საბაბს ელის შურისძიებისათვის. ასევე საბაბს ელის რკონში გამაგრებული ე.წ. «გვარდია». ანუ კიტოვანის მომხრე ასიოდე კბილებამდე შეიარაღებული მეამბოხე. მათ საკუთარი ყოვლისშემძლეობისა სწამთ, ვინაიდან იციან, რომ «ბატიას» ГРУ-სთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს (გენერალი სუფიან ბეპაევი და სხვა). რადიკალური ოპოზიცია (ედპ, სედპ და სხვები) აშკარად შეცბუნებულია იმით რომ არ გამართლდა მათი პროგნოზი და «ბალტიისპირულმა გზამ» საქართველოს მართლაც შეიძლება მოუტანოს დამოუკიდებლობა, რაც მათთვის პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავს.
    2 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი საბჭოს შენობაში ხვდება ამერიკელ სენატორებს. სწორედ ამ დროს, რუსთაველის პროსპექტზე იწყება სროლა და აყალმაყალი. რამდენიმე ადამიანი იჭრება. იმავე დღეს რუსეთის ტელევიზია უჩვენებს მიტინგის დარბევის კადრებს. დიქტორ როსტოვს ზიზღნარევი ღიმილი დათამაშებს სახეზე: ეს კადრები მან ოპოზიციისგან მიიღო. «რუსი დემოკრატები» შეშფოთებულ განცხადებებს აკეთებენ.
    კიტოვანის გვარდიაც აკეთებს განცხადებას: «ჯერ ხალხი - შემდეგ პრეზიდენტი»; «ხალხში», რასაკვირველია, მხოლოდ მათი მომხრეები იგულისხმება.
    იწყება ანტისამთავრობო გამოსვლების სერია და აჯანყებულთა გაუთავებელი შეიარაღებული პროვოკაციები. 22 დეკემბერს «შეიარაღებული ოპოზიცია» იწყებს უზენაესი საბჭოს შენობის შტურმს. «პირველი გასროლის» ვერსია არის უზნეო ზღაპარი, ვინაიდან «შეიარაღებული ოპოზიციის» ლიდერებს ძალიან ეშინოდათ, რომ სსრკ-ს დაშლის შემდეგ დაიწყებოდა (დაიწყო კიდეც) საქართველოს აღიარების პროცესი, რაც განამტკიცებდა ზვიად გამსახურდიას ავტორიტეტს და შემდგომ მისი დამხობა კიდევ უფრო გართულდებოდა.
    სინამდვილეში 2 სექტემბერი წინასწარ დადგმული სპექტაკლი იყო. ამ სპექტაკლში, ერთის მხრივ, მონაწილეობდა მაშინდელი მილიციის ხელმძღვანელობა. რომელმაც «ომონი» წინასწარ შეთანხმებით «მიუსია» მიტინგს და ამით გადატრიალების შემდეგ მაღალი თანამდებობები გაინაღდა, ხოლო მეორეს მხრივ «გარეთ დარჩენილი» მხედრიონელები, რომელთაც ევალებოდათ მილიციასთან ჩხუბის ატეხვა და ამით შეტაკების პროვოცირება.
    სპექტაკლის წარმატებაში იმდენად ძლიერი და გავლენიანი ძალები იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ტრიუმფი ფაქტობრივად გარანტირებული ჰქონდათ, მაგრამ ისტორიას არაფერი გამოეპარება. იგი ამ აქციას შეაფასებს ერთმნიშვნელოვნად: ეს იყო პროვოკაცია; იგი განხორციელდა რუსეთის სპეცსამსახურთა უშუალო მონაწილეობით, შიდა დესტრუქციულ ძალებზე დაყრდნობით, რომლებიც იმდენად იყვნენ დაბრმავებულნი სიძულვილითა და ამბიციით, რომ ვეღარ ამჩნევდნენ, ვის წისქვილზე ასხამდნენ წყალს. საბოლოო ანგარიშით, ამიტომაც წააგეს.

«მერიდიანი», 2 სექტემბერი, 1996 წელი.