რატომ «გვიპირებს» რუსეთი სავიზო რეჟიმის შემოღებას?

რატომ «გვიპირებს» რუსეთი სავიზო რეჟიმის შემოღებას?

        რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ბოლოდროინდელი დათბობის მიუხედავად, რაც რამდენიმე სიმპტომატური მოვლენით აღინიშნა (ევროსაბჭოში რუსეთის მხარდაჭერა, ჩეჩნებისათვის განკუთვნილი წამლების დაკავება და სხვა), რუსეთი «სავიზო რეჟიმის» თაობაზე საუბარს მაინც აგრძელებს.
        იმთავითვე ნათელი ხდება, რომ რუსეთს სავიზო რეჟიმის შემოღება სწორედ საქართველოს დასასჯელად ესაჭიროება, ანუ ესაჭიროება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ზემოქმედებისათვის, თორემ ადრე დეკლარირებული ფორმალური მიზეზი (საქართველოდან ჩეჩნეთში «ბოევიკების» გადასვლა) სავსებით გამოირიცხა მას შემდეგ, რაც რუსებმა არღუნის ხეობაში 2 სადესანტო პოლკი გადასხეს და გზები მთლიანად გადაკეტეს.
        თუკი სავიზო რეჟიმის შემოღება სწორედ ჩეჩნეთთან იყო დაკავშირებული, დღეს იგი თითქოსდა უადგილო ხდება, მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ სინამდვილეში, სავიზო რეჟიმი რუსეთში წამოწყებული უფრო ფართო და საშიში პროცესის ნაწილია.
        საქართველომ დღეს რუსეთს უსიტყვოდ, ულაპარაკოდ, მთლიანადაც რომ დაუჭიროს მხარი ჩეჩნეთის საკითხში, რუსეთი კმაყოფილი მაინც არ იქნება, ვინაიდან პუტინის ახალ ადმინისტრაციას, რომელიც «ველიკოდერჟავულ» ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში სხვა, უფრო შორს მიმავალი მიზნები აქვს.
        კრემლში შესანიშნავად იციან: რომც გაიმარჯვონ ჩეჩნეთში, თუ საქართველოდან «წასვლა» მოუწევთ, ჩრდილოეთ კავკასიაში მაინც თანდათანობით დაიწყება მათი პოზიციების ეროზია.
        ამიტომ, რუსეთის მთავარი მიზანი სწორედ საქართველოში პოზიციების შენარჩუნებაა და არა ჩეჩნეთის განადგურება. ჩეჩნეთი მხოლოდ სხვა პროცესების პროვოცირებისათვის სჭირდებოდათ.
        შემთხვევითი არ არის, რომ დასავლურ პრესაში (არღუნის დესანტის გადმოსხმამდე) ხშირად განიხილავდნენ საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აშკარა აგრესიის შესაძლებლობას «ჩეჩენი ტერორისტებისათვის დახმარების» საბაბით.
        მაგრამ, როგორც ჩანს, პუტინის გუნდი დარწმუნდა, რომ დღევანდელ პირობებში დასავლეთი ამას არ დაუშვებდა. ამიტომ პირდაპირი აგრესია გამოირიცხა. რუსეთმა სწორედ მაშინ გადმოსხა დესანტი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე და შეწყდა საუბარი საქართველოდან ჩეჩნეთში იარაღის გადასროლაზე.
        მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა, რომ კრემლში რეალობას შეურიგდნენ – უბრალოდ, ახალი ტაქტიკა აირჩიეს.
        დღეს პუტინისათვის განსაკუთრებით საინტერესოა საქართველოში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზების ბედი. საქართველოს რა დამოუკიდებლობაზეა საუბარი, როდესაც თბილისის შემოგარენში მრავალათასიანი რუსული სამხედრო კონტინგენტი დგას და სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო აეროდრომს აკონტროლებს?!
        სავიზო რეჟიმის შემოღებით რუსეთს სწორედ ვაზიანიდან და გუდაუთიდან სამხედრო ბაზების გაყვანა სურს შეაჩეროს. უფრო ზუსტად, სავიზო რეჟიმის შემოღების მუქარით, რუსეთი ცდილობს აიძულოს საქართველოს ხელისუფლება, წავიდეს დათმობაზე ვაზიანისა და გუდაუთის აეროდრომების საკითხებში.
        სტამბულის დეკლარაციისა და ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, რუსეთი ამ ბაზიდან გაიყვანს სამხედრო ტექნიკას, მაგრამ საქართველოს თანხმობის შემთხვევაში, შეინარჩუნებს კონტროლს თავის სამხედრო ბაზებზე, აეროდრომებზე, რომელთა მეშვეობით, ოპერატიულად შეიძლება რეაგირება სხვადასხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევაზე.
        საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკვე მიმართა წინადადებით რუსეთის საგარეო საქმეთა უწყებას, დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოდან ვაზიანისა და გუდაუთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ.
        ნიშანდობლივია, რომ საპასუხოდ, რუსეთის დიპლომატიურმა უწყებამ თბილისში გამოგზავნა «საკონსულო დეპარტამენტის» ექსპერტთა ჯგუფი - სავიზო რეჟიმის შესახებ მოლაპარაკებათა დასაწყებად. ამით თვალნათელი გახდა, რომ რუსეთი სწორედ ამ ორ პრობლემას უკავშირებს ერთმანეთს, თორემ «ჩეჩნეთისათვის იარაღის მოწოდება» მხოლოდ საბაბი იყო.
        მოსკოვში შესანიშნავად უწყოდნენ, რომ, სინამდვილეში, არავითარი იარაღის პარტიები ჩეჩნეთში საქართველოდან არ იგზავნებოდა. თუ საქართველო არ დაეთანხმება რუსულ სამხედრო კონტინგენტის დატოვებას გუდაუთასა და ვაზიანში (თუნდაც სამხედრო ტექნიკის გარეშე, რათა საერთაშორისო შეთანხმება არ დაირღვეს), მაშინ რუსეთი უახლოეს მომავალში უეჭველად შემოიღებს სავიზო რეჟიმს, რაც, ფაქტობრივად, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციის განხორციელების ტოლფასი იქნება.
        ამით რუსეთი კიდევ უფრო გაართულებს და დაამძიმებს ეკონომიკურ ვითარებას საქართველოში. ამიტომ საქართველომ უნდა აირჩიოს ორიდან ერთი: ან რუსეთის სამხედრო ყოფნის შემცირება, ან რუსეთის ბაზარი.

მერიდიანი, 9 თებერვალი, 2000 წელი