საერთაშორისო მიმოხილვა. 27 მარტი. 2022 წელი
პოლონეთში აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საპროგრამო სიტყვა წარმოთვა, რომლის დედააზრს გამოხატავს ფრაზა: `ღვთის გულისათვის, ეს კაცი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში`.
იგულისხმება პუტინი.
მოგვიანებით, თეთრმა სახლმა განმარტა, რომ ბაიდენის ფრაზა `არ იყო პირდაპირი მოწოდება რეჟიმის შეცვლისკენ რუსეთში`.
თუმცა ამაზე `პირდაპირი მოწოდება` რაღა უნდა იყოს?
როგორც სჩანს, თეთრი სახლისა და სახ-დეპის სპოუქსპერსონები ცდილობენ დიპლომატიური `პოლიტესის` შენარჩუნებას მაშინ, როდესაც ამგვარი პოლიტესის დრო გავიდა: მიმდინარეობს მესამე მსოფლიო ომი და ეს ყველაზე მკაფიოდ სწორედ ბაიდენის სიტყვაში სჩანდა.
კიდევ უარესი მოხდა: `თეთრი სახლის` წყარომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ფრაზა `ღვთის გულისათვის, ეს კაცი არ უნდა დარჩეს ხელისუფლებაში` - არ ყოფილაო იმ სფიჩში, რომელიც წინასწარ მოამზადეს ბაიდენისთვის.
ზოგადად, ასეთი `უარყოფა` თეთრი სახლის სპოუქსპერსონებზე მითითებით (მათი დასახელების გარეშე) რუსეთის საინფორმაციო ჯარების მორიგი სპეც-ოპერაცია სჩანს. წარმოუდგენელია `თეთრი სახლის` რომელიმე თანამშრომელი ასეთ დეტალებს უყვებოდეს პრესას, თუ რა იყო წინასწარ მომზადებული და რა იყო ექსპრომტი პრეზიდენტის გამოსვლაში.
ეს არავის საქმე არ არის თვით პრეზიდენტის გარდა და თუ ეს სიმართლეა, ანუ თუ `თეთრი სახლის` რომელიმე წარმომადგენელმა ანუ სტაფერმა ასეთი რამ მართლა უთხრა ჟურნალისტებს, ალბათ შიდა გამოძიება იქნება საჭირო.
პუტინის პრეს-მდივანმა, `დასანქცირებულმა` პესკოვმა უკვე განაცხადა პასუხად: `ბაიდენის საქმე არ არის ვინ იქნება რუსეთის ხელისუფალი, ამას რუსი ხალხი წყვეტსო`.
იმავე სიტყვაში ბაიდენმა რუს ხალხსაც მიმართა და შეეცადა გაეჟღერებინა მესიჯი, რომ ამერიკა პუტინს ებრძვის და არა რუს ხალხს: „მე ყოველთვის პირდაპირ და გულწრფელად გელაპარაკებოდით თქვენ, რუს ხალხს; ნება მომეცით გითხრათ ეს, თუ თქვენ შეძლებთ მოსმენას: თქვენ, რუსი ხალხი არ ხართ ჩვენი მტერი. მე არ მჯერა, რომ თქვენ მიესალმებით უდანაშაულო ბავშვების მკვლელობას, ან რომ მისაღებად მიგაჩნიათ საავადმყოფოების, სკოლების, სამშობიაროების რუსული რაკეტებითა და ბომბებით დაბომბვა“ - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ის, როგორც იქცევა რუსეთი უკრაინაში `არ ეკადრება დიდ ქვეყანას`.
ასევე ბაიდენმა პუტინს გაუგზავნა ძალიან მკაფიო მესიჯი: `არც კი იფიქრო, რომ თუნდაც შეეხო ნატო-ს წევრ რომელიმე ქვეყანას`.
თუმცა ექსპერტთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე პუტინი არ აპირებს `შეეხოს` დასაპყრობად ბალტიის ქვეყნებს ან იმავე პოლონეთს თუ აღმოსავლეთ ევროპას. ჯერ მას უკრაინა აქვს `გადასახარში`, რასაც საბედნიეროიდ ვერ ახერხებს და საეჭვოა მოახერხოს უკრაინელი ერის გმირული წინააღმდეგობის გამო.
ბაიდენი ძირითადად ლაპარაკობდა პუტინის `ავტოკრატიაზე` და არა პუტინის `იმპერიალიზმზე`, რაც რეალურად ნამდვილი და მთავარი პრობლემაა კაცობრიობისათვის.
ციტატა: ”დღეს რუსეთში პუტინმა მოახრჩო დემოკრატია; და ამის გაკეთებას სხვაგან ცდილობდა, არა მხოლოდ თავის სამშობლოში. ეთნიკური სოლიდარობის ცრუ პრეტენზიით (აქ უეჭველად იგულისხმება ოსებისადმი ფეიკ-`სოლიდარობაც` 2008 წელს -დათო) მან გააუქმა მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტი. პუტინს ჰყოფნის თავხედობა თქვას, რომ ის ”უკრაინის დენაციფიცირებას ახდენს”. ეს სიცრუეა. უბრალოდ ცინიკურია. მან ეს იცის. და ასევე უხამსობაა. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად აირჩიეს. ის ებრაელია. მამამისის ოჯახი ნაცისტების ჰოლოკოსტის დროს განადგურდა. პუტინს კი თავხედობა ჰყოფნის, ზელენსკის ნაცისტობა დააბრალოს. მჯერა, რომ ეს არ გაუვა“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მაშინ, როცა ბაიდენი სიტყვით გამოდიოდა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსულმა ავიაციამ ლვოვი დაბომბა, რომელიც იქვე, პოლონეთ-უკრაინის საზღვართან მდებარეობს. როგორც ირკვევა, რუსულმა ფლოტმა ფრთოსანი რაკეტები ესროლა ლვოვის ნავთობბაზას. უზარმაზარი ხანძარი ათეულობით კილომეტრზე სჩანდა.
ეს იყო რუსული გენერალიტეტის და იმავე პუტინის `მესიჯი` ბაიდენს, პოლონეთს და მთელს დასაველთს - ბაიდენის გამოსვლის პასუხად.
აღარ დარჩა ბევრი დრო, იმავე ფრთოსანი რაკეტებით დასავლური კონვოების დაბომბვამდე, რომლითაც მეომარ უკრაინას იარაღი მიეწოდება. თუმცა გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა: `ამ არხების დაბომბვა ნატოზე თავდასხმად იქნებაო აღქმული`.
მოსკოვს, კოსმოსური დაზვერვის მონაცემებით, სრული ინფორმაცია აქვს სად როგორ გადაადგილდებიან ეს კონვოები, რომლითაც იარაღი მიაქვთ უკრაინული არმიისათვის. თუმცა საბედნიეროდ ჯერ-ჯერობით მათ დაბომბვას ვერ ბედავს.
ბოლო გამოსვლაში, როდესაც NATO-ს სამიტს მიმართავდა, უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მიანიშნა, რომ უნგრეთი არ ატარებს იარაღის კონვოებს თავის ტერიტორიაზე. `ვიქტორ, დაფიქრდი რას აკეთებ` - მიმართა ზელენსკიმ ვიქტორ ორბანს.
უნგრეთი ამ ვითარებაში ნამდვილად უსინდისოდ იქცევა.
კონვოები უკრაინისკენ მიემართებიან პოლონეთის გავლით, რაც დამატებით სირთულეებთან არის დაკავშირებული და სხვათა შორის ახლოსაა კალინინგრადის ოლქთან, სადაც `ისკანდერის` რაკეტებია მომზადებული თავდასხმისათვის. `ისკანდერი` კალინინგრადიდან უნგრეთზე გამავალ ლოჯისტიკურ ხაზებს ვერ მისწვდება, მაგრამ პოლონეთს მისწვდება. იქვეა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მთელს მსოფლიოში სამხედრო ექსპერტები ახლა აანალიზებენ, როგორ მოახერხა უკრაინის არმიამ მასზე ბევრად მრავალრიცხოვანი და შეუდარებლად უკეთ შეიარაღებული მტრის შეჩერება.
მთავარი ფაქტორი დღესაც, როგორც ათასობით წლის წინ, მოტივაციაა. ანუ, მარტივად თუ ვიტყვით, უკრაინელებს მეტი მოტივი აქვთ იომონ და თუნდაც მოკვდნენ ბრძოლაში, ვიდრე რუსებს, რადგან უკრაინელები სამშობლოს იცავენო.
როგორც არ უნდა განვითარდეს სამხედრო ტექნიკა, მეომრული სულისკვეთება არასდროს გახდება მხოლოდ პოეტური მითოსი. ეს სულისკვეთება ნამდვილად ერთ-ერთი (არა ერთადერთი) უძლიერესი ფაქტორია, რაც ომში აუცილებელია წარმატების მისაღწევად.
ანუ უკრაინული არმია ბევრად სუსტია ვიდრე რუსული, თუმცა კომპენსირება ხდება საბრძოლო სულისკვეთებით.
გარდა ამისა, დამკვირვებლები აღნიშნავენ უკრაინული გენერალიტეტის მაღალ პროფესიონალიზმს ოპერაციათა როგორც ტაქტიკური, ასევე სტრატეგიული დაგეგმარებისას.
მაგალითად სტრატეგიულად იმას, რომ თავიდანვე უარი თქვეს ფრონტალურ ბრძოლებზე, რაკი მტერს აბსოლუტური უპირატესობა ჰქონდა ჰაერში და გადაწყვიტეს მთავარი ბრძოლები ქალაქებში გაემართათ.
გარდა ამისა, ტაქტიკურადაც ძალიან კარგად დაგეგმეს კონტრშეტევები; კარგად იყენებენ ჰაერსაწინააღდმეგო რაკეტებს, რაც გამოიხატება მტრის საფრენი აპარატების, განსაკუთრებით ნაქები КА-50 და КА-52 ვერტმფრენების განადგურებაში.
ოღონდ აქვე უნდა ითქვას, რომ უდიდესი დახამრება უკრაინულ არმიას აღმოუჩინა ამერიკის კოსმოსურმა დაზვერვამ. ეს არის არა მხოლოდ მტრის გადაადგილების შესახებ ზუსტი ცნობების მიწოდება, არამედ რუსული გენერალიტეტის საველე საუბრების, ბრძანებების, სხვა ტიპის კომუნიკაციათა დამუშავება და უკრაინული მხარისთვის გადაცემა.
ომამდე უკრაინულ არმიას დასაველთმა გადასცა კომუნიკაციის საუკეთესო საშუალებები, მათ შორის დეშიფრატორები. ბევრად უკეთესი, ვიდრე რუსებს აქვთ, ხოლო კომუნიკაციის კრიტიკულ მნიშვნელობას უკრაინაში საბრძოლო მოქმედებათა მიმდინარეობა ახლა ადასტურებს 100%-ით.
თუ არმიის გაძლიერება გვინდა, პირველი რაც ამერიკელებს უნდა ვთხოვოთ, სწორედ კომუნიკაციის საშუალებებია. რუსული `ინდუსტრია` ვერაფერ კრეატიულს და სასარგებლოს თანამედროვე ომისთვის ამ მხრივ ვერ აწარმოებს.
გარდა ამისა, ომამდე ჩრდილო ატლანტიკურმა ალიანსმა უკრაინულ არმიაში განახორციელა `დეცენტრალიზაციის` ფილოსოფია, - მეტი მოქნილობა, მეტი მობილურობა, - როდესაც გადაწყვეტილებათა მიღება აღარ არის კონცენტრირებული მხოლოდ ცენტრალურ რგოლში და `ადგილებზე` ოფიცრებს მეტი თავისუფლება და პასუხისმგებლობა აქვთ ამ მხრივ.
ეს 21-ე საუკუნის არმიაა მაშინ, როდესაც რუსეთის არმია ამ ხრივ ჟუკოვის ეპოქაში ჩარჩა.
სამხედრო ანალიტიკოსები ასევე აღნიშნავენ, რომ უკრაინელები ბრწინვალედ იყენებენ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin და NLAW. თანაც არა მხოლოდ ტანკების, სხვა ჯავშანმანქანების, არამედ სამხედრო კატარღების წინააღმდეგაც.
აგრეთვე, თავისი ეფექტურობა დაამტკიცა ინდივიდუალური დამიზნების საზენიტო რაკეტამ Stinger, რომელმაც მოსკოვის არმია ჯერ კიდევ ავღანეთში დაამარცხა. თუმცა ეს რასაკვირველია იმ ლეგენდარული რაკეტის მოდერნიზებული ვარიანტია.
ასევე აღსანიშნავია სნაიპერთა ბრწყინვალე პროფესიონალიზმი. უკრაინელმა სნაიპერებმა (მათი უმრავლესობა ქალია) რამდენიმე რუსი გენერალი მოკლეს. ერთი მათგანი, გუშინ, ხერსონთან.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ უფრო მეტი მტკიცებულებაა, რომ რუსეთის არმია დაპყრობილ ტერიტორიაზე ეთნიკურ წმენდებს ახორციელებს. ანუ მოსახლეობა რუსეთში გაჰყავთ ძალით. ამგვარ სტრატეგიას ნაცისტური გერმანია მიმართავდა ოკუპირებულ ქვეყნებში.