ვახტანგ რჩეულიშვილი დიდ თამაშს იწყებს

ვახტანგ რჩეულიშვილი დიდ თამაშს იწყებს

  

    სოციალისტური პარტიისა და «მემარცხენე ბლოკის» ლიდერის განცხადება იმის თაობაზე, რომ იგი აპირებს სასამართლოში უჩივლოს ქვეყნის პრეზიდენტს, შეიძლება მისი საარჩევნო კამპანიის დასაწყისად ჩაითვალოს. ზოგს იქნებ გაუკვირდა კიდეც: ვახტანგ რჩეულიშვილი უშუალოდ პრეზიდენტს არასდროს ებრძოდა, მაგრამ ეს განცხადება უფრო შორს გამიზნული ცდაა.
    რჩეულიშვილი ცდილობს გამოიყენოს შევარდნაძის იმიჯი და იგი საკუთარი პარტიის არაფორმალურ ლიდერად აქციოს. ამისათვის კი საჭიროა მისი გადადგომა «მოქალაქეთა კავშირის» თავმჯდომარეობიდან.
    გასულ არჩევნებზე რჩეულიშვილი ანალოგიურ ხერხს მიმართავდა: ყველანაირად ცდილობდა დაეფიქსირებინა ერთგულება სახელმწიფოს მეთაურისადმი, მაგრამ იმავდროულად ებრძოდა და აკრიტიკებდა მოქალაქეთა კავშირს. კამათიც წარმოიშვა «მოქალაქეებსა» და «სოციალისტებს» შორის, თუ რომელმა მათგანმა უნდა დაასახელოს ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტობის კანდიდატად.
    თითქოსდა შევარდნაძეს ამ კონფლიქტის გადაწყვეტა ადვილად შეეძლო: უნდა განეცხადებინა საკუთარი პრიორიტეტი («მოქალაქეთა კავშირთან» ერთობა) და გამიჯვნოდა «სოციალისტებს», მაგრამ იგი ასე არ მოიქცა და როგორც ჩანს, არც ახლა მოიქცევა. ანუ პრეზიდენტს არც «სოციალისტთა» გადაკიდება სურს, მათთანაც აპირებს ლოიალური დამოკიდებულების შენარჩუნებას. ამიტომ სრულიადაც არ არის გამორიცხული, მომავალ არჩევნებზეც განმეორდეს იგივე ვითარება - რჩეულიშვილი ებრძოდეს «მოქალაქეთა კავშირს» და ამავე დროს მხარს უჭერდეს შევარდნაძეს.
    სასამართლოსადმი აპელირება («პრეზიდენტს არა აქვს უფლება ეკავოს რომელიმე პარტიის თავმჯდომარის პოსტი», - აცხადებს ვახტანგ რჩეულიშვილი) ამ ვითარების გამწვავების მცდელობაა. რჩეულიშვილი საკმაოდ ოსტატურად სარგებლობს იმით, რომ შევარდნაძე ვერ ბედავს ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნოს «სოციალისტებს», რადგან უკანდასახევი ხიდის დაწვა არ სურს.
    ამავე დროს, პრეზიდენტის არაერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება შეიძლება მართლაც დამთავრდეს დღევანდელი მმართველი პარტიის პოზიციათა შესუსტებით და «სოციალისტთა» გაძლიერებით. ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებით, ქვეყნისათვის საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ სოციალისტური პარტია იქცევა მმართველ უმრავლესობად პარლამენტში, ხოლო პრეზიდენტად კვლავ შევარდნაძე დარჩება (ამ პოზიციას რჩეულიშვილი უმალვე შეცვლის, როგორც კი პრეზიდენტი მას ერთმნიშვნელოვნად გაემიჯნება - დ.ც.), მაგრამ ასეთი ვითარების შექმნის შემთხვევაში ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს ედუარდ შევარდნაძე დღევანდელი კურსის გაგრძელებას.
    ვახტანგ რჩეულიშვილი და მისი პარტია სავსებით კონკრეტული პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიური დოქტრინის მატარებელნი არიან. მათ თავადაც რომ მოინდომონ, ამ «დოქტრინიდან» გადახვევას უკვე ვეღარ შეძლებენ. თუ შევარდნაძე დაუშვებს, რომ სოციალისტები უმრავლესობად იქცნენ, მაშინ მან მნიშვნელოვნად უნდა შეცვალოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკური კურსი, შეცვალოს ტაქტიკური სქემაც და, ფაქტობრივად, უარი თქვას «ბალანსირების» პოლიტიკაზე, რომელიც დღემდე მისი ხელისუფლების მდგრადობის მთავარი გარანტი და საფუძველი იყო.
    ვახტანგ რჩეულიშვილის პარტია გაცილებით რთულად მართვადი იქნება შევარდნაძისათვის, ვიდრე «მოქალაქეთა კავშირი».

მერიდიანი, 10 ოქტომბერი, 1997 წ.