Marketing....

Marketing....

McDonald-ის წესებით, გამომცხვარი, დამზადებული და დღის განმავლობაში რატომღაც, ამა თუ იმ მიზეზით გამოუყენებელი ჰამბურგერები თუ ჩისბურგერები დღის ბოლოს იყრება სანაგვეზე.

კითხვას სვამდნენ ყველა ქვეყანაში „სოციალური ჰუმანიზმის“ ღირებულების მატარებელნი.......აი იმ ღირებულებისა, დიდმა რეზო ჩხეიძემ და დიდმა თენგიზ აბულაძემ რომ მიუძღვნეს ყველა დროის შედევრი, „მაგდანას ლურჯა“ და ერთადერთი ქართული ფილმია, კანში „ოქროს პალმის რტო“ რომ არგუნეს.....ჰოდა კითხვა ჰქონდათ აბსოლუტურად ლეგიტიმური: კი მაგრამ, თუკი მაინც უნდა გადაყაროთ, რატომ არ შეიძლება სანაგვეზე გადაყრის ნაცვლად, იქვე, მაკდონალდსთან „მცხოვრებ“ საბრალო მაწანწალებს დაურიგოთ? ღვითისნიერი საქმეა ხომ?

არა, არ შეიძლება.

ეს McDonald-სის პოლიტიკაა მარკეტინგულად აბსოლუტურად გამართული და ლოგიკური: ამ კომპანიის დამსაკუთრებელი (არა დამფუძნებელი, არამედ მისი მიმტაცებელი) რა დონის ნაძირალა და გარეწარია შეგიძლიათ იხილოთ ჯონ ლი ჰენკოკის ბიოგრაფიულ ფილმში The Founder - შესანიშნავი მაიკლ კიტონით მთავარ როლში.

ჰოდა აპოკალიპტური ნაძირალა და გარეწარი რომაა, იმიტომაც ააშენა კაპიტალიზმის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ნამდვილად გენიალური ქსელი ტოკიოდან - სან ფრანცისკომდე და ოსლოდან - სიდნეიმდე.

მისი აბსოლუტურად ლოგიკური არგუმენტი იყო: არ შეიძლება საბრალო მშიერი მაწანწალებისთვის გადასაყრელი საჭმელის დარიგება იმიტომ, რომ მაშინ იტყვიან (აუუუუცილებლად იტყოდნენ-დ): `McDonalds რომ ნაგავს ამზადებს, მხოლოდ მაწანწალები თუ ჭამენო`.

მარკეტინგი.

რაღა შორს მივდივარ: The New York Times მქონდა გამოწერილი. მომდის შეტყობინება: `გაგივიდა გამოწერის ვადა. ამიერიდან თვეში 25 დოლარი უნდა გადაიხადო თუ გინდა გამოწერა გაგიგრძელდესო....`

მივყვები ბმულს რათა გამოწერა საერთოდ გავაუქმო.... ძვირია თვეში 25 დოლარი..... რადგან თუ არ გავაუქმებ, ავტომატურად ჩამოჭრის ყოველ თვე ბარათიდან 25 დოლარს და....სულ ბოლო კლიკამდე მიგდებს: შემოთავაზება თქვენთვის, ჩვენი ერთგული მკითხველისთის: თვეში 1 დოლარი.....ვკლიკავ. „მადლობა“.

თითქოსდა მეც უნდა ვუთხრა მადლობა, მაგრამ რაღაცნაირად არ ვემადლიერები: თუ არ ვეცდებოდი გაუქმებას, ის 1 დოლარინი შემოთავაზება არ მექნებოდა ხომ? 25 დოლარის ნაცვლად 1 დოლარი შემომთავაზა მხოლოდ იმიტომ, რომ ვაუქმებდი.

Marketing.....

თქვენი არ ვიცი და ამერიკაზე რაც კი წამიკითხავს, საუკეთესოდ მიმაჩნია შესანიშნავი რუსი მწერლების, ილფისა და პეტროვის `Одноэтажная америка`

იქ არის ერთი ასეთი ეპიზოდი: „კაპიტალიზმის ჯუნგლებიდან“ ანუ ნიუ იორკიდან მწერლები გადადიან იქვე, ინდიელთა რეზერვაციაში და საბრალო აბორიგენს ვერაფრით უხსნიან რას ნიშნავს ვაჭრობა. ის საწყალი პირველყოფილი ეუბნება: „თუკი ჩემი ჩიბუხი 20 დოლარი ღირს და მე ამ ფასად ვიყიდე, 25 დოლარად როგორ უნდა გავყიდო, გამოდის ადამიანს ვატყუებ?!“

ვერ აუხსნეს.

იმიტომ, რომ სხვა ეპოქის მენტალობა აქვს

მოკლედ......კაცობრიობის ისტორიამ დაამტკიცა, რომ კაპიტალიზმი ერთადერთი წყობაა, რომელსაც დოვლათის შექმნა შეუძლია.

ე.წ. „სოციალიზმმა“..... ლამაზი იდეის მიუხედავად, დოვლათი კი არა.......უკაცრავად და სსრკ-ში ტუალეტის ქაღალდი არ იშოვებოდა!

დღეს ამას აუხსნი ვინმეს? დააჯერებ?

„უტრირებო“ გეტყვის 30 წლის ახალგაზრდა - „აჭარბებო“, „აზვიადებო“.

არ იშოვებოდა გეუბნებით!!!

და არც საპონი.

მაგრამ......მაგრამ....ამ ყოველივეს მიუხედავად.....არის კაპიტალიზმში რაღაც გ ა ნ უ შ ო რ ე ბ ლ ა დ ნაძირლური!

იმ ისტორიულად დამარცხებულ იდეაში კი (თავისთავად იდეაში, რადაც არ უნდა გადაზრდილიყო განხორციელებისას-დ) რაღაც ასევე განუშორებლად კეთილშობილი, ღრმად ქრისტიანული და კაცთმოყვარე ანუ ჰუმანისტური!

მაცხოვარი იმ „ლურჯათი“ შებრძანდა იერუსალიმში, სადაც იმდროინდელი წარმატებული ბანკირები და დეველოპერები მოარბია.