საქართველოს ახალი რეგიონული პარადიგმა უკრაინის ფონზე

საქართველოს ახალი რეგიონული  პარადიგმა უკრაინის ფონზე

პროვოკაციულ კითხვას დავსვამ.

ნებისმიერი კითხვა ლეგიტიმურია, თუმცა პასუხი სჭირდება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კითხვა: გუშინ პუტინმა ერთი კალმის გასმით მიიერთა ხერსონი, ლუგანსკი, ზაპოროჟიე და დონეცკი.

რა შეუშლიდა ხელს ჩაეტარებინა რეფერენდუმი `სამხრეთ ოსეთში`, როგორც იქაურები ეხვეწებოდნენ და ასევე მიიერთებინა ცხინვალიც?

დასავლეთის შეეშინდებოდა?

კარგით რა, არ გამაცინოთ.

ანუ ჩაშალა რეფერენდუმი ცხინვალში და არ მიიერთა. რატომ?

პასუხი: ამას აქვს ორი `ერთმანეთზე მნიშვნელოვანი` სისტემური მიზეზი:

ა) კრემლში კვლავინდებურად `ღვივის` იმედი და ნამდვილად არსებობს კონკრეტული პროექტი, რომ საქართველოს, რაღაც კონფიგურაციით, რაღაც კონფედერაციით მაინც შემოითრევენ პოსტსაბჭოური სივრცითი მოწყობის რუსულ არქიტექტურაში.

ეს არქიტექტონიკა არ არის იგივე რაც `რუსსკი მირი` და რუსული დერჟავა, თუმცა გულისხმობს მის ახლო სამეზობლოს.

ანუ პუტინისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საკუთრივ რუსეთის ტერიტორიის გაფართოვება და რუსულენოვანი რეგიონების ანექსია, არამედ ისიც, რომ მისი გარე პერიმეტრი და გარე არქიტექტურა არ გულისხმობდეს ევროატლანტიკური სივრცის უშუალო გამეზობლებას.

ამ მხრივ კავკასიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და აქვე ვიტყვი რასაც არავინ ამბობს რატომღაც:

სანამ ჩვენ არ გვექნება საგნობრივი სტრატეგიული დიალოგი ანკარასთან, სანამ არ შედგება სრული კონსენსუსი ამ საკითხზე ანკარასა და ვაშინგტონს შორის, ეს საფრთხე მუდამ იარსებებს, რადგან არც ერთი წამით არ დაიჯეროთ, თითქოს საქართველო შეძლებს გახდეს იმ სივრცის (პირველ რიგში NATO-ს) წევრი ვაშინგტონისა და ანკარას კონსენსუსის გარეშე.

არ დაიჯეროთ!

ვაშინგტონი პირველ რიგში ანკარას ჰკითხავს და არა ბერლინს ან პარიზს.

ამ უკანასკნელმა საერთოდ გამოგვიცხადა, - გეოგრაფიულად ევროპა (მაშასადამე ევროატლანტიკური სივრცის ნაწილი) არა ხართო.

`არა არ უთქვამს არაააა.......` ისევე კომიკურად გაჰკივის ზოგიერთი, როგორც გაჰკიოდნენ: `ობამას არ უთქვამს საქართველო იმ გზაზეც არა დგას, რომელიც NATO-სკენ მიდისოოოოო` 

შესაბამისად, ერდოღანისა და პუტინის `თვალისჩაპაჭუნებითი` ურთიერთქმედება ამ მიმართულებით კარგს არაფერს გვიქადის ჯერ-ჯერიბით.

და ეს რომ ზედაპირზე არ ჩანს, ამას რომ ჩვენი მედია თუ `საექსპერტო ლეგიონი` ვერ ხვდება, ეს, უკაცრავად, ჩემი პრობლემა და არგუმენტი არ არის.

არც ისაა ჩემი პრობლემა, რომ ბევრი `არ ამჩნევს` (უფრორე, ვიდრე `ვერ ამჩნევს), რომ ეს `თვალისჩაპაჭუნებითი ურთიერთქმედება` ანკარასა და მოსკოვს შორის აფხაზეთსაც ეხება.

2) მეორე მიზეზი (პირველთან მჭიდროდ დაკავშირებული) კი ისაა, რომ კრემლს არ აწყობს ისეთი კონფიგურაცია, როდესაც რუსეთის ფედერაციას უერთებს `სამხრეთ ოსეთს`, ხოლო აფხაზეთი რჩება ცალკე - არ ატარებს რეფერენდუმს და არ შედის რუსეთის შემადგენლობაში.

ამით ხაზი ესმება, რომ აფხაზეთი რუსეთისგან დამოუკიდებლად მიიჩნევს თავს და ეს არანაირად არ შედის რუსეთის ინტერესებში. მათ შორის კონტექსტუალურად - ერდოღანთან ამჟამინდელი `თვალისჩაპაჭუნებითი ურთიერთქმედებისას.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

დასკვნა ბევრჯერ მითქვამს, მეასედ გავიმეორებ:

საქართველოს სასიცოცხლოდ სჭირდება სტრატეგიული დიალოგი თურქეთთან, რომელიც ჯერ არც დაწყებულა. არადა ჩვენ გვაქვს არგუმენტები და კოზირები ამ დიალოგში. თუმცაღა ვერ ვიყენებთ.

ყველაზე უარესი, რაც ზოგადად შეიძლება დაემართოს ქვეყანას ისაა, როცა მისი მეზობელი და პარტნიორი (სამწუხაროდ, 1990-იანი წლებიდან დაწყებული) თვლის, რომ რაც მას სჭირდება ჩვენი ქვეყნისგან, ისედაც მიიღებს და თვითონ თავი არაფერზე არ უნდა შეიწუხოს ან არანაირ რისკზე თუ კალკულაციაზე არ უნდა წავიდეს.

ჯერ-ჯერობით ეს ასეა და ასეა ტრადიციულად - ყველა ხელისუფლების დროს.

. . . . . . . . . . . . . . .

მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის ფრაზა, რომელიც მე პირადად ისტორიულად მიმაჩნია:

`საქართველოს, სინამდვილეში, მხოლოდ სამი ორიენტაცია შეიძლება ჰქონდეს: პროუკრაინული, პრორუსული და პროთურქული; სხვა ყველა შორსაა!` (ციტატის დასასრული)

ვაშინგტონის საგარეოპოლიტიკური სტრატეგიის ერთ-ერთი ნიშან-თვისება ისაა (ამაზე ჯერ კიდევ ზბიგნევ ბჟეზინსკი წერდა ნაშრომში `დიადი საჭადრაკო დაფა`), რომ იგი ცდილობს პლანეტის ამა თუ იმ რეგიონში სტრატეგიული ვითარება მართოს რეგიონული ზესახელმწიფოს მეშვეობით - მისი `ხელით`.

იყო დრო (ელცინის ეპოქაში) როდესაც ვაშინგტონი კავკასიის რეგიონში ვითარებას `პროქსი` აკონტროლებდა მოსკოვის ხელით. ოღონდ ეს იყო უკვე შორეულ 1990-იან წლებში, როცა კრემლში ელცინი იჯდა და ამერიკას პრობლემებს არ უქმნიდა.

ახლა სხვა რეალიებია.

ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ამ მხრივ ამერიკის საყრდენი კავკასიის რეგიონში NATO - ს წევრი თურქეთი გახდეს (ოღონდ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით) ხოლო ამერიკამ ეს რეგიონი თურქეთთან კონსენსუსით აკონტროლოს და არა კრემლთან კონსენსუსით, რომელიც ისედაც მოშლილია უკვე. მით უმეტეს ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ.

და უკვე არც ოდესმე იარსებებს საბედნიეროდ კავკასიაში, რაკი ელცინი და კოზირევი ისევე წავიდნენ, როგორც კლინტონი და ოლბრაიტი.

ჰო....და აქვე თურქოფობების საგულისხმოდ იმასაც შევნიშნავ, რომ `სხვისი ხელით რეგიონის კონტროლის` გეოპოლიტიკური ტექნოლოგია თვით იმ `ხელის` კონტროლსაც გულისხმობს უეჭველად - Cheks and Balans სისტემით.

სხვათა შორის, სომხეთში ფაშინიანის ყოფნა იმის მცირე შანსსაც გვიტოვებს, რომ ამ პროცესის ერთ-ერთი კატალიზატორი შესაძლოა გახდეს სომხურ-თურქული მორიგება.

(და არა შერიგება - ვენაცვალე დედა-ენას).

ოღონდ თუ აქაც დავაგვიანეთ და ეს მორიგება საქართველოს გარეშე `დალაგდა`, თუ კომუნიკაციებმა სომხეთზე გაიარა (მომავალი ნავთობსადენებისა და მომავალი გაზსადენების ჩათვლით) მაშინ საქართველო საერთოდ ვის რაღა ჯანდაბად სჭირდება?

არავის .....კრემლის გარდა.

. . . . . . . . . . . . . . .

თუმცა ეს თემატიკა ჩვენში არ განიხილება.

რასაკვირველია, ბევრად საინტერესო და მნიშვნელოვანია, ცდილობდა თუ არა ვიღაც კუნთაზვირთებული მოკრივე თეა წულუკიანის ცემას.

დათო

2022 წლის ოქტომბერი