Wikileaks – დიპლომატიური ომი გრძელდება

Wikileaks – დიპლომატიური ომი გრძელდება

 

Wikileaks-ის დამაარსებლის, ჯულიან ასანჟის საქმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მყიფე და მოწყვლადია თანამედროვე მსოფლო წესრიგი და რა იოლად ძალუძს ნებისმიერ პროვოკატორს ან ფანატიკოსს (ხშირად კი ორივეს ერთად) სერიოზული გლობალური პრობლემების შექმნა.
    აწ საიქიოს გასტუმრებულმა უსამა ბენ ლადენმა 3 ათასი ადამიანი გამოასალმა სიცოცხლეს ნიუ იორკის ცათამბჯენთა აფეთქებით, მაგრამ მსოფლიო წესრიგი ვერ დაანგრია. პრეზიდენტმა ბუშმა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ სწორი სიტყვები იპოვა (თუმცა ეს ალბათ მის „სპიჩრაიტერთა“ დამსახურება უფრო იყო): „ტერორისტებს შეუძლიათ დაანგრიონ ჩვენი ყველაზე მაღალი შენობები, მაგრამ მათ არ ძალუძთ დაანგრიონ ჩვენი ცხოვრების წესიო“.
    კი ბატონო, ლამაზად ჟღერს, თუმცა აღმოჩნდა, რომ გააჩნია რა შემთხვევაში: ადამიანთა მსხვერპლი ერთია, მაგრამ რაც მსოფლიო წესრიგს და სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებს ფრანგული წარმოშობის ავსტრალიელმა, ჯულიან ასანჟმა დამართა, - ბინ ლადენმაც კი ვერ მოახერხა.
    ასანჟს არაფერი აუფეთქებია, არც ვინმე მოუკლავს და ტერორიზმის მხარდაჭერაშიც ვერავინ დაადანასაულებს. ამის მიუხედავად, გასულ კვირას დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა საკუთარი კანონები და საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლური (ვენის) კონვენციაც კი დაეყენებინა ეჭვქვეში, რათა ამ ინტერნეტგენიასათვის პასუხი ეგებინებინა: ორი თვის წინ ასანჟი ეკვადორის საელჩოში დაიმალა და პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. პატარა ეკვადორს გაუჩნდა შანსი, მსოფლიოსათვის საკუთარი სუვერენობა დაედასტურებინა და ინფორმაცია გააგვრცელა, თითქოსდა ბრიტანეთის პოლიცია საელჩოში შეჭრას ანუ ასანჟის დიპლომატიურ უწყებაშივე დაპატიმრებას გეგმავდა.
    ნამდვილად ასე იყო თუ არა, უკვე ძნელი სათქმელია. ბრიტანელები უარყოფენ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ვენის კონვენცია (დიპლომატიური წარმომადგენლობების ექსტერიტორიულობის შესახებ) სულაც არ გულისხმობს, რომ საელჩოს შენობა მიუკარებელია იმ შემთხევვაშიც, თუ იგი დანაშაულის დასაფარად გამოიყენება. ჯულიან ასანჟს კი ერთდროულად ორი ქვეყანა სდებს ბრალს: შვედეთი - სექსუალურ ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები - შპიონაჟში.
    ასანჟს ამერიკის უფრო ეშინია, ვიდრე შვედეთის, რაკი იცის, რომ შესაძლებელია, შვედეთის მთავრობამ იგი ამერიკელებს გადასცეს. ამის შემდეგ კი ელექტრონულ სკამზეც ამოჰყოფს თავს. ყოველ შემთხვევაში, შპიონაჟი ამერიკაში სიკვდილითაც ისჯება. სამუდამო პატიმრობა კი ნებისმიერ შემთხვევაში გარანტირებული აქვს.
    საქმე ისაა, რომ ჯულიან ასანჟმა, რომელიც ბრწყინვალედ ფლობს ინტერნეტ-ტექნოლოგიებს (უფრო მეტიც - ბევრი ჰაკერული ხერხი წორედ მისი მოგონილი და შექმნილია) დიპლომატიური მიმოწერა მოიპარა, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დაწესებულებათა კომპიუტერებში ინახებოდა. მიაქციეთ ყურადღება: თავისი გენია საბანკო ანგარიშების მოსაპარად კი არ გამოიყენა, რაშიც ნამდვილად არანაკლებ წარამტებული იქნებოდა, არამედ სწორედ დიპლომატიური მიმოწერის და სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების.
    შემდეგ ეს დოკუმენტები საიტ Wikileaks-ზე გამოაქვეყნა, რითაც ხშირ შემთხვევაში დიპლომატიური სკანდალები და სახელმწიფოთშორისი ურთიერთობების გაუარესება გამოწვია. თუმცა, ზოგჯერ სასარგებლოც იყო ამა თუ იმ ქვეყნისთვის. მაგალითად, საქართველოში ამერიკის ელჩის მიმოწერამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2008 წელს თბილისი გულმოდგინედ აწვდიდა ვაშინგტონს ინფორმაციას ოსური მხარის მიერ ქართული სოფლების დაბომბვის შესახებ. ისიც მკაფიოდ ჩანს, რომ ამერიკელები ამ ინფორმაციას საკუთარი წყაროებითაც ამოწმებდნენ და მის უტყუარობაში ეჭვი არ ეპარებოდათ.
    მაგრამ სხვა სახელმწიფოთა შემთხვევაში, ასანჟმა ლამის დიპლომატიურ ურთიერთობათა გაწყვეტამდე მიიყვანა საქმე. განსაკუთრებით კონფლიქტურ რეგიონებში, - მათ შორის ახლო აღმოსავლეთში, - რაკი გაირკვა, რომ ამერიკა ისრაელს აგულიანებდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტმის განსახორციელებლად. ამას ამერიკელები „საუკუნის ჰაკერს“ არაფრის დიდებით არ აპატიებენ და მიწაში რომ ჩაძვრეს, იქედან ამოიღებენ, არათუ ეკვადორის საელჩოდან.
    ინგლისიც სწორედ ამერიკელი მეგობრების თხოვნით აქტიურობს, თორემ დიდი ბრიტანეთისთვის განსაკუთრებული ზიანი ასანჟს არ მიუყენებია. აი, სად გამოდგათ ინგლისელებს მათი კონსერვატიზმი: დიპლომატიურ მიმოწერას ისინი კვლავაც ქაღალდებით აწარმოებენ და არა ინტერნეტის მეშვეობით. მით უმეტეს, საიდუმლო მასალებს კომპიუტერული ფაილების სახით არ ინახავენ.
    ფორმალურად, ასანჟს შეიძლია ეკვადორის საელჩოში იმდენ ხანს იყოს, სანამ ეს საელჩო იარსებებს ბრიტანეთის დედაქალაქში. დიპლომატიური უწყების შტურმით აღებას კი ინგლისელები მოერიდებიან. მათ შეუძლიათ საერთოდ გაწყვიტონ ეკვადორთნ დიპლომატიური ურთიერთობა და ელჩი გააძევონ, მაგრამ თუ ელჩი ასანჟს თავის მანქანაში ჩაისვამს და ისე გაემგზავრება აეროპორტისკენ, მაინც ვერაფერს დააკლებენ - ელჩის მანქანა ისევე ხელშეუხებელია და ისევე სარგებლობს ექსტერიტორიულობით, როგორც შენობა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    მაინც ვინ არის ეს ფანატიკოსი, რომელმაც არა ფულისა და მომხვეჭელობის, არამედ მხოლოდ საკუთარი ამბიციის გამო ლამის დაანგრიოს მსოფლიო წესრიგი და ძალზე საშიში პრეცედენტები შექმნას ქვეყნებს შორის ურთიერთობაში?
    ჯულიან ასანჟი 1971 წელს დაიბადა ავსტრალიაში. ბავშვობიდან გაიტაცა პროგრამირებამ. 16 წლისამ იყიდა პირველი მოდემი და ინტერნეტამდელ ქსელებში მუშაობდა MENDAX-ის ფსევდონიმით, რომელიც ჰორაციუსის ოქსიუმორონს - „კეთილშობილ მატყუარას“ უკავშირდება. სულ მალე შექმნა პირველი ორგანიზაცია სახელწოდებით «Worms Against Nuclear Killers», ანუ „ინტერნეტ-ჭიები ატომური მკვლელების წინააღმდეგ“. ასანჟისა და მის თანამებრძოლთა კოდექსი იყო: „არ დავაზიანოთ კომპიუტერი, მაგრამ ამოვიღოთ ინფორმაცია“. ესე იგი, განსხვავებით მავნებელი ჰაკერებისაგან, ისინი მხოლოდ ინფორმაციას იპარავდნენ, მაგრამ „გატეხილ“ კომპიუტერში არაფერს აფუჭებდნენ, როგორც იმ ავადმყოფებს ჩვევიათ - სხვისი გამწარება რომ ახარებთ.
    1991 წელს, 20 წლის ასანჟი პირველად დააპატიმრეს კანადური სატელეკომუნიკაციო გიგანტის Nortel Networks სერვერის გატეხვისთვის. მაგრამ მაშინ მხოლოდ ჯარიმით გადარჩა. 1997 წელს დაწერა ჰაკერული სახელმძღვანელო «Underground». 2006 წელს შვედეთში (!) დაარსა Wikileaks. მას შემდეგ საიტზე მილიონობით საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა. პირველ რიგში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსა და სახელმწიფო დეპარტამენტის საიტებიდან მოპარული. „ადამიანებს აქვთ უფლება იცოდნენ, რა ხდება“ -ასეთი იყო ასანჟის სლოგანი.
    მტრისას, თუ იგი ამერიკელებს ჩაუვარდა ხელში. სიკვდილით, რა თქმა უნდა, არ დასჯიან, მაგრამ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი დოკუმენტების მოპარვა, ფორმალურად და იურიდიულად, შპიონაჟის კლასიკური განმარტებაა. არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ამ დოკუმენტებს სეიფის გაჭრის შემდეგ რეზინის ხელთათმანებით იპარავ, თუ კომპიუტერებიდან ინტერნეტ-ტექნოლოგიების მეშვეობით, - როცა „გასატეხი სეიფიდან“ ათასობით კილომეტრის მანძილზე იმყოფები.
    ისიც გავითვალისწინოთ, რომ ჯულიან ასანჟს სულ ადვილად შეეძლო მულტიმილიონერი გამხდარიყო, თუ საკუთარ გენიას უფრო მერკანტილურად გამოუენებდა. მაგალითად, იმავე სახელმწიფოებს და მათ დაზვერვებს ჩაუდგებოდა სამსახურში. მაგრამ ასეთი საქციელი მის პიროვნულ მრწამსს და ღირებულებებს ეწინააღმდეგებოდა, რითაც იგი ბევრად საშიში ხდება თანამედროვე მსოფლიოსათვის, ვიდრე ნებისმიერი კაციჭამია და პირსისხლიანი ტერორისტი.

2012