პარლამენტი კუნთებს ათამაშებს

პარლამენტი კუნთებს ათამაშებს

        მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ხელდასხმით შესამჩნევად გაძლიერდა «ჟვანიას გუნდი» აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ბუნებრივად წარმოიშვა სურვილი (თუ ცდუნება) გაძლიერდეს საპარლამენტო კონტროლიც.
        ეს ერთი შეხევდით თითქოს პარადოქსია, მაგრამ სინამდვილეში, თუ ყურადღებით დავაკვირდებით, ასეთი სურვილი სავსებით ლოგიკურია, ვინაიდან პარლამენტი პოლიტიკურად მრავალფეროვანია და საკანონმდებლო ორგანოში არსებულ ლობისტურ ჯგუფებს აქვთ თეორიული შესაძლებლობა გამოიყენონ უშუალოდ პარლამენტში მათ ხელთ არსებული ბერკეტები თავიანთი ინტერესების დასაცავად, ანუ ეს ინიციატივა არ უნდა იყოს მხოლოდ «უმრავლესობიდან» გამომდინარე.
        პარლამენტი თვისებრივად ერთიანი კორპორაციაა და «კორპორაციულმა ინტერესებმა» შესაძლოა, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი გააერთიანოს, ანუ გამწვავდეს წინააღმდეგობა არა პარტიული ნიშნით, არამედ საკანონმდებლო-აღმასრულებელ ხელისუფლებათა ჰორიზონტალზე.
        ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ პირველი სერიოზული პრეცედენტი, ამ თვალსაზრისით, შექმნა დავით გამყრელიძემ, რომელსაც მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს «მოქალაქეთა კავშირთან» ურთიერთობებში.
        თუმცა, «საპარლამენტო კონტროლის» გაძლიერებაზე ძალიან დიდი ხანია საუბრობენ – ეს თემა გაცილებით ადრე მუსირებდა, ვიდრე გამყრელიძე დაუპირისპირდებოდა «რკინიგზელ» ჩხაიძეს და სხვათა შორის, სრულიად უშედეგოდ, ვინაიდან «უენო» ჩხაიძემ თავისი ინტერესები აქტიურად დაიცვა და კონტრშეტევაზეც გადავიდა: საკმარისია გავიხსენოთ «რკინიგზის დეპარტამენტის» გადაწყვეტილება სადაზღვევო კომპანია «ალდაგთან» ხელშეკრულების გაწყვეტის თაობაზე. არ არის გამორიცხული, ყველა მიმართულებით, ყველა დარგობრივმა კომიტეტმა მოინდომოს უშუალო კონტროლის დაწესება შესაბამის სამინისტროსა თუ უწყებაზე, მაგრამ ამ საკითხის ინიციატორებს ავიწყდებათ, რომ ამჟამინდელი საკანონმდებლო ბაზა ამის საშუალებას არ იძლევა.
        «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა» ასეთ საბაბად ვერ გამოდგება. რასაკვირველია, კომიტეტს სრული უფლება აქვს, «გაჩხრიკოს» მინისტრის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელის საქმიანობა და თუ აღმოაჩენს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, აღძრას იმპიჩმენტის პროცედურა. აკაკი ჩხაიძის შემთხვევაში, კომიტეტმა მას ვერ დასდო ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულში და მხოლოდ «არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკისთვის» უსაყვედურა.
        ამ საბაბით, კომიტეტს შეეძლო, «რეკომენდაცია» მიეცა პრეზიდენტისთვის, გაეთავისუფლებინა თანამდებობიდან აკაკი ჩხაიძე, მაგრამ პრეზიდენტს შეუძლია ეს რეკომენდაცია არც გაითვალისწინოს.
        ასეთია «დისპოზიცია» ზემოთ ხსენებულ ჰორიზონტალზე: კონსტიტუცია მკვეთრად და მკაფიოდ მიჯნავს ერთმანეთისაგან ამ ორ ხელისუფლებას.
        საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ წინადადება «საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების» შესახებ იმთავითვე გულისხმობს (მოიცავს) საკონსტიტუციო რეფორმის მოთხოვნასაც. უფრო მეტიც - «საპარლამენტო კონტროლი» იმ აზრით, რომ საკანონმდებლო ორგანოს შეეძლოს (ვთქვათ) მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება დარგში გატარებული პოლიტიკისთვის (და არა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ან კონსტიტუციის დარღვევებისთვის, როგორც ამჟამად) - შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძირფესვიანად შეიცვლება კონსტიტუცია და (შესაბამისად) ორი ხელისუფლების ურთიერთქმედების ამჟამად არსებული სისტემა, ანუ ისევ და ისევ, მივდივართ მინისტრთა კაბინეტის შემოღებამდე.
        ასეთ სისტემაში კი პარლამენტს, რა თქმა უნდა, ექნება უფლება მინისტრი თანამდებობიდან გადააყენოს (უნდობლობა გამოუცხადოს). მაგალითად, ასეთი სისტემის პირობებში აკაკი ჩხაიძე დიდი ხნის გადაყენებული იქნებოდა თანამდებობიოდან – პარლამენტის გადაწყვეტილებით.
        ამგვარი სისტემის შემოღებას პრეზიდენტი არ დაეთანხმება. ედუარდ შევარდნაძის უარი კი საკმარისია იმისთვის, რათა ინიციატივა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ამიტომ უფრო სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი შეინარჩუნებს დღევანდელ ტექნოლოგიას. როდესაც პარლამენტში ეწყობა «მთავრობის საათები», მინისტრები ხშირად აბარებენ ანგარიშს დეპუტატებს (და ამით ფორმალურად უდასტურებენ მათდამი პატივისცემას), მაგრამ რეალურად პარლამენტს არ გააჩნია აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკაზე ზემოქმედების უნარი.

დილის გაზეთი, 1 სექტემბერი, 2000 წელი